მუსიკა | ცა

ინდუსტრიული მუსიკა - ნაწილი პირველი

ავტორი: ქუჯი დავითულიანი

კულტურულად მრავალფეროვანი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი სავსე იყო პროტესტითა და თაობებს შორის განხეთქილებებით სავსე სუბკულტურული ფენომენებით. ამ მოვლენათა ჯაჭვში თავის უკომპრომისობით, მასშტაბურობით და სიახლის შექმნის სურვილით ყველაზე მეტად ალბათ მუსიკალური მიმდინარეობები გამოირჩეოდა.


მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასავლურმა ახალგაზრდობამ მასობრივად დაიწყო ეჭვის შეტანა თავიანთი მამებისა და ბაბუების თაობათა მიერ შეთავაზებულ სოციოკულტურულ მოცემულობებში. დაიწყო თაობათა გარდაქმნის შეუჩერებელი პროცესი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ახალგაზრდებმა დაიწყეს ისეთი სახელოვნებო ნაწარმოებების შექმნა, რომლებიც ხშირად მიუღებელი და გაუგებარი ხდებოდა ტრადიციებსა და რელიგიურ ცხოვრების წესს მიჩვეული კონსერვატიული საზოგადოებებისთვის. ძველი თაობებისთვის გაბატონებული დისციპლინა, წესები, შემზღუდველი და ტაბუირებული თემები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ახალგაზრდებისთვის კი მათი ეს დამოკიდებულება რეალობის აღქმის განზრახ დამახინჯებად, ინდივიდების იდენტობაზე ძალადობად და სიახლის ტოტალურ შიშად აღიქმებოდა. 


ახალი მოძრაობების მთავარი ამოსავალი წერტილი სწორედ ამ მოცემულობებისგან გათავისუფლება, საკუთარი მეს ჯაჭვებისგან გამოხსნა და ამ ენერგიით ახალი ცენზურისგან თავისუფალი ხელოვნების შექმნა იყო. ჰიპები, ფსიქოდელია, როკენროლი, პანკი ეს არასრული ჩამონათვალია იმ სუბკულტურების, რომლებმაც ამ დიდ გარდაქმნებში მონაწილეობა მიიღო. 

მათ შეცვალეს თაობათა დამოკიდებულება იმაზე, თუ რა უნდა ცმოდა ხალხს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ საზოგადოებაში, ვისთან და რამდენჯერ ქონოდათ სექსი, რამხელაზე ეყვირათ როცა ყვირილი სურდათ. დაიწყეს ბრძოლა ჭკუისმასწავლებელი ავტორიტეტების წინააღდმეგ, რომლებიც ხალხს მუდმივად მორჩილებისკენ მოუწოდებდნენ. წლების გასვლასთან ერთად ეს პროტესტი გახდა ძალიან კომპლექსური, გაჩნდნენ თაობები რომლებიც უკვე ამ პროტესტის ხანაში დაიბადნენ და მათი წინა თაობების თავისუფლება მათი თავისუფლების აღქმას აღარ აკმაყოფლიებდა. ეს ბუნებრივი პროცესი იყო, რადგან ყველაფერს პროგრესი და განვითარება ჭირდება. თუ 60-იან წლებში ჰიპები ითვლებოდნენ თავისუფლების სიმბოლოდ, 70-იან წლებში პანკებისთვის მათი თავისუფლება ბევრს აღარაფერს ნიშნავდა. ზოგიერთი ხელოვანი კი კიდევ უფრო კომპლექსურად ფიქრობდა თავისუფლების იდეაზე და ეს გათავისუფლების პროცესი, არამხოლოდ მენტალურ, არამედ სოციოეკონომიკურ, გენდერულ თუ სხვა ტიპის იდენტობის ჩაღრმავებადაც მიაჩნდა... 

სწორედ ამ პროცესის ნაწილი იყო ახალი სუბკულტურა „ინდუსტრიული მუსიკა“, რომელმაც ამ ყველაფერთან ერთად თავად მუსიკალური და სახელოვნებო ინდუსტრიის კრიტიკაც დაიწყო. ისინი თვლიდნენ რომ მათი წინამორბედი თაობების პროტესტი 70-იან წლებში ნელ-ნელა კაპიტალისტური სიტემის კარგად გასაყიდ პროდუქტად იქცა და დაკარგა გულწრფელობის და უკომპრომისობის სახე, მათი თავისუფლების სიმღერები სინამდვილეში თვითკმაყოფლებაში ჩავარდნილ საგნებად იქცა, თითქოს მათი პროტესტი უბრალოდ ფორმად შენარჩუნდა, შინაარსი კი გამოეცალა.


ფუტურისტული იდეებით ინსპირირებულნი ისინი გამოირჩეოდნენ რადიკალური ექსტრემიზმით და თვლიდნენ რომ ერთადერთი გზა რეალური გამოფხიზლებისთვის ხმაურიანი, ხანდახან ყველასთვის მიუღებელი შოკური თერაპიები იყო. ისინი თვლიდნენ, რომ საზოგადოებისთვის ინდივიდის თავისუფლების იდეის თუნდაც მცირედი შეზღუდვებით მიტანა არ იყო გამართლებული ნაბიჯი და მათ თავიანთი ცხოვრება და შემოქმედება სრულიად რადიკალურ უკონტროლო ქმედებათა ესთეტიზაციას და განხორციელებას მიუძღვნეს.

1976 წელს ლონდონში, მუსიკოსმა, პოეტმა და პერფორმანს არტისტმა ჯენეზის პი ორიჯიმ თავის ბენდ Throbbing Gristle თან ერთად დაარსა ლეიბლი Industrial Records. სწორედ ეს თარიღი ითვლება ინდუსტრიული მუსიკის გაჩენის დროდ. ეს იყო, ალბათ, ყველაზე უფრო ანდერგრაუნდ მოძრაობა მუსიკის ისტორიაში . ლეიბლის მთავარი დამახასიათებელი თვისება მისი არაკომერციულობა და ავტონომიურობა იყო. რა თქმა უნდა, ამ კულტურული მოძრაობის ფილოსოფია უბრალოდ ხმის ჩამწერი კომპანიის შექმნით არ გაჩენილა, პირიქით სწორედ ამ ლეიბლის დაარსება იყო წლების განმავლობაში დაგროვილი დაკვირვებების და წინააღმდეგობის ერთგვარი რეზულტატი. ამ ქომიუნითის წევრები ინსპირირებულნი იყვნენ ფუტურისტებით, დადაიზმით, მარქსით და რევოლუციური ანტი კაპიტალისტური იდეებით. მეორე მხრივ კი, აღტაცებულნი ჯგუფ Kraftwerk-ის სინთეზატორული მუსიკით და მათ მიერ საუნდში ტექნოლოგიური ფილოსოფიის ინვესტირებით. თავიანთ ჩანაწერებს და პერფორმანსებს უწოდებდნენ ინფორმაციულ ომს მოგებაზე გათვლილი ინდუსტრიის საპირისპიროდ. „სასიკვდილო საფრთხის შემცველი ქარხნის ხმაურები ვანილის სურნელის მქონე ABBA ს წინააღმდეგ.“ 

მუსიკოსები , რომლებიც ამ ქოლგის ქვეშ ერთიანდებოდნენ არ იყვნენ დაკავებულები მხოლოდ სახელოვნებო ნაწარმოებების შექმნით, ისინი იყვნენ თავიანთი შეხედულებების სპიკერები. მათი გამოსვლები მუდმივად სავსე იყო სოციო-პოლიტიკური შინაარსის ტექსტებით. ისინი არ ქმნიდნენ ხელოვნებას ხელოვნებისთვის, არამედ ხელოვნებას ხალხისთვის. როგორც მათი ცნობილი სლოგანი ამბობს „ინდუსტრიული მუსიკა, ინდუსტრიული ხალხისთვის“, მათთვის მუსიკა და პერფორმანსები მხოლოდ თავიანთი სათქმელის გამოხატვის ფორმას წარმოადგენდა. ტრადიციული გაგებით ისინი არ იყვნენ მუსიკოსები. ამას ისიც აძლიერებდა, რომ უმრავლესობას მუსიკალური განათლება საერთოდ არ ჰქონდა და არც ვირტუოზული დაკვრის ტექნიკები წარმოადგენდა მათთვის რაიმე ღირებულს, მთავარი იყო ექსპერიმენტი და მეინსტრიმისგან თავისუფალი ახალი მოძრაობის შექმნა . 

თავდაპირველად ფიქრობდნენ რომ ლეიბლისთვის Factory Records დაერქვათ, ენდი ვორჰოლის ნიუ იორკის სტუდია The Factory ის მსგავსად, თუმცა, როგორც თავად თქვეს ეს სიტყვა მხოლოდ ერთგვარ სივრცეს აღნიშნავდა და აკლდა მათთვის შესაფერისი სისავსე და თან „ვორჰოლიც არ იყო საკმარისად კარგი“.


ლეიბლი დაინტერესებული იყო ექსპერიმენტულ, ელექტრონულ, ნოიზ და ინსტრუმენტულ ანდერგრაუნდ პერფორმანსებზე ორიენტირებული ბენდებით. რომლებითაც სხვა კომპანიები მათი მსოფლმხედველობის თუ უხეში, ექსპერიმენტული ჟღერადობების გამო არ ინტერესდებოდნენ.


„დიდი ლეიბლები მუსიკალურ ალბომებს ისე აწარმოებდნენ, როგორც ავტომობილებს. მათ სურდათ ჩვენ დაგვეკრა ბლუზური მუსიკა, ჩვენ კი დაკავშირებულები ვიყავით თანამედროვე სოციალურ გარემოსთან და არა ბლუზზე ორიენტირებულ წარსულთან... ჩვენ დავცინოდით მათ და მათ გახრწნილ ეთიკას , რომელიც ებრძოდა ინდივიდებს და ინდივიდუალიზმს."


თავად სახელი Industrial records იმ დროინდელი მუსიკალური ბიზნესის დაცინვის გამო აირჩიეს , საერთოდაც ტერმინს „ინდუსტრია“ თავდაპირველად , ამ ქომიუნითიში სრულად ცინიკური კონტექსტი ჰქონდა. ისინი დასცინოდნენ დიდ ხმის ჩამწერ კომპანიებს და მათ პოლიტიკას და თითქოს Industrial Records ის სახით ახალი  კორპორაციის შექმნას აანონსებდნენ. თუმცა, მოგვიანებით ამ ტერმინმა სხვა მნიშვნელობებიც შეიძინა და ირონიას დამთრგუნველი მძიმე შრომის, ქარხნების ხმაურების და ინდუსტრიული სამყაროს სხვა ელემენტების ესთეტიკაც შეემატა.


“როდესაც დავასრულეთ ჩვენი პირველი ჩანაწერი, გამოვედით გარეთ და უეცრად გავიგეთ მატარებლის ხმა, მისი ხაზების ქვეშ განლაგებული ხარატის დაზგის ხმოვანება და დავინახეთ მათ ზემოთ გამავალი უამრავი ელექტრო ხაზი, უეცრად მივხვდით, რომ ჩვენ არაფერს ახალს არ ვიგონებდით ჩვენ ამ საუნდებით გარშემორტყმულნი ვცხოვრობდით და უბრალოდ მცირედ გარდავქმენით ის.“