გერგეტის სამებიდან საბერწემდე და იმის ზემოთ

1995 წლის ზაფხულს ჭაუხებში ვიყავით, როგორც მაშინ ვამბობდით - „დიდი კამანდა.“

ერთ-ერთ საღამოს საკარვეებთან ორი შვეიცარიელი ალპინისტი წამოგვადგა თავზე. იქაურობას ჩვენი ფეთქებად-საშიში „პრიმუსი“ ჭვარტლავდა, სტუმრები სასწრაფოდ ვახშმად მივიწვიეთ და პურთან ერთად სკოლაში სამიანზე ნასწავლი ცოტა გერმანულიც გავტეხეთ. 

მაშინ ჭაუხებში ორი შვეიცარიელი მთამსვლელის ხილვა ბევრი მიზეზის გამო, დიდი მოვლენა გახლდათ, უმთავრესი შთაბეჭდილება კი ჩვენზე ამ ხალხის საჭურველმა დატოვა. 

ფოტო: ივა წიკლაური

არის ასეთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სცენა ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარსიფალში“:

პატარა პარსიფალს დედა, ჰერცელოიდე ყველაფერ რაინდულს უმალავს, რათა იგი მამის - სახელოვანი რაინდი ჰამურეტის გზას არ გაჰყვეს და, შესაბამისად, თავადაც მამასავით ამ გზაზე არ დაიღუპოს.  


ერთხელაც არლესჰაიმის ტყეებში ყმაწვილი და გულანთებული, მაგრამ უცოდინარი პარსიფალი ცხენოსან რაინდებს გადააწყდება, იგი ხედავს რიანდების საოცარ საჭურველზე როგორ ირეკლება გაზაფხულის ტყეების მწვანე ფოთლები და ამ ფოთლებში მოცურავე მზე, როგორ ბზინავს მათ მუზარადებზე. 


პარსიფალს უცხო რაინდები ღმერთები ეგონება და უმალ მათ წინაშე დაჩოქილი ლოცვით შესთხოვს - იქნებ თან წაიყვანონ ისიც. 

დაახლოებით, ასეთი რამ დაგვემართა მე და ჩემს მეგობრებს ბნელ 90-ანებში ორი შვეიცარიელი ალპინისტისა და მათი საჭურველის ხილვისას. საჭურველში კი ყველაზე გამაოგნებელი და მიმზიდველი ე.წ. სკიტურები იყო, რომლითაც ჩვენი სტუმრები ზაფხულში, ჭაუხების ცირკში აპირებდნენ ჯერ ასვლას და შემდგომ დაშვებას. 

რასაკვირველია, არც „შვეიცარიელმა ღმერთებმა“ წაგვიყვანეს თან და არც ჩვენ გვითხოვია წაყვანა. 

თუმცა, ტერფები და ქუსლები გერმანელი სამხედროების მიერ ჩამოწერილი და საქართველოში ჰუმანიტარული დახმარებით ჩამოსული „ვიბრამებისგან“ რვეულივით გადაფურცლული მქონდა, მეორე დილით, ჩინური კედებით, ნელი და მშვიდი სეირნობის რიტმით მაინც დავიძარი მწვერვალ თიკანაძის მიმართულებით, რათა იქიდან მეცქირა ჩემი შვეიცარიელი ღმერთებისათვის”. 

ფოტო: ნიკა ფალიანი

სხვათა შორის, საბჭოთა მემკვიდრეობის მიხედვით „ვარშავის პაქტის ქვეყნებსა“ და ნატოს ალიანსის სახელმწიფოებს შორის საზღვარმა ერთგვარად ჩემს სხეულზეც გაიარა, როგორც ზურგზე ოღრო-ჩოღრო და სისხლიანმა კვალმა მავთულ-ხალართებივით უხეში „აბალაკოვის“ ზურგჩანთისა, იმ „აბალაკოვისა“ - დღევანდელი ჩემი ხერხემლის თიაქარის წინაპირობებს რომ ქმნიდა. 

მოკლედ, შვეიცარიელებმა იმ ზაფხულს ჭაუხებში თითქმის ყველა მწვერვალი დალაშქრეს და სკიტურებითაც ისრიალეს.

ღმერთები რისი ღმერთები იქნებიან თუ მათზე მითები, და ლეგენდები არ შეიქმნა, ჩვენც - მხრჩოლავი და ფეთქებად-საშიში პრიმუსის გარშემო, ზაფხულის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ვლაპარაკობდით შვეიცარიელებზე, მათ თხილამურებზე და ქამუსებზე, თუ როგორი აჩეჩილია იგი ერთი მიმართულებით, როგორ იჭერს ის და არ აძლევს მთამსვლელს მთაზე დაცურების საშუალებას.

მაშინ ჩემს წარმოსახვაში ხსნებულმა „ღმერთებმა“ სხვადასხვა, მანამდე ერთმანეთთან დაუკავშირებელი არაერთი სპორტული თუ ცხოვრებისეული მიმართულება მჭიდროდ დააკავშირეს.

მაგალითისთვის - ალპინიზმი და სამთო სათხილამურო სპორტი, რომ თხილამური თავისი შესაძლებლობებითა და კონტექსტით არა მარტო კურორტების რეზერვაციაში გამომწყვდეული გარკვეული სოციალური კლასის პრივილეგიაა, არამედ ასევე შესაძლებელია ის ველურ და უკაცრიელ ბუნებაში ადამიანთა ინდივიდუალური თუ ერთობლივი გადაადგილების საშუალებაც გახდეს.

სკიტურები თანამედროვე სამყაროში თხილამურების პირვანდელ, ევოლუციურ მნიშვნელობას აბრუნებენ.  

ფოტო: თამო გოქაძე

ცნობისათვის, საქართველოში, ალევის ქედზე მდებარე ლომისის მონასტერში მოღვაწე ბერებისათვის სკიტურები უკვე მათი ბერული ყოფა-ცხოვრების განუყრელი ნაწილია. მონასტერი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მაღლა მდებარეობს, სადაც თოვლი ხშირად ოქტომბრის ბოლოდან მაისის ბოლომდე დევს. პირადად მე სკიტურების პირველ-ნახვიდან მის შეძენა-გამოყენებამდე დაახლოებით 19 წელი დამჭირდა, დღეს ისინი ჩემი განუყრელი მეგობრები არიან, დარში თუ ავდარში, სვანეთში თუ ხევსურეთში, ნოემბრიდან, ხშირად ივნისის ჩათვლითაც.

2013-14 წლებში მახსოვს, გიორგი გოცირიძე ფრანგ ექსპერტებთან ერთად კურორტი „თეთნულდის“ ტრასებს აპროექტებდა, სადაც ჯერ არც ტრასები და არც საბაგიროები არ იყო. გადაადგილება სკიტურით გვიწევდა და ჩვენი პირველი „გასკიტურებაც“ „ფრანგ ღმერთებთან“ ერთად შედგა.

ფოტო: თამო გოქაძე

მაშინ, ჭაუხებში ცეცხლის წინ მჯდომი ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ დღეს ამდენი სკიტურით შეპყრობილი ადამიანი გვეყოლობოდა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი სიყვარულით მათ დაინფიცირებაში „ლომის წილი“ საქართველოში პარაპლანით ფრენისა და სკიტურის დამფუძნებელ მამას, ირაკლი კაპანაძეს ეკუთვნის. 

ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ოდესმე საქართველოში სკიტურში შეჯიბრი გაიმართებოდა, როგორც ქალებისათავის, ისე ვაჟებისათვის, რომ ჭაუხებიდან ეს ცეცხლი 24 აპრილს ჯერ გერგეტის სამებასთან და შემდეგ უკვე საბერწეზე, ალტიჰატთან დაინთება, ცეცხლს, რომელსაც, თუ კარგად მოვუფრთხილდებით და გავაღვივებთ, უფრო ზემოთაც, კავკასიონის მწვერვალებზე ავიტანთ. 

ეს ის ცეცხლია, რომელიც თითოეული მთის მოყვარული ადამიანის არსებაში ღვივის, რომელიც და-ძმამ, ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეებმა 1934 წელს უშბაზე აიტანეს და დაანთეს, რომელიც ევროპული ალპინიზმის ოჯახის განუყრელ წევრად გვაქცევს და ამა წლის 24 აპრილს ქართული სკიტურის ისტორიაში მნიშვნელოვან ათვლის წერტილსაც ამოანათებს.   

ფოტო: ლაშა ებიტაშვილი

ავტორი: რატი ამაღლობელი