თაობა თიბისელები

მათემატიკოსი, ოღონდ მხიარული - როგორია მომავლის პროფესია?

13 მაისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტებისთვის ფორუმი "თაობა XXI - მომავალი და პროფესიები გაიმართა.

მაისი 16, 2019

თანამედროვეობაში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ტექნოლოგიურმა განვითარებამ დიდი გავლენა მაოხდინა ზოგადად კულტურაზე, მათ შორის ბიზნესის კეთებისა და მართვის სფეროში. ელვის სისწრაფით იცვლება ცხოვრებისეული პრიორიტეტები, ბაზარზე მოთხოვნები და იმპულსები კი კიდევ უფრო სწრაფად. შეიძლება გახსოვდეთ, რომ ორშაბათს ვაკანსია ნახეთ, პარასკევს კი აღმოაჩინოთ, რომ ასეთი პროფესია საერთოდაც აღარ არსებობს. უნდა გვეშინოდეს თუ არა ასეთი რეალობის? როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენი კარიერა, რათა მომავალში ჩვენი პროფესია მიწამ არ ჩაყლაპოს? — თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებზე თიბისისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივ ფორუმზე „თაობა XXI - მომავალი და პროფესიები“ ბიზნესის, განათლებისა და სპორტის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. 


მომავლის კორპორაციული კულტურა


სტრატეგია, ინოვაციურობა, მოქმედება და კომუნიკაცია - ეს ის თვისებებია, რომელიც თანამედროვე, მომავალზე ორიენტირებულ კომპანიებს აუცილებლად უნდა გააჩნდეთ. მყისიერი ცვლილებების ეპოქაში წარმატება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება თუკი ოთხივე კომპონენტი არ იქნება შემუშავებული და განხორციელებული.


კორპორაციული კულტურის ტრანსფორმაცია ტექნოლოგიების ხანაში მუდმივი და უწყვეტი პროცესია, რომელსაც თან ერთვის გამოწვევები და დაბრკოლებები. მას მრავალი წახნაგი აქვს: თანამშრომლებთან დამოკიდებულება, ბაზარზე ბრენდის პოზიციონირება, მიზნების სწორად დასახვა და მათი მიღწევა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ა.შ. ამ ყველაფრის კომბო ქმნის კორპორაციულ კულტურას, რომელსაც მოჰყვება გამარჯვებები. კორპორაციული კულტურა არის ის ფუნდამენტი, ფასეულობების ერთობა, რომლის მიხედვითაც იქმნება ყველაფერი შიგნით და შემდეგ ჩვენ მას უკვე სრულყოფილად ვხედავთ გარეთ. 

დამსაქმებლები ქმნიან პირობებს თანამშრომლებისთვის, ისინი კი დამსაქმებლების კომპანიის წარმატებაზე არიან პასუხისმგებელნი. ასეთია კორპორაციული კულტურის საწყისები და ასეთი იყო ყოველთვის. არავის სურს დრო და ენერგია ერთ კომპანიას შესწიროს, თუკი მეორე იმავე საქმეში უკეთეს ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს პირდება. ასევე არ სურს არც ერთ კომპანიას დაკარგოს ისეთი კადრები, რომლებსაც კარგი შედეგები მოაქვთ კომპანიებისთვის. ასეთი ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ ორივე მხარე ზრუნავს საუკეთესო შეთანხმების მიღწევაზე, რათა ყველა ბედნიერი იყოს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია დღეს, როცა დასაქმების ბაზარზე სრულიად ახალ პროფესიებზე გაჩნდა მოთხოვნა, ამ საქმეებში დახელოვნებული ადამიანების რაოდენობა კი ჯერჯერობით ისევ ძალიან ცოტაა. 


ფორუმზე „თაობა XXI - მომავალი და პროფესიები“ თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა, კორპორაციული კულტურა ოჯახს შეადარა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ოჯახში პასუხისმგებლობების გადანაწილება. ეს მართლაც ასეა - კორპორაციული კულტურა განაპირობებს იმას, რომ კომპანიამ ეფექტიანად შეძლოს ფუნქციონირება. ამ მხრივ ორგანიზაციული კულტურის თანამედროვე მკვლევრები ბევრს მუშაობენ და ქმნიან კონცეფციებს, რომელიც ამარტივებს მიზნების მიღწევას. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი კონცეფცია ეჯაილის სახელით არის ცნობილი, რომელიც კომპანიაში არსებული ადამიანური კაპიტალისა და მიზნების მიზნობრივ დაყოფას გულისხმობს. ტრადიციულ კომპანიებში ერთი და იმავე პროფესიის ადამიანები ერთად მუშაობენ და სხვადასხვა პროექტებზე მუდმივი დისტანციური კომუნიკაცია უწევთ პარტნიორებთან, რაც პროცესს საკმაოდ აჭიანურებს. ეჯაილის სისტემაში კი, შექმნილი სხვადასხვა გუნდები, რომლებიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან (პროგრამისტი, დიზაინერი და სხვ.), რომელთა ამოცანაც ერთი კონკრეტული მიზნის მიღწევაა. 


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი წარმატებული კორპორაციული კულტურის ჩამოსაყალიბებლად წარმატების გაზიარებაა. როდესაც კომპანიას აქვს უნარი ბაზარზე შექმნას პრეცენდენტები ინოვაციების დანერგვის კუთხით, შემდეგ კი შეუძლია თავის პარტნიორებს პირდაპირ გაუზიაროს ფორმულა, კონკურენტებს კი ირიბად მისცეს სტიმულები. რაც მეტია კონკურენცია ბაზარზე, მით უფრო ჯანსაღი იმპულსები არსებობს განვითარებისთვის.


მომავლის კორპორაციული კულტურა სწორედ ამაზეა ორიენტირებული - გადაჭრას ყველაზე კომპლექსური პრობელემებიც კი, ყველაზე სწრაფად და ეფექტიანად, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე შიდა კორპორაციული საკითხები. 


დასაქმება და მომავლის სამუშაოები


Microsoft-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა Windows 2000-ის კონფერენციაზე, რომელიც თითქმის ორი ათეული წლის წინ ჩატარდა, დაიწუწუნა, რომ თანამედროვე შრომის ბაზარზე საკმარისი პროგრამისტები და დეველოპერები არ არსებობდნენ, რაც პროგრესს ანელებდა. შემდეგ კი, პირდაპირ სცენიდან მოუწოდა ადამიანებს (გახსოვთ ის ვირუსული ვიდეო?!) მხოლოდ და მხოლოდ Developers, Developers, Developers გვჭირდებაო. ეს იყო მკაფიო გზავნილი, რომ ინდუსტრია იცვლებოდა, ვითარდებოდა და საჭირო იყო ახალი კადრების გაჩენა.


დღეს სამყაროში უფრო მეტი დეველოპერი გვყავს, ვიდრე ფერმერი, არადა 40 წლის წინ ასეთი რამ წარმოუდგენელიც კი იყო. მომავლის პროფესიებზე საუბრისას ხშირად შეცდომას ვუშვებთ, როცა ვამბობთ, რომ პროფესიები ქრება. სინამდვილეში, ყველა პროფესია პროგრესირებს და არა მათი გაქრობა, არამედ ჩანაცვლება ხდება. მაგალითად, ფოსტისა და ფოსტალიონების ფუნქცია ელექტრონულმა მიმოწერამ ჩაანაცვლა და ის ადამიანები, რომლებიც ადრე შესაძლოა ფოსტალიონები გამხდარიყვნენ, დღეს კომუნიკაციის სფეროში პოულობენ საკუთარ თავს. ჩანაცვლება “ემუქრება” ისეთ პრესტიჟულ სფეროებს, როგორიცაა ექიმის, იურისტების და მსგავს პროფესიებს.


დღესაც და მომავალშიც კიდევ უფრო მძაფრად, მოხდება გადაფასება საჭირო უნარებისა. დღეს შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში ფაქტების დამახსოვრება და ზეპირი უნარები ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი იქნება. სამაგიეროდ, წინ წამოიწევს ანალიტიკური უნარები, კრეატიულობა, პრეზენტაციის უნარი და რაც მთავარია, ტექნოლოგიებთან ურთიერთობა. 

„თაობა XXI - მომავალი და პროფესიების” ფორუმზე თავისუფალ უნივერსიტეტში მეორე პანელის მოდერატორმა და თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის ხელმძღვანელმა გვანცა მურღვლიანმა ის პროფესიები ჩამოთვალა, რომელიც უახლოეს მომავალში ყველაზე მოთხოვნადი იქნება ბაზარზე. ესენია: მონაცემთა ანალიტიკოსი და მეცნიერი; ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სპეციალისტი; ციფრული ტრანსფორმაციის სპეციალისტი; ორგანიზაციის განვითარების სპეციალისტები და ადამიანისა და კულტურის სპეციალისტები.


შეამჩნევდით, რომ მომავლის პროფესიებში ჭარბობს ტექნოლოგიების სფერო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ პროგრამისტები იქნებიან ყველაზე წარმატებული ადამიანები. მეტსაც გეტყვით, ტრადიციული მეცნიერებები, როგორიცაა ბიოლოგია, ანთროპოლოგია, ქიმია და სხვა კვლავინდებურად მოთხოვნადი იქნება, მხოლოდ იმ კომპლიმენტით, რომ აუცილებელი იქნება ამ სფეროს წარმომადგენლები ტექნოლოგიებში იყვნენ გარკვეულნი. ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ყველა ბიოლოგს უნდა შეეძლოს კოდის წერა, თუმცა ის კი ნათელია, რომ კოდის გაგების უნარი აუცილებელი იქნება. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ პროფესიები არ ქრება, არამედ თანამედროვეობის გამოწვევებთან ხდება ადაპტირებადი. ამ პროცესში ფაქტობრივად წაშლილია ზღვარი ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა მეცნიერებებს შორის, რადგან მომავლის პროფესიები წარმოადგენს ერთი მხრივ მეცნიერული ცოდნისა და მეორე მხრივ ტექნოლოგიური უნარების კომპილაციას.


მომავლის პროფესიების ათვისება ყველასთვის შესაძლებელია, თუკი ამის სურვილი არსებობს. ტექნოლოგიური რევოლუცია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სიკეთეა, რომელიც ამარტივებს ჩვენს ცხოვრებას და არ არსებობს საფუძველი, რომ ამ პროცესის გვეშინოდეს, თუკი შევძლებთ მასთან ადაპტირებას. 


მომავლის კომპანია


„თაობა XXI - მომავალი და პროფესიების” ფორუმზე თიბისი დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ სწორად შენიშნა, რომ ტექნოლოგიური ცვლილებები უკვე მოცემულობაა და მასზე შორეულ მომავალში საუბარი არასწორია. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ აინტეგრირებენ კომპანიები სხვადასხვა ტექნოლოგიებს საკუთარ საქმიანობაში. ზოგიერთ კვების ობიექტში შეკვეთის მიცემა ციფრული აპარატიდან შეიძლება, საბანკო მომსახურების მიღება პირდაპირ სახლიდან შეგვიძლია მივიღოთ, ტანსაცმელი კი ონლაინ შევუკვეთოთ და საღამოს წვეულებაზე ახალი კოსტიუმითა თუ კაბით გამოვცხადდეთ.


მომავლის კომპანიების შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცვლილებები უკვე თვალშისაცემია. რამდენიმე წელიწადში უკვე რთულად მოიძებნება ისეთი კომპანიები, რომლებიც პრიორიტეტად გაწერილ გრაფიკს, სტრესულ გარემოსა და ერთ კონკრეტულ საქმეზე ფოკუსირებას შესთავაზებენ პოტენციურ დასაქმებულებს. ამის საპირისპიროდ, დამსაქმებლების უმეტესობა ეცდება უფრო მეტი ფრილანსერი აიყვანოს, რომლებიც სხვადასხვა გამოწვევებს სასურველ გარემოში და დროში გაუმკლავდებიან.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომავლის პროფესიების მსგავსად, კომპანიებისთვისაც დროსთან ადაპტირება იქნება მთავარი გამოწვევა. ორივე კომპონენტი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. იმისთვის, რათა კომპანიებმა შეძლონ თანამედროვე გამოწვევებისთვის პასუხის გაცემა, სჭირდებათ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სრულიად უცხო საგნების სწრაფად შემეცნება, მათთან ადაპტირება. ამისთვის კი იმ უნარების გამომუშავებაა საჭირო, რომელზეც ვისაუბრეთ.




პაატა ღაძაძემ ისიც თქვა, ჩემთვის ყველაზე სასურველი თანამშრომელი იქნება მათემატიკოსი, ოღონდ მხიარულიო. ეს მართლაც ასეა, თუმცა ეს სიტყვები განმარტებას საჭიროებს. მათემატიკოსი არ ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ზეპირად ახსოვს ყველა ფორმულა, რომელიც ოდესმე შექმნილა და არც მხიარული ნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელსაც ანეკდოტების მოყოლა სასაცილოდ შეუძლია. მომავალში მათემატიკოსობა სრულიად განსხვავებული პროფესია იქნება და ის უფრო მეტად ანალიტიკური და კრეატიული გახდება, ვიდრე დღეს არის. უკვე არსებობს პროგრამები, რომლებიც სამკუთხედის ფართობსა და სინუს-კოსინუს ავტომატურად ითვლიან, ამიტომ ამაში ადამიანის ჩარევა საჭირო აღარ იქნება. სამაგიეროდ, მათემატიკური უნარები საჭირო იქნება კრეატიულობისთვის და ანალიტიკური აზროვნებისთვის, ამოცანებთან ადეკვატურად გამკლავებისთვის. მხიარულება კი საჭირო უნარია, არა იმიტომ რომ, სიცილი-კისკისით გაკეთდეს საქმე, არამედ იმისთვის, რათა ახალმა გამოწვევებმა და დაბრკოლებებმა ადამიანს მოტივაცია არ დააკარგვინოს. მას უნდა ჰქონდეს უნარი, რომ “ხალისიანად” მიიღოს სიახლეები, არ შეუშინდეს გამოწვევებს და დაძლიოს სტრესი, რათა შეძლოს კრეატიულად აზროვნება.


მათემატიკოსი, ოღონდ მხიარული, შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი, თუკი მას აქვს შესაბამისი ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით და შეუძლია იფიქროს განსხვავებულად და ჰქონდეს ადაპტაციის უნარი.

თუკი მომავალში კომპანიები შეძლებენ ასეთი ადამიანების მოძიებას, ისინიც მათ დაემსგავსებიან, რადგან საბოლოო ჯამში, სწორედ დასაქმებულები ქმნიან კომპანიას და მის მომავალს. 


ფორუმის "თაობა XXI - მომავალი და პროფესიები" სრული ჩანაწერი

ტექსტის ავტორი: დიმიტრი სანაია

ფოტოები: რეზი ყენია