ცისფერი მთები

მოხეურ - ქართული ლექსიკონი დამწყებთათვის


მოხევეები არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ქართლის მთიანეთში, მდინარე თერგის ხეობაში. მოხევედ ითვლება ყველა ის ადამიანი, რომლის წინაპარი 100 წლის წინ მაინც გადმოვიდა და დასახლდა ხევში. აქაურობა იდეალური სამალავი იყო იმ ხალხისთვის, რომელიც მართლმსაჯულებას, მთავრობას ან უბრალოდ მოსისხლეებს გაურბოდა, როგორც საქართველოდან, ისევე ჩრდილოეთ კავკასიიდან


ყველაზე ცნობილი მოხევეები არიან სანდრო ყაზბეგი, ღუნია ხულელიძე (პერსონაჟი ლელთ ღუნია ილიასმგზავრის წერილებიდან”.  ილია რუსეთიდან ახალი დაბრუნებული იყო, როგორც ჩანს მარცვალიხუეხამუშა და ხულელთ ღუნია ლელთ ღუნია გახადა), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი და ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. მოხევეები თავისად მიიჩნევენ ვაჟა-ფშაველასაც, რომლის პაპა ფშავში ყაზბეგიდან გადასახლდა

არნოლდ ჩიქობავა

მოხევეები ლაპარაკობენ მოხეურ დიალექტზე, რომელსაც არნოლდ ჩიქობავა ქართული ენის ფხოვური დიალექტის ჯგუფში განაწესებს, ხევსურულთან და თუშურთან ერთად. მოხეური შედარებით ადვილი გასაგებია სხვა კუთხის მობინადრე ქართველისთვის, ვიდრე თუშური და ხევსურული, რაც ხევის შედარებით ადვილად მისადგომობით აიხსნება. ეს მე-19 საუკუნის ორმოციან წლებში გახსნილ საქართველოს სამხედრო გზას უნდა დავაბრალოთ. ბოლო საუკუნენახევრის განმავლობაში, აქტიური განიავების მიუხედავად, მოხეური დიალექტი უამრავ არქაულ ფორმას ორგანულად შეიცავს, რაც ენათმეცნიერებს იდეალურ, ცოცხალ თვალსაჩინოებას აძლევს

საკუთარ მაგალითზე გეტყვით, რომ მოხეურის ცოდნის წყალობით, სკოლაში სატანჯველად არ გამხდომია ძველი ქართული ლიტერატურის სწავლის პროცესი, რომელიც აღმოჩნდა, რომ დაახლოებით ისე ჟღერებულა, როგორც ჩვეულებრივი მთის ქართული


გთავაზობთ საინტერესო მაგალითებს მოხეური დიალექტიდან, რომელსაც თუ დაიმახსოვრებთ და მერე ყაზბეგში გააჟღერებთ, სამუდამოდ შეაყვარებთ იქაურებს თავს

კრიტიკა

მოხევეები არიან საშინლად კრიტიკულები, განსაკუთრებით ჩასულების მიმართ. შეიძლება გაიგონოთ შემდეგი ფრაზები თქვენს მიმართ და დაიმახსოვრეთ:

“აო, აო, ამასა-ღა!” - ასე შეიცხადებენ ხოლმე, როცა ვიღაცა რაღაცას ვერ აკეთებს ისე, როგორც საჭიროა

მაჯაჴალი არ შამამკრა” - ყბა არ გამარტყა, იტყვიან როცა ვინმე აქტიურად ღეჭავს რეზინას.

“ჩიჴა” - ნამეტანი უშნო. 

“ამაგკრავ საკუარჩი” - პანჩურს ამოგარტყამ ტ...ში

“ქუნთა” - ტრაკქვეშ დასადები ბალიში, ცოლის მორჩილ კაცზეც იტყვიან. 

“უიშე”, ან “ოიშე” - შეცხადება, როგორც სიხარულის, ისე მწუხარებისა.

“გონჯი” - ცუდი

"ღუჭის კუკლაჲ” - შავგვრემან ადამიანზე იტყვიან

“გაკრული” - სულელი

“ალღეში” - გიჟი

სიყვარული-სიხარული

თუ მოხდა სასწაული და მოხევეში გამოიწვიეთ დადებითი ემოციები, შეიძლება გაიგონოთ:

“ჩაგაჭკნდი გულაჩი” - შენ გენაცვალე

“ბიძაის ქალო/ბალღო აგრე” - უფროსი ეტყვის უმცროსს, როცა ეს უკანასკნელი კარგად იქცევა ან უბრალოდ ლამაზია. 

“დაგადნი” - იგივეა რაც “ჩაგაჭკნდი”, გენაცვალე

“შენზე დავსწუხდი” - მომენატრე

“ძრიალ მიყორს” - ძალიან მიყვარს

დაფიცება

თუ ადამიანისგან მოისმენთ რომელიმე ფრაზას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მისი სიტყვების სიმართლეში ეჭვის შეტანა მართებული აღარ იქნება:

“მამაის სიცოცხლემა”

“ლომისაის/ხატის/უფლის მადლმა”

“შენმა გაზრდამა”

ანატომია

მოხევეების სხეული შედარებით სხვა, განსხვავებული ნაწილებითაა აგებული:

“მაჯაჴალი” - ყბა

“კვიშტავი” - მუხლი

“დაყვი”- იდაყვი

გასტრონომია და სხვა საჭირო სიტყვები

“ქუბი” - ჟოლო

“ხაბიზგინა” - ხაჭაპური

“წორო” - ცირცელი ან ჭნავი

“ყარფუზი” - საზამთრო

“ბაშო” - ღანძილი

“შავი ხილი” - მოცვი

“სთველი” - შემოდგომა

“გადაფრენა” - გადახტომა

“ქვეაღმა” - ნისლი, რომელიც ყოველთვის ჩრდილოეთიდან, დარიალის მხრიდან ამოდის

“ლიჟებზე ქანაობა” - თხილამურზე სრიალი

სნოუბორდი - მოხევეები არ აღიარებენ, მთიულების სპორტია

დანართი

"ჭეკა" - ბოქლომი, საკეტი;

"კვერი" - ჩაქუჩი;

"მახვედრა" - ვინმესთან დათქმით დაჭიდება;

"ზოვი" - ზვავი;

"გუგუტი" - მაწანწალა;

"რაი ბედენაა" - რა მნიშვნელობა აქვს;

"ნება ნება" - ნელ ნელა

მოხეურის დასახვეწად გირჩევთ ჩახვიდეთ სტეფანწმინდაში და იკითხოთ ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობები. 

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონი