თაობა

გზა აბიტურიენტობიდან სტუდენტობამდე

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, აბიტურიენტები სულმოუთქმელად ელოდებიან გამოცდების შედეგებს, რომ გაიგონ სად გააგრძელებენ სწავლას.


პროფესიის არჩევას აბიტურიენტების უმრავლესობა სწორედ დამამთავრებელ კლასში იწყებს. ამ პროცესს თან ახლავს ერთწლიანი შფოთვა, ნერვიულობა, სტრესი და დაძაბულობა. მოსამზადებელი პროცესი იმდენად ინტენსიურია, რომ დამამთავრებელ კლასში მყოფებს მათი ჩვეული ცხოვრებისთვის ნაკლები დრო რჩებათ, მთლიანად კონცენტრირებულები არიან საგამოცდო მასალებზე და მაქსიმალურად ცდილობენ, საუკეთესოდ მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.


აბიტურიენტობა პირველი ეტაპია თინეიჯერებისთვის, როცა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული მათი მომავალი, ოცნებები, მიზნები და გეგმები. საინტერესოა, რას ანიჭებენ უპირატესობას აბიტურიენტები მაშინ, როდესაც სამომავლო პროფესიას ირჩევენ.



ლიზი კოტრიკაძე

თეატრალური ხელოვნება 


დიდ სცენაზე დგომა და კინო-მსახიობობა ლიზი კოტრიკაძის ოცნებაა. სწორედ ამიტომ, მან თავის მომავალ პროფესიად მსახიობობა აირჩია და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა. პირველად რომ სცენაზე მოხვდა, მეოთხე კლასში იყო და მას შემდეგ არასდროს დაუნებებია თავი. ლიზი ის იშვიათი შემთხვევაა, რომელმაც მცირე ასაკში გადაწყვიტა პროფესიის არჩევა და აღარ შეუცვლია. აპირებს, რომ ამ სფეროს ბოლომდე მიჰყვეს და წინ დიდი გეგმები აქვს. 

სცენაზე პირველად მეოთხე კლასში დავდექი და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე საყვარელი საქმე. მას შემდეგ არ გავჩერბეულვარ და მინდა, რომ ეს იყოს ჩემთვის მთავარი პროფესია

გამორჩეული მსახიობები არ ჰყავს. მიიჩნევს, რომ ამ პროფესიაში უამრავი ადამიანია, ვისაც თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს და თავისმხრივ, ყველა გამორჩეულია. სამაგიეროდ, ზუსტად იცის, რომ ჩეხოვის “თოლიაში” ნინას როლის შესრულება სურს. უკვე შესრულებული როლებიდან კი გიორგი კაჭარავას ფილმში “კაცი” ფიქრიას როლს გამოარჩევს. ამბობს, რომ კინო მისთვის საოცარი გამოცდილება იყო და სურს, მომავალში უამრავ ფილმში მიიღოს მონაწილეობა.


ლიზიმ თავისი, როგორც აბიტურიენტის გამოცდილებაც გაგვიზიარა. ამბობს, რომ ამ პერიოდში ძალიან დიდ სტრესს და შფოთვას განიცდიდა, რადგან ემოციურად უჭირდა მღელვარებასთან გამკლავება. მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო მოახლოებულ გამოცდებზე, რათა მისი მიზნებისთვის მიეღწია.


ფიქრობს, რომ სკოლაში განათლების სისტემა განახლებას საჭიროებს, რათა სხვადასხვა ნიჭის მქონე ადამიანებს მეტი საშუალება მიეცეთ საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლად. მისი აზრით, სისტემა უფრო მეტად ინდივიდებზე კონცენტრირებული უნდა გახდეს, ვიდრე კოლექტივზე. 

“დღეს სკოლაში ყველას ერთნაირად გვთხოვენ ცოდნას. ზოგს ტექნიკური საგნები უფრო მეტად გამოსდის, ზოგს ჰუმანიტარული, თუმცა მათ შორის ზღვარი წაშლილია, რადგან ვინც ერთ სფეროში უფრო ძლიერია, ვიდრე მეორეში, არ ეძლევა საშუალება მისი მთავარი უნარები გაიუმჯობესოს” 

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ მისი ოცნება ჰოლივუდში მოხვედრაა, თუმცა ესმის, რომ ამისთვის უამრავი მუშაობაა საჭირო. შესაბამისად, უფრო მეტად კონცენტრირებულია მიმდინარე გამოწვევებზე და ნაკლებად ფიქრობს ოცნებებზე, რომელიც მხოლოდ შრომის შედეგად არის ასრულებადი. 


გიორგი ლელაძე

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები


ეკოლოგია, ბუნება, ბიოლოგია, გლობალური დათბობა - ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, რომლის შესწავლაც აბიტურიენტ გიორგი ლელაძეს აინტერესებს. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა საბუნებისმეტყელო მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩაებარებინა აგრარულ უნივერსიტეტში და მისი ცხოვრება კვლევა-შესწავლა-ძიებისთვის დაეთმო.


ამბობს, რომ მისი ინტერესების გაღრმავებაში დიდი როლი სწორედ სკოლამ შეასრულა. მთელი ამ წლების განმავლობაში კლასელებთან ერთად ხშირად დადიოდა ექსკურსიებზე, ლაშქრობებზე და შედეგად ბუნებას ძალიან დაუახლოვდა. აღელვებს მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა და სურს, რომ მომავალში სწორედ ამ პრობლემების შესწავლასა და მოგვარების გზებზე იმუშავოს. 

ბუნებასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მასზე დაკვირვება, მიმდინარე პროცესების შესწავლა ჩემი მიზანია, რადგან მინდა ამ მხრივ რაიმე მნიშვნელოვანი გავაკეთო, რაშიც სტუდენტობის დროს მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარება

აბიტურიენტობის პერიოდის შეფასებისას, გიორგი ლელაძე ამბობს, რომ პროცესი რუტინული და დამღლელი იყო, თუმცა მისთვის საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. გული წყდება იმაზე, რომ სკოლები ვერ ახერხებენ საგამოცდო პროგრამაში შესული საკითხების სრულად მიწოდებას მოსწავლეებისთვის და ისურვებდა, ეს გამოცდილება შეიცვალოს.


მიუხედავად ასეთი დაძაბული გრაფიკისა, გიორგი მაინც ახერხებდა თავისუფალი დროის გამონახვას და მეგობრებთან ერთად დროის გატარებას. მის ცხოვრებაში სპორტსაც დიდი ადგილი უჭირავს, ამიტომ, არც საყვარელი საქმიანობა დავიწყებია და აქტიურად ვარჯიშობდა. ფიქრობს, რომ აბიტურიენტებმა არ უნდა მისცენ საკუთარ თავს უფლება, შფოთვას და სტრესს დანებდნენ. მისი აზრით, განტვირთვა და დასვენება აუცილებელია.


ეროვნული გამოცდების ბარიერი გიორგის შეფასებით წარმატებით გადალახა, მაგრამ წინასწარ პროგნოზებს მაინც ერიდება. მიიჩნევს, რომ ეროვნული გამოცდები არც თუ ისე რთულია, თუმცა მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუ გამოცდების მეთოდი უფრო დაიხვეწება და ფაქტობრივ ცოდნაზე მეტად, ადამიანის უნარებს შეამოწმებს. მისი აზრით, დღეს ამ მისიას არსებული ტესტები მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს.


სტუდენტობისგან დიდი მოლოდინები აქვს. იმედოვნებს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ შეძლებს საკუთარი პროფესიით დასაქმებასა და საყვარელი საქმის კეთებას. 



ნინუცა ნარმანია

გრაფიკული დიზაინი



ნინუცა ნარმანია 17 წლისაა და წელს დაამთავრა სკოლა. მრავალი წელი ქართულ ნაციონალურ ცეკვებს მიუძღვნა, თუმცა სწორედ აბიტურიენტობის გამო გადაწყვიტა დროებით დაეტოვებინა ანსამბლი და მთელი დრო ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად გამოეყენებინა.


ნინუცამ სამომავლო პროფესიად გრაფიკული დიზაინი აირჩია, რადგან ფიქრობს, რომ მისი მიზნების მიღწევას სწორედ ამ სფეროში შეძლებს. გრაფიკული დიზაინი ნინუცასთვის თანამედროვე და კრეატიული საშუალებაა საკუთარი ინტერესების, ემოციებისა და სათქმელის გადმოსაცემად. ფიქრობს, რომ ამ პროფესიას დიდი მომავალი აქვს და სურს, ამ პროცესის ნაწილი იყოს. 

გრაფიკული დიზაინი ჩემთვის არამარტო პროფესია, არამედ ცხოვრების სტილი შეიძლება გახდეს, რადგან მიზნად მაქვს დასახული გავხსნა თანამედროვე სივრცე, რომელსაც საკუთარი გრაფიკული ნაშრომებით გავაფორმებ, რადგან ეს სფერო არამარტო პროფესია, არამედ ხელოვნებაა ჩემთვის

აბიტურიენტობა მისთვის კარგი გაკვეთილი იყო, რადგან როგორც ამბობს, ბევრი რამ გადააფასა. უფრო მეტად მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია განათლება და ზოგადად, შემეცნების პროცესი. მიუხედავად ამისა, მიიჩნევს, რომ სკოლა არასაკმარისად ამზადებს მოსწავლეებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და ისურვებდა, რომ საგანმანათლებლო პროცესი უფრო მეტად პიროვნულ განვითარებაზე იყოს ორიენტირებული.


სტუდენტობისგან დიდი მოლოდინები აქვს, რადგან ფიქრობს, რომ ახალ მეგობრებსა და საჭირო ცოდნას შეიძენს, თუმცა მისთვის აკადემიური განათლება არ არის საკმარისი. 



“მხოლოდ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა არ იქნება საკმარისი დიდი მწვერვალების დასაპყრობად. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი თვითშემეცნების პროცესშიც ჩაერთოს, რათა უფრო მეტად განვითარდეს. ამის საშუალებას კი თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი და ონლაინ რესურსები იძლევა”


ავტორი: დიმიტრი სანაია