მუსიკა | ცა

იავნანამ რა ჰქმნა?!

პირველი მელოდია, რომელსაც დაბადებისთანავე ვუსმენთ „იავნანაა“. როგორც დედა მიყვება, სიმღერას დაიწყებდა თუ არა, გული მიჩუყდებოდა და ტირილს ვიწყებდი. დედაჩემი ამ ამბავს ხშირად იხსენებს და იცინის ხოლმე, პირველი, რაც შენზე გავიგე, ის იყო, რომ ძალიან მგრძნობიარე იყავი და ვდარდობდი, ასეთი თუ დარჩა, რა გვეშველებაო. 


ჩემთვის იავნანა დედა-შვილური სიყვარულის ოდაა, სიყვარულის, რომელიც, როგორც ურთიერთობა, დიდად განაპირობებს, როგორ ადამიანად ჩამოვყლაბიდებით.

ახლაც, 27 წლის შემდეგ, ამ ტექსტის წერისას „იავნანა“ ჩავრთე თუ არა, თვალწინ დამიდგა კადრი, რომელიც შეუძლებელია მახსოვდეს და რომელსაც ძალიან ცხადად ვხედავ: 23 წლის დედაჩემი ხელში მაძინებს და ტკბილს ძილს მისურვებს. 

„იავნანა“ ისტორიულად უძველესი წარმართული რიტუალის საგალობელი იყო და „ნანინას“ ციკლის სხვა სიმღერების მსგავსად მზის და ნაყოფიერების ქალღმერთის, ნანას სახელს უკავშირდება.

თუმცა, სიმღერამ დროთა განმავლობაში პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა, აკვნის სიმღერად და ოჯახების ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. 


„იავნანა“ შეიძლება იმღერო: სმენით, უსმენოდ, სწორად, არასწორად, ყურმოკრული ან ნამეცადინები ტექსტით, ზოგჯერ გამოგონილითაც, რადგან შინაარსი პირდაპირ ებმის იმ წამს გაჩენილ ემოციას, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი მხოლოდ ის ჯადოსნური კავშირია, რომელიც „იავნანას“ მღერისას დედა-შვილს შორის ჩნდება. 

ქართული „იავნანას“ ტექსტი ყოველთვის პოეტურია, სხვადასხვა დროს ლექსი მისთვის აკაკი წერეთელს, ილია ჭავჭავაძეს და ბევრ სხვა პოეტს აქვს დაწერილი; საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ვხვდებით ტექსტის განსხვავებულ ვერსიებს, მელოდიაც მრავალფეროვანია, თუმცა „იავნანა“ ზუსტად იმდენნაირია, რამდენი დედაც არსებობს.


ქართული სიმღერებიდან, ალბათ, ყველაზე ცნობილი ჯანსუღ კახიძის მუსიკაზე შექმნილი და თამრიკო ჭოხონელიძის მიერ შესრულებული „იავნანაა“, რომელიც მაყურებლებს ნანა ჯანელიძის 1994 წელს გამოსული ფილმიდან „იავნანა“ ახსოვს:

მსოფლიოში ძალიან ბევრი „იავნანა“ არსებობს და მათზე ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ სიმღერას თავისი უნიკალური რიტმი აქვს და ხელში ბავშვის რწევის პარალელურად, მშვიდი და თანმიმდევრულია; მელოდია, როგორც წესი მარტივია, ტექსტი ხშირად მეორდება; სექციებს შორის დიდი პაუზებია; თითქმის არ სრულდება ინსტრუმენტალური აკომპანიმენტის თანხლებით, რაც ბავშვისთვის ინფორმაციას ადვილად დასამუშავებელს ხდის, თუმცა, ჩემი აზრით სამყაროს ყველა „იავნანას“ ერთი რამ აერთიანებს, მაგრამ ამაზე ოდნავ ქვემოთ. 

„იავნანაზე“ ფიქრისას კიდევ ერთი გამორჩეული მელოდია, რომელიც შეიძლება გაგახსენდეს, გერმანული "Schlafe, mein Prinzchen, schlaf' ein"-ია. აქ დედა პატარა პრინცს აძინებს.  ეს კომპოზიცია XVIII საუკუნეში შეიქმნა, მისი ლექსი ფრიდრიხ ვილჰელმ გოტერს ეკუთვნის, მუსიკა კი არც მეტი არც ნაკლები, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს. მართალია, ბევრი გერმანული „იავნანა“ არსებობს, თუმცა ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავია:

უამრავ „იავნანას“ შორის რომელიც მომისმენია, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი იაპონური ტრადიციული აკვნის სიმღერაა, რომელიც ტოკიოში გაჩნდა და Edo-ს სახელწოდებითაა ცნობილი (ეს ტოკიოს ძველი სახელწოდებაა), ის მთელ იაპონიაშია გავრცელებული და სხვა ამ ტიპის სიმღერებს საფუძვლად ითვლება, ამ კომპოზიციას ნამდვილი აქვს თერაპიული ძალა, შვება მოგგვაროს, ამაში მისი ჩართვისთანავე თქვენ თვითონ დარწმუნდებით:

სხვადასხვა კონტინენტზე, ქვეყანაში, ქალაქსა და სოფელში აკვნის უამრავი „იავნანა“ არსებობს, აფრიკული „იავნანას“ უამრავი ვერსია, ახალ ზელანდიური, ბრიტანული თუ დანიური სიმღერები, რომლებსაც სამყაროს სხვადასხვა წერტილში ასრულებენ, თუმცა ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს - დედა ახლადდაბადებული შვილისთვის სიმღერით სიმშვიდის და დიდი სიყვარულის გადაცემას ცდილობს და ამით სამუდამოდ რჩება მის მეხსიერებაში. 

ავტორი: მაშო სამადაშვილი

ფოტო: ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკისა და კულტურის ცენტრი