მუსიკა | ცა

მუსიკა, როგორც დროის მანქანა

„მუსიკა აკავშირებს ადამიანებს წარსულთან, იმასთან ვინც მანამდე იყვნენ. მასთან, ვინც ახლა არიან. მუსიკა ადამიანებს საკუთარ ცხოვრებასთან აკავშირებს.“

„ცოცხალი შინაგანი სამყარო“ (რეჟ: მაიკლ როსატო-ბენეტი, 2014)



ზუსტად მახსოვს როგორ აღმოვაჩინე რომ ნიქ ქეივი არსებობს და ძალიან კარგი მუსიკოსია. 2013 წელს ლაიპციგის წიგნის ბაზრობისკენ მიმავალი დათო ტურაშვილი აეროპორტში ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად ღიღინებდა:

"Into my arms, O Lord, Into my arms…"

ფრაზა მაშინვე დამამახსოვრდა და ჩავფრინდით თუ არა, Youtube-ზე შევედი და ტექსტით ვიპოვე სიმღერა, რომელიც დიდი ხნით გახდა ჩემი საყვარელი კომპოზიცია:

ამ დღემდე რამდენიმე წლით ადრე, ბარნოვის N64-ში, ამ ქალაქში ჩემთვის უსაყვარლეს სახლში, მამიდაჩემმა ანამ მითხრა რომ არსებობს ჯენის ჯოპლინი, რომელიც სამყაროში ყველაზე ჩინებული გოგოა, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა და ასეთსავე მუსიკას ქმნიდა, მართალია ჩემზე სულ რამდენიმე წლით უფროსი იყო, 27 წლისა რომ გარდაიცვალა, თუმცა მოასწრო ასე ემღერა:

ადგა, სიმღერა ბოლო ხმაზე ჩართო და ჩვენ დიდხანს და მონდომებით ვცეკვავდით.

რაც თავი მახსოვს, მუსიკის გარეშე ჩემს არცერთ დღეს არ ჩაუვლია, ვითომ სმენაც კარგი მაქვს მაგრამ ორ ხმაში ვერაფრით ვმღეროდი, რამდენი წელი მინდოდა ჩავრთულიყავი ხან დაბადების დღეებზე, ხან წვეულებებზე შესანიშნავი სიმღერების გუნდურ შესრულებაში, მაგრამ ვერა - ხან ყურებს ვიცობდი თითებით და ისე ვცდილობდი, ხან სმენა არ მაქვს-თქო, ვიმიზეზებდი, ხან ვითომ ტექსტი მავიწყდებოდა, ხან რა და ხან რა. ბოლოს, 2017 წელს, ზაფხულის ერთ ძალიან ცხელ დღეს, როცა Tbilisi Open Air ახალჩავლილი იყო და ორგანიზატორებსაც გვემღერებოდა, აჩიკო გულედანმა Ben E King-ის Stand by me ჩართო და მითხრა, მოდი ვიმღეროთო.


მე ჩვეული შოუ დავდგი, მაგრამ ამაოდ. აჩიკომ ნამდვილი მუსიკოსის თავდაჯერებით მითხრა, ოდესმე ხომ უნდა ისწავლოო და გიტარაზე დაკვრა დაიწყო, ჯერ თვითონ იმღერა, მერე შენც იმღერე, ოღონდ კარგად მოუსმინე რას მღერიო და დაკვრა გააგრძელა, მე ასეც მოვიქეცი და ერთხელ და სამუდამოდ, ხმებში სიმღერა ვისწავლე.


თუ თქვენც იგივე პრობლემა გაქვთ, ჩართეთ და მოუსმინეთ, რას მღერით:

ეს ამბები წამებში მაშინ გამახსენდა, როცა დავფიქრდი, რატომ არ გვავიწყდება რა გარემოში, ვინ და როდის მოგვასმენინა ესა თუ ის მუსიკა, როგორ ვიპოვეთ ჩვენი საყვარელი შემსრულებლები, როგორ აღმოვაჩინეთ მათი ალბომები, ლაივები და ისტორიული ჩანაწერები. 

შეიძლება ადამიანები გაქრნენ, გარემო შეიცვალოს, შენობები, რომელშიც ვიყავით, დაინგრეს, გავიზარდოთ და იდენტობა შეგვეცვალოს, მაგრამ ეს მეხსიერება არსად მიდის. ჯადოსნურია, როგორ აღვიძებს მუსიკა მოგონებებს ისე ძლიერად, როგორც სხვა ვერაფერი, იმდენად რომ ის დემენციის დასაძლევადაც კი გამოიყენება.

ამაზე ფიქრისას ერთი ძალიან საინტერესო ფილმი აღმოვაჩინე, სან დენსის კინოფესტივალის მაყურებლის მთავარი პრიზის მფლობელ, მაიკლ როსატო-ბენეტის დოკუმენტურ ფილმში „ცოცხალი შინაგანი სამყარო“ (Alive Inside), დემენციის მქონე პაციენტები, რომლებსაც თითქმის არაფერი ახსოვთწ არსულიდან, ნაცნობი მუსიკის მოსმენისას, თავისი განვლილი ცხოვრების ისეთ დეტალებს იხსენებენ, რომ თვითონაც და მაყურებელიც გაოცებულნი რჩებიან. 

ციტატა ფილმიდან:

"მუსიკა ემოციებისგან განუყოფელია. ეს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური სტიმულია. ის პიროვნებაზე ზემოქმედებს. ტვინის ბევრ უბანზე აქვს გავლენა ერთდროულად, შესაბამისად მეხსიერებაზეც და იმ ემოციებზეც მოქმედებს, რომელსაც ეს უბნები აკონტროლებს. "

მუსიკა, არამხოლოდ გვახსენებს ვისთან ვურთიერთობდით, ვინ იყვნენ ჩვენი მეგობრები, სად ვმუშაობდით, ვინ გვიყვარდა, სად დავდიოდით საჭმელად ან დასასვენებლად, არამედ დროდადრო ყოველდღიურ რუტინაში ჩაკარგულებს, საკუთარ თავებსაც გვიბრუნებს.


ჩემი დაკვირვებით, ასაკის მატებასთან ერთად უდარდელობა იკლებს, ჰოდა როცა მინდა გავიხსენო როგორი ლაღი ვიყავი თინეიჯერობას ახალგადაბიჯებული, ჯენის ჯოპლინს ვუსმენ, რათქმაუნდა, მხოლოდ ბოლო ხმაზე. 

ავტორი: მაშო სამადაშვილი

გარეკანის ფოტო: Michael Ochs