მუსიკის ჰონტოლოგია 009 - მინიმალიზმი

პოპ კულტურის მიღმა არსებული მუსიკალური ტერიტორიებიდან, ალბათ, არც ერთ ჟანრს არა აქვს ისეთი დიდი გავლენა თანამედროვე აქტუალურ მუსკაზე, როგორც ამერიკულ აკადემიურ მინიმალიზმს. მინიმალიზმმა ჯერ კიდევ ორმოცი წლის წინ დაამკვირდა ახალი სააზროვნო სივრცე და ეს ეხებოდა არა მხოლოდ მუსიკას, არამედ, ზოგადად, ახალ ესთეტიკურ ცნობიერებას. უცნაურია, მაგრამ მინიმალიზმი, ამ თვალსაზრისით, დღემდე ვერაფერმა ჩაანაცვლა, უბრალოდ, თუ ადრე ის ავანგარდის ტერიტორიაზე მოღვაწეობდა, დღეს მეინსტრიმშიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, რაც უკვე მუსიკის ტექნოლოგიური ევოლუციის შედეგია. აი, მაგალითად დასემპლილი მუსიკალური ფრაზის დალუპვა - ესეც მინიმალიზმის „ტექნიკაა“,  მისი ყველაზე პრიმიტიული გამოვლინება. მაშ ასე, რა არის მინილამიზმი? როგორ და რატომ ჩაისახა? და რა მოიტანა ისეთი, რომლის გადალახვა ლამის შეუძლებელი ხდება დღემდე. 

აი, როგორ ხსნის მინიმალიზმს ბრიტანელი ავანგარდისტი მუსკოსი და პიანისტი ჯონ ტილბერი: 

„რა არის მინიმალისტური მუსიკა? აიღე ერთი ფრაზა და უბრალოდ გაიმეორე ის, ეს შეიძლება საინტერესო იყოს, შეიძლება არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ეძებ. შენ შეიძლება, დაგაინტერესოს იმ მომენტმა, რომ ყოველი შემდგომი განმეორება ოდნავ მაინც განსხვავდება წინასგან, ეს ასპექტი მნიშვნელოვანია და ამას „პატერნული მუსიკა“ ქვია. 

რატომ გაჩნდა მინიმალიზმი მაინცდამაინც 60-იანებში? ალბათ, იმიტომ, რომ სწორედ მაშინ დაიწყო დასავლეთის გატაცება აღმოსავლური ფილოსოფიით და მისტიკით, ანუ შეიძლება, ერთი იდეა გახდეს ყველაფრის წყარო, იგივე მანტრას იდეა, როცა ერთი ფრაზა მეორდება დაუსრულებლად, რათა მოახდინოს მაგიური ზემოქმედება - გახსნას ცნობიერება. 

შემთხვევითი არ არის, რომ ყველა მინიმალისტი კომპოზიტორი აღმოსავლური ფილოსოფიური იდეებით იყო გატაცებული. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი იყო რეაქცია იმ დროს გაბატონებულ ტენდენციებზე აკადემიურ მუსკაში - ნოტებით გადახუნძლული გართულებული პარტიტურები, თეორიები იმის შესახებ, რომ არაფერი არ უნდა მეორდებოდეს მუსიკის მსვლელობისას და ა.შ. აი, სწორედ ტენდენციებს დაუპირისპირდნენ მინიმალისტი კომპოზიტორები, როგორც ესთეტიკურად, ასევე კონცეპტუალურად. 

მათი მიზანი მინიმუმი საბაზისო მასალით, მისი ვარირებით და განმეორებებით მაქსიმალური ეფექტის, რეზულტატის მიღება იყო. ლოგიკურია, რომ მინიმალიზმი სწორედ ამერიკაში გაჩნდა. როგორც მისი ერთ-ერთი პიონერი, კომპოზიტორი სტივ რაიხი იხსენებს, „ჩვენ რადიოზე გაზრდილი თაობა ვართ, სადაც გადაიცემოდა ჯაზი და მსუბუქი მუსიკა. ამერიკული მუსიკა არ განიცდიდა ევროპული აკადემიური მუსიკის ისტორიულ წნეხს, მისთვის უცხო იყო ის სიმძიმე და სიპირქუშეც, რაც ევროპულ კლასიკურ მუსიკაში მოვიდა ომების და კატაკლზიმების შედეგად  50-იანებში. ამ დროს ამერიკა ერთობოდა ჯაზით, როკ ენ როლით, კადილკებით და  ჩვენც სწორედ ამ ლაღი განწყობის დაფიქსირება გვინდოდა მუსიკაში, როგორიცა მეორე არ იქნებოდა პოპულარული მუსიკა."

ქრონოლოგიურად, პირველ მინიმალისტ კომპოზიტორად ლამონტ იანგი მიიჩნევა. მისი მუსიკის ხასიათი იდეალურად ესადაგება ტერმინ მინიმალიზმს - ერთი ნოტი, ერთი აკორდი, რომელიც არ მთავრდება. მუსიკას არა აქვს დასწყისი და დასასრული, ესეც აღმოსავლური, კერძოდ ინდური მუსიკის ფილოსოფიაა - ერთი ნოტის გაწელვა მედიტაციური ეფექტისთვის.

„ცივილური“ მუსიკალური ტერმინოლოგიით, ამას „დრონი“ ქვია, რაც დღემდე აქტუალურია, როგორც ელექტრონიკაში, ასევე ემბიენტსა და პოსტ მეტალშიც კი. ასეთი ტექნიკითაა მოწყობილი ე.წ. „ნოიზ“ მუსიკაც, თუმცა თუ „ნოიზი“ ექსპანსიური და ხმაურიანია, ლამონტ იანგის მიზანი სულიერი პრაქტიკა და რელაქსაციაა. იანგი ავანგარდული არტ მოძრაობის, „ფლუქსუს“-ის წევრი იყო და მისი აკუსტიკურ მინიმალისტური ჰეფენინგები დიდი წარმატებითაც სარგებლობდა ნიუ იორკის არტისტულ ბოჰემაში.

მისი მუსიკალური კოლექტივის წევრი იყო ჯონ კეილიც, რომელმაც ლამონტ იანგის აკუსტიკური პრაქტიკა გადაიტანა Velvet Underground-ში. ყველა ის ავანგარდული ნოიზ უცნაურობანი, რაც გამოსჭვივის ამ ბენდის მთელ რიგ ტრეკებში, სწორედ ჯონ კეილის მიერ ტრანსფორმირებული ლამონტისეული იდეებია. 

ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ Velvet Underground-ის ნოვატორობა, გარკვეულ წილად, სწორედ მინიმალისტურ ასპექტებს ეყრდნობა, მაგრამ ლამონტ იანგის მუსიკა ნამდვილად არ არის ის, რასაც დღეს კლასიკურ მინიმალიზმს ეძახიან, ამ მხრივ გადამწყვეტი გახდა სამი კომპოზიტორის შემოქმედება: სტივ რაიხის, ტერი რაილის და ფილიპ გლასის.

სწორედ მათ შექმნეს ამ მუსიკის თეორიულ-პრაქტიკული საფუძვლები, სამივე კომპოზიტორმა შექმნა საკუთარი კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს ეს მუსიკა, მაგრამ ტექნიკურად, მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, ის, რაც ზოგადად დამახასიათებელია მინიმალისტური ნაწარმოებისთვის.

განუწყვეტელი განმეორებადი მარტივი პასაჟები უკვე ვახსენეთ ზემოთ, ყოველი შემდგომი განმეორება წანაცვლებულია, დეტალებიც ვარირებს და მუდმივად იცვლება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნაწარმოები კარგავს სიმძიმის ცენტრს, ან თითქოს ეს სიმძიმის ცენტრიც გადაადგილდება. საბაზისო პასაჟი შეიძლება იყო ხისტი, ანდაც წახნაგოვანი, მაგრამ უკვე მთლიანი კომპოზიციური ფაქტურა მომრგვალებულია, თითქოს საქმე გვაქვს დენად აკუსტიკურ პლაზმასთან, შესაბამისად, მინიმალისტური სტატიკა (ანუ განმეორებები) გადადის მინიმალისტურ დინამიკაში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაწარმოების მსვლელობის ნებისმიერ მომენტში უნდა იკითხებოდეს სწორედ ეს საბაზისო მელოდიურ-რიტმული ფიგურა, სწორედ ასეთ ფიგურას ჰქვია „პატერნი“. 60-იანებში ამ მუსიკას „პატერნულ მუსიკას“ ეძახდნენ, მინიმალიზმი მოგვიანებით, 70-იანებში დაარქვეს. ასეთი მუსიკის საბოლოო ეფქტის გაშიფრვა, არცთუ ისე მარტივია და სწორედ აქ ვლინდება ამ კომპოზიტორების გენიალურობა, რომლებიც ახერხებენ კლასიკური რაციონალიზმის ირაციონალურ ტერიტორიაზე გადაყვანას. მაშინ ბევრისთვის ეს მუსიკა ნერვებმომშლელი იყო და მსმენელზე ძალდობაშიც კი ამხელდნენ კომპოზიტორებს, რომლებსაც სინამდვილეში, საკუთარი მსოფლმხედველობა და შეგრძნებები გადაქონდათ თავის მუსკაში. 

სტივ რაიხი

სტივ რაიხი გატაცებული იყო ჯაზით, კერძოდ ჯონ კოლტრეინით, მაგრამ საკუთარ მუსიკაში თავდაპირველად უფრო „კონკრეტულ მუსიკას“ ეყრდნობოდა. მას პიერ შაფერის მიერ გამოგონილი სემპლ-ჩაციკვლის (ლუპინგი)ტექნიკის უფრო გაეღმავება და ახალ კონცეპტუალურ ბაზაზე დასმა უნდოდა, და აი, ერთხელ, შემთხვევით, ის გადაეყარა რომელიღაც აფრო-ამერიკელი ბაპტისტი მღვდელის ეგზალტირებულ გამოსვლას, რომელიც აპოკალიფსს ქადაგებდა და სისტემატურად იმეორებდა: It’s Gonna Rain (წარღვნა დაიწყება). 

რაიხზე ამან შთაბეჭდილება მოახდინა. მას სულ თან დაჰქონდა ძველი გერმანული მაგნიტოფონი, ეს ფრაზა ჩაწერა, შემდეგ ბევრჯერ გადაწერა მიყოლებით მეორე მაგნიტოფონზე, ანუ ჩაციკლა და დაიწყო ექსპერიმენტები. 

ეფექტისთვის მას უნდოდა, სინქრონულად გაჟღერებულიყო ეს ჩაციკლული ფრაზა ორ ერთნაირ მაგნიტოფონზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთი უფრო სწრაფად უკრავდა ვიდრე მეორე, ანუ იწყებოდა წანაცვლება ერთმანეთის მიმართ, რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, კვლავ ემთხვეოდა ერთმანეთს და კვლავ თავიდან იწყებოდა პროცესი, პროცესი, რომელსაც სტივ რაიხმა დაარქვა Phasing, „ფეიზინგი“, ანუ როცა ორი ერთნაირი მუსიკალური ფრაზის ერთმანეთის მიმართ ფაზური წანაცვლება ხდება. 

აკუსტიკური ეფექტი მართლაც უცნაური და არაპროგნოზირებადი გამოვიდა, ფაქტიურად მუსიკა საკუთარ თავს აწარმოებდა, მთავარი იყო საწყისი პოზიციიდან დაგეძრა პროცესი. რა თქმა უნდა, რაიხმა ბევრი ტექნიკური მანიპულაციები დაამატა, რის შედეგადაც მიიღო თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული ნაწარმოები It’s Gonna Rain (1964). „ფეიზინგი“ რომ სოლიდურ კომპოზიტორულ ტექნიკად ექცია, რაიხმა გადაწვიტა საფორტეპიანო პიესა შეექმნა, ე.წ. Piano Phase - მარტივი საფორტეპიანო ფრაზა, გაორმაგებული, რომელიც თანდათანობით ერმანეთს სცილდება შესრულების დროს და გარკვეული დროის შემდეგ ემთხვევა, ანუ სასტარტო პოზიციას უბრუნდება. ტექნიკურად, ასეთი ნაწარმოების შესრულება ცოცხლად საკმაოდ რთულია და სწორედ ამაშია მინიმალიზმის ხიბლიც, პარტიტურით მარტივი, მაგრამ შესასრულებლად რთული. 

მოგვიანებით სტივ რაიხი განაში გაემგზავრა, სადაც აითვისა ურთულესი დრამინგ პოლირიტმიკა, იდელურად რომ შეესაბამებოდა მის ფაზურ ტექნიკას. შემდეგ კი აღმოაჩინა ინდონეზიური გამელანის ორკესტრი, რომელიც ფაქტიურად ისე ჟღერდა, როგორც პროტო მინიმალისტური პერკუსიული ეთნო მუსიკა.

სწორედ გამელანით ინსპირირებულმა შექმნა თავისი ყველაზე ცნობილი შედევრი, „მუსიკა 18 მუსიკოსისთვის“, რომელიც მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებადაა დღეს აღიარებული.

ტერი რაილი

ტერი რაილი იყო პირველი სახელგანთმული მინიმალისტი კომპოზიტორი, რომლის გავლენა გასცდა მინიმალიზმს, კლასიკურ მუსიკას, ავანგარდს და პროგრესული როკ პოპ თუ ჯაზ მუსიკალურ ტერიტორიებზეც გავრცელდა. 

გადამწყვეტი ამ მხრივ, მისი რევოლუციური ნაწარმოები In C, ანუ „დო ტონში” გახდა. ყველა მუსკოსი თავის ინსტრუმენტზე ასრულებს ერთი და იმავე მარტივ პასაჟებს, დო-ში. პასაჟების რაოდენობა არის 53, ყველა ნოტს აქვს ერთი სიგრძე (1/8), რაც ერთდროულად მოქნილს და მონოტონურს ხდის მუსიკას. მთავარი ჩანაფიქრი არის ის, რომ ყველა ინსტრუმენტი ერთდროულად არ შემოდის, ორკესტრი დაყოფილია მცირე ჯგუფად: ჯერ ერთი ჯგუფი იწყებს დაკვრას, მოგვიანებით მეორე ჯგუფი იწყებს ზუსტად იგივეს შერულებას, შემდეგ მესამე ჯგუფი შემოდის და ასე შემდეგ, ყველა ჯგუფმა უნდა შეასრულოს ორმოცდაცამეტივე პასაჟი, შესაბამისად, ზოგი ადრე დაასრულებს, ზოგი მოგვიანებით. როცა ბოლო ჯგუფიც დაასრულებს, ნაწარმოებიც სრულდება. 

ეს ნამუშევარი რაილიმ 1964 წელს შემნა, სრულდებოდა კიდეც აქა-იქ, მაგრამ ჩანაწერი მხოლოდ 1968 წელს გამოიცა ალბომის სახით. აკუსტიკური ეფექტი გამაოგნებელი იყო, ეს თანდათან  აგორებული უზარმაზარი მუსიკალური მასა, რომელიც განვითარების პროცესში დეფორმირდება, იცვლება, მაგრად მაინც მყარად დგას, როგორც ჰიპნოტური მანტრული მონუმენტი. 

ეს იყო ჭეშმარიტად გათავისუფლებული მუსიკა, როგორც ასეთი. მარტო ის რად ღირს, რომ ეს ნაწარმოები, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა წყლის კომპოზიტორულია და გაწერილია პუნქტუალურად, ამავდროულად, სრულ თავისუფალებას აძლევს შემსრულებლებს და ინტერპრეტატორებს: ხანგძლივობა, ორკესტრის სიდიდე, ინსტრუმენტების არჩევანი, ჟღერადობა, ტემპი და ა.შ., პირoბითია და ნებისმიერ ცვალებადობას ემორჩილება, ამიტომაცაა, რომ ეს ნაწარმოები დღემდე აქტიურად სრულდება. 

ერთ-ერთი ბოლო შესრულება, დეიმონ ალბარნის მიერ ორგანიზებულ კოლექტივს African Express-ს ეკუთვნის, აქ უკვე სახეზეა აფრიკულ-მალიური ეთნო მინიმალიზმი. 

In C მყისვე საკულტო გახდა ე.წ ექსპერიმენტატორი მუსკოსებისთვის. The Who უშვებს ტრეკს Baba o’ Riley, გერმანიაში ელექტრონული ექსპერმენტატორები, იქნება ეს Tangerine Dream, Cluster თუ კლაუს შულცე, პირდაპირ ციტირებენ რაილის, ბრაიან ინოს პირველი ემბიენტიც დიდადაა დავალებული რაილის მინიმალიზმის წინაშე, თუმცა ინო უფრო ფილიპ გლასის მუსიკის ტყვეობაში იყო მაშინ. 

ფილიპ გლასი

ფილიპ გლასი ცოტა მოგვიანებით გამოვიდა ავანსცენაზე. რაილის და რაიხისგან განსხვავებით, მას ევროპაში სრულყოფილი აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული. კარგად იცნობდა ინდურ კლასიკურ მუსიკასაც, რავი შანკარს საკუთარ მოძღვრადაც კი მიიჩნევდა და კოლეგებისგან განსხვავებით, იმ პერიოდის აქტუალური როკ მუსიკაც აინტერესებდა. 

მისი მინიმალიზმი ამიტომაცაა უფრო ექსპანსიური, მძაფრი და სინკოპირებული, მაგრამ ეს სინკოპა არ იწვევს სვინგს როგორც ჯაზში. არ მიექანება არსად, ეფექტი სტატიკურია, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ერთ ადგილს ტკეპნის. ექსცენტრიულობა, თეატრალურობა და ამბიციურობა, აი, რა ახასიათებს გლასს. მან  მონუმენტური და მინიმალისტური ოპერაც კი დაწერა - „აინშტაინი სანაპიროზე“, რომელიც ბრწყინვალედ განახორციელა სცენაზე რეჟისორმა რობერტ უილსონმა. 

ამ პროექტის შემდეგ ფილიპ გლასი საკულტო პერსონაჟად გადაიქცა, როგორც აკადემიურ სივრცეში, ასევე მის მიღმა. შესანიშნავი საუნდტრეკების ავტორიცაა, მარტო Koyaanisqatsi- სთვის შემნილი ურბანული მედიტაცია საუნდტრეკი რად ღირს. 

თანდათანობით გლასიც, რაილიც, რაიხიც გასცდნენ კლასიკური მინიმალიზმის ჩარჩოებს, მათმა მინიმალისტურმა მუსიკალურმა ფილოსოფიამ კი სხვა მუსიკალურ ტერიტორიებზე მოძებნა ნაყოფიერი ნიადაგი და მიუხედავად იმისა, რომ მინიმალიზმის ეფექტი უკვე აღარავის უკვირს და უკვე ადვილად მისაღწევია,  მისი კლასიკური ნიმუშები დღესაც საოცრად დამაინტრიგებლად ჟღერს.  

ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ამ მუსიკას, სამყაროს ახლებურად გადააზრების იმპულსები კვებავდა. ის აბსოლუტურად ავთენტურია, არანაირი წინა ტრენდები არ გააჩნდა. მასში არ იგრძნობა ფარული პაპსა-შენიღბული პროდუქტი, ამიტომაც იწვევს ეს მუსიკა მსმენელის რეცეპტორების სტიმულაციას და დასრულებულ ფორმებსაც სწორედ მსმენელის წარმოსახვაში იღებს, ეს უნარი კი, ყველა ეპოქაში, ყველა ფორმაციაში დიდად ფასობს, ამიტომაც აგორდა უზარმაზარი მინიმალისტური ტრენდი, რომლის ტყვეობიდან გამოსვლა იმდენად უჭირს თანამედროვე აქტუალურ მუსიკას, რომ „ახალ“ ტერმინში ნახეს გამოსავალი, რომელიც უკვე  პოსტ მინიმალიზმის სახელითაა ცნობილი.

ავტორი: გია ხადური