ედუფინი

ფული და მეგობრობა

მეგობრობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ესმით. ჩვენ ქართველებს გვაქვს პრეტენზია, რომ ნამდვილი მეგობრობა მხოლოდ ჩვენ ვიცით და ნამდვილი მეგობარის წოდებაც ისეთ ვალდებულებებს გულისხმობს, რომელიც ბევრ სხვა კულტურაში გაკვირვებას გამოიწვევდა.


ცხოვრების სხვა ასპექტებთან ერთად, მეგობრობას ფულთან დაკავშირებულ ურთიერთობებშიც თავისი წესები შემოაქვს. მეგობარს ფულს რომ ასესხებ, გამორთმევა უხერხულია. ხშირად თუ დათქმულ დროს ფული არ დაგიბრუნეს, შეხსენებაც კი „ტეხავს“ და სანამ ამ ნაბიჯს გადადგავ, ხშირად ჭმუნვა-ორჭოფობის მრავალშრიან სარტყელში გიწევს გავლა. 

დავაკვირდი, რომ ხშირად ფულის მსესხებელი ისეთივე უხერხულობას არ გრძნობს ფულის დაბრუნების დაგვიანებისას, რადგან თითქოს მეგობრის ვალდებულებაა, რომ გაცალოს. აბა მეგობრობა რისთვის არსებობს.


მსგავსი ასიმეტრია მეგობრობაში უმეტეს შემთვევაში იმას აკისრებს მეტ ვალდებულებას, ვისაც დახმარება შეუძლია და ნაკლებს მას, ვისაც დახმარება სჭირდება. ხშირად ხდება ისე რომ „დარცხვენილი“ მევალე მეგობართან შეხვედრას თავსაც კი არიდებს, ან შეხვედრისას სხეულის ენით და ვერბალურად გამოხატავს წუხილს. 

თუმცა იმ კულტურული კოდის მიხედვით, რომლითაც ჩვენ ვხცოვრობთ, ამ წუხილზე პასუხი აუცილებლად შემაგებელი დამშვიდება და იმაში დაწრმუნება უნდა იყოს, რომ დაგვიანება პრობლემა არ არის და საერთოდ, მეგობრობაში ( ძმობაში - მეგობრობის კიდევ უფრო მძაფრი ფორმა) ასეთი რაღაცეები სალაპარაკო არ არის.


„არ გრცხვენია“ - უტევს მევალეს გამსესხებელი, რათა შეახსენოს რომ ისინი მეგობრები არიან და არ იყო საჭირო ბოდიშების ხდა, ეს შეურაცმყოფელიც კი არის ამ წმინდა გრძნობისთვის. რიგ შემთხვევებში ეს მართლაც გულწრფელი ურთიერთგაცვლაა, რიგ შემთხვევაში კი როგორც ვთქვით, იმ კულტურული სივრცისთვის ხარკის გადახდა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. 

ზოგადად ფული და მეგობრობა სახიფათო ნაზავია და ყველამ ვიცით ისეთი შემთხვევები, როდესაც ფულთან დაკავშირებული საკითხების გამო, კარგ ნაცნობებს და მეგობრებსაც გაფუჭებიათ ურთიერთობა. თუმცა, სიყვარულის არ იყოს, ფულთან დაკავშირებული სიტუაციაც კიდევ უფრო სახიფათო ხდება, როდესაც ამ ურთიერთობაში მესამე მხარეც შემოდის. ანუ როდესაც მდგომარეობიდან „მე გასესხე შენ“ გადავდივართ მგომარეობაში „ შენ ისესხე სხვისგან, ჩემი დახმარებით“ ანუ ტერმინები რომ გამოვიყენოთ, როდესაც მეგობრას თავდებში უდგები ან თანამსესხებლობაზე თანხმდები, რათა მან რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ან კომერციული ბანკიდან სესხი აიღოს.


სახიფათო არის არა ის, რომ თქვენ მეგობრას გვერდში უდგებით, არამედ ის რომ ადამიანები ხშირად ამას იმ პასუხისმგებლობის გაუაზრებლად აკეთებენ, რასაც მათ თავდებობა ან თანამსესხებლობა აკისრებს. 

არის შემდეგი მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომლებიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, სანამ თავდებობის ხელშეკრულებას ხელს მოასწრებს.


ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ თავმდები ან თანამსესხებლი უბრალოდ მხარს უმაგრებს მეგობარს, როდესაც მას ბანკში მიყვება, მისი ერთგვარი რეკომენდატორია და მთელი პასუხისმგებლობა სესხის დაფარვაზე მხოლოდ მსესხებელს რჩება. 


რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, რადგან რა მომენტშიც თქვენი ხელმოწერა სესხის თავდებობის კონტრაქტზე იქნება, თქვენ ისევე ხართ სესხის დაფარვაზე პასუხისმგებელი, როგორც თქვენი მეგობარი, რომელსაც სესხის აღებაში დაეხმარეთ და რომელმაც სესხი საჭიროებისამებრ დახარჯა( მაგალითად ახალი მობილური იყიდა ან დასასვენებლად წავიდა ზღვაზე). ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენი მეგობარი სესხს არ გადაიხდის, ამ უკანასკნელს ჯარიმა დაეკისრება და საბოლოო ჯამში საქმე სასამართლომდე მივა, თქვენ ისევე გაიზიარებთ ამ სესხის და ჯარიმების გადახდის პასუხისმგებლობას, როგორც ის და გამსესხებელს ისევე ექნება თქვენგან სესხის დაფარვის მოთხოვნის უფლება, როგორც თქვენი მეგობრისგან.

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ კონტრაქტის შინაარსი, რომელსაც თქვენ ხელს მოაწერთ. კერძოდ, ხშირად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებელს სესხის აღება ხელმეორედ შეუძლია თუ პირველ სესხს დაფარავს, ისე რომ თქვენი ბანკში მიყვანა აღარ მოუწევს, თქვენი თავდებობა კი ამ ახალ სესხზეც გავრცელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეიძლება გეგონოთ რომ მეგობარმა სესხი დაფარა, სინამდვილეში კი კვლავ იყოთ გატანილი სესხის თავდები და მხოლოდ მაშინ აღმოაჩინოთ ეს ფაქტი, როდესაც თქვენი მეგობარი მოულოდნელად შეწყვეტს სესხის გადახდას. 

მეგობრობა უდავოდ დიდებული რამაა და ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემაკავშირებელს წარმოადგენს. მეგობრების გვერდში დგომაც ძალიან დასაფასებელი თვისებაა ადამიანში. თუმცა, მეგობრის დახმარება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ბრმად უნდა მოაწეროთ ხელი ყველა დოკუმენტს, რომლის შინაარსი შეიძლება თქვენმა მეგობარმაც არ იცის.


ჯობია მეგობარს გააზრებულად დავეხმაროთ და ყველა ის რისკი, რომელსაც ერთად ვიღებთ, ორივეს გვქონდეს სწორად აღქმული. ასე მეტი შანსია, რომ ადამიანები ერთმანეთს დავეხმარებით, უსიამოვნო სიურპრიზებიც ნაკლები იქნება, ყველა თავის გასაკეთებელ საქმეს გააკეთებს და როგორც ცნობილი პერსონაჟი ამბობს, „ჩვენი ძმობის სიწმინდესაც“ არ დაემუქრება საფრთხე.

ავტორი: ინკოგნიტო გამსესხებებლი