ბიზნესი

რა არის საინვესტიციო საბანკო მომსახურება?

ჰმმ, თიბისის მორიგი ბლოგი? ჯერ მოდით გაგეცნობით - მე მიხეილ ნინიკელაშვილი ვარ. ბოლო 13 წელია საბანკო ბიზნესში ვმოღვაწეობ. ბანკის კორპორატიულ განყოფილებას 2008 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტი შევუერთდი, რა მიმართულებითაც შემდეგი 11 წელი ვიმუშავე - აქედან ბოლო 3 წლის განმავლობაში, სექტორის უფროსის პოზიციაზე. 2019 წელს კორპორატიულიდან საინვესტიციო საბანკო ბიზნესში გადმოვინაცვლე, რომელიც თიბისის სტრატეგიული მიმართულებაა და სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, მინდა თიბისი კაპიტალი გაგაცნოთ და საინვესტიციო საბანკო ბიზნესზე ვისაუბროთ.

მაისი 28, 2021

ჩაგეკითხები, როგორ ბიზნესზე?

საინვესტიციოზე. ტრადიციული საბანკო მომსახურებებისგან ცოტა განსხვავებულია, მაგრამ ფინანსური სერვისების დარგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.


მე-19 საუკუნის ამერიკაში, როდესაც საბანკო ბიზნესი აქტიურად ვითარდებოდა, საინვესტიციო ბანკების როლს, კომერციული ბანკები ითავსებდნენ. ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში (1861-1865) პირველი საინვესტიციო ბანკები გაჩნდა, რომლებიც ფედერალურ მთავრობას ომის დასაფინანსებელი თანხების სესხებაში დაეხმარნენ. ამის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა საინვესტიციო ბანკების როლი, რაც ბიზნესების მხრიდან კაპიტალზე დიდი მოთხოვნით იყო გამოწვეული.


1929 წლის საფონდო ბირჟის კრიზისის შემდეგ, რეგულაციები შემოიღეს, რის შედეგადაც საინვესტიციო და კომერციული საბანკო ბიზნესები გაიმიჯნა იმისთვის, რომ საბანკო სისტემა უკეთ რეგულირებული და უფრო უსაფრთხო გამხდარიყო. ეს რეგულაციები 1999 წელს გაუქმდა, რამაც საინვესტიციო ბანკების გავლენა ფინანსურ სისტემაზე რადიკალურად გაზარდა.

საინტერესოა, განაგრძე.

საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ძირითადად საკონსულტაციო მომსახურებაზე კონცენტრირდება, რაც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სხვადასხვა სახის ფინანსურ ტრანზაქციებში დახმარებას გულისხმობს. მარტივად რომ ვთქვათ, საქმიანობა შეგვიძლია ორ ძირითად მიმართულებად დავყოთ: „გაყიდვის მხარე“ და „ყიდვის მხარე“.


როდესაც საინვესტიციო ბანკი გაყიდვის მხარეს წარმოადგენს, ძირითადად საუბარია კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე, აქტივის ან ბიზნესის გაყიდვაში დახმარებაზე ან რაიმე პროექტში კონკრეტული ინვესტორის მოძიებაზე.


ყიდვის მხარის წარმომადგენლობის დროს, შესაძენი ფასიანი ქაღალდის, ან სხვა რაიმე აქტივის სამართლიანი ღირებულების განსაზღვრაში დახმარება ხდება. ზოგჯერ პროცესი მარტივია და პირდაპირ კონკრეტული აქტივის შეფასებაა საჭირო, თუმცა შესაძლოა კონსულტაციის გაწევა უფრო ადრე, ასეთი აქტივის მოძიებით დაიწყოს და შემდეგ შერჩეული აქტივი შეფასდეს.


გარდა ამისა, საინვესტიციო ბანკი სხვადასხვა საკონსულტაციო თუ საბროკერო მომსახურებას უწევს კლიენტებს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.


რაც ყველაზე მეტად განასხვავებს საინვესტიციო ბანკს ტრადიციული ბანკისგან არის ის, რომ მათ დეპოზიტების მიღების უფლება არ აქვთ და როგორც წესი, საკუთარი სახსრებით არ ახორციელებენ ინვესტიცებს.

ანუ, ერთგვარი დამაკავშირებლის როლი აქვს მხარეებს შორის?

ზუსტად. სახელიდან გამომდინარე ხშირად ჰგონიათ, რომ საინვესტიციო ბანკი თავად ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა ბიზნესში, რეალურად კი, მხარეებს დაკავშირებაში უწყობს ხელს. ერთი მხრივ მიწოდებას ქმნის გაყიდვის მხრიდან ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, მეორე მხრივ კი საშუალებას აძლევს ინვესტორებს ეს ფასიანი ქაღალდები შეიძინონ.


დამაკავშირებლის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შერწყმებისა და შესყიდვების (Mergers & Acquisitions) ტრანზაქციების მართვისას. ხშირად, დიდი ჰოლდინგები და კონგლომერატები ისე იზრდებიან, რომ ყველა ბიზნესმიმართულების ეფექტურად მართვას ვერ ახერხებენ, რაც რომელიმე მიმართულების გაყიდვის აუცილებლობას აჩენს. ან პირიქით, კომპანია ხდება თავისი დარგის ლიდერი და სხვა მოთამაშეებთან შერწყმას იწყებს, რადგან ორგანულ ზრდას ვეღარ ახერხებს. ან საკუთარ მომწოდებლებს/მომხმარებლებს ყიდულობს იმისთვის, რომ ღირებულების შექმნის სრული ჯაჭვი აკონტროლოს - ერთი მხრივ მომსახურებისა და პროდუქციის სრული სპექტრი შესთავაზოს მომხმარებელს და პროცესი და ხარისხი სრულად აკონტროლოს, მეორე მხრივ კი მარჟების ოპტიმიზაცია მოახდინოს და მომგებიანობა გაიუმჯობესოს.


ყოველდღიური ბიზნესსაქმიანობის პარალელურად, ასეთი პროცესების მართვა მენეჯმენტისთვის ძალიან რთულია. ან სულაც, შესაძლოა მენეჯმენტს ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდეს და აქციონერმა პირდაპირ საინვესტიციო ბანკს დაავალოს ტრანზაქციის განხორციელება.


ასეთი მომსახურების მიღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ტრანზაქციის მხარეები სხვადასხვა ქვეყანაში მდებარეობენ, ან განსხვავებულ ინდუსტრიებს წარმოადგენენ.

რაღაც ძალიან მარტივად ჟღერს ეს ყველაფერი. 2008 წლის ფინანსურ კრიზისში საინვესტიციო ბანკები არ იყვნენ გარეულები? მახსოვს, ყველაზე დიდი მათგანი გაკოტრდა კიდეც, არა? რა ერქვა?

Lehman Brothers.

ჰო, ზუსტად ეგ. გაკოტრდა და მახსოვს, მთავრობამ ძალიან დიდი ფინანსური რესურსი დახარჯა დანარჩენების გადასარჩენად.

მართალია. 2008 წლის გლობალურ ფინანსურ კრიზისში საინვესტიციო ბანკებმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშეს, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთი მხრივ, ამას წინ უძღოდა საინვესტიციო ბანკების მიმართ რეგულაციების შემსუბუქება, რაც ტრადიციულ ბანკებს არ შეხებიათ და მეორე მხრივ საინვესტიციო ბანკირების შემოქმედებითობა და ფანტაზია, რამაც ახალი ფინანსური ინსტრუმენტები გააჩინა ბაზარზე, რაშიც უამრავი თანხა დააბანდეს ინვესტორებმა. აღმოჩნდა, რომ ასეთი ინსტრუმენტების რისკიანობა სათანადოდ არ იყო შეფასებული, რამაც საბოლოო ჯამში მათი სრული გაუფასურება გამოიწვია, როდესაც ამერიკაში უძრავმა ქონებამ ღირებულების დიდი ნაწილი ძალიან მოკლე დროში დაკარგა.


ასეთ ფასიან ქაღალდებში თვითონ საინვესტიციო ბანკებსაც უშველებელი პოზიციები ჰქონდათ, რამაც კრიტიკულად დააზიანა მათი მდგრადობა. მთავრობის მიერ ბანკებისათვის სახსრების გამოყოფის და გაკოტრებისაგან გადარჩენის მთავარი აზრი ის იყო, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს არ დაეკარგა ფული კრიზისის შედეგად.

შეიძლება ასეთი რამ დღესაც მოხდეს?

ნაკლებ სავარაუდოა. რეგულაციები გამკაცრდა და ყველა უფრო ყურადღებითაა, მაგრამ ზოგადად, ინვესტიციების კეთება სარისკო თემაა და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას ცოდნა სჭირდება. ისევე როგორც 2008 წლის ამერიკაში უძრავი ქონების, ნებისმიერი აქტივის ღირებულება შეიძლება ხელოვნურად იყოს გაზრდილი, რაც საბოლოო ჯამში იმ ინდუსტრიის ჩამოშლას გამოიწვევს, როდესაც ბაზარი ღირებულებაში ამ შეუსაბამობას გაიაზრებს. ამ შემთხვევაში, ამ აქტივზე, ანუ უძრავ ქონებაზე, უამრავი ფინანსური ინსტრუმენტი იყო მიბმული, ამიტომ მათი ღირებულებაც შესაბამისად დაეცა და შედეგად გლობალური ფინანსური კრიზისი მივიღეთ.

თიბისი ბანკიც ეწევა საინვესტიციო საბანკო საქმიანობას?

დიახ, შვილობილი კომპანიის, თიბისი კაპიტალის დახმარებით.


ვინც საქართველოს ეკონომიკას ადევნებს თვალს, თიბისი კაპიტალის შესახებ მისი კვლევების მიმართულებით ეცოდინება. ვფარავთ როგორც მაკრო ეკონომიკას, ასევე კონრეტულ სექტორებს. გარდა ამისა, რეგულარულად ვაქვეყნებთ რეპორტებს, რომლებიც კონკრეტული მოვლენის ეფექტს აფასებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.


ვინც ფასიან ქაღალდებში აკეთებს ინვესტიციებს, მას თიბისი კაპიტალის საბროკერო მომსახურება ეცოდინება. ჩვენი ბროკერები კლიენტებს ეხმარებიან როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების შეძენაში.


ჩვენი საკონსულტაციო მომსახურება აქტიურად ავითარებს კაპიტალის ქართულ ბაზრებს და წლის განმავლობაში რამდენიმე ობლიგაციას ათავსებს როგორც საქართველოში, ასევე მონაწილეობს ევრობონდების განთავსებაში საქართველოდან. გარდა ამისა, საკონსულტაციო მომსახურებას ვუწევთ კორპორაციულ კლიენტებს, ინვესტორების მოძიების, აქტივების შეფასებისა და საკრედიტო რეიტინგის მოძიების კუთხით.

საინტერესოა. სად ვადევნო თვალი სიახლეებს თქვენ შესახებ?

შეგიძლია ჩვენს ვებ-გვერდს ესტუმრო: tbccapital.ge, ან მოგვძებნო Facebook-ზე.

და ბლოგი? როდის ველოდოთ სიახლეებს?

ბლოგის განყოფილება აუცილებლად იქნება აქტიური. ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ ახალ-ახალ თემებს და კიდევ უფრო საინტერესო საკითხებს შევეხებით.


დროებით!

ავტორი: მიხეილ ნინიკელაშვილი

თიბისი კაპიტალის უფროსი საინვესტიციო ბანკირი