კულტურა თაობა

საგნებით და სინათლით თამაში – ინტერაქციული მულტიმედია GAMMA

როგორ მოძრაობენ საგნები სივრცეში, როგორ აირეკლავენ ისინი სინათლეს? შეგვიძლია მათთან მიახლოებით და მათზე დაკვირვებით შევცვალოთ საგანი, მასზე არეკლილი ფერი და ხმა? 

სივრცითი, აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია GAMMA სწორედ ამგვარ გამოცდილებასთან ზიარების პრეცედენტია. წარმოიდგინე ციფრული არქიტექტურა და მისი სხვადასხვა ობიექტები. ამ ობიექტებთან მიახლოებით და დაშორებით საგნებზე არეკლილ პროექციებსა და ფერებს თავად ცვლი. გამოდის, შენც ინსტალაციის ნაწილე ხდები, შენი ქმედებით საგნებზე გავლენის ძალა გეძლევა.

ინტერაქციული მულტიმედია GAMMA სამმა სხვადასხვა მედიუმში მოღვაწე ხელოვანმა – ნიკოლოზ კაპანაძემ, მარიამ საშამ და დიმიტრი შუბითიძემ დავით კაკაბაძის სამეცნიერო კვლევების და მხატვრული ნამუშევრების ინსპირაციით შექმნეს. ავტორებმა კაკაბაძის არქივში შემონახული ჯერ კიდევ შეუსწავლელი მასალები, ხელოვანის მეცნიერული დაკვირვებები და მისი მხატვრული ნამუშევრები ციფრულად აამეტყველეს.

„დავით კაკაბაძის ნამუშევრების კვლევისას, კვანტურ ფიზიკაში მისმა დაკვირვებებმა მიიქცია ყურადღება. იმან, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს საგანი მასზე დაკვირვებისას, – ამბობს ნიკოლოზ კაპანაძე, – ხოლო ინსტალაციაში ობიექტების განლაგება მისმა აბსტრაქტულმა ნამუშევრებმა გვიკარნახა“. 

მართლაც, დავით კაკაბაძე სივრცის ახლებურად განცდის გზებს, საგნების დინამიკურად გამოსახვის, სიღრმის ილუზიის შექმნის ახლებურ მეთოდებზე მუშაობდა და დაკვირვებები ნამუშევრებში გადმოჰქონდა. კაკაბაძის აბსტრაქციები სწორედ ამ სამეცნიერო ექსპერიმენტების შედეგად შეიქმნა. 

ინსტალაციის განუყოფელი ნაწილია ხმა, რომელიც ისევე, როგორც ობიექტი და სინათლე, დამთვალიერებლის მოძრაობასთან ერთად იცვლება

„ის ატმოსფეროსაც კრავს და, ამავე დროს, ქმნის ილუზიას, თითქოს ობიექტები თავად გამოსცემს ბგერებს“- დიმიტრი შუბითიძე

დავით კაკაბაძე საქართველოში და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინო-აპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს კი ამ ექსპერიმენტებში წამყვანი ადგილი ეკავა.

ექსპერიმენტები, მეცნიერების დახმარებით ხელოვნების ახალი ფორმების ძიება – ეს დავით კაკაბაძის შემოქმედების მთავარი პრინციპია. მოდერნული ხელოვნება კაკაბაძისთვის სწორედ ხელოვნებისა და მეცნიერების ურთიერთობით, მათი შეთამაშებით იქმნება. 

მარიამ საშა

„სხვადასხვა დისციპლინის ასე დაკავშირება ყოველთვის ახლის აღმოჩენით მთავრდება. ციფრულ ფორმატში მუშაობა, თანაც სხვა მედიუმში მოღვაწე ხელოვანებთან ერთად, სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის“, – ამბობს მარიამ საშა.

„პროექტის საფუძველიც სწორედ კაკაბაძის ეს იდეა – ახალი ფორმების ძიება და განსხვავებული დისციპლინების ურთიერთობაა, – ამბობს პროექტის კონცეფციის ხელმძღვანელი, დათო კოროშინაძე, – ძიების პროცესს კი დღეს ტექნოლოგიასთან მივყავართ. მისი იდეები და შემოქმედება ინსტალაცია GAMMA-ს მხოლოდ საყრდენია, სხვა მხრივ, ის უნიკალურ ნამუშევრად უნდა აღვიქვათ“. 

დავით კაკაბაძე, ესკიზი

მულტიმედია პროექტ GAMMA-ს პრეზენტაცია, თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით, 23 მაისს თიბისი არტ გალერეაში შედგება. ის დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მასშტაბური პროექტის ნაწილია. პროექტი ხელოვანის გამოფენით უკვე გაიხსნა. ინსტალაციის გარდა, აქტივობები მთელი საიუბილეო წლის განმავლობაში იგეგმება. 

კაკაბაძის არქივის კვლევაზე დაყრდნობით, პროექტის მიზანი ისტორიის მეთოდოლოგიურად გაშუქებაა. ამავე კვლევების უშუალო გაგრძელება კი მემკვიდრეობის მულტიმედია ხელოვნებასთან დაკავშირება და ხელოვნებაში ახალი ფორმებისა და იდეების გაჩენაა.

ავტორი: ინდიგო

ფოტოები: ლუიზა ჩალათაშვილი