ჰიპ-ჰოპის ანატომია - ნაწილი VI

ჯაზი და ჰიპ-ჰოპი

წინა ბლოგ-პოსტებში ჰიპ-ჰოპ კულტურის პირველ ნაბიჯებზე ვისაუბრეთ. ძველი სკოლისა და გარდამავალი ეპოქის მერე ჰიპ-ჰოპის ოქროს ხანას მივადექით, რომელიც 1992-1998 წლებს მოიცავს. ეს პერიოდი მუსიკალურად უაღრესად მდიდარი და მრავალფეროვანია, ასე რომ, ვფიქრობ, უმჯობესია უკვე ეპოქების ნაცვლად ჰიპ-ჰოპის ქვე-ჟანრები და ამ უდიდესი კულტურის წიაღში გაჩენილი მიმდინარეობები მიმოვიხილოთ. დღეს ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის მეგობრობაზე და იმ არტისტებზე გიამბობთ, რომლებმაც თავიანთ მუსიკაში ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის ინტეგრირება მოახდინეს, რითიც ჯაზ-რეპის მიმდინარეობის განვითარებას შეუწყვეს ხელი.


ჩანაწერისთვის ჟღერადობის განსაზღვრა პროდიუსერის საქმეა და ჰიპ-ჰოპ მუსიკაში ჯაზის ელემენტების მომრავლებაც სწორედ პროდაქშენის გამრავალფეროვნებას უკავშირდება. როგორც წინა ბლოგ-პოსტში ვისაუბრეთ, 80-იანი წლების ბოლოს ბაზარზე გამოჩნდა რამდენიმე რევოლუციური დრამ-მანქანა (Akai MPC60, E-mu SP-1200), რომლებიც დრამ პარტიების შექმნის გარდა ძველი კომპოზიციების დასემპლვის შესაძლებლობასაც იძლეოდა. სწორედ სემპლინგის განვითარება გახდა ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის მეგობრობის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რადგან პროდიუსერებმა ყველაზე აქტიურად ჯაზ კომპოზიციების დასემპლვა დაიწყეს. პროდაქშენის ამ სტილმა ნამდვილად გაამართლა, რადგან ჰიპ-ჰოპს აკუსტიკური ჟღერადობა ძალიან მოუხდა და კულტურას მუსიკალურად დიდი გასაქანი მიეცა. თუმცა, ჯაზ რეპის რამდენიმე საინტერესო მაგალითი იქამდეც გვხვდება, ვიდრე სემპლინგის ხელოვნება ჰიპ-ჰოპ მუსიკაში პოპულარული გახდებოდა.

Stetsasonic

მუსიკის ისტორიაში პირველ ჯაზ-რეპ ჯგუფად შეგვიძლია ბრუკლინური კოლექტივი Stetsasonic მივიჩნიოთ, რომელიც ჯერ კიდევ 1981 წელს ჩამოყალიბდა. ექვსი მუსიკოსისგან შემდგარი ჯგუფი თავდაპირველად The Stetson Brothers სასცენო სახელით გამოდიოდა და ნიუ-იორკში პოპულარობა შესანიშნავი ცოცხალი შესრულებებით მოიპოვა. მალევე, ჯგუფმა ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლეიბლის, Tommy Boys Records-ის ყურადღება მიიპყრო და 1986 წელს პირველი ალბომი On Fire გამოუშვა. Tommy Boy Records იმ პერიოდში მუსიკალურ ინდუსტრიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რადგან ლეიბლმა ისეთი ლეგენდარული არტისტების განვითარებას შეუწყო ხელი, როგორებიც არიან Afrika Bambaata, Queen Latifah და სხვები. გარდა ამისა, Warner Brothers-თან მჭიდრო თანამშორლობის წყალობით, Tommy Boy-ს მუსიკის დისტრუბუციის უდიდეს ქსელთან ჰქონდა წვდომა, რაც იმ დროს კომერციული წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპიროებელი ფაქტორი იყო. Stetsasonic-ისთვის ძლიერ ლეიბლთან თანამშრომლობა ხელსაყრელი გამოდგა. ჯგუფმა მალევე მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა და Tommy Boys Records-ზე კიდევ ორი შესანიშნავი ალბომი გამოსცა. ბენდისთვის დამახასიათებელი ცოცხალი ინსტრუმენტების, ბიტ-ბოქსის, სემპლინგისა და ემსიინგის ფიუჟენი ნამდვილად უნიკალური იყო და იმ დროის მუსიკალურ ინდუსტრიაში უდიდეს სიახლეს წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, ჯგუფი Stetsasonic მომავალი ჯაზ-რეპ კოლექტივებისთვის მთავარი მისაბაძი მაგალითი შეიქნა.


80-იანი წლების ბოლოს ჯაზის ჰიპ-ჰოპში ინტეგრირება უკვე ხშირი მოვლენა იყო და იმ პერიოდის ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის მთავარი მუსიკალური დასაყრდენიც სწორედ ჯაზი გახდა. ერთ-ერთი პირველი პროდიუსერი, რომელმაც ჰიპ-ჰოპში ჯაზ სემპლების გამოყენება დაიწყო Stetsasonic-ის დიჯეი Prince Paul იყო. ჯგუფის დაშლის შემდეგ Paul Edward Huston-მა ძალიან წარმატებული სოლო კარიერა გააგრძელა და De La Soul-ის ლეგენდარული სადებიუტი ალბომის Three Feet High And Rising პროდიუსერი გახდა. The Natives Tongues-ის მთლიანმა კოლექტივიმა, რომელშიც De La Soul-ის გარდა A Tribe Called Quest და The Jungle Brothers შედიოდნენ, ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის შეზავება ძალიან პოპულარული გახადა. ამ ჯგუფების პირველი ალბომები პროდაქშენის თვალსაზრისით იმდენად მდიდარი და საინტერესო იყო, რომ მათ არაერთი ჯაზმენის ყურადღება მიიპყრეს. შედეგად, 90-იანი წლების დასაწყისში ცნობილი ჯაზ შემსრულებლები ჰიპ-ჰოპ არტისტებთან კოლაბორაციებს უკვე აღარ ერიდობენენ.

A Tribe Called Quest-ის მეორე სტუდიური ალბომი The Low End Theory, რომელიც 1991 წელს გამოვიდა, მთლიანად ჯაზის სულით არის გაჟღენთილი. ამ ალბომში გვხდება ჰიპ-ჰოპის ისტორიაში, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები „ჩვენ გვაქვს ჯაზი“ Jazz (We’ve Got). გარდა ამისა, ალბომის პროდიუსერმა Q Tip-მა შესანიშნავი ტრეკის Verses From The Abstract-ის ჩასაწერად ლეგენდარულ ჯაზ ბასისტთან Ron Carter-თან ითანამშრომლა, რომლემაც კომპოზიციაში ბასის მონაკვეთი ცოცხლად შეასრულა. ეს შემთხვევა ჰიპ-ჰოპ პროდიუსერისა და ცნობილი ჯაზ მუსიკოსის ერთ-ერთი პირველი კოლაბორაცია იყო. The Low End Theory-ს უდიდესი წარმატების შემდეგ ჰიპ-ჰოპ მუსიკით კიდევ უფრო მეტი ჯაზ შემსრულებელი დაინტერესდა.

Ron Carter

1993 წელს De La Soul-მა რიგით მესამე ალბომი, Buhloone Mindstate გამოუშვა. ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის ფიუჟენი ამ ბრწყინვალე ჩანაწერშიც ხშირად გვხვდება. Buhloone Mindstate ძალიან ორიგინალური, არასტანდარტული ნაწარმოებია და მასში შესული ტრეკები როგორც ჟღერადობით, ისე თემატიკით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ალბომის ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერია ინსტრუმენტალური კომპოზიცია I Be Blowin’, რომელშიც ლეგენდარული საქსაფონისტი Maceo Parker შესანიშნავ სოლოს ასრულებს.


ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის შეზავება დიდი წარმატებით გამოსდიოდა ლეგენდარულ ემსის, Keith Edward Elam-ს, სასცენო სახელით Gifted Unlimited Rhymes Universal. გარდა იმისა, რომ Guru ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დუოს, Gang Starr-ის რეპერი იყო, ბოსტონელ ემსის შესანიშნავი სოლო პროქტებიც ჰქონდა. მისი მუსიკალური ექსპერიმენტებიდან ყველაზე წარმატებული სწორედ ჯაზ-რეპ ალბომების სერია Guru’s Jazzmatazz აღმოჩნდა. ლეგენდარული რეპერი 2010 წელს ორმოცდარვა წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მან Gang Starr-ის ჩანაწრებთან ერთად ხუთი Jazzmatazz ალბომის გამოშვება მოასწრო. 


Roy Ayers & Guru

მუსიკალურად ყველაზე საინტერესო პირველი Jazzmatazz იყო, რომელიც 1993 წელს გამოვიდა. Guru-მ ამ ალბომზე მუშაობისას ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან Donald Byrd, Lonnie Liston Smith, Branford Marsalis, Roy Ayers და ა.შ. Jazzmatazz Vol 1 ნამდვილი მუსიკალური შედევრია და ეს ალბომი ჯაზ-რეპ მიმდინარეობის ქრესტომათიულ ნაწარმოებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 


1992-1993 წლებში შეიქმნა კიდევ ერთი მუსიკალური შედევრი, რომელიც ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის საუკეთესო თვისებებს აერთიანებს. Ishmael “Butterfly” Butler, Mariana “Ladybug Mecca” Vieira და Craig „Doodlebug” Irving ერთმანეთს პირველად 1987 წელს შეხვდნენ. სამივე ახალგაზრდა აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდა, რის გამოც თავდაპირველად კოლაბორაცია საკმაოდ გაუჭირდათ. თუმცა, 90-იანი წლების დასაწყისში არტისტებმა ნიუ-იორკში დაფუძნება გადაწყვიტეს და ასე შეიქმნა ჯგუფი Digable Planets, რომელმაც არსებობის მანძილზე მხოლოდ ორი ალბომის გამოშვება მოასწრო.

Digable Planets

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ჯგუფის პირველმა ალბომმა Reachin’ (A New Refutaion Of Time And Space), რომელიც 1993 წელს გამოვიდა და ჯაზ-რეპის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი შეიქნა. ეს ჩანაწერი, ჩემი აზრით, უკვდავი შედევრია და შეგვიძლია ჰიპ-ჰოპ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდეს ნაწარმოებად მივიჩნიოთ. 1994 წელს გამოსული მეორე ალბომი Blowout Comb ასევე ბრწყინვალე ნამუშევარია, თუმცა, სამწუხაროდ, მან ფართო მასებში პოპულარობა ვეღარ მოიპოვა და Digable Planets მალევე დაიშალა. 

1991 წელს ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ჯაზ მუსიკოსმა, Miles Davis-მა ჰიპ-ჰოპ ჟღერადობის ალბომის გაკეთება გადაწყვიტა. დევისი მუსიკალური მრავალფეროვნებით მთელი კარიერის მანძილზე გამოირჩეოდა და სხვადასხვა ჟანრებში ექსპერიმენტებს არასდროს ერიდებოდა. სამწუხაროდ, ჰიპ-ჰოპი მისთვის ბოლო ექსპერიმეტნი აღმოჩნდა, რადგან 1991 წელს ლეგენდარული ჯაზმენი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ალბომის გამოშვება მაინც მოხერხდა და მას ძალიან საინტერესო ისტორიაც აქვს. 

ცნობილია, რომ ერთხელ მაილსი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც ქუჩიდან შემოსული ხმაურისგან დიდი ინსპირაცია მიიღო და გადაწყვიტა, ნიუ-იორკის ქუჩების ატმოსფერო მუსიკაში გადაეტანა. ლეგენდარული ჯაზმენი თავის მეგობარს, Def Jam Records-ის ბოსს, Russell Simmons-ს დაუკავშირდა და სთხოვა ამ პროექტისთვის ნიჭიერი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი მოეძებნა, რომელიც მაილსს იდეის განხორციელებაში დაეხმარებოდა. ჯაზის ლეგენდასთან კოლაბორაციაზე უარს რომელი პროდიუსერი იტყოდა? საბოლოოდ, ეს პატივი ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პროდიუსერს, Easy Mo Bee-ს ერგო. ასე შეიქმნა მაილს დევისის უკანასკნელი ალბომი The Doo-Bop, რომელმაც ჯაზის მოყვარულებში დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა, თუმცა ჰიპ-ჰოპისა და ჯაზ-რეპის გურმანებისთვის ის ნამდვილი საჩუქარი იყო. მაილსმა ალბომისთვის მხოლოდ ექვსი კომპოზიციის ჩაწერა მოასწრო, დანარჩენი ტრეკები მთლიანად Easy Mo Bee-ს შემოქმედებაა. 

Miles Davis & Easy Mo Bee

მუსიკის ისტორიაში ისეთი შემთხვევებიც გვხვდება, როდესაც გამორჩეული ჰიპ-ჰოპ პროდიუსერები ჯაზ მუსიკით დაინტერესდნენ და მათთვის ექსპერიმენტული ჯაზ-რეპ პროექტები შექმნეს. ამის ძალიან კარგი მაგალითია 2003 წელს გამოსული ალბომი Shades Of Blue, რომელიც ამერიკელი პროდიუსერის, Madlib-ის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. ალბომი Blue Note Records-ზე გამოსული ჯაზ კომპოზიციების რემიქსებისგან შედგება და ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული ჩანაწერია. Blue Notes Records-ის წარმომადგენლებმა Madlib-ს სთხოვეს ლეიბლის ძველი ჩანაწერები ამოექექა, დაესემპლა და დაემიქსა, საბოლოოდ კი ეს უდიდესი შედევრი მივიღეთ, რომელიც ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის მეგობრობის ერთ-ერთი საუკეთსო მაგალითია.  

როდესაც ჰოპ-ჰოპისა და ჯაზის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ შეგვიძლია არ ვახსენოთ ლეგენდარული ფილადელფიური ჯგუფი The Roots, რომელიც დღემდე ჯაზ-რეპის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია და, ბევრის მიერ, ჰიპ-ჰოპის ისტორიაში საუკეთესო ლაივ ბენდადაც კი არის მიჩნეული. ჯგუფის ისტორია ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს იწყება. 1987 წელს Amir Thompson-მა (?uestlove) და Tariq Trotter-მა (Black Thought) ერთმანეთი ფილადელფიის ჰაისქულში გაიცნეს. ისინი მალევე დამეგობრდნენ და თავიანთი ნიჭის გამოვლენა ქალაქის ქუჩებში გადაწყვიტეს. ?uestlove პერკუსიის ნაცვლად ვედროებზე უკრავდა, ხოლო Black Thought ამ რიტმებზე ფრისტაილს აკეთებდა ხოლმე. მალევე, ამირსა და ტარიკს კიდევ ერთი უნიჭიერესი ემსი, Malib B და შესანიშნავი ბასისტი, Leonard “Hub” Hubbard შეუერთდნენ. საინტერესოა, რომ თავდაპირველად ჯგუფმა ფილადელფიაში დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. The Roots-ის წევრები დროებით ლონდონში გადასახლდენ, სადაც თავიანთი პირველი ალბომი Organix გამოუშვეს. ამ ალბომს პრაქტიკუალდ არანირი პიარი არ ჰქონია და ჯგუფის წევრები ჩანაწერს თავად ავრცელებდნენ. The Roots-მა სახელი შესანიშნავი ცოცხალი შესრულებებით გაითქვა და ევროპაში საკულტო ჰიპ-ჰოპ ჯგუფად იქცა, რამაც ამერიკის ლეიბლების მხრიდან ინტერესი მალევე გამოიწვია და ბენდმა საბოლოდ DGC/Geffen-თან გააფორმა კონტრაქტი. 

ჯგუფისთვის საუკეთესო პერიოდი 1994-1997 წლები გამოდგა, როდესაც The Roots-მა ორი შედევრალური ალბომი Do You Want More??!!!??! და Illadelph Halflife გამოუშვა. ეს კოლექტივი სხვებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ ბენდის წევრები ყველაფერს ცოცხლად ასრულებდნენ და სემპლინგს საერთოდ არ იყენებდნენ. Do You Want More??!!!??! ჰიპ-ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთსო ალბომად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ამასთან, ის ჯაზ-რეპის შესანიშნავი მაგალითიცაა. მომდევნო წლებში The Roots-მა ?uestlove-ისა და Black Thought-ის გარდა ყველა წევრი არაერთხელ შეიცვალა და ჯგუფი მუსიკალურად დღემდე აქტიურია.

The Roots

დღევანდელ სამყაროში ჯაზი და ჰიპ-ჰოპი ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდა. დღეს ბევრი ჯაზმენი ცდილობს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრთან გადაიკვეთოს და ამ მხრივ გამორჩეულია თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჯაზ მუსიკოსი Robert Glasper, რომელმაც შესანიშნავი ჯაზ-რეპ პროექტი Robert Glasper Experiment შექმნა. ამერიკელo პიანისტი ბევრ საინტერესო ჰიპ-ჰოპ არტისტთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს. 


ბოლო პერიოდში ჰიპ-ჰოპ მუსიკით აქტიურად დაინტერესდა ქართველი ჯაზ პიანისტი ბექა გოჩიაშვილიც, რომელიც რამდენიმე ძალიან საინტერესო ჩანაწერზე გვხვდება. ბექა ქართველ პროდიუსერთან, მიშო ურუშაძესთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მიშო ურუშაძისა და ბექა გოჩიაშვილის კოლაბორაციამ ახალი ქართული ლეიბლი „დუღილი“ დაბადა, რომელიც ძირითადად სწორედ ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის ფიუჟენს წარმოადგენს. ლეიბლმა პირველი ჩანაწერი ცოტა ხნის წინ კასეტაზე გამოსცა და მსმენელისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის მეგობრობა იქამდე გაგრძლედება, სანამ მუსიკა იარსებებს, ხოლო მე უკვე შემდეგ ბლოგ-პოსტში ჰიპ-ჰოპ კულტურის ჩემს საყვარელ მიმდინარეობაზე — ბუმ-ბეპზე მოგითხრობთ.

ავტორი: გიორგი ზურაბიშვილი