ცისფერი მთები

გომის მთა - ღრუბლების და სამკუთხა სახლების კურორტი

ბავშვობაში ერთი ასეთი წიგნი მქონდა, „ბასტისა და ბუბუს საოცარი მოგზაურობა“, რომელითაც იდეალურადაა შესაძლებელი ბავშვი გეოგრაფიით დააინტერესო.დღემდე მახსოვს, ამ წიგნში საქართველოზე ეწერა - "პატარა, მაგრამ მთაგორიანი ქვეყანაა" და ყვითლად იყო მოხატული სხვადასხვა ზომის მთები ქვეყნის რუკაზე.


შეიძლება, მაშინ შემიყვარდა რუკების ჩაკირკიტება და ყველა მთისა თუ მდინარის გაცნობა, ან მაშინ შემიყვარდა საქართველოს მთები. მომავალში, როცა თავად დავიწყე ამ პატარა ქვეყნის შემოვლა, მთებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს.

©️ნატა კიკნაძე

რთულია, არ გიყვარდეს თავისუფლების განცდა, რომელსაც მთები განიჭებს. თანაც, თუ მთა ზღვის დონიდან 2700 მეტრზე, შუაგულ, მწვანედგახასხასებულ გურიაში ხარ და ოთხივე მხრიდან ნისლი გახვევა.

გომის მთაზე მოსახვედრად, პირველ რიგში, საჭიროა ოზურგეთში ჩახვიდეთ. იქიდან გადასახვევია სოფელ შემოქმედისკენ, რომლის დასასრულსაც ბჟუჟჰესი შეგხვდებათ და გომის მთის გზაც დაიწყება. 


როგორც გურულებმა გაგვაფრთხილეს, ბჟუჟჰესამდე მშვენიერი გზაა, ახალი და ტკიცინა. აი იქიდან კი საშიში გზა იწყება. სინამდვილეში, ჰესამდე მართლაც კარგი გზა მიდის, გომის მთის გზას კი ცუდს ვერ უწოდებ - აქ ორი მანქანა თავისუფლად აუვლის ერთმანეთს გვერდს, არც გადასავარდნებია, არც სხვა სახის დაბრკოლებები. ერთი ისაა, ასფალტდაგებული და ტკიცინა გზა არ არის, თუმცა რა უჭირს. ამ „ცუდ“ გზაზე მხოლოდ 1 საათია სავალი, ისიც თუ აუღელვებლად მიდიხარ და გზადაგზა, ხან ბჟუჟჰესის ჟღერადობაზე გეღიმება და ხანაც გურიის ხასხასა მწვანე ტყეების ყურებაში ერთობი. 

ალბათ, გომის მთის ერთი ფოტო მაინც ყველას უნახავს, აი ის, ცნობილი გადმოსახედიდან რომ მოჩანს ჩაწოლილი ღრუბლები და „შით“ ჩამავალი მზე. რომ ვერ გაიგებ, მიწაზე დგახარ თუ ღრუბლებზე გაწოლილხარ .


დარწმუნებული ვარ, ამ ფოტოს ხათრით ბევრმა გადაუხვია შემოქმედისკენ და შემდეგ გომის მთის დახვეულ გზას დაადგა. მაგრამ, რა ხდება მაშინ, თუ გომის მთაზე ახვედი და ნისლი დაგხვდა? არც ის სასწაული ღრუბლები ჩანს სადმე და თანაც, უღმერთოდ ცივა. გგონია რაღაცა დაგხვდება, არსებობს თავისთვის და ელოდება, შენ როდის მიხვალ მის სანახავდ, მიხვალ და სულ სხვანაირი ყოფილა, ნისლიანი და ცივი.


თუმცა, ეს საერთოდ არაა კარგი მიზეზი იმისთვის, რომ გომის მთის გრძელ და დაკლაკნილ გზებს არ გაუყვე. მიზეზი მარტივია, ღრუბლებში ჩამდნარი მზე კი შეიძლება არ დაგხვდეს, მაგრამ აუცილებლად დახვდება გომის მთა თავისი პატარა, სამკუთხა სახლებით და ნისლებით, რომლებიც ისე შემოგეხვევიან, სულ დაგავიწყდება, აგვისტოს მიწურულს, ასე სასწაულად რომ გცივა. 

©️თამარ გოქაძე

გომის მთა იდეალური ადგილია, თუ ცივილიზაციამ დაგღალა. აქ ვერ შეხვდები კაფეს, ეგ კი არა, ტელეფონიც ძლივს იჭერს, ისიც ორ წერტილში, წამოგორდები იმ ლამაზ გადასახედზე და ღრუბლების ნაცვლად, მისტიკური ნისლების ნაწილი გახდები. რა არის ბედნიერება, თუ არა ნისლებშეყრილი გომის მთა, თავისი მწვანე, რბილი საძოვრებით და ხის პაწაწინა, გეომეტრიული სახლებით? ჩემთვის, მეტი არც არაფერია. 

©️თამარ გოქაძე

მთაში ამინდი ხშირად იცვლება, არც გომის მთაა გამონაკლისი. ერთწუთს ისეთი ნისლი ჩაწვებოდა, არაფერი ჩანდა, ორ წუთში გაიყრებოდა და მთის მწველი მზე ჩახახებდა, მერე ისევ ნისლი მოვარდებოდა, მოიტანდა წვრილ წვიმას, საშინელ სიცივეს და ისაა ყველა იმედი გადაგეწურებოდა, ნისლების თავზე მზე გამოიჭყიტებოდა და ამ ნაცრისფერ ნისლებს, სულ სხვა სიცოცხლეს ჩუქნიდა. როგორი ამინდი იყო? ყველანირი, ერთადერთი, თოვლის ნამქერი არ წამოგვეწია - მზეც იყო, ქარიც, წვიმაც და ნისლიც, ერთადაც და ცალცალკეც. გომის მთაზე ამინდი თავისუფალია და არანაირ წესებს არ ემორჩილება. 

©️მირიან თედორაძე

ამ პატარა და შორეულ კურორტზე მარტივად იქირავებთ ოთახს, ან საკუთარი კარვით იმ ლამაზ გადმოსახედზე დაბანაკდებით, იმ იმედით, რომ მთა ფიქრით მალე დაიღლება და მზე გამოანათებს. ის ღრუბლებიც ჩამოწვება საუკეთესო ფოტოს გადაიღებთ. და თუ ასეთ ფოტოს ვერ გადაიღებთ, და შესაძლოა, ნისლების გამო ფოტო საერთოდაც ვერ გადაიღოთ, გული არ გაიტეხოთ - არაფერი შეედრება გომის მთის ნისლებს.

©️ნატა კიკნაძე

პ.ს. დაბრუნებისას ნისლები გომის მთის დაკლაკნილ გზებზე გამოგვყნენ და ბჟუჟჰესამდე ჩაგვაცილეს. ცოტა საშიში იყო, თუმცა ვიცოდით, გომის მთის ფიქრები ცუდს არაფერს გვიპირებდნენ.


პ.პ.ს. გომის მთაზე სეზონი მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე გრძელდება, ამიტომ თუ მონახულებას გადაწყვეტთ, ეს პერიოდი აარჩიეთ. სხვა შემთხვევაში არა მგონია, ვინმე ან რამე სულიერს გადაეყაროთ. ან საერთოდაც მთამდე ააღწიოთ. 

ავტორი: ნატა კიკნაძე