კულტურა

იონას ბენდიქსენი დავიწყებული ამბების ძიებაში

ივნისი 12, 2019

„ფოტოგრაფია ნადირობას ჰგავს – ცდილობ დაიჭირო და აღბეჭდო ის, რასაც სხეულით გრძნობ“, – იონას ბენდიქსენი. 

ალთაი. 2000. ფოტო: იონას ბენდიქსენი / Magnum Photos

იონას ბენდიქსენი ნორვეგიელი ფოტოგრაფი და Magnum-ის ფოტოსააგენტოს წევრია. Magnum-ის სხვა ფოტოგრაფებისგან განსხვავებით, ის არასდროსაა ომებისა თუ მწვავე კონფლიქტების, კატასტროფებისა თუ გადატრიალებების შუაგულში.



ბირობიჯანი, ებრაელთა ავტონომიური ოლქი. 1999. ფოტო: იონას ბენდიქსენი / Magnum Photos

„ასეთი ამბები პატარა ამბებად რჩება. ალბათ, ისეთივე დრამატული არ არის, როგორც კონფლიქტები და ომები. მომწონს, რომ ვყვები ისტორიებს, რომლებსაც სხვები დიდ ყურადღებას არ აქცევენ“, – ამბობს იონას ბენდიქსენი.


ბენდიქსენი ფოტოგრაფიით 14 წლის ასაკში, მას შემდეგ დაინტერესდა, როცა კარადაში მამის ფოტოკამერას მიაგნო. სახლის ჩაბნელებულ სააბაზანოში ფირების გამჟღავნების მაგიური პროცესის ნახვამ კი ფოტოების გადაღების სურვილი კიდევ უფრო გაუძლიერა.

ისლანდია. 2007. ფოტო: იონას ბენდიქსენი / Magnum Photos

19 წლის ასაკში ბენდიქსენი Magnum-ის სააგენტოს ლონდონის ოფისში ერთწლიანი სტაჟირების პროგრამაში ჩერთო. თუმცა იქ ის ფოტოხელოვნების და გადაღების ტექნიკის სასწავლად არ მისულა – მისი მოვალეობა სატელეფონო ზარების პასუხი და საარქივო მასალის მოწესრიგება იყო. „Magnum-ის ფოტოებთან ყოველდღიურმა შეხებამ იმაზე დიდი ცოდნა მომცა, ვიდრე ოდესმე ვინატრებდი“, – ამბობს იონას ბენდიქსენი. ერთი წლის შემდეგ ის სააგენტოს საოფისე საქმეს ტოვებს და საკუთარი ფოტოკამერით მოგზაურობას იწყებს იმისთვის, რომ თავად გახდეს ამბის მთხრობელი და ფოტოჟურნალისტი. 

სოხუმი, აფხაზეთი, საქართველო. 2005. ფოტო: იონას ბენდიქსენი / Magnum Photos

იონას ბენდიქსენი რუსეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რამდენიმე წლის განმავლობაში მოგზაურობდა. ის აკვირდებოდა და ფირზე აღბეჭდავდა ამ ქვეყნებში მომხდარ სოციალურ, ეკონომიკურ თუ იდელოგიურ ცვლილებებს. ფოტოგრაფი განსაკუთრებით უსტატუსოდ დარჩენილი ტერიტორიებით დაინტერესებდა. „ვსტუმრობდი იმ გაურკვეველ ადგილებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომმა კონფლიქტებმა წარმოქმნა“, – ამბობს ბენდიქსენი. ვის ეკუთვნის არაღიარებული რესპუბლიკები და რა ამოძრავებთ მათ? – იონასი სწორედ ამ კითხვებს იკვლევს. ასე აღმოჩნდა ფოტოგრაფი აფხაზეთშიც. მისი აფხაზეთის ფოტოები მდიდარია ფერებით, თუმცა ვერ ფარავს კონფლიქტის კვალს, მის უმოძრაობას და სიცარიელეს. 

სოხუმი, აფხაზეთი, საქართველო. 2005. ფოტო: იონას ბენდიქსენი / Magnum Photos


ბენდიქსენის პირველი წიგნი, „თანამგზავრები – ფოტოები ყოფილი საბჭოთა კავშირის შუაგულიდან“ სწორედ რუსეთში და ყოფილი საბჭოთა კავშრის ქვეყნებში მოგზაურობისას თავმოყრილ ფოტომასალას შეიცავს. 

ალთაი. 2000. ფოტო: იონას ბენდიქსენი / Magnum Photos

გარიყული, ჩაკეტილი საზოგადოებები და უჩინარი ხალხი – იონას ბენდიქსენს ეს მთავარი ხაზი მომდევნო პროექტშიც მიჰყვება. ფოტოგრაფი კენიაში, ინდოეთში, ინდონეზიასა და ვენესუელაში მოგზაურობას იწყებს და ქალაქების უღარიბეს დასახლებებს ეძებს. ეს არის უზარმაზარი საცხოვრებელი ზონები, მრავალრიცხოვანი ბინადრებით, რომლებზეც საზოგადოებრივი სერვისები არ ვრცელდება. მათ ვერც კრიმინალისგან იცავენ. „და მაინც, აქ მაცხოვრებლები ახერხებენ გადაიხადონ გადასახადები, აძლევენ განათლებას შვილებს და სკოლიდან დაბრუნებულებს დავალებების მომზადებაშიც ეხმარებიან“, – ამბობს ბენდიქსენი. 

კენია. 2015. ფოტო: იონას ბენდიქსენი /  Magnum Photos

ფოტოები ერთიანდება წიგნში „ადგილები, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“. ბენდიქსენმა ფოტოებით, პროექციებითა და ხმით სამგანზომილებიანი ინსტალაციაც შექმნა. „არ მინდოდა ეს ფოტოები მხოლოდ კედლებზე გამომეფინა, – ამბობს ფოტოგრაფი. – ამ ინსტალაციით მინდოდა იქ ყოფნის ილუზია შემექნა, განცდა, იმისა, რომ შენ თავად დგახარ ერთ-ერთ მიწურში“.

მუმბაი, ინდოეთი. 2006. ფოტო: იონას ბენდიქსენი / Magnum Photos

იონას ბენდიქსენი ამბობს, რომ მისთვის მთავარი ნამუშევრებით ახალი კითხვების და დისკუსიის წამოჭრაა. „ამიტომ გადასაღებად ყოველთვის მნიშვნელოვან ამბავს ან იდეას ვეძებ. ფოტოში მხატვრულობა და ტექნიკა ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის ფოტოგრაფია სიმარტივეშია და მე თავად ვარ მარტივი ფოტოგრაფი“.  

ნორვეგია. 2012. ფოტო: იონას ბენდიქსენი / Magnum Photos

თუმცა ბენდიქსენის ნამუშევრებში კომპოზიცია და შინაარსი თანაბრად მნიშვენლოვანია – ის ჰყვება ამბავს და ამას მხატვრულად აკეთებს.





იონას ბენდიქსენის ნამუშევრების გამოფენა „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ორგანიზებით თბილისშიც გაიმართება. ექსპოზიციაზე ბენდიქსენის მესამე წიგნის „უკანასკნელი აღთქმის“ ფოტოები იქნება წარმოდგენილი. ფოტოგრაფი შვიდ ადამიანზე გვიყვება, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მეორედ მოვლენილი ბიბლიური მესიები არიან. 

ვის უნდა მივანიჭოთ ჭეშმარიტების განსაზღვრის პრივილეგია? სად გადის ზღვარი რწმენასა და შეცდომას შორის? ფოტოებში ბენდიქსენი რელიგიისა და რწმენის მექანიზმებს იკვლევს.


გამოფენა 17 ივნისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება და ის ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

ავტორი: ინდიგო

გარეკანის ფოტო: სოხუმი, აფხაზეთი, 2005