სიახლეები ედუფინი

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის სწორად განკარგვა?

მზრუნველი მშობლები ვცდილობთ, ჩვენი შვილების მომავალზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ - ბევრი რამ ვასწავლოთ, ბავშვის საჭიროებები გავითვალისწინოთ, მივცეთ ცოდნა და განათლება, განვუვითაროთ ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარები და ა.შ. ერთადერთი, რაც ამ პროცესში ნაკლებად გვახსენდება ხოლმე, არის ფულთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების სწავლება. დიახ, ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ფულის დათვლა, დაზოგვა, რაციონალური ხარჯვა, ვესაუბროთ პრიორიტეტებზე, მიზნების დასახვაზე და, ფულის შეგროვების შედეგად, ამ მიზნების განხორციელებაზე. ეს ჩვენ იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ ვერც სკოლამდელ დაწესებულებაში და ვერც სკოლაში, ბავშვი ამას ვერ ისწავლის. უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვობიდან სწორად ჩამოყალიბებული ურთიერთობა ფულთან, ამცირებს ალბათობას, რომ ადამიანს ზრდასრულ ასაკში ფინანსური სირთულეები შეექმნება.

მაისი 08, 2019

Source: Unsplash

1ბავშვებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფული მხოლოდ მშობლის საფულეში არსებობს. მშობელი თვითონ იხდის ფულს ბავშვის ამა თუ იმ საჭიროებაში და ხურდაც მშობლის საფულეში ბრუნდება. ბავშვი ამ პროცესის მხოლოდ ნახევარში მონაწილეობს - იმ ნახევარში რომელიც გულისხმობს, - „ეს მინდა“ ან „ეს მიყიდე“ და „ აი ეს შენ“ ან „ეს გიყიდე“. მთავარი მომენტი კი, რომელიც ფულთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ხშირად ამოვარდნილი რჩება პროცესიდან. ის მომენტი, როდესაც უნდა დაითვალო, რა ღირს ნივთი, რა თანხა გჭირდება, პრიორიტეტულია თუ არა ესა თუ ის შენაძენი, შეაგროვებ თუ არა დანაზოგს და ა.შ. 

როდიდან უნდა დავიწყოთ?


სასკოლო ასაკში უკვე დგება მომენტი, როდესაც ბავშვი ითხოვს, ჰქონდეს თავისი ჯიბის ფული. ამ დროს ის იწყებს საკუთარი ფულის განკარგვას, მაგრამ როგორც წესი, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მას ფულის მართვის საჭირო უნარები არ აქვს - არ უკვირდება რაში რამდენს ხარჯავს, შეუძლია მთელი ფული ერთ დღეში დახარჯოს და ა.შ.  


ცდისა და შეცდომის შედეგად, ბავშვები ნელ-ნელა სწავლობენ ფულის სწორად განაწილება-ხარჯვას, თუმცა ეს ყველას არ ეხება. ბავშვობაში არასწორად ჩამოყალიბებული ჩვევების გამო, ისინი შესაძლოა ზრდასრულ ასაკში სერიოზული ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდენ. ეს რომ ასე არ მოხდეს, მშობლებმა რამდენიმე რჩევა უნდა გავითვალისწინოთ. 2

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, 3-5 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ გაიგონ ფულის შეგროვების და ხარჯვის პრინციპი, თუმცა ამ პერიოდში მათ ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული ფულთან ურთიერთობის უნარი. მხოლოდ 7 წლის ასაკისთვის ყალიბდება ფულთან ურთიერთობის ჩვევები.3 ამიტომ სასურველია, რომ ბავშვებს 7 წლამდე ეტაპობრივად ვასწავლოთ ფულთან სწორი ურთიერთობა.



Source: Unsplash

სანამ ჯიბის ფულს მივცემთ...


სანამ გადავწყვეტთ, რომ ბავშვს მივცეთ ჯიბის ფული, აჯობებს ვასწავლოთ უმთავრესი წესი - მაღაზიაში შესვლა ყოველთვის ფულის ხარჯვასთან არ არის კავშირში.


  • გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პირველადი საჭიროებისა და სურვილის დასაკმაყოფილებელი საკითხები;
  • ავუხნათ ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე, რომ ყოველთვის მაღაზიაში შესვლა არ ნიშნავს მისი სურვილის ასრულებას;
  • შევაჩვიოთ, რომ არსებობს პირველადი საჭიროების საყიდლები, (მაგ. პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და ა.შ) რის გამოც დავდივართ მაღაზიაში და რის საყიდლადაც კონკრეტული თანხა გვაქვს გამოყოფილი. ასე ბავშვი სწავლობს პრიორიტეტების მინიჭებას და იმასაც ხვდება, რომ მაღაზიაში მშობლის ფინანსების ხარჯვაზე ორიენტირებული არ უნდა იყოს;
  • განვუმარტოთ, რომ სათამაშოს ან სხვა ნებისმიერ ნივთს ვუყიდით, მაგრამ კონკრეტულ დროს და ეს დრო უნდა დავასახელოთ. არ შეგვეშინდეს ვუთხრათ, რომ შეიძლება დღეს არ გვაქვს საკმარისი თანხა მისი სურვილის დასაკმაყოფილებლად. მთავარია ბავშვს გასაგებად ავუხსნათ ეს ყველაფერი;
  • ჩავრთოთ პროდუქტების არჩევის პროცესში;
  • 5 წლის ასაკისთვის შეგვიძლია უკვე მაღაზიაში მივაწოდოთ ფული, მაგ. 5 ლარი და მივცეთ სახალისო ამოცანა, ამ თანხაში აარჩიოს რამდენიმე საჭირო ნივთი;
  • მივცეთ საშუალება სალაროსთან გადაიხადოს ფული;
  • დავეხმაროთ დათვლაში და ავუხსნათ ხურდის დაბრუნების პრინციპი.


Source: Unsplash

როდესაც ჯიბის ფულს მივცემთ...


5-6 წლის ასაკისთვის უკვე შეგვიძლია, ბავშვს მივცეთ ჯიბის ფული, მაგრამ ჯობს დავიცვათ გარკვეული წესები:

  • დავაწესოთ კონკრეტული თანხა (მაგ, 5 ლარი) და არ შევცვალოთ ამ თანხის ოდენობა;
  • არ დავუკავშიროთ ჯიბის ფულის გაცემა ბავშვის ქცევას [არასწორია: კარგად მოიქეცი, მოგცემ - ცუდად მოიქეცი, არ მოგცემ];
  • დავაწესოთ სისტემატიურობა - გადავწყვიტოთ, რა პერიოდულობით ვაძლევთ ბავშვს ჯიბის ფულს: კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ და ა.შ. დავიცვათ ეს სისტემატიურობა მაშინაც კი, თუ ბავშვმა ფული დროზე ადრე მთლიანად დახარჯა. ასეთ შემთხვავში არ დავუმატოთ თანხა, სხვანაირად ბავშვი ვერ ისწავლის მოთმინებას, ვერ ადაპტირდება სისტემურ სქემასთან და შესაბამისად, ვერ ისწავლის ბიუჯეტის სწორად განკარგვას.
  • ვურჩიოთ, შეგვახსენოს, თუკი თანხის მიცემა დაგვავიწყდა;
  • დავაწესოთ კონკრეტული ვადები და ავუხსნათ, რომ, მაგალითად, 6 თვის განმავლობაში ვაძლევთ 5 ლარს, ხოლო 6 თვის თავზე კიდევ განვიხილავთ და შესაძლებელია, რომ თანხის ოდენობა გავზარდოთ;
  • არ დავარღვიოთ დაწესებული ვადები.

ჯიბის ფულის მართვა


ნებისმიერი თანხა, რომელსაც ბავშვს მივცემთ, შესაძლებელია გავყოთ სამ ნაწილად: სახარჯი თანხა, დანაზოგი და საქველმოქმედოდ გამოყოფილი თანხა.


მაგ. თუ თქვენ ბავშვს ყოველ კვირა აძლევთ 5 ლარს, აუხსენით რომ ეს თანხა გადაანაწილოს სამი მიმართულებით.


სახარჯი თანხა - მნიშვნელოვანია, ბავშვმა თავად განსაზღვროს, რა თანხას იტოვებს სახარჯად. საჭიროების შემთხვევაში დაეხმარეთ სწორად გამოითვალოს რამდენად ეყოფა ეს თანხა, რის ყიდვას აპირებს და ა.შ. იყავით მხარდამჭერი და მიეცით საშუალება, თავად აკონტროლოს თავისი ფინანსები.


Source: Unsplash

დანაზოგი - დეტალურად აუხსენით, რა მიზანი აქვს დანაზოგის გაკეთებას. აუხსენით, რომ თუ კი მას აქვს გარკვეული სურვილი, მაგ. რომელიმე კონკრეტული სათამაშოს შეძენა, ამ დანაზოგით შეუძლია ამ სურვილის განხორციელება. დაეხმარეთ, გამოთვალოს, რა დრო და რა თანხა დაჭირდება მიზნის მისაღწევად.


  • გაითვალისწინეთ, რომ თანხის დაზოგვის პროცესი არ უნდა იყოს სტრესული და უსიამოვნო ბავშვისთვის;
  • დანაზოგის გამო ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აკლდება ყოველდღიურად;
  • აუხსენით ბავშვს, რომ დანაზოგი შეიძლება იყოს ხანგრძლივი და აგრეთვე შედარებით ხანმოკლე მიზნებისთვის. (მაგ. შეაგროვოს ფული საზაფხულო არდადეგებისთვის ან რომელიმე კონკრეტული წიგნის საყიდლად)
  • დაეხმარეთ ბავშვს, გამოარჩიოს მნიშვნელოვანი სურვილი, რომლისთვისაც სურს ფულის შეგროვება;
  • დაეხმარეთ ბავშვს, კარგად გამოთვალოს, რა დრო სჭირდება ფულის შეგროვებას.
  • იმისთვის, რომ ბავშვმა ისიამოვნოს დაზოგილი თანხის შედეგად გაკეთებული შენაძენით, სასურველია თავდაპირველად მცირეოდენი თანხა შეაგროვოს;
  • ნელ -ნელა გააფართოვეთ მიზნები და დანაზოგის შეგროვების დროც.



და რაც მთავარია! დააწესეთ მინიმალური ლიმიტი დანაზოგში „შესატანი“ თანხის. მართალია ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რაც მეტს დაზოგავს, უფრო სწრაფად შეაგროვებს მიზნისთვის სასურველ თანხას, მაგრამ ეს პროცესი არ უნდა იყოს მისთვის სტრესული და უსიამოვნო.


ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, აარჩიოს მეტი დაზოგოს, თუ მინიმალური ლიმიტი გადაიტანოს დანაზოგში.


ბავშვობიდან დანაზოგის ფენომენი ბავშვს:

  • აჩვევს პრიორიტეტების განსაზღვრას;
  • აცნობს გრძელვადიანი და მოკლე ვადიანი მიზნების ფენომენს;

Source: Unsplash

ქველმოქმედება - ძალიან კარგია, თუ ბავშვობიდან განვუვითარებთ ჩვენს შვილებს სხვაზე ზრუნვის ჩვევას. თუკი ჩვენ თავად ვეწევით ქველმოქმედებას, ეს კარგი მაგალითია ჩვენი შვილებისათვის, თუმცა ზრუნვის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას პრაქტიკა სჭირდება. როგორ გავაკეთოთ ეს?


  • დავეხმაროთ, ბავშვს გადაწყვიტოს, რა თანხას გაიღებს ქველმოქმედებისთვის;
  • დავეხმაროთ, გადაწყვიტოს, ვის დაეხმარება და რაში (მაგ. მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის გაიღებს თანხას თუ რომელიმე კონკრეტულ ბავშვს უყიდის რაიმე ნივთს და ა.შ.);
  • დავეხმაროთ ბავშვს, შეასრულოს ეს პირობა სისტემატიურად;
  • გავითვალისწინოთ, რომ საქველმოქმედოდ გადასადები თანხა არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ბავშვი დანაზოგისთვის ან ყოველდღიური ხარჯვისთვის იტოვებს. ეს პროცესი მას სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს.  

Source: Unsplash

ფულადი მოტივაცია


მშობლებს შეგვიძლია, ბავშვის წასახალისებლად ფულადი მოტივაციაც გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციებში. თუ ბავშვი გარკვეული შრომის სანაცვლოდ მიიღებს ანაზღაურებას, ეს სულაც არ არის ცუდი. მთავარია გავითვალისწინოთ:

  1. თანხა უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოსთვის და ეს თანხა პირობის მიხედვით სისტემატიურად უნდა აუნაზღაურდეს:
  2. დავაწესოთ კონკრეტული ვადები - როდის, რამდენი ხნის განმავლობაში ვთანხმდებით აღნიშნულ წესებზე;
  3. არ ავურიოთ ერთმანეთში ჯიბის ფული და კონკრეტულ შრომაში გადახდილი ფულადი ჯილდო. მაგ. თუ თქვენ ყოველ კვირა ბავშვს აძლევთ ჯიბის ფულს, არ მოაკლოთ ეს ფული, მატერიალური ჯილდო ჯიბის ფულის ჩამანაცვლებელი არ უნდა გახდეს;
  4. თუ კი ბავშვი იმ ამოცანას, რისთვისაც თქვენ მას ფულს უხდით სრულფასოვნად არ/ვერ ასრულბს,  გამოარკვიეთ მიზეზი, სიზარმაცეა მიზეზი, თუ ბავშვს რაიმე კონკრეტული სირთულე შეხვდა. დაეხმარეთ სირთულეების გადალახვაში, მაგრამ ნუ მისცეთ თანხას მანამ, სანამ ამოცანას არ დაასრულებს;
  5. იყავით ზუსტი ანაზღაურების პროცესში - არ დააკლოთ თანხა, არ გადააცილოთ ვადებს;
  6. თუ კი ბონუსის სახით გსურთ ბავშვის დაჯილდოება, დაუკონკრეტეთ და აუხსენით რაში აძლევთ ბონუსს, განუმარტეთ ბონუსის რაობა. 


გახსოვდეთ: არ გადაუხადოთ ბავშვს ფული იმ ვალდებულებებში რაც მას ისედაც აკისრია, როგორიცაა მაგალითად საკუთარ ოთახსა და ნივთებზე ზრუნვა, მეცადინეობა, სკოლაში სიარული, წიგნის კითხვა, უმცროს და-ძმაზე ზრუნვა.

Source: Unsplash

სესხები


კრედიტი/სესხი ის საკითხია, რომელიც თითქმის ყველა ზრდასრულს გვაქვს შეხება. რამდენად პასუხისმგებლობით ვეკიდებით ფულის სესხებას, რამდენად კარგად ვაცნობიერებთ, გვაქვს თუ არა იმის შესაძლებლობა რომ კონკრეტული თანხა ვისესხოთ და შემდეგ დროულად დავაბრუნოთ, დიდწილად ფინანსებთან მიმართებაში ჩვენს სწორ ან არასწორ უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული. ამიტომ სასურველია, ეს საკითხიც გავითვალისწინოთ და ბავშვობიდან ვასწავლოთ შვილებს თანხის სესხება-გასესხების შეფასება. ამ პროცესშიც გარკვეული წესები უნდა დავიცვათ: 


  • სთხოვეთ ბავშვს გასესხოთ კონკრეტული თანხა კონკრეტული დროით და აუცლებლად დაუბრუნეთ დროულად;
  • დაეხმარეთ, კარგად დათვალოს რა ოდენობის თანხის გასესხების შემთხვევაში არ შეექმნება სირთულე (მაგ, არ მოაკლდება მნიშვნელოვანი თანხა დანაზოგის ან ქველმოქმედების ნაწილს);
  • აუცილებლად განუმარტეთ, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ არ მოაკლოს თანხა დანაზოგის ან ქველმოქმედების ნაწილს და გასასესხებელი თანხა გათვალოს ყოველდღიური ხარჯების ბიუჯეტიდან;
  • დაუთქვით კონკრეტული დრო და უთხარით რომ თქვენს პირობას აუცილებლად შეასრულებთ. აუხსენით, რამდენად მნიშვნელოვანია თანხის დაბრუნება და თანაც დროულად;
  • მისთვის გასაგებ ენაზე მოუყვანეთ მაგალითები, როდესაც თანხის დაბრუნება არ ხდება. დეტალურად აუხსენით ის სირთულეები, რაც ასეთ დროს თან ახლავს სიტუაციას;
  • ნუ იქნებით ბავშვისთვის თანხის სესხების ინიციატორი; იმ შემთხვევაში თუ ბავშვი თავად მოგმართავთ და გთხოვთ, რომ გარკვეული დროით ასესხოთ ფული, განუმარტეთ რომ ამას ვერ ექნება სისტემატიური ხასიათი; ესაუბრეთ ამ პრაქტიკის უარყოფით მხარეებზე;
  • არ ასესხოთ იმაზე მეტი ვიდრე მისი ჯიბის ფულია. აუხსენით რომ ჯიბის ფულის ოდენობაზე მეტი თანხის სესხების შედეგად, ის ვერ მოახერხებს თანხის უკან დაბრუნებას დროულად;
  • აუცილებლად აუხსენით ბავშვს, რამდენად მნიშვნელოვანია დროულად დააბრუნოს თანხა;
  • აუცილებლად დაიბრუნეთ ბავშვისთვის სესხად გაცემული თანხა;
  • თუ მაინც გსურთ, რომ დამატებითი თანხა აჩუქოთ, ამისთვის უმჯობესია სხვა დრო და მიზეზი შეარჩიოთ. 


ავტორი: ელენე ჯაფარიძე, ფსიქოლოგი

გამოყენებული ლიტერატურა:


  1. Kobliner, B. (2009), Get a Financial Life: Personal Finance in Your Twenties and Thirties, Simon & Schuster; 3rd edition.
  2. Kobliner, B. (2009), Get a Financial Life: Personal Finance in Your Twenties and Thirties, Simon & Schuster; 3rd edition.
  3. Whitebread, D., Bingham, S. (2013) Habit Formation and Learning in Young Children, University of Cambridge, Available at: https://mascdn.azureedge.net/cms/the-money-advice-service-habit-formation-and-learning-in-young-children-may2013.pdf