მუსიკა | ცა

სადაც ჰიპ-ჰოპი და ჯაზი ერთმანეთს ხვდება | ნაწილი 5

თუ თქვენ ჰიპ-ჰოპის მსმენელთა რიგებში ხართ, ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც მოგისმენიათ ერთი ინსტრუმენტალური ალბომი. შესაბამისად, საინტერესოა ევოლუციის რა ეტაპები გამოიარა ჰიპ-ჰოპის მუსიკალურმა ნაწილმა.


ინსტრუმენტალების კულტურა, რა თქმა უნდა, ისევ ნიუ იორკში, 80-იანი წლების დასაწყისისთვის იწყება. მას შემდეგ რაც ჰიპ-ჰოპ კულტურამ ბრონქსი მუსიკალურად მთლიანად დაიკავა, ამჟამად ჰიპ-ჰოპის დედად წოდებულმა სილვია რობინსონმა პირველმა გადაწყვიტა რომ უბნებში მოსმენილი ჟღერადობა უკვე სტუდიაში გადმოეტანა. სწორედ მან დააფუძნა ლეიბლი „Sugarhill Gang“, თავი მოუყარა უცნობ მუსიკოსებს, მუსიკალურ საფუძვლად კი Chic-ის ჰიტი, „Good Times“ დაუდო - სწორედ ასე დაიწყო ეპოქა.

ფანკი და დისკო მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ამ პერიოდის ჰიპ-ჰოპის სახის ფორმირებაში, განსაკუთრებით კი ჯეიმს ბრაუნის მუსიკა. დისკო რომელიც სათავეს ისევ Funk, ლათინურ და Soul მუსიკიდან იღებდა ე.წ. დრამ ბრეიქებით ჰიპ-ჰოპში აგრძელებდა სიცოცხლეს. შესაბამისად, ეს ორი ჟანრი რასის ცხნობიერებას და იდენტობას განსაზღვრავდა - რიტმი უკვე ჰიპ-ჰოპის ბაზისური ორგანიზაციული სტრუქტურა იყო.

პერიოდი, რომელსაც დღეს Old School Hip-Hop-ად მოიხსენიებენ და 1977-1986 წლებს მოიცავს ორი ძირითადი მიმართლებით ვითარდებოდა:

1)   ეს არის ჰიპ-ჰოპისა და დისკო ჟღერადობის დაახლოვება, სადაც ჩვენ გვაქვს Willie Wood-ის Willie Rap, 1979 წელს გამოშვებული ჰიპ-ჰოპ / დისკო კლასიკა.

2) მეორე შემთხვევაში, ძირითადად სინთეტურ ბგერებს ვაწყდებით, რამაც თავისთავად სათავე დაუდო Electro-დ წოდებულ მუსიკალურ სტილს, რაც შემდგომში გახდა დეტროიტ ტექნოს მუსიკალური საძირკველი - ამ მიმართულების ნათელი მაგალითებია Grandmixer D.ST.-ის „The Home Of Hip Hop“ და Juan Atkins-ის კლასიკა - Cybetron-ის სახელით გამოშვებული კომპოზიცია „Clear“ - ჰიპ-ჰოპის, ტექნოსა და ელექტროს მისადგომებთან.

1980-ში Roland-ის TR 808-ის დრამ მანქანამ პირველად იხილა დღის სინათლე და შესაძლებელი გახდა მისი პროგრამირება განახლებული ჰიპ-ჰოპ ჟღერადობის მისაღებად. სწორედ ეს ტექნოლოგია იქნა გამოყენებული Afrika Bambaataa-ს ცნობილი კომპოზიციის, Planet Rock-ის შესაქმნელად.


ამ პერიოდის ჰიპ-ჰოპ ინსტრუმენტალები დაუხვეწავი და ხშირად მონოტონური იყო. თუმცა, ისინი თავის პრაქტიკულ ფუნქციას კარგად ასრულებდნენ - შესაბამისი რიტმული სექციით ეს მშვენიერი აკომპანიმენტი იყო ბრეიქის მოცეკვავეებისთვის.


წლებთან ერთად ტექნოლოგია ვითარდებოდა, ამან, რა თქმა უნდა, ჰიპ-ჰოპის ჟღერადობაზეც მოახდინა გავლენა. 

1987 წელი კიდევ ერთ თარიღად მოინიშნა - გამოვიდა ნიუ-იორკული დუეტის Eric B & Rakim-ის „Paid in Full” ალბომი, რომელმაც შეცვალა ჰიპ-ჰოპ მუსიკა, როგორც ლირიკული და MC-ის პერსპექტივით, ასევე კომპლექსური ბითების მეშვეობით - ალბომში შემავალი 10 კომპოზიციიდან, 3 მხოლოდ ინსტრუმენტალურია.

90-იანი წლების დასაწყისიდან შემოდის ბითჩანაწერების (Beattapes) კულტურა - დაუმუშავებელი ინსტრუმენტალური ჩანაწერებისა, რომლებსაც ხშირად პროდიუსერები გადასცემდნენ MC-ებს Flow-ს შესამოწმებლად. პროდიუსერების ინსტრუმენტი სემპლერი იყო და ბითების კეთება საკუთარი უნიკალური მუსიკალური ხმის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პრაქტიკა გახდა.

ნელ-ნელა პროდიუსერებმა დაიწყეს ექსპერიმენტები, რის შემდეგაც მათ ნამუშევრებს განყენებული სახე მიეცათ. ამ პერიოდში პირველი მაგალითები გვხვდება მთლიანი ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპ ალბომების თუ EP-ების, რომლებსაც DJ Tool-ებს უწოდებდნენ და ხშირად გამოიყენებოდა მიქსინგის ასპექტში. ეს იყო პროდიუსერების სავიზიტო ბარათი, გარკვეული მონახაზი, რომელიც შესაძლოა დასრულებული მუსიკალურ პროდუქტში გადაზრდილიყო.

ამის პირველადი გამოხატულება ჯერ კიდევ 1988 წელს, ლეგენდარული ბრონქსელი DJ-ისა და პროდიუსერის 45 King-ის სადებიუტო ალბომი, „Master of The Game“ იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდისთვის კულტურის წინ ისევ რითმული სტრუქტურა და შესაბამისად MC-ები იდგნენ, როგორც კი 90-იანი წლები მიწურულს მიუახლოვდა, პროდიუსერი არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდა მსმენელისთვისაც და საკითხის მკვლევარებისთვისაც.

90-იანი წლების ბოლოს, ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა იზრდება და იცვლება ამ ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობებიც. ჰიპ-ჰოპის სივრცეში ყალიბდება სხვადასხვა მუსიკალური სტილები, რომლებსაც კონკრეტული მუსიკოსები უმაგრებდნენ ზურგს.


The Neptunes - ფარელ უილიამსის და ჰუგო ჩადის დუეტ იყო, რომელმაც  2000-იანი წლებიდან მოყოლებული ძირითადად განსაზღვრა მეინსტრიმული ჰიპ-ჰოპ/არენბი/პოპ მუსიკის ჟღერადობა. დუეტი ხშირად იყენებდა ციფრული ფანკის ხმას და აზიურ მოტივებს საკუთარ მუსიკაში. ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც სემპლინგის მეთოდი სინთეზატორზე დაფუძნებული ხმებით ჩაანაცვლეს და დრამის გარდა სხვა პერკუსიულ ინსტრუმენტებსაც იყენებდნენ.

უნდა ვახსენოთ Neptunes-თან ახლოს მდგომი Timbaland, რომლის უნიკალური მიდგომა ინსტრუმენტალური ნაწილისადმი დღეისთვის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებას აფორმებს.

2000-იანი წლების პირველ ნახევარში, ელექტრონულ მუსიკასთან ჰიპ-ჰოპი პირველადი ექსპერიმენტირების ფარგლებში მცირე პოპულარობა ჰპოვეს ისეთმა მუსიკოსებმა, როგორიცაა Prefuse 73 და Dabrye. მათი მუსიკა უკვე აღარ იყო მოსაწყენი, ერთფეროვანი ორთოდოქსული ჰიპ-ჰოპ ბითი - დღევანდელი პერსპექტივიდან სწორედ ამ არტისტების მუსიკისადმი მიდგომა შეგვიძლია განვიხილოთ მომავალში აღმოცენებული ბით მუსიკის პირველ მაგალითებად.

ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპის პრაქტიკა პროდიუსერების პოზიციონირებას ახდენდა მუსიკალურ ბაზარზე, ისინი გაუჩერებლად ქმნიდნენ ახალ ბიტებს. როდესაც შესაბამის დონეს მიაღწევდი და გექნებოდა თავდაჯერება, პირველ ჩანაწერებს შესაბამის ადამიანებს გადასცემდი შესაფასებლად. სწორედ ეს გზა გაიარა ახალგაზრდა პროდიუსერმა Jay Dee aka J Dilla-მ, რომელიც შორეულ 90-იანებში Q-Tip-მა სწორედ მისი ბითჩანაწერიც გაიცნო.

ბითჩანაწერების თანამედროვე ვარიანტი ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპის ცალკე განვითარების ხაზს მოჰყვა. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ეს იდეა უფრო და უფრო მისაღები გახდა. ამ პერიოდისთვის ბრიტანული ლეიბლი BBE იწყებს ალბომების სერიის გამოშვებას, სახელად “Beat Generation” - ამ სერიამ 10 წელზე მეტი იარსება და ისეთი სახელები მოიცვა ჰიპ-ჰოპ მუსიკაში როგორიცაა Marley Marl, Pete Rock, Jazzy Jeff, DJ Spinna, King Britt, Will I Am, Jay Dee დაMadlib.

90-იანი წლების მიწურულს ტექნოლოგიამ განსაზღვრა როგორ იცვლებოდა, ისმინებოდა და გაიაზრებოდა ადამიანებს შორის ბითჩანაწერები. ტექნოლოგიასთან ერთად კი ამ ყველაფრის ლოკომოტივი ორი პროდიუსერი J Dilla და Madlib იყვნენ, სწორედ მათ მისცეს ინსტრუმენტალურ ჰიპ-ჰოპს ხელოვნების სახე, რაც საბოლოოდ მათსავე ერთობლივ ალბომში „Champion Sound“ დაგვირგვინდა.

ამავე პერიოდში აქტუალური ხდება ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპი იაპონური მიმართულება, ეპოქალური ანიმე სერიების Samurai Champloo-ის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ უამრავმა იაპონელმა პროდიუსერმა გადაწყვიტა Nujabes-ის სტილის კოპირება, ზოგს ეს კარგად გამოუვიდა, ზოგიც კი უბრალო აჩრდილის ქვეშ მოექცა.

შემდგომი ეტაპი ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპის განვითარების გზაზე 2006 წლისთვის დადგა, სწორედ ამ დროს გამოვიდა სტილის კლასიკად აღიარებული J Dilla-ს “Donuts”, ამავე პერიოდში პიკს აღწევს Myspace-ის, როგორც მუსიკალური სოციალურ ქსელის პოპულარობაც.


ვიდეო თამაშებსა და წინა თაობის ბითჩანაწერებზე გაზრდილმა ახალგაზრდა პროდუსერებმა, რომელთათვის ტექნოლოგია ადვილად მისაწვდომი იყო (ერთი მხრივ, ხშირად გამოყენებადი პროგრამები FL Studio, Ableton, მეორე მხრივ კი მიდი კოტროლერების იაფი არჩევანი) ხელს უწყობდა რომ მუსიკალურ ბაზარზე, ინტერნეტ კომუნიკაციის ეპოქაში, ბით რევოლუციის პერიოდი დამდგარიყო.

ამ დროს CD დისკებზე ჩაწერილი ინსტრუმენტალები Zip ფაილებმა ჩაანაცვლეს. ბით მუსიკა სრულიად ცალკე მდგომი ჟანრი გახდა, რომლის ცენტრსაც ლოს ანჯელესი, კერძოდ კი აქ მდებარე საღამოების სერია “Low and Theory” წარმოადგენდა.


ინტერნეტში უამრავი ბითჩანაწერი იდებოდა, ჩამოყალიბდა დამოკიდებულება რომ „ამის გაკეთება ყველას შეეძლო“ და ხშირად უამრავი ჩანაწერის ხარისხი არც იყო მოწოდების სიმაღლეზე. 

თუმცა, დეკადის წინ, მუსიკალურ ასპარეზზე პირველად გამოსული ახალგაზრდებიდან, დღეისთვის უამრავმა მოიპოვა უფრო ფართო აუდიტორიის აღიარება და წლებთან ერთად შეინარჩუნა და გააღრმავა საკუთარი უნიკალური მუსიკალურ იდენტობა (Youtube-ის, Bandcamp-ისა და სხვა სოციალური ქსელების დახმარებით) მათ შორისაა: Flying Lotus, Dibiase, Knxwledge, Hudson Mohawke, devonwho, MNDSGN TOKiMONSTA, Samiyam, Ras G (RIP) და სხვა.

ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპი დეკადის შემდეგ კვლავ განიცდის ევოლუციის ახალ ტალღას, ახალი თაობის პროდიუსერები უკვე თითქმის სრულიად დაშორებულები არიან ბითის იმ გაგებას, რომელიც სტატიის დასაწყისში მოვნიშნეთ, სტილში ახალი რევოლუციის მოლოდინში ხდება სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრთან შეკავშირება და ექსპერიმენტირება, რის საბოლოო შედეგსაც ალბათ მომავალ წლებში უნდა ველოდოთ.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი