მუსიკა | ცა

მუსიკა მაგიაა

სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსის, არტურ კლარკის ცნობილი გამონათქვამია - „ნებისმიერი საკმარისად განვითარებული ტექნოლოგიის მაგიისგან გარჩევა შეუძლებელიაო“. ცნობილი ფრაზაა - ტექნოლოგიებზე ლაპარაკისას ხშირად გამოიყენებენ ხოლმე.

მუსიკასაც უხდება.


ხომ იცი, ეს ოხერი, რომ ყველაფერი საბოლოოდ ქიმიამდე დადის. ტვინში რაღაც ნივთიერება გამოიყოფა და გსიამოვნებს. იმიტომ, რომ ეგრეა საჭირო - ევოლუციამ ან კიდევ რამემ ეგრე ინება.


ან, ზოგიერთ თუ მკვლევარს დავუჯერებთ, მუსიკალური გემოვნება კულტურის შექმნილია. ამაზონში მცხოვრები ტომის მაცხოვრებლებს მოასმენინეს პოპ სიმღერები და არ მოეწონათო... (სინამდვილეში, ცხადია, უფრო საინტერესო კვლევა იყო, მაგრამ ეს ტექსტი მაგაზე არაა).


სხვა მკვლევარები ცდილობენ ახსნან, თუ რატომ გვიყვარს ერთი და იმავე სიმღერის მოსმენა და ხან დოპამინს აბრალებენ და ხან იდენტობას.


მოკლედ, ქიმიაა. მაგრამ თან ჯადოქრობაა.

მაგიაა, არა?

აბა, სხვა რანაირად შეიძლება ახსნა გრძნობები, რომლებიც სრულიად განსხვავებული სიმღერების მოსმენისას გეუფლება.

რატომაა, რომ შეიძლება გიტარის ეს ლოუ-აფ ჟღრიალი თითქოს დაუმუშავებელი ხმა გსიამოვნებდეს და მერე, მალევე, დრამი რომ შემოდის და უკან მოჩვენების ხმასავით რაღაც რომ ისმის ფონად და გბურძგლავს და შენც იწყებ ფიქრს.

ფიქრს, რა უცნაურია, საერთოდ, რომ ვარსებობთ და ზუსტად ის გრძნობა გეუფლება, რაც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული - რაღაცნაირი მხიარულება-სევდის.


ან, პირიქით, მალევე შეიძლება სუპერდამუშავებულ სიმღერას აყვე რომელიც, ალბათ პოპსიმღერების რომელიმე კომიტეტში შეიმუშავეს და დასაწყისში ცალსახად გოიმური, მაგრამ ამავე დროს ზეეფექტური პიანინო დაადეს და ამ სიმღერას ორი წამით თუ მიუშვებ ახლოს, თავიდან ვეღარასდროს ამოიგდებ.


რატომ არის, რომ ზოგი მუსიკა საუკუნოვან უსამართლობაზე დაგაფიქრებს და მაინც იმედს დაგიტოვებს, რომ, აი, ამდენი ხანია ჩაგვრა გრძელდება, მაგრამ სულ ცოტაც, და ყველაფერი შეიცვლებაო. თან მომღერალთან ერთდ წარსული გტკივა, თან კი მომავლისკენ იყურები.

ან, პირიქით, სხვა სიმღერას ჩაუჯდები და ხვდები, რომ სიმღერა არაფერზე არაა. აი, საერთოდ არაფერზე. არც სიტყვები გესმის წესიერად და, რომც გაიგო, აზრს მაინც ვერ გამოიტან. მაგრამ, მაინც რა კარგია!

როგორ შეიძლება, რომ სიმღერამ საუკუნეების წინანდელი შეთქმულების ნაწილად გაქციოს - დაგაყენოს ხიდის პირას და კანონსაწინააღმდეგო აქტის ჩადენა მოგანდომოს - შენთვის უცნობი ადამიანისთვის ბანის თავზე დამხობა.

ზოგჯერ, სიმღერას მარტოც რომ უსმენ, მაშინაც კი სხვებთან ერთად მღერი გონებაში.

სხვა კი, სულ რომ ათას კაცთან ერთად მოისმინო, მაინც მარტო შენია.

ზოგს საერთოდ ვერ გაუგებ - მხიარული სიმღერაა თუ სევდიანი. თან სიკვდილზეა, თან იმაზეა, რომ, პრინციპში, სიკვდილსაც არაუშავს. დედამიწა მაინც ბრუნავს და ესეც კარგია.

როზოგჯერ, გგონია, რომ სიმღერა არ გიყვარს. მერე კი აღმოჩნდება, რომ მთვრალი „მარშრუტკის“ უკანა სავარძელზე ზიხარ და ტირი - განიცდი მეფაიტონის ბედს, რომელიც ქუჩაში ფეხით დადის.

კი, ქიმიაცაა, ბიოლოგიაც და ყველაფერიც, მაგრამ საბოლოოდ მაგას მნიშვნელობა ხომ არა აქვს.

მთავარი მაინც ისაა, რომ მაგიაა.

ავტორი: ნიკო ნერგაძე