კლასიკური მუსიკა - სევდიანი ტოსკა

რაიმე თუ დაგვიწყებიათ ისე, რომ ოდნავი კვალიც კი არ დაუტოვებია მეხსიერებაში? ეს მდგომარეობა იმას არ ჰგავს, როცა წვალობ გაიხსენო თავიდან ამოვარდნილი ცნობილი მსახიობის გვარი, ან ნაცნობი მელოდიის მისამღერი, ან ყოფილი კლასელის უფროსი ძმის სახელი... საერთოდ იშლება რაღაც ფრაგმენტი მეხსიერებიდან და უბრალოდ როგორც ახალს, ისე აღვიქვამ იმას, რაც უკვე იცი.

ერთხელ ისე მოხდა, რომ დამავიწყდა პუჩინის ოპერა „ტოსკა”. დამავიწყდა მისი არსებობა. ის, რომ ათასჯერ მაქვს მოსმენილი. დამავიწყდა, რომ ლიბრეტოც მაქვს სახლში და კლავირიც, და ხშირად კლავირით ხელში მომისმენია. დამავიწყდა, რომ ზოგი არიის ტექსტი ზეპირად ვიცი. ისიც კი დამავიწყდა, რომ ძალიან მიყვარს. ალბათ, დამავიწყდა, რადგან სხვა შემთხვევაში ეს ამბავი არ მოხდებოდა.

მაშინ პეტერბურგში ვცხოვრობდი. მახსოვს, სანამ ავტობუსს ველოდებოდი კონსერვატორიის გვერდით, დიდხანს ვუყურებდი ერთ აფიშას და ჩემთვის ჩუმად ვკითხულობდი:

“Тоскà”, როგორც „სევდა” რუსულად, აქცენტით ბოლო მარცვალზე.

თან ვფიქრობდი, პუჩინის ეს ოპერა როგორ გამომეპარა-მეთქი. აფიშა ქუჩის მეორე მხარეს იყო და დეტალები არ ჩანდა, არც პერსონაჟების სახელები იკითხებოდა, არც შემსრულებლების.  თოვლ-ჭყაპი და საშინელი ქარი იყო, ამას ყინვაც ემატებოდა (განუმეორებელი პეტერბურგული ნაზავი), მხარზე ვიოლინო მქონდა მოკიდებული, სავარაუდოდ ფეხებს და ყურებს უკვე ვერ ვგრძნობდი. ავტობუსი არ ჩანდა. ჩანდა მხოლოდ მარმარილოს სვეტზე დაკრული, უკვე სულ სველი აფიშა და დიდი ლურჯი ასოებით დაწერილი:  

«ТОСКÀ». „სევდა“!

მოკლედ, გადავწყვიტე, წავსულიყავი პუჩინის ოპერაზე „სევდა“. ისედაც სულ ოპერის თეატრთან და თეატრში ვატარებდი დროს. მუსიკალური სასწავლებელი, სადაც ოთხი წელი ვსწავლობდი იქვე იყო, პატარა ხიდს რომ გადახვიდოდი. შემდეგ უკვე კონსერვატორიაში ჩავაბარე, ის კი საერთოდ თეატრის მოპირდაპირე მხარეს იყო.  

რაც მთავარია, ბილიარდის და ბოულინგის კლუბი, სადაც არანაკლებ დროს ვატარებდი, ზუსტად ოპერის თეატრის უკან იყო. ბოულინგს ისეთი მონდომებით ვთამაშობდით მე და ჩემი მეგობარი ვიოლონჩელისტი ნასტია, რომ ერთხელ მარჯვენა ხელი ამიკანკალდა და აღარ გაჩერდა რამდენიმე დღე. გაკვეთილზე მისულს, ვიოლინოს პროფესორმა მითხრა თავი უნდა დაინდოო, ამდენი მეცადინეობაც არ შეიძლებაო. იმ დღეს ადრე გამიშვა სახლში და სასტიკად ამიკრძალა მეცადინეობა. თუ მუსიკაზე ცოტა ხანს მაინც გივლიათ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი სასიამოვნო მოსასმენია მასწავლებლის ნათქვამი „სახლში არ იმეცადინო“. ოთხი წლიდან ვიოლინოზე ვუკრავ და ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მითხრეს. 

საღამოს უკვე თეატრში ვიყავი, კონსერვატორიის სტუდენტის მოწმობით შემიშვეს. სტუდენტების ადგილი, რა თქმა უნდა, „გალიორკაზე” და, რა თქმა უნდა, დასწრებაზე იყო. ხოდა მეც გავიქეცი ბოლო სართულზე. გული დამწყდა, რომ პროგრამის ყიდვა ვერ მოვასწარი, მინდოდა ერთი-ორი სიტყვა წამეკითხა „სევდაზე“.

ძალიან აღელვებული ვიყავი, მოუთმენლად ველოდი სპექტაკლის დაწყებას. ვგრძნობდი, რომ რაღაც აღმოჩენა მელის წინ, ჩემთვის აქამდე უცნობი ოპერა, ნეტავ როგორი არიებია, როგორი უვერტიურაა, კლავირის შოვნა თუ არის შესაძლებელი, ჩანაწერი თუ არის კონსერვატორიის აუდიოთეკაში...

და აი, პირველი ზარი ირეკება, უკვე ორკესტრანტებით ივსება „ორმო“, მეორე ზარი, მესამე, შუქი ნელ-ნელა ქრება, გამოდის დირიჟორი, ტაში, სიჩუმე, დირიჟორი ორივე ხელს წევს, პირველ ვიოლინოს უყურებს, შემდეგ მთელ ორკესტრს აუფტაკტს ანიშნებს და აი, ისიც იწყება, პუჩინის ოპერა „ტოსკა“ იწყება. და მეც

გ ა მ ა ხ ს ე ნ დ ა! 

ჯაკომო პუჩინი (1858 – 1924 წწ.) - იტალიელი კომპოზიტორი, ვერდის შემდეგ ალბათ ყველაზე ცნობილი ოპერების ავტორი. „ბოჰემა“, „მადამ ბატერფლაი“, „მანონ ლესკო“, „ტურანდოტი“. კომპოზიტორის სრული სახელია - ჯაკომო ანტონიო დომენიკო მიკელე სეკონდო მარია პუჩინი. თუმცა, მხოლოდ პუჩინიც საკმარისია, რომ გასაგები იყოს ვისზეა საუბარი.

 

„ტოსკა“ - 1800 წელს რომში გათამაშებული პოლიტიკური მძაფრსიუჟეტიანი დრამა. მოქმედება 24 სათის განმავლობაში ვითარდება და უაღრესად დაძაბულია.

 

ლიბრეტო - ოპერის ტექსტების კრებული.

 

კლავირი - ორკესტრისთვის დაწერილი ნაწარმოების საფორტეპიანო ვერსია.

 

აუფტაქტი - დირიჟორის გამაფრთხილებელი ჟესტსი, რომელიც გამოიყენება ნაწარმოების დაწყების წინ შემსრულებელთა მზადყოფნაში მოსაყვანად.

ავტორი: თამარ კვაჭაძე