თიბისელები

8 წელი თიბისიში - გიორგი გოგშელიძე

ოქტომბერი 23, 2019

„20 წლის ასაკში ჩემი სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრა გამართლება იყო. შეიძლება დამსახურებულიც, მაგრამ მაინც გამართლება...“ - ასე იხსენებს 8 წლის წინ თიბისიში დაწყებულ ისტორიას, როდესაც მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ ბანკში უმცროსი იურისტის ვაკანსია იყო. 


„როდესაც დავიწყე, თიბისი ჯერ კიდევ უბრალოდ ბანკი იყო - სესხების გამცემი ორგანიზაცია. იურიდიულ დეპარტამენტსაც ძირითადად ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული კითხვებით მოგვმართავდნენ. მაგრამ მალე ბანკმა საოცარი ტემპით დაიწყო ზრდა. თავიდანვე ორი უმსხვილესი პროექტის ნაწილი გავხდი, როდესაც 2 ბანკი შემოვიერთეთ. ნელ-ნელა გაჩნდა ახალი მიმართულებები, პროდუქტები, ეკოსისტემები, საერთაშორისო არენაზე გასვლა, უმსხვილესი ტრანზაქციები, დიჯიტალიზაცია და მსოფლიო ტენდენციები, რომლებსაც თიბისიმ წარმატებით აუწყო ფეხი. ჩემი საქმიანობა ბანკით დაიწყო, დღეს კი თიბისი ჯგუფის ნაწილი ვარ.“


თიბისიში გიორგი გოგშელიძეს - იგივე გოგშელას, ყველა იცნობს. კომუნიკაბელური და ის, ვინც რთული სიტუაციიდან ყოველთვის პოულობს გამოსავალს - ასეთია თიბისელების ასოციაცია. დღეს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოადგილეა, თიბისი ჯგუფის სამ შვილობილ კომპანიასაც ხელმძღვანელობს და ბანკსა და ეკოსისტემებს შორის გამტარი რგოლია. მოლარედან დაწყებული დირექტორატით დამთავრებული ყველასთან უწევს კომუნიკაცია და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. 


„ბაზარი კონკურენტულია და ბუნებრივია ამ წლების განმავლობაში ბევრი შემოთავაზება მქონდა. ამდენი წლის შემდეგაც რატომ ვარ ისევ აქ? - მიზეზი არ არის მხოლოდ პოზიციური ზრდა. ნებისმიერ საქმეში და ზოგადად ცხოვრებაში, ერთი მთავარი მიდგომა მაქვს - მუდმივად მოძრაობაში უნდა იყო. შესაძლოა საქმე შემოსავლიანი იყოს, მაგრამ თუ ის ერთფეროვანი გახდა, ვეღარ გავაკეთებ. თიბისი მუდმივად ვითარდება, შესაბამისად აქ სულ სიახლეა, სულ იზრდები. ქართულ ბაზარზე არ მეგულება ამ ზომის კომპანია, სადაც ასეთი დინამიკა და ამდენი შესაძლებლობაა. ვიცი, რომ ყველა გვაკვირდება და ისიც ვიცი, რომ ჩვენ ყოველთვის სხვებზე რამდენიმე ნაბიჯით წინ ვართ. 8 წელი არ არის ცოტა ერთ კომპანიაში მუშაობისათვის, უბრალოდ მოძრაობაში დრო მალე გადის. პირველივე დღიდან საკუთარ საქმეში პროფესიონალი ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი, ვისგანაც მაგალითს ვიღებდი და ყველანაირ ცოდნას ვისრუტავდი. იმ დროს ჩემი თანატოლებიც შეიძლება კარგ ადგილებში მუშაობდნენ, მაგრამ მე საუკეთესოებისგან ვსწავლობდი, საუკეთესოებთან მიწევდა შეჯიბრი, საუკეთესოებს არ უნდა ჩამოვრჩენილიყავი. ასეთ გარემოში თამასა იმდენად მაღალია, როდესაც უკან იყურები, ხვდები - თურმე შენც როგორ გაიზარდე.“


სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა და მუშაობა არასოდეს შეუწყვეტია. ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, შემდეგ თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ბერლინის უნივერსიტეტში სწავლა, რაც 4 თვე ფიზიკურად ადგილზე ყოფნას გულისხმობდა. წასვლა „მერჯერის“ პროექტის დროს მოუწია, თუმცა გუნდისგან სრული ხელშეწყობა ჰქონდა. შემდეგ კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსები გაიარა. ახლაც სტუდენტია - ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დოქტურანტურაზე სწავლობს. დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უკვე სხვებს უზიარებს და როდესაც დრო აქვს, ლექციებს კითხულობს. 


„თუ გინდა ცხოვრებაში რამე გამოგივიდეს, ბევრი რამ უნდა ცადო. 16-17 წლის ასაკში უკვე ვცდილობდი მეპოვა ჩემი საქმე."

„იმ დროს, როდესაც ჩემი თანატოლები არჩევანის წინაშე იყვნენ, მე უკვე ნანახი მქონდა სასამართლო პროცესებიც, საჯარო სამსახურიც. ვიცოდი, რომ არც ერთი მომწონდა და კორპორაციულ სივრცეში მოხვედრას ვცდილობდი. სწორედ ცდაში მოდის გამართლება და მეტი შანსი. ის კონკრეტული მომენტი, როდესაც თიბისის ვაკანსიის თაობაზე მე დამირეკეს და არა სხვას, ერთგავრი გამართლება იყო, თუმცა იქამდე არაფერი მომიკლია იმისთვის, რომ სწორედ ჩემთვის დაერეკათ. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, თუმცა ვიცოდი, რომ არასოდეს ვყოფილვარ გამორჩეულად ნიჭიერი. ვიცი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა გამომდის და ეს ჩემი ძლიერი მხარეა. იცი რა არის მთავარი იურისტისთვის? - როცა დაძაბულობაა, გადაკვეთის წერტილები იპოვოს და მოარიგოს სხვადასხვა მხარე. ბავშვობიდან რაღაცნაირად სულ გამომდიოდა კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება.“


ოჯახში 3 დედმამიშვილთან ერთად გაიზარდა, ამიტომ შემთხვევითი არაა ხასიათისა და პიროვნების ორი ძირითადი მახასიათებელი - სხვებზე ზრუნვა და დამოუკიდებლობა.


„ცხოვრების ყველა მთავარი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე - სად მესწავლა, სად მემუშავა, როდის შემექმნა ოჯახი. საქართველოში სოციალური გარემოს გამო, ყველა გადაწყვეტილების მიღება ადრეულ ასაკში გვიწევს. არ გვაქვს ფუფუნება სკოლის დამთავრების შემდეგ ევროპელი ახალგაზრდებივით ვიმოგზაუროთ, ცხოვრება ვნახოთ, part-time საქმიანობებით დავკავდეთ, ჩვენი მოწოდება ვიპოვოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავხდეთ სტუდენტები. მეც ჩემი ყველა გადაწყვეტილება ადრეულ ასაკში მივიღე. უბრალოდ, ვიცოდი, რომ მინდოდა პროფესია, რომელსაც არა ნიჭი, არამედ ცოდნა დასჭირდებოდა. გამიმართლა, რომ წლების წინ თურმე ისეთი საქმე ავირჩიე, რომელშიც იმედგაცრუება არასოდეს მქონია.“


პატარა ასაკში მოახერხა და  სწავლისა და მუშაობის უწყვეტ რეჟიმს მეუღლისა და ახალგაზრდა მამის როლიც შეუთავსა. 


„ხშირად მიმუშავია ისეთ რთულ ქეისებზე, რომელთა გამოც 3 დღე-ღამე ვერ გამოვსულვარ სამსახურიდან. ასეთ რეჟიმში წარმოუდგენელია მუშაობა, თუკი ოჯახისგან სრული მხარდაჭერა არ გაქვს. ნიკო თავიდანვე მიჩვეული იყო, რომ მისი მშობლები მუშაობდნენ. წლის და 10 თვის იყო, როდესაც ბაღში მივიყვანეთ. ფეხიც კი არ ჰქონდა ბოლომდე ადგმული, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ასეთ გიჟურ რეჟიმშიც კი კვირაში ერთი დღე მთლიანად ჩემი შვილისაა. რაღაცნაირად ყველაფერს ვასწრებ, სკოლიდან მოყოლებული მეცადინეობასა და გართობას თანაბარი წარმატებით ვახერხებდი, ამის ერთადერთი გასაღები კი დილას ადრე ადგომაა. ყოველ დილას 7 საათზე ვიღვიძებ. დილის საათები მხოლოდ შენი დროა - ოჯახს სძინავს, საქმეზეც არავინ გირეკავს. ამ დროს ვვარჯიშობ, ვკითხულობ, ახალ ამბებს ვეცნობი, ვმეცადინეობ. ამის შემდეგ კი იწყება საგიჟეთი. დაღლილი მაინც არასოდეს ვარ. ყველა სფეროდან უამრავი მეგობარი მყავს და ყველაზე მეტად მათთან ერთად დროის გატარება მიყვარს.“


ზოგჯერ, როდესაც უნდება ამ გადატვირთულ რეჟიმს ცოტა ხნით თავი დააღწიოს, ყველაზე დიდ სიამოვნებას ფილმების ყურება ანიჭებს. შეუძლია ბუნებაში განმარტოვდეს და სიჩუმეში გადაბმულად რამდენიმე ფილმს უყუროს. საყვარელი კინო და პერსონაჟი ფორესტ გამპია - ადამიანი, რომელმაც სიმამაცითა და სიყვარულის უნარით გაცილებით მეტი შეძლო, ვიდრე მისგან ელოდნენ.  


„წლების შემდეგ როგორ და სად წარმომიდგენია ჩემი თავი? - წარმოების სფეროში. მინდა ისეთი შესაძლელობები შევქმნა, რომ სხვების დახმარება შევძლო. კიდევ ერთი მიზანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნაა, იმიტომ რომ სწორედ კარგი განათლებაა ყველანაირი წარმატების საფუძველი და საწყისი.“

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: რეზი ყენია