მიბრუნება Mellow-სკენ

დაახლოებით რვა წლის წინ რადიო “შოკოლადზე“ მცირე მუსიკალურ რუბრიკას ვამზადებდი... „ალტერნაცია“ ერქვა - თანამედროვე ქართველ მუსიკოსებს ვიწვევდი და ვთხოვდი კონკრეტული მუსიკალური ტრეკების შექმნის მოკლე ისტორია მოეთხროთ.

ამ გადაცემის სტუმრის რანგში გავიცანი ნიკა ჩოხელი - მისი საუბრის და თხრობის სმენისას მაშინ შევნიშნე აზროვნების არაორდინალურობა, რაც გამომპარვოდა მისი ჯგუფის Mellows მუსიკის და სიმღერების სმენისას, რომლებიც იმ პერიოდისთვის ჩემთვის აღმოჩნას წარმოადგენდნენ. ისინი კი მეტად „არაქართულად“ ჟღერდნენ (იმ დონემდე რომ რომელიმე The Foals-ის მსგავს ჯგუფში შეიძლება აგრეოდა), მაგრამ ასეთ მრავალშრიანობას რაც პირდაპირი კონტაქტის შემდეგ შევნიშნე ვერ „ვკითხულობდი“ მუსიკაში.

- მუსიკით ბავშვობიდან ვიყავი „დაინტერესებული“... მომწონდა ძველი პიანინოს კლავიშებზე თითების რტყმა... იღებ ერთ ნოტს, მერე მორეს... აკვირდები, უხდება თუ არა ერთმანეთს... იმას გავს... ფაზლს რომ აწყობ - პატარა ნაწილები გაქვს რომ ერთი მთლიანი სურათი ააწყო - ეს მომწონდა...

პიანინოს გაყვითლებული კლავიშები უკვე სკოლის წლებში (Moby-ს მიბაძვით, რომელზეც გაეგო რომ ისიც ამ პროგრამით ქმნიდა თავის ჰიტებს) FL Studio-ს პატერნებმა ჩაანაცვლა. აქამდე კი ძმის, გურამის მიზეზით მივიდა - სწორედ მისი მონდომებით შედგა ნიკას, როგორც ბასისტის დებიუტი გურამის იმჟამინდელ ჯგუფში, სადაც მერი ბეროშვილი სოლირებდა.

პირველი რეპეტიციის შემდეგ იმ ხანად სკოლის მოსწავლე იმდენად აჟიტირდა, რომ მეორე დღესვე მეგობარ დრამერ შოთიკო კამკამიძესთან ერთად შეუდგა საკუთარი ჯგუფის ფორმირებას და მუსიკის წერას. მათ სკოლაში მიაგნეს დამტვერილ ძველ, საბჭოთა დროინდელ გამაძლიერებლებს. მათი აჟღერების სურვილით, სააქტო დარბაზში შეპარვის მცდელობა „ქურდობადაც“ კი შეუფასეს:

- დაგვიჭირეს და დაგვაბრალეს, თქვენ აქედან ბუფეტში შეძრომა გინდოდათ და კოკა-კოლას და ჩიფსების მოპარვაო... რომ გავუმხილეთ ნამდვილი მიზეზი, უი თქვენ რა საინტერესო ბიჭები ყოფილხართო და ოთახი გამოგვიყვეს, სადაც ეს გამაძლიერები გადავიტანეთ და იქ ვუკრავდით.          



გიტარისტის და დრამერის ამ მუსიკალურ ექსპერიმენტს შეუერთდნენ უკვე წარდგენილი ნიკას ძმა გურამ ჩოხელი და ბას გიტარისტი ზაზა ჯალაღონია. ჯგუფს დაერქვა The Sisters. უნდა აღინიშნოს რომ მუსიკალურ ინფლუენსერებს შორის, უცხოელ არტისტებთან ერთად ნიკას და მის მეგობრებს უკვე ქართველი ჯგუფებიც ყავდათ: Me and My Monkey, Landmark, Kungfu Junkie... (ამ უკანასკნელის კონცერტი, პირველი ასეთი ღონისძიება იყო ნიკას ცხოვრებაში, რომელსაც ის დასწრებია...).

საქმემ „სერიოზული“ სახე მიიღო 2011 წელს, როდესაც ჯგუფს Mellow ეწოდა და იმდოინდელ პოპულარულ სოციალურ ინტერენტ პლატფორმაზე დარეგისტრირდნენ.

Mellow-ს ახალ იუთუბის არხზე გამოაქვეყნა ენერგიული ინდი-როკ მიმართულების სიმღერა Eat Me Alive. სწორედ ამ სიმღერამ გაიყვანა ჯგუფი ახალბედა მუსიკოსების კონკურსზე Newcomers 2012წლის სექტემბერში, რომელსაც ალტერვიჟენ ჯგუფი მართავდა.



ამ პირველი ჩანაწერიდან მოყოლებული Mellow საკმაო ინტენსივობით ანთავსებდა ახალ სიმღერებს როგორც იუთუბის, ასევე საუნდქლაუდისა თუ ბენდქემფის გვერდებზე, თუმცა მათგან ბევრი დღეს მიუწვდომელია.

-მაშინ ვერ გადავწყვიტეთ საუნქლაუდი გვეყიდა თუ არა, და ამიტომ ახალი სიმღერების ასატვირთად ძველების წაშლა გვიწევდა.. ამ ძველებს ვინჩესტერზე კი ვინახავდი, მაგრამ რაღაც დროს ისიც დავკარგე.

Summer Sun, I Have It და She Kills გაქრობას გადარჩენილი სიმღერებია და დღესაც იძებნება reverbnation-ზე.

Mellow-მ ფეისბუქზე მსმენელთან ინტერაქციის ფორმაც საინტერესო მოძებნა - დადებდნენ ტრეკის დემო ვერსიას და მსმენელის შეფასების მიხედვით, შემდეგ ან ასრულებდნენ მასზე მუშაობას ან თავს ანებებდნენ.

პირველი წელი საკმაოდ აქტიური იყო როგორც გაკეთებული ჩანაწერების რაოდენობით, ასევე გამოსვლებით. და ეს დაუფასდათ კიდევაც - იმ დროს ქართულ რეალობაში ჯერ კიდევ არსებობდა ისეთი რამ, რაც არის მუსიკალური ჰიტ-აღლუმი  და ერთ-ერთ ასეთში, Tabula Art-ის ტოპ ათეულში Mellow სიმღერა Summer Sun პირველ ადგილზე მოხვდა.

იმავე 2012 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა ორი ახალი სინგლი

Planet of Elay და Elay.


- არაფერი არ გვაქვს გამიზნულად გაკეთებული... იმპულსური იყო მუსიკის შექმნის პროცესი: დღეს რა ხასიათზე გავიღვიძე? - დღეს ეგეთ ხასიათზე ვარ რომ მუსიკას საერთოდ არ ვწერ.... მეორე დღეს კი, აი დღეს მინდა ოთხი ტრეკი დავდო... ორი მზად მაქვს, ორი გასამზადებელია და მთელი დღე ეთმობოდა ამ ორი ტრეკის შექმნას, რომ მერე საუნდქლაუდზე EP (მცირე ალბომად) ან სეტად აგვეტვირთა...

რაც წინასწარ დავგეგმეთ... ალბომების გამოცემა... იყო ეს Kozmic Love, Suburban Portrait, ვერცერთი ბოლმდე ვერ მივიყვანეთ.



როგორც ითქვა ალბომი Kozmic Love არ გამოცემულა, თუმცა ალბომისთვის განკუთვნილი სიმღერის Sun Kisses აკუსტიკური ვერსია შემორჩა.

სიმღერების ახლებული გადამღერები და გაარანჟირება ჯგუფისთვის ჩვეული რამაა და მისი წყალობით მანამდე გამოქვეყნებული სიმღერის She Kills (New Ways) ახალი ვერსია გაჩნდა იმავე აგვისტოს მიწურულს. დაანონსდა მცირე ალბომიც ამ სახელწოდებით She Kills (New Ways). ამ სიმღერის გარდა მასში მოიაზრებოდა სიმღერა Lucky Ones, რომელიც ჯგუფმა 2012 წლის სექტემბერში წარუდგინა მსენელს - მასში, ისევე როგორც წინამორბედში ანალოგურ ინსტრუმენტებთან ერთად ელექტრონული ჟღერადობის დრამ სექცია და სინთეზატორიც გამოჩნდა.

იმავე დროს, როგორც შემდეგ გაირკვა დიდხნიანი თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი - „ფორმულა კრეატივის“ მიერ შესრულებულ სარეკლამო რგოლში აჟღერდა Mellow-ს მუსიკა. ამ პარტნიორობის კიდევ არაერთ და უფრო მასშტაბურ შედეგს უფრო ქვემოთ ვახსენებ.

იმავე 2012 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა ჯგუფის სიმღერები ქართული ტექსტით:

MORE, Try for the Kingdom, და მანებებ - თუმცა ჩანაწერს დღეს ვერსად იპოვნით - წაშლილია.

არ დასრულებულა კიდევ ერთი ჩაფიქრებული ალბომი Try for Kingdom - სიმღერა Fallen უნდა ყოფილიყო მისი ინტრო.

2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სიმღერაში Winters Reaction On My Mind (WROMM) Mellow-მ კიდევ შეცვალა ჟღერადობა, თუმცა იმავე თვეში მეტად მსუბუქი Problems & Stuff გამოაგდო.

-Mellow-ს ახასიათებს განსხვავებულობა ტრეკიდან ტრეკამდე... ალბათ ალბომი ამიტომაც არ გვაქვს - ვერ შეუსადაგე ტრეკები ერთმანეთს... თავიდან ეს დისკომფორტს მიქმნიდა..


ახლა როდესაც ამ ძველ ტრეკებს მივუბრუნდი და ხელახლა ჩავწერე, რასაც თავისთავად მოყვა ახალი სიმღერები, მათზე მუშაობის პროცესში დავრწმუნდი, რომ ერთ არჩეულ ფორმულას არ უნდა მიყვე მთელს დისკოგრაფიაში... შესაძლოა მსენელისთვის ეს მრავალფეროვნება დამაბნეველი იყოს, მაგრამ მუსიკოსისთვის ეს აუცილებელიც კია.

2012 წლის ბოლოსთვის ნიკა ჩოხელის თავში ერთი ალტერნატიული პროექტის იდეა მომწიფდა - სრულად ელექტრონული ჟღერადობა მიეცათ ჯგუფის ადრინდელი სიმღერებისთვსი ასე გაჩნდა Bit Beats Bitter – ხოლო მოგვიანებით მცირე ალბომი Bit Beats Bitter ელექტრონული ინსტრუმენტული მუსიკით.

-რაღაც გარდატეხა მოხდა... ვოკალი უკანა პლანზე გადავიდა.. წინ წამოვიდა მუსიკა, რომელიც აბოლუტურად 4/4 ბიტზე არის დამოკიდებული... წერის პროცესიც ბიტით იწყებოდა... ამ პროექტმა სხვაგვარად დამანახა დიჯეინგი, რამაც მერე მიმიყვანა კიდევ ერთ პროექთან Renaissance Boyz (აღორძნების ხანის ბიჭიკოები), რომლიც უკვე სუფთა ტექნოა.

სანამ 2012 წელი TABULAART-ის წლის 20 საუკეთესო ქარულ ჯგუფს შორის Mellow-ს დასახელებით დასრულდებოდა, Mellow-მ წამოიწყო აკუსტიკური ლაივების სერია Strange live for friends of Mellow - აკუსტიკურად შესრულებული სიმღერების ვიდეოჩანაწერებს შემდეგ იუთუბის გვერდზე ათავსებდნენ. 

ასევე, ლაივ გამოსვლა გამართა ფესტივალ რესტორაცია „დივანში“, რომელიც იმ დროს ალტერნატიული ცოცხალი მუსიკოსებისთვის განკუთვნილ იშვიათ სცენათაგან ერთ-ერთი იყო.

აღებული ტემპი ჯგუფს არც 2013-ში დაუგდია - საახალწლო კონცერტის შემდეგ ახალი სიმღერა Not Your Blood გამოაქვეყნა. 

მას მალევე მოყვა ორიათასიანების კლასიკური ალტერნატიული ჟღერადობის მქონე ქართულენოვანი Koma.

თებერვალს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო აქცია კონცერტში „მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ“. გაზაფხულს კი Mellow შეხვდა მცირე სინგლებით Dance Dance Dance და Entrance, Insects რომლებიც ერთგვარად ერთიანდებიან სერიაში Daydreams.

იმავე გაზაფხულზე უკვე აღიარებულ ჯგუფს უმასპინძლა კიდევ ერთხელ ფესტივალ-რესტორაცია „დივანმა“ და კლუბმა 33ა. ჯგუფმა ასევე მონაწილეობა მიიღო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ კონცერტში.

იმ გაზაფხულის განმავლობაში დროდადრო გამოქვეყნებულმა სიმღერებმა

Ok, Dream of a space, Water Drops, Elayne Night და Heart Attack შეადგინეს მცირე ალბომი Elay.

სიმღერაზე OK ჯგუფმა გადაიღო პირველი ვიდეო.

იმ წლის ზაფხულის ნიკა ჩოხელი ელექტრონული მუსიკის პროექტ Bit Beat Bitter -ს მიუბრუნდა და ახალი სეტი გამოაქვეყნა საუნდქლაუდზე. და იმავე წლის შემოდგომაზე ისევ Mellow და მსმენელისგან მეტად პოზიტიურად მიღებული ქართულენოვანი „ეგ შენი პეპლები“.

-თავიდანვე ინგლისურად მეწერინებოდა იმიტომ რომ ბევრი ინგლისური მქონდა მოსმენილი და ასე ჩამებეჭდა... ქართულად წერა კი ინგლისურიდან თარგმნას გავდა... ასეთი ორი მცდელობის შემდეგ, ორი კრახის შემდეგ შემომეწერა „ეგ შენი პეპლები“...

ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მუსიკა და ტექსტი ერთად იწერება... ამ ერთად დაბადების მაგიურობა იმაშია რო მელოდია თითქოს თავად გკარნახობს ამ ტექსტს და ტექსტი თვისთავად უკვე ამ მელოდიას აჟღერებს...



2013 წელი დასრულდა დეკემბერში გამართული კონცერტებით კლუბებში Night Office და Riffer.

2014 წელს გამოქვეყნებული ჩანაწერების და საკონცერტო გამოსვლების გაიშვიათებას ერთი ობიექტური მიზეზიც ქონდა - ნიკა ჩოხელი როგორც ხმის რეჟისორი დაკავდა ქართული ფილმის „ტაქსი“ გადაღებებზე. ფილმს ფორმულა კრეატივი იღებდა. საუნდტრეკში აჟღერდა Mellow-ს სიმღერა Problems & Staff.

-ამ შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია და კითხვებიც არ დამისვამს... დავწერე ეს სიმღერა და მოხვდა ფილმში. კინო მუსიკით დაინტერესება უფრო აქედან დაიწყო - მანამდე, ბოდიში მაგრამ ენიო მორიკონე არ ვიცოდი ვინ იყო... ერთადერთი ვინც ვიცოდი, ისიც იუთუბზე მოსმენილი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ თემის ქავერვერსიის წყალობით... მისი ავტორი ჰანს ციმერი იყო.

შემოდგომაზე, კერძოდ ოქტომბერში გამოქვეყნდა სიმღერა Eternal Love & Youth


-გამოსული არი დაშლის შემდეგ... ეს ადრე დაწერილი და გამოუქვეყნებელი ტრეკია, რომელიც ძალიან მოსწონდა ჩემს ყოფილ შეყვარებულს და მას შემდეგ რაც მას დავცილდი, ვიფიქრე საჩუქარს გავუკეთებთქო და დავასრულე და გამოვეცი...

2015 წელს ნიკა ჩოხელი ახალი პროექტით შეხვდა - „ნიიკ მღვიმელი და ცუდი თესლი“ სიმღერა Imegination. სტილისტურის გარდა, ეს პროდიუსინგის თვალსაზრისითაც აქამდე ნაკეთები სიმღერებისგან განსხვავებულია - ცოცხალი, შექმნილი სემპლებით და საუნდბაიტებით მდიდარი ტრეკია.

-Mellow-ს არასდროს არაფრის შარჟი არ გაუკეთებია... ირონიით არაფრისთვის „შეგვიხედავს“... ნიიკ მღვიმელი და ცუდი თესლის ეს პირველი ტრეკში კი ეს ძველი საცეკვაო მელოდია, ტექსტი, რომელიც სარდაფში მიტოვებული ბაბუის პიანინოზე ყვება Mellow-ს სერიოზულობიდან და ნაივურობიდან გამოსვლაა...

ამ სიმღერის გამოჩენისთანავე დაანონსდა ამ ახალი პროექტის ალბომი „ხარკთაღრიცხვა“ - თუმცა ის წლის მაძილზე გამოცემული სინგლებით Pensilvanian Walz, Sangai Dance, Wilson, მოდი ერთად მოვკლათ დრო, Wood Trip შემოიფარგლა.

ეს სიმღერები ძირითადად ძმასთან ერთად იწერებოდა და სწორედ გურამის ბარიტონი შესანიშნავად უსვამს ხაზს მათს განსხავავებულ ხასიათს.

სიმღერა მოგვიანებით იქცა სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ საუნდტრეკის მთავარი თემად. ფილმში სიმღერა სრულდება ნინა ყიფშიძესთან ერთად - ეს ვერსია 2016 წლის შემოდგომაზე ჩაიწერა.

განსხვავებული მუსიკალური მიმართულების ახლამა იდეებმა ნიკა ჩოხელს კიდევ ორი პროექტი დააწყებინა: GEMINI ჩილ-ტრიპ-ჰოპ მიმართლების I Never Saw the Sea. 

ეს მუსიკაც საცადი მქონდა... Gemini მთლიანად სემპლინგზე აეწყო - ვისმენდი სხვის მუსიკას... აქედან ეს მომწონს, აქედან ამას ავიღებ... მერე სახეს ვუცვლიდი და ასე ვაწყობდი. ამანაც კარგი გამოცდილება მომცა.

ელექტრონული საცეკვავო მუსიკის მიმართულებით ექსპერიმეტი გაგრძელდა პროექტით Renaissance Boyz.

იმ წლის თებერვალში Mellow-ც გამოჩნდა ახალი სიმღერით „არდადეგები“.

და გაზაფხულიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ ჯგუფი ზაფხულს Open Air-ზე გამოვიდოდა, დაიწყო მომზადება.

ეს გამოსვლა ჯგუფის ბოლო აქტივობა იყო, თუ არ ჩავთვლით მოგვიანებით პირველ არხზე გადაცემა კომუნიკატორის „ცოცხალში“ მონაწილეობას.

ამის მიუხედავად მომდევნო 2016 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა ორი ახალი სიმღერა დენს სტილში გადაწყვეტილი Can U Feel It და Darkest Hour.

დროდადრო მსმენელის მოთხოვნის გათვალისწინებით ჯგუფი კონცერტებზე ჩნდებოდა - ასე იყო ახალი 2017 წელს ბათუმში, ერას მოედანზე საახალწლო კონცერტში მონაწილეობა, იმავე წლის მაისში ELEKTROWERK-ში და ივლისში Backstage 76-ში.

იმ წელს სხვა აქტივობა Mellow-ს არ ქონია.

2018 წელს ჯგუფი საერთაშორისო პლატფორმა Sofar Sound-ის ფარგლებში ჩაწერილი ცოცხალი გამოსვლით გამოჩნდა და წლის დასაწყისში საინტერესო სიურპრიზი და ექსპერიმენტი შესთავაზა მსმენელს დააქავერა რა რევაზ ლაღიძის სიმღერა „გულს რად მიკლავ“ (გოგოვ..).

იმავე 2018 წელს სპოტიფაიზე გარკვეული გადახარისხების შემდეგ გადაინაცვლა Mellow-ს დისკოგრაფიამ. წლის ბოლოს კი სიმღერა „ყვავილები“ გამოქვეყნდა.

მომდევნო 2019 წლის ივლისამდე ჯგუფისგან არაფერი სიახლე იყო და ზაფხულს , საზაფხულო კომერციული სიმღერა (სარეკლამო რგოლისთვის) „სანაპირო“ გამოჩნდა, რომელსაც მოყვა „მზე, ზღვა, ცა“, Untitled.

უკვე 2020 წლის ნოემბერში ფორმულა კრეატივის ახალ სერიალზე „თესეა“. ამ პროექტში და მოგვიანებით „ჩემი ცოლის დაქალების“ საუნტრეკზე მუშაობისას ნიკა ჩოხელმა არაერთი სახსიათო, დასამახსოვრებელი, სტილისტურად მეტად მრავალფეროვანი სერიელების იდეურ მხარესთან ჰარმონიაში მყოფი თემა შექმნა.

ამ სამუშაოს პარალელურად ნიკა ჩოხელმა ფსევდონიმით A kin (სახელი ძველი მოფიქრებულია შებრუნებული NIKA) სრული ალბომი KHMAURI. ეს მეტად კონცეპტუალური ნამუშევარი არ შეიძლება განეკუთვნოს ერთ რომელიმე ჟანრს -  მე ვიტყოდი, ეს უკვე შემდგარი კომპოზიტორის და პროდიუსერის ნამუშევარია. მიუხედავად იმისა რომ ავტორი სხვაგვარი განწყობით მუშობდა მასზე.

-აკინი არი... გადაწყვეტილებები რომლითაც ვიხელმძღვანელე ხშირ შემთხვევაში ამ კონცეფციის შესაქმნელად არის „ანტი“ რაც არ მომწონს ის გამოვიყენე: მაგალითად ეფექტები.... რა ჰარმონიასაც არ გავშლიდი, ის გავშალე... რა ტექსტის თემატიკა... რაზეც არ დავწრდი იმაზე დავწერე... თან რთული პერიოდი მქონა, ყველაფერი უკუღმა მიდიოდა და გადავწყვიტე მეც ამ მიმართულებთ წავსულიყავი მუსიკაში.

და წელს, 10 წლიანი ისტორიის mellow-მ დიდი შესვენების შემდეგ, გასულ ზაფხულს სიმღერა A Whole Truth გამოაქვეყნა. მოგვიანებით ვიდეოც დაურთო.

როგორ დაიწყო ეს მიბრუნება:

ძველი სიმღერები ჩავწერე თავიდან... მხოლოდ იმის გამო რო მივხვდი, მათ შეუძლიათ რელევანტური იყვნენ დღეს. მათზე მუშაობისას კი Mellow-ს სტილისტიკსი ახალი სიმღერებიც დავწერე და გადავწყვიტე გარკვეული გეგმით... რასაც ადრე არ ვაკეთებდით... თვეში ერთი ტრეკის გამოქვეყნებით შევთავაზო მსმენელს.

ვფიქრობ ამ რიგში ცალკე აღნიშვნის ღირსია სექტემბერში გამოქვეყნებული, ლირიკაში ქართულ/ინგლისურის საინტერესო რითმული მონაცვლეობით Super მთვარე, ასევე მეტად ლამაზი ვიდეორგოლით. თუმცა, არც მანამდე, ივლისში გამოცემული „საჰიტოდ“ გამზადებული Missed Calls არის „ხელწამოსაკრავი“. 

ამ სამისგან საკმაოდ განსხვავებულია საკუთარი (Renaissance Boyz) სიმღერის Can U Feel It რემეიქი, რომელიც იუთუბის არხზე მასთან ერთად შემოთავაზებული კონცეპტუალირი ვიდეორგოლის კარგი მუსიკალური თანხლება უფროა. Mellow-ს ამ „დაბრუნებამ“ ერთი რაც გამოიწვია და რაც მოსალოდნელიც იყო, ჯგუფის ძველი ნამუშევრებისკენ მიბრუნებაა - თანაბრად, ახალსა თუ ძველ მსმენელში.

ავტორი: დავით ჟორჟოლაძე