თიბისის IT აკადემიიდან ასოცირებულ პარტნიორობამდე

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ღრუბლოვანი სისტემის ინჟინერი, მონაცემთა მეცნიერი, IT უსაფრთხოების სპეციალისტი, DevOps ინჟინერი — ეს 2022 წლის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობებია მსოფლიოში.


ტექნოლოგიური პროფესიებისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, ზრდადია თავად ტექ-ინდუსტრიაც, თუმცა ბაზარზე პროფესიონალებისადმი მოთხოვნა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ მაღალია.

თიბისიმ, როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ რეგიონში, 2019 წელს IT აკადემია დააფუძნა და მიზნად დაისახა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, დაეუფლონ თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს ტექნოლოგიების დარგში.

3 წელიწადზე ნაკლებ დროში აკადემიის 200-ზე მეტი კურსდამთავრებული თიბისის გუნდის წევრი გახდა.

ჩვენ მოგიყვებით, რა გზა გაიარეს IT აკადემიის კურსდამთავრებულებმა თიბისიში ასოცირებული პარტნიორის (Chapter Lead) პოზიციამდე.


IT აკადემია | გზა კარიერული წარმატებისკენ

თამარ დოკვაძე ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი და ასოცირებული პარტნიორია თიბისის საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში. აკადემიის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, Front-end Development-ზე ისწავლა და თიბისის გუნდს შეუერთდა. თამარი მიიჩნევს, რომ მის კარიერულ წარმატებაში IT აკადემიამ დიდი როლი ითამაშა.

“აკადემიის დამსახურებაა მთლიანად ის, რომ მე ამ პოზიციაზე ვარ. აკადემიის დასრულების შემდეგ დავსაქმდი თიბისიში და იქ მიღებულმა ცოდნამ განაპირობა ის, რომ სამუშაო პროცესში უფრო და უფრო განვვითარდი. რომ არა აკადემიაში მიღებული ცოდნა, ბევრად რთული გზის გავლა მომიწევდა დღევანდელი შედეგის მისაღწევად.

-თამარ დოკვაძე

თამარი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა მიმართონ საკუთარი რესურსები ტექნოლოგიების მიმართულებით, რადგან იგი დღეს ყველაზე მზარდი და საინტერესო მიმართულებაა.

“თიბისის IT აკადემია საუკეთესო საშუალებაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისწავლო და განავითარო საკუთარი თავი”.


2019 წელს, აკადემიის დაწყებისთანავე, Front-end დეველოპმენტის კურსი გაიარა გიორგი გვალიამ, რომელიც დღეს ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი და ასოცირებული პარტნიორია თიბისის პლატფორმების ლიგაში.



“IT აკადემიაში ყურადღება გამახვილებულია პრაქტიკულ ცოდნაზე; ვსწავლობთ, როგორ ვიმუშაოთ გუნდურად და რა ინსტრუმენტები და მიდგომები გვჭირდება ამისთვის. სრულფასოვნად განვიხილავთ ინსტრუმენტებს მოკლე დროში და ვსწავლობთ თითქმის ყველაფერს მაგალითების საფუძველზე.


IT აკადემიის საშუალებით მოვხვდი თიბისიში და იქ დაგროვილი ცოდნის მეშვეობით შევძელი საქმიანობაში წინსვლა. დეველოპერის პოზიციაზე არ დავსაქმებულვარ, მაგრამ დეველოპერულმა ცოდნამ მომცა ის ბიძგი, რომელიც პირდაპირ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრად დასაქმების შემთხვევაში არ მექნებოდა”

-გიორგი გვალია

კურსის გავლამდე გიორგი ამ სფეროში დასაქმებული არ ყოფილა. სწავლის დასრულებიდან წელიწადნახევარში კი შესაძლებლობა მიეცა,  IT აკადემიაში მენტორად დაბრუნებულიყო. 

 


“ტესტირების ავტომატიზაციის პირველ კურსზე, რომელიც 2020-ის დეკემბრიდან დაიწყო, ვხელმძღვანელობდი ორგანიზაციულ საკითხებს, სტუდენტებს ვუწევდი ტექნიკურ დახმარებას და ა.შ. კურსის დასრულების შემდეგ კი მალევე გავხდი ასოცირებული პარტნიორი”, - ამბობს გიორგი.

აკადემიის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულია ლუკა ჩიტაიშვილიც, რომელიც დეველოპერი და ასოცირებული პარტნიორია თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგაში.

“სანამ აკადემიაში დავიწყებდი სწავლას, ამ სფეროში არ მქონია არც სამუშაო და არც სასწავლო გამოცდილება. IT აკადემიის კურსის გავლის შემდეგ კი შევიძინე ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სრულიად საკმარისი იყო დეველოპერის პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად. დარწმუნებული ვარ, აკადემიის გარეშე ასე მცირე დროში ამ პოზიციას ვერ დავიკავებდი”, — გვიამბობს ლუკა.

IT აკადემიის დასრულების შემდეგ ლუკამ თიბისიში სხვადასხვა პროექტზე სხვადასხვა გუნდში იმუშავა.

“მყავდა საუკეთესო მენტორები, რომლებისგანაც ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე როგორც დეველოპმენტის, ასევე მენეჯმენტის და პიროვნული განვითარების კუთხით. ვცდილობდი, ყოველთვის აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული გუნდის და ლეგიონის საქმიანობაში. თიბისიში კარიერის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ კი მივიღე შემოთავაზება Chapter Lead-ის პოზიციაზე, რომელსაც დაუფიქრებლად დავთანხმდი”, — ამბობს ლუკა.

 

IT აკადემიის კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული და თიბისის Chapter Lead-ია გიორგი არაბული, რომელმაც თიბისის აკადემიის შესახებ უნივერსიტეტის ბოლო კურსზე შეიტყო. ის გვიამბობს, რომ მანამდე ტექნოლოგიური მიმართულებით მწირი ცოდნა ჰქონდა, აკადემიაში ჩაბარების შემდეგ კარგი თეორიული საფუძველი გაუჩნდა, მისი დასრულების შემდეგ კი თიბისის ინვესტიციების გუნდს შეუერთდა. 



“ეს დაახლოებით სამი წლის წინ იყო და დღემდე ამ გუნდის წევრი ვარ. ცოტა ხნის წინ კი Chapter Lead-ი გავხდი. თიბისი აკადემიის დასრულების შემდეგაც ძალიან გვიწყობს ხელს განვითარებაში, ამის მაგალითია Chapter Lead-ების ყოველ კვირეული შეხვედრები, სადაც სხვადასხვა გუნდს ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებთ”.

-გიორგი არაბული

 

სწავლის პროცესი IT აკადემიაში


“აკადემიაში სწავლა ძალიან საინტერესო და ამასთან, შრომატევადი იყო. პროგრამა რეალური ამოცანების და პრობლემების გადაჭრაზე იყო ორიენტირებული, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა პროცესს”

-თამარ დოკვაძე

“ლექციები ორშაბათიდან პარასკევამდე, დღეში 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სწავლა მარტივი არ ყოფილა, თუმცა ნამდვილად საინტერესო იყო. გვყავდა უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები."

-გიორგი არაბული

“IT აკადემიაში ყურადღება გამახვილებულია პრაქტიკულ ცოდნაზე; ვსწავლობთ, როგორ ვიმუშაოთ გუნდურად და რა ინსტრუმენტები და მიდგომები გვჭირდება ამისთვის. სრულფასოვნად განვიხილავთ ინსტრუმენტებს მოკლე დროში და ვსწავლობთ თითქმის ყველაფერს მაგალითების საფუძველზე."

-გიორგი გვალია

"კურსები მოიცავს მრავალფეროვან დავალებებს, პროექტებს და ლექციებს ყველა იმ თემაზე, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიაში კარიერის დასაწყებადაა საჭირო. რაც მთავარია, აკადემიას ჰყავს არაერთი გამოცდილი ლექტორი/მენტორი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სასწავლო მასალა იყოს საინტერესო, მუდმივად განახლებული და თითოეული სტუდენტისთვის გასაგები.”

-ლუკა ჩიტაიშვილი

თიბისის ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელის, გვანცა მურღვლიანის თქმით, თიბისი აკადემიას Boot camp პროგრამები გამოარჩევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ სპეციალობას სტუდენტები ინტენსიურ ფორმატში, 3-დან 4 თვემდე პერიოდში შეისწავლიან. გარდა ამისა, გვანცა აღნიშნავს, რომ კურსები, რომლებიც IT აკადემიაში ისწავლება, უნიკალურია.

“IT აკადემიაში ამჟამად 9 კურსი გვაქვს, რომელიც ბაზარზე სხვაგან არ ისწავლება. 2019 წელს სამი კურსით დავიწყეთ ეს ყველაფერი, დროთა განმავლობაში კი დავამატეთ სხვადასხვა მიმართულება. ჩვენ მომავალში ვგეგმავთ, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ სასწავლო პროგრამები, თუმცა აკადემიის მიზანი — მოამზადოს ახალგაზრდები ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებებში და გაუხსნას მათ გზა კარიერული წარმატებისკენ უცვლელი რჩება”

-გვანცა მურღვლიანი


გვანცას თქმით, ტექნოლოგიური პროფესიები მომავალში კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება, ამიტომ ახალგაზრდებმა ამ უნარების და ცოდნის განვითარებას დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ, ხოლო ამ პროცესში მათ დახმარებას თიბისის IT აკადემია გაუწევს.


კურსდამთავრებულები კი აღნიშნავენ, ტექნოლოგებით დაინტერესებული ახალგაზრდები არ უნდა შეუშინდნენ დაბრკოლებებს, რადგან წინ


“შესაძლებლობებითა და საინტერესო გამოწვევებით სავსე კარიერა ელოდებათ!“

ავტორი: იანა კოხოძე