ლიტერატურა

მარგარეტ ეტვუდის ორი ბუკერი

"საბა"

ოქტომბერი 18, 2019

14 ოქტომბერს ბუკერის პრემიის კიდევ ორი მფლობელი გამოცხადდა. მათ შორის ერთი, ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი მარგარეტ ეტვუდია, რომლის სახელი ძალიან კარგად იცის ქართველმა მკითხველმა. ეტვუდისთვის ეს უკვე მეორე ბუკერის პრემიაა, საუკეთესო რომანი ამჯერად მისი „აღთქმები“ გახდა, რომელიც სულ ახლახანს გამოიცა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მწერალი კიდევ ორჯერ იყო პრემიის ფინალისტი.

2019 წლის ბუკერის პრემიის გამარჯვებული კანადელი მწერალი - მარგარეტ ეტვუდი 

პირველად ბუკერის პრემიით მარგარეტ ეტვუდის რომანი „ბრმა მკვლელი“ აღინიშნა. ეს შესანიშნავი რომანი, რომელიც ერთდროულად ოჯახური საგაცაა და ფანტასტიკაც, ორ ამ ამბავს, ორ ხაზს, ორ დროს საოცარი ოსტატობით აერთიანებს. ქართულ ენაზე რომანი თამარ ჯაფარიძემ თარგმნა. ეტვუდის უმთავრესი იარაღი, ძალა, განუმეორებლობა მისი ენაა, ამიტომაც ქართველ მკითხველს ძალიან გაუმართლა, რომ ამ შესანიშნავი თარგმანით გაიცნო პირველად ეს მწერალი.



ბრმა მკვლელი

მარგარეტ ეტვუდი


“ძალიან მიყვარს ეს ავტორი, ამიტომ არც თარგმნა გამჭირვებია. ერთ-ერთი საინტერესო თანამედროვე მწერალია. განსაკუთრებით ქალები აფასებენ, რადგან მათთვის მნიშვნელოვან თემებს და პრობლემებს ეხება. არც საქართველოა გამონაკლისი. ჩემ მიერ თარგმნილი ტექსტებიდან “ბრმა მკვლელი” ყველაზე ცნობილი გახდა. ამას ავტორის ნიჭიერება განაპირობებს. ეტვუდი კარგად გადმოსცემს ემოციას, ბევრ ხმაზე წერაც შეუძლია, თუმცა მის ტექსტებში ქალის ხმა მაინც გამოკვეთილად ისმის. ჩემთვის, როგორც მთარგმნელისთვის, ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ყველა ავტორს თავისი ჟღერადობა აქვს, თავისი მელოდია, რაც თარგმნისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. არ შეიძლება რილკე შიქასტასავით ჟღერდეს, ეტვუდი – მილერივით. ხშირად მთარგმნელები ამ ხმებს ერთმანეთში ურევენ, რაც არასწორია.” - ამბობს თამარ ჯაფარიძე ჟურნალ „არილისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.


მხევლის წიგნი

მარგარეტ ეტვუდი 

„მხევლის წიგნი“ - ვამბობთ და თვალწინ წარმოგვიდგება პირქუში, წინასწარმეტყველური ანტიუტოპია, პოსტაპოკალიფსური სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ ყველაფერი, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. სამყარო, რომელიც კონფორმიზმის, რელიგიური ფანატიზმის, უთანასწორობისა და ძალაუფლების შედეგების ილუსტრაციაა. 

„მხევლის წიგნი“ ქართულად ანი კოპალიანმა თარგმნა, რომელმაც ამ რთული და მრავალმხრივი პროცესის შთაბეჭდილება გაგვიზიარა.


„მარგარეტ ეტვუდი რომ მწერალი არ იყოს, დარწმუნებული ვარ, ხალიჩებს მოქსოვდა, რადგან მისი დიდი სიყვარულია ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული სტილის, ჟანრისა თუ მხატვრული ქსოვილის მოზიდვა და შემდეგ მათგან მკაცრი, მათემატიკური სიზუსტით გათვლილი სტრუქტურის შექმნა. მისი ნებისმიერი სიტყვა შეიძლება იქცეს მთარგმნელისათვის თავსატეხად, რადგან რამდენიმე გვერდის შემდეგ აღმოჩენს, რომ ეს ერთი შეხედვით სასხვათაშორისო სიტყვა დიდი ალგორითმის ნაწილი ყოფილა და არამხოლოდ ზუსტი შინაარსობრივი, ზუსტი კონოტატიური მნიშვნელობის შეფარდებაც სჭირდებოდა. არავის უკითხავს რა იყო ჩემთვის “მხევლის წიგნის” თარგმნისას ყველაზე რთული, მთარგმნელებს ასეთ ვარსკვლავურ შეკითხვებს არ უსვამენ, ამიტომ კითხვასაც თავად დავსვამ და თავადვე ვუპასუხებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათობით ახალი სიტყვის გამოგონებამ მომიწია, ყველაზე რთული იყო იმ ბეწვის ხიდის შენარჩუნება, რომელსაც ეტვუდი მელოდრამატულსა და კომერციულსა და ხარისხიან ლიტერატურას შორის ქმნის. ყველაზე რთული მის თამაშში აყოლა იყო.“


ორიქსი და კრეიკი

მარგარეტ ეტვუდი 

გასულ წელს ქართულად ეტვუდის კიდევ ერთი დისტოპიური შედევრი, „ორიქსი და კრეიკი“ ითარგმნა, წიგნის გამომცემელი, მარი კორინთელი თავის ემოციას გვიზიარებს:


„მარგარეტ ეტვუდი ჩემთვის ის მწერალია, რომელიც ყველაზე კარგად წერს ხორცის საგლეჯ, გულის საგლეჯ, მტკივნეულ ამბებზე. „ორიქსი და კრეიკიც“ ასეთი ამბავია. ალბათ ამ რომანში მარგარეტ ეტვუდი ყველაზე მეტად არის მარგარეტ ეტვუდი - საშიში წინასწარმეტყველი, სასტიკი კასანდრა, რომელიც სიტყვებს ფაზლივით ალაგებს და თავზარდამცემ სურათს აწყობს. ამბობენ, რომ „ორიქსი და კრეიკი“ მომავლის წინასწარმეტყველებაა, ისევე, როგორც „მხევლის წიგნი“. ეტვუდი კი ამბობს, რომ „ორიქსი და კრეიკი“ აწმყოს აღწერაა, მშრალი ფაქტები, რომლებიც მან შეალამაზა, მთლად გული რომ არ გაეხეთქა ჩვენთვის. ჩემთვის კი ეს არის ამბავი იმაზე, რომ მარტოები ვიბადებით, მარტოები ვკვდებით და ეს მარტოობა გულს იმდენად გვიჭამს, რომ ვიწყებთ ომებს, ვატარებთ საშიშ ექსპერიმენტებს, ვეძებთ მარადიული ახალგაზრდობისა და უკვდავების წამალს, და ეს უსასრულო რბოლა, გამუდმებული შეჯიბრება საკუთარ თავთან, საბოლოოდ, იმაზე ადრე გვიღებს ბოლოს, ვიდრე ეს ჩვენი ბედისწერითაა განსაზღვრული. და კიდევ, ეს ამბავი სიყვარულზეა - ისეთივე შხამიანსა და მწარეზე, ისეთივე დამანგრეველსა და ათასთა გამაუბედურებელზე, როგორიც იყო პარისისა და ელენეს სიყვარული.“


ჯერი ახალ რომანზე, ბუკერით აღნიშნულ „აღთქმებზეა“, რომელსაც, იმედია, რომ ქართულად სულ მალე წავიკითხავთ.

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".

ავტორი: https://saba.com.ge/