მუსიკა | ცა

ჰიპ-ჰოპის ანატომია - ნაწილი 2

რეპის წარმომავლობა და სფოუქენ უორდი

ჰიპ-ჰოპის ოთხი კომპონენტიდან, რომლებზეც წინა ბლოგ-პოსტში გესაუბრეთ, ყველაზე დიდი ისტორია რეპს აქვს, რადგან ის, როგორც პოეზიის ერთგვარი ფორმა, უძველესი აფრიკული კულტურის ორალური ტრადიციების გაგრძელებას წარმოადგენს. რეპი, როგორც ჩამოყალიბებული სტილი და ჰიპ-ჰოპ კულტურის შემადგენელი ნაწილი, მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ნიუ-იორკში დაიბადა, მაგრამ, სხვადასხვა ფორმით, მისი არაერთი საინტერესო გამოვლინება მანამდეც გვხვდება. 

რეჩიტატივი აფრიკის კონტინენტის ბევრ კულტურაში ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არსებობს. აფრიკულ ტომებში სხვადასხვა თაობას ინფორმაცია, ძირითადად, ზეპირი ფორმებით გადაეცემოდა. ძალიან გავრცელებული იყო გადაძახილებით, შაირებით კომუნიკაცია და სხვადასხვა ტომის შეკრებების დროს, პერკუსიების ფონზე, სწრაფი, რიტმული ლაპარაკით ისტორიების მოყოლა, რაც რეპინგის პირველ გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

როდესაც აფრიკული კულტურა ამერიკაში გავრცელდა, რეჩიტატივმა ახალი ფორმები შეიძინა და აფრო-ამერიკული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში რეპის სხვადასხვა გამოვლინება როგორც ბლუზ, ასევე ჯაზ მუსიკაში გვხვდება. 

20-იანი წლების ბოლოს, ნიუ-იორკში უმნიშვნელოვანესი კულტურული პროცესი „New Negro Movement” დაიწყო, რომელსაც შემდეგ „ჰარლემის რენესანსი“ ეწოდა. ეს პერიოდი შეგვიძლია აღვიქვათ როგორც ამერიკაში აფრო-ამერიკული საზოგადოების კულტურული გამოღვიძება, რაც, თავის მხრივ, „დიდი მიგრაციის“ შედეგი იყო. მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი უკვე დასრულებული, ხოლო მონობა ოფიციალურად გაუქმებული იყო, მაგრამ, ეს ფორმალობა აფრო-ამერიკული საზოგადოებისთვის რეალური ცვლილებების მომტანი არ გამოდგა. სამხრეთის შტატებში რასიზმი ისევ მძვინვარებდა, ხოლო სეგრეგაცია აქტიურად ხორციელდებოდა. 

ჩაგვრის და გაუსაძლისი ეკონომიკური პირობების გამო, მეოცე საუკუნის 10-იან წლებში, ათიათასობით აფრო-ამერიკულმა ოჯახმა სამხრეთის შტატები მიატოვა და ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ასევე შუა-დასავლეთში გადასახლდა. ამ მოვლენას „დიდი მიგრაცია“ ეწოდა, რის შედაგადაც, შავკანიანმა მოსახლეობამ სამხრეთის სოფლებიდან, ძირითადად, ქალაქებში გადაინაცვლა. ამ მიგრაციის შედეგი იყო „ჰარლემის რენესანსი“, რაც აფრო-ამერიკულ კულტურაში უდიდესი მოვლენა შეიქნა. 

ლიტერატურა, ხელოვნება, მოდა - 20-იან წლებში აფრო-ამერიკული კულტურის ნამდვილი გამოღვიძება დაიწყო. ეს კულტურული რენესანსი, რა თქმა უნდა, მუსიკაზეც აისახა. 


მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობით ჯაზ-პოეზია სარგებლობდა. „ჰარლემის რენესანსის“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა პოეტმა, Langston Hughes-მა, ლექსების წერის ახალი მეთოდი შეიმუშავა. ის ცდილობდა თავისი ლექსები ჯაზ მუსიკის ფონზე წაეკითხა და რიტმების წყობაც მუსიკისთვის შეეხამებინა. ჰიუზის არაერთი ცოცხალი შესრულება შეგვიძლია აფრო-ამერიკულ კულტურაში რეპის ერთ-ერთ პირველ გამოვლინებად მივიჩნიოთ.

რეჩიტატივების, როგორც თავისუფალი პოეზიის გამოყენება, 30-იანი და 40-იანი წლების ბლუზ მუსიკოსებმაც დაიწყეს. იმ პერიოდის ბლუზის ერთ-ერთ პოპულარულ სტილს “talking blues” ეწოდება, რაც ბლუზ მუსიკაზე თავისუფალ ლაპარაკს გულისხმობს. ეს ტექნიკა რეპისგან დიდად არ განსხვავდება. ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი არის Sam Lightnin’ Hopkings, რომელიც, ცოცხალი შესრულებების დროს, რიტმულ ლაპარაკს აქტიურად იყენებდა. 

რეპინგის ტექნიკა 50-იან წლებში თეთრკანიანმა ავტორებმაც აიტაცეს. რეჩიტატივების გამოყენება ეგრეთ წოდებული „The Beat Generation”-ის წარმომადგენლებმაც დაიწყეს. Allan Ginsberg, William S. Burroughs, Jack Kerouac და იმ პერიოდის სხვა გამორჩეული მწერლები, ლაივ სესიებს აწყობდნენ და თავიანთ ლექსებს ცოცხლად კითხულობდნენ ხოლმე. ისინი ხშირად იმპროვიზირებდნენ და რეპინგის ტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ.

ჰიპ-ჰოპ კულტურის დაბადებამდე, ყველაზე ჩამოყალიბებული ფორმა რეპმა 60-იან წლებში შეიძინა და ცალკე მიმდინარეობა შეიქნა, რასაც შემდეგ სფოუქენ უორდი ეწოდა. ეს სტილი ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ უახლოეს წინაპრად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სფოუქენ უორდიც წმინდა აფრო-ამერიკული მოვლენაა და ის 60-იანი წლების „Black Arts Movement“-ის დროს წარმოიშვა. 

„Black Arts Movement“-ს ხშირად აფრო-ამერიკელების მეორე რენესანსს უწოდებენ და ის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, „Civil Rights Movement“-ის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა. შავკანიანი აქტივისტის, Malcolm X-ის მკვლელობის შემდეგ, აფრო-ამერიკულ საზოგადოებას ახალი ხმა სჭირდებოდა და, 1965 წელს, ნიუ-ჯერსელმა პოეტმა Amiri Baraka-მ „Black Arts Movement“ ჩამოაყალიბა, რომლის მთავარი მიზანიც შავკანიანი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური მესიჯების ხელოვნების გზით გაჟღერება იყო. ამ მესიჯების გავრცელებისთვის, „Black Arts Movement“-ის წევრები ყველაზე აქტიურად სწორედ რიტმულ ლაპარაკს იყენებდნენ. ეს ტექნიკა იმდენად პოპულარული გახდა, რომ საბოლოოდ ის ჩამოყალიბებული სტილი შეიქნა და სფოუქენ უორდიც ასე გაჩნდა.

ამ სტილის გამორჩეული არტისტები არიან Amiri Baraka, Sonia Sanchez, The Last Poets, The Watts Prophets...

და, რა თქმა უნდა, ლეგენდარული მუსიკოსი Gil Scott-Heron, რომელიც რეპის ნათლიმამად მიიჩნევა.

სფოუქენ უორდი აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ სტილის ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე არტისტია Ursula Rucker.


70-იანი წლების ბოლოს ნიუ-იორკში ახალი ეპოქა იწყება. ჰიპ-ჰოპი, როგორც თვითმყოფადი მოვლენა ისე გვევლინება და აქედან იღებს სათავეს ამ უდიდესი კულტურის პირველი პერიოდი, რომელსაც დღეს როგორც “Old School”, ანუ „ძველი სკოლა“ ისე მოიხსენიებენ. შემდეგ ბლოგ-პოსტში ჰიპ-ჰოპის სწორედ ამ პერიოდზე, მის ჟღერადობაზე, სპეციფიკაზე და ამ ეპოქის გამორჩეულ არტისტებზე მოგითხრობთ.

ავტორი: გიორგი ზურაბიშვილი