მუსიკა | ცა

სადაც ჰიპ-ჰოპი და ჯაზი ერთმანეთს ხვდებიან | ნაწილი 3

ჰიპ-ჰოპი დღეისთვის ალბათ კვლავ ყველაზე გავლენიანი და მასასთან ახლოს მდგარი მუსიკალური ჟანრია, რომელიც აუდიტორიასთან სათქმელის მიტანას მარტივი ხერხებით ცდილობს.


მას შემდეგ, რაც სტილმა ადგილი დაიმკვიდრა მუსიკალურ ინდუსტრიაში, ჯგუფები და ცალკეული MC-ები ყოველი ახალი რელიზის აღნიშვნას შესაბამისი მუსიკალური ტურით აღნიშნავდნენ. პირველ რიგში, ტურის კონცერტების დროს, სტანდარტულად DJ-ეები ლოკალური და ცნობილი ჰიტების მეშვეობით ცდილობენ სიტუაციის გახურებას, თუმცა ამის შემდგომ სიტუაციის უფრო „გასამწვავებლად“ საჭირო ხდება ლაივ ბენდების პრაქტიკის შემოტანაც.

Robert Glasper

ტრადიციულმა ცოცხალმა ინსტრუმენტებმა ჟანრის განვითარების ადრეული ეტაპიდანვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჰიპ-ჰოპ მუსიკის შექმნის პროცესში.


დომინანტური ისტორიული ნარატივი ხშირად ამ მნიშვნელობას არ იზიარებს. ჰიპ-ჰოპ მუსიკის მკვლევარების დიდი ნაწილი არ აკეთებს აქცენტს ცოცხალ ინსტრუმენტებზე, ვინაიდან ისინი უპირველეს მნიშვნელობას ფირსაკრავსა (როგორც DJ-ის ინსტრუმენტი) და სემპლებს ანიჭებენ.


ცოცხალი ინსტრუმენტების გემოვნებიანმა და შესაბამისმა გამოყენებამ შეიძლება მუსიკალური არანჟირების ტექნიკის უამრავ დახურულ სივრცეს მიაღწიოს და კომპოზიციური თავისუფლება მიანიჭოს მუსიკოსს. ეს შესაძლებლობები კი ჰიპ-ჰოპის სტუდიურ და ცოცხალ შესრულებაშიც ახალ გამოწვევებს წარმოქმნის.

Karriem Riggins


ცოცხალი ინსტრუმენტები ჰიპ-ჰოპ მუსიკის შექმნის ალტერნატიული ტექნოლოგიაა, რომელიც სემპლინგთან ერთად არსებობს. დღემდე სხვადასხვა მუსიკოსმა ეს შესაძლებლობა სხვადასხვა დონეზე წარმატებით გამოიყენა.


მაგალითებზე თუ ვიმსჯელებთ, Beastie Boys ალბათ პირველია შესაფასებლად, თუ როგორ მოქმედებს ლაივ ჰიპ-ჰოპ ჯგუფი სცენაზე და სცენის გარეთ. ალბათ ყველასთვის რთული წარმოსადგენი იქნებოდა ნახევრად ებრაული წარმოშობის 3 თეთრკანიანი ბიჭი 80-იან წლებში, დეკადის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდს თუ შექმნიდა, ისიც აფრო-ამერიკული მუსიკის წიაღში, მიუხედავად იმისა, რომ ბენდი სრულიად სხვადასხვა სტილების ნაზავი იყო, ხოლო 81 წლამდე სულაც ჰარდკორ და პანკ ბენდად ითვლებოდა.

მხოლოდ 1983 წელს, როდესაც ერთ-ერთ კლუბში Africa Bombataa-ს შესრულება მოისმინს კლუბში, წევრებმა გადაწყვიტეს რომ მუსიკალური მომავალი ჰიპ-ჰოპთან დაეკავშირებინათ, მალევე მათ DJ და პროდიუსერი, ამჟამად ლეგენდარული რიკ რუბინი შეუერთდათ და პირველი ალბომიც გამოიცა.

მიუხედავად იმისა, რომ ჟანრის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სემპლების გამოყენება ძირითადი მიმართულება იყო, ცოცხალი ჰიპ-ჰოპ ბენდები და მათი ინსტრუმენტალური არანჟირების შესაძლებლობები კვლავ მნიშვნელოვან კომპონენტად რჩებაოდა. დღესაც უფრო და უფრო მეტი მუსიკოსი ცდილობს ახალ ტრენდს აჰყვეს და საკუთარი მუსიკა ცოცხალი ლაივ ბენდის თანხლებით შეასრულოს.


2015 წელს, კენდრიკ ლამარმა გრემის ჯილდო მოიპოვა ალბომით „To Pimp a Butterfly”.

აღნიშნულმა ჩანაწერმა დამაფიქრებელი ტექსტებითა და ჯაზ მუსიკის დაბრუნებით ჰიპ-ჰოპში წალეკა მეინსტრიმ მედია და შესაბამისი ჩარტები. რიტმულობა და ემოციები, რომელიც ინსტრუმენტალური ნაწილის უკან მოისმოდა, წლების წინ დაკარგული მუსიკის გააადამიანურებისკენ იყო მიმართული.

მუსიკალური ნერდი აუცილებლად დაუკვირდებოდა პროდიუსერებს, რომლებმაც შექმნეს ალბომის ჟღერადობა. Thundercat, Kamasi Washington, Flying Lotus… ეს სახელები თუ არაფერს გეუბნებათ, დროა გუგლის გამოყენება უფრო ეფექტურად ისწავლოთ.


დეჰუმანიზაცია ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დღევანდელი მუსიკალური სცენისთვის. ტექნოლოგიური განვითარება შეუვალი პროცესია და ამას ვერავინ აღუდგება წინ, თუმცა სად რჩება ადამიანის როლი ამ ყველაფერში კვლავ საფიქრალია. 

ამერიკელი კომპოზიტორი აარონ კოპლენდი თავის წიგნში „როგორ ვუსმინოთ მუსიკას“ განიხილავს სმენის რამდენიმე სიბრტყეს: პირველი, „გრძნობადი“ სიბრტყე ყველაზე ბაზისური, თუმცა ამავე დროს ყველაზე სასიამოვნოა. ამ სიბრტყეში მუსიკის სმენა ყველაზე ნაკლებად მოითხოვს ტვინის ენერგიის ჩართვას, შესაბამიასდ ჩვენ ძირითადად ამ დონეზე ვერთვებით, როდესაც მუსიკას ფონურად, სიჩუმის დასარღვევად ვიყენებთ. 

მიზეზი, რის გამოც ეს კონკრეტული ჩანაწერები ჩვენთან ემოციურ კავშირებს აბამს ერთია - მათი ადამიანური, არასტერილური, არასრუყოფილი ხმოვანება. თითოეული ინსტრუმენტის უკან მყოფი ადამიანი თავის ემოციებს გვიზიარებს და ჩვენთვისაც უფრო ადვილია მათთან ასოცირება.

მიუხედავად იმისა, რომ ასობით ჰიპ-ჰოპ ჩანაწერისთვის მომისმენია, ასობით სხვადასხვა ბითთეიფისთვის დამითმია ჩემი სმენა, უნდა ითქვას, რომ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რასაც ჰიპ-ჰოპთან ჩართული ცოცხალი ინსტრუმენტალიზაცია იწვევს, ვერცერთმა ვერ მიაღწია. 


სემპლერები და სინთეზატორების გამოყენება ორიგინალური და ინოვაციურია, თუმცა ყველა მუსიკოსს თუ პროდიუსერს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ მას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია პროფესიულ დონეზე. პოპულარულ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებისთვის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ესეთი მიზანი ცოცხალ ინსტრუმენტებთან შეთამაშებული შოუ გამოდგა.

2013 წელს, ჯიმი ფელონის ღამის შოუში კენი ვესტმა, ვოკალისტ ჩარლი უილსონთან და ბავშვთა გუნდთან ერთად კომპოზიცია „Bound 2” შეასრულა. ამ ყველაფერს ზურგს ლეგენდარული The Roots უმაგრებდა. გამდიდრებული ინსტრუმენტალური ნაწილი და რაც მთავარია დასარტყამი სექცია, სტუდიური, მინიმალისტური ვერსიიდან სრულიად განსხვავებულ ვარიაციას სთავაზობდა მსმენელს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოპ ბენდის შემთხვევაში ყველა ინსტრუმენტი მნიშვნელოვანია, აფროამერიკული მუსიკის რიტმზე ორიენტირების გამო ძირითადად აქცენტი ყოველთვის დასარტყამ ინსტრუმენტებზე და დრამერებზე კეთდება. თანამედროვე ჰიპ-ჰოპ სცენა უკვე მდიდარია ინსტრუმენტალისტებით რომლებიც ბითმეიკერის ფუნქციას ასრულებენ პროდუქციის შექმნის ნაწილში. (Questlove, Karriem Reggins, Chris „Daddy” Dave…)

ცოცხალი ინსტრუმენტები ფართოდ გამოიყენება ჰიპ-ჰოპის ასევე ცოცხლად შესრულების დროს, რა დროსაც უნიკალური სინთეზის მომსწრენი ვხდებით.


ტრადიციულად, ჰიპ-ჰოპის ლაივ შესრულება შედგება MC-სგან, დამხმარე რეპერისგან და DJ-სგან. MC-ს ქარიზმა შოუს მიმართულების წამყვანია, ვიზუალურად კი DJ ნაკლებს თუ მატებს მთლიან შესრულებას, ვინაიდან აუდიტორიისთვის ის შეუმჩნეველია. ხშირად იმისთვის, რომ შოუ მოსაწყენი არ გახდეს, ბენდი სპეციალურად ცვლის ფორმატებს.

ჰიპ-ჰოპ ლაივ ბენდის შესანიშნავი მაგალითი საამაყოდ საქართველოშიც გვყავს. MoKuMoku-ს სასწაული ლაივ შესრულების მომსწრენი წელს შავი ზღვის ფესტივალზეც გავხდით. მთელი ის ენერგია, რაც სრული ბენდის შემადგენლობას აქვს, დამატებული ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები (საქსაფონი, ტრამპეტი) და ცალკე მდგომი DJ ფირსაკრავზე, 2 MC - ეს ყველაფერი მათ არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ბევრად ფართო ასპარეზზე აქცევს უნიკალურ მუსიკალურ ჯგუფად.

ხშირად ლაივ შესრულება გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ბენდის წევრებისთვის, ვინაიდან მათ სემპლზე დაფუძნებული მუსიკის გარდაქმნა უწევთ ცოცხალ ფორმატში. უმეტესად კი ეს გამოცდილება ექსპერიმენტებთან არის დაკავშირებული. ჯაზ მუსიკოსები ხშირად იყენებდნენ ლაივ სესიებს იმისთვის, რომ სტუდიური ფორმატის შეზღუდულობისგან თავი დაეღწიათ და უფრო ხანგრძლივი სესიები გაემართათ. 

Buckshot LeFonque - ამერიკელი საქსაფონისთის, ბრენფორდ მარსალისის მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც ჰიპ-ჰოპ და ჯაზ მუსიკას ერთმანეთთან აერთიანებს - საბოლოო ჯამში კი მათ ჩანაწერებში 15-ზე მეტმა დამოუკიდებელმა მუსიკოსმა მიიღო საკუთარი ინსტრუმენტით მონაწილეობა. მათი ალბომი „Music Evolution“ პირდაპირ გვიყვება აფრო-ამერიკული კულტურისა და მუსიკის ქრონიკას დასაბამისად დღემდე - ანუ ჰიპ-ჰოპამდე.


“Music evolution change

Sometimes the common makes it sound strange

Add a little this, take out a little that

Then you'll come up with jazz called rap

Where it's at, bring it back

Because it is an ill format“


საბოლოო ჯამში ჰიპ-ჰოპი მართლაც რომ ფირსაკრავები და სემპლერების ნაკრებია, თუმცა იგი ბევრად მეტია ვიდრე აღნიშნული ტექნიკა. როდესაც შეზღუდვები მოშლილია, ცოცხალ ინსტრუმენტები ბევრად დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, ისე რომ არ დავარღვიოთ ჰიპ-ჰოპ მუსიკის ავთენტური ესთეტიკა. 

ავტორი: ჯაბა შავიშვილი