ფოლკი და ავტორ-შემსრულებლები

უცნაურია ფოლკის ადგილი, გავლენა და ბედისწერა თანამედროვე მუსიკის ისტორიაში. აქ მე მხედველობაში მაქვს არა ეთნოფოლკლორი, არამედ ფოლკი, როგორც ის თანამედროვე მუსიკის კონტექსტში აღიქმება. თავის დროზე აკუსტიკური გიტარის თანხლებით შესრულებული ეს ურბანული ფოლკსიმღერები სრულიად მოულოდნელად შეიჭრა პოპსამყაროში და მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა არც მუსიკალური ინდუსტრიის დასაყრდენი და არც ახლებური იდეების გენერატორი, მაინც ნამდვილი „კონსტანტა“(ანუ მუდმივა) აღმოჩნდა თანამედროვე მუსიკალურ კულტურაში. ის ყოველთვის არსებობდა. დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს და გადაშენება სამომავლოდაც არ უწერია. უფრო მეტიც, გარკვეულ ეტაპზე, სწორედ ე.წ. ფოლკავტორები ხდებოდნენ ახალგაზრდული კულტურის

 საკულტო მონაპოვარი,

რადგან სწორედ მათი და მათი მიმდევრების

თემატიკა და აქტუალური დისკურსები

განაპირობებდა იგივე როკსიმღერების შინაარსს.

ფოლკმომღერლები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გამოჩდნენ. მათი ტექსტების წარმომავლობა ცოტა რთული დასადგენია. ისინი უმთავრესად ან რელიგიური ხასიათის იყო, ან სოციალური. ისტორიები უბრალო, მშრომელ ამერიკელებზე, ხანდახან კანონგარეშე მარგინალებზეც, ხშირად მითებით და ლეგენდებით გაჯერებული. ეს ტექსტები, 1920-1930-იან წლებშიც მასიურად გადავიდა როგორც შავ ბლუზში, ასევე თეთრ ქანთრიშიც, რომელიც ფოლკთან იკვეთებოდა.

უმნიშვნელოვანესად იქცა მომენტი, როცა ახალი ყაიდის ავტორ-შემსრულებლები გამოჩნდნენ, რომლებსაც საკუთარი სათქმელიც ბევრი დაუგროვდათ. თითქმის ყველა პრინციპულად მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიის იყო. ისინი ხშირად პროფკავშირების აქტივისტებიც იყვნენ. მუშათა კლასის რთულ ყოფას აღწერდნენ და სოციალურ თანასწორობას ქადაგებდნენ. აი, ასე დაიწყო ახალი, ურბანული ფოლკმოძრაობა, რომლის უპირობო ლიდერი ვუდი გატრი იყო. მის პირდაპირ და ყველაზე გავლენიან მემკვიდრედ იქცა პიტ სიგერი, ნიჭიერი მელოდისტი, პოეტი, გულწრფელი პათოსით გამსჭვალული და უსამართლობასთან შეურიგებელი მებრძოლი კომუნისტი.

მას უამრავი სახელგანთქმული სიმღერა ეკუთვნის, ყველამ რომ იცის ისეთი. მარტო Where Have All the Flowers Gone რად ღირს (შემდგომში მარლენ დიტრიხის გადამღერებით სუპერ პოპულარულად ქცეული), ან We Shall Overcome, ძველი გოსპელ სიმღერა, რომლის სწორედ პიტ სიგერისეული გადაკეთებული ვერსია, მოგვიანებით მთელ ამერიკაში, სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის ოფიციალურ ჰიმნად გადაიქცა.

1950-იანი წლების მიწურულისთვის, ფოლკ არტისტები (იგივე პიტ სიგერი, ჯოან ბაეზი, დეივ ვან რონკ..), განსაკუთრებით ნიუ იორკის ბოჰემურ რაიონ, გრინვიჩ ვილიჯში საკმაოდ გააქტიურდნენ. მათი აუდიტორიის უმეტესობას მემარცხენე ინტელექტუალები და სტუდენტი ახალგაზრდობა წარმოადგენდა. ფოლკსაზოგადოება პრინციპულად ემიჯნებოდა პოპმუსიკასაც და როკენროლსაც, ერთიც და მეორეც, მათი აზრით, ბურჟუაზიის ახალი კომერციული იარაღი იყო, რომელიც თაობის თვითშეგნების და სოციალური პასუხისმგებლობის დაჩლუნგებისკენ იყო მიმართული. ფოლკაქტივისტებმა საკუთარი ნიუპორტის ფოლკფესტივალიც დააარსეს 1959 წელს, რომელზეც უმთავრესად აკუსტიკური საავტორო სიმღერები ჟღერდა. „მდარე“, დაელექტრიზებულ და ფუქსავატურ პოპმუსიკამდე დაშვება მათთვის სამარცხვინოდ ითვლებოდა.

და აი ამ დროს,

ფოლკკომუნაში საიდანღაც 

გამოჩნდა ნორჩი ბობ დილანი.

ბობ დილანი უკვე ახალგაზრდული კულტურის ადეპტი იყო. მისი საპროტესტო სიმღერები, უფრო მისი სუბიექტური პოეტური აღქმაა და არა სოციალურ-პოლიტიკური რეალობის დაფიქსირება. მისი

მელოდიებიც პოპ-მელოდიებთანაა წილნაყარი,

ხოლო მისი უცნაური ვოკალური მანერა, 

ნაკლებ პათოსური და არა ტიპიური ფოლკმომღერლისთვის.

ის ლამის მყისვე აღიარეს გენიოსად და წინასწარმეტყველად. თავდაპირველად, მისი პოპულარობა, ისეთივე მასობრივი ვერ იყო როგორც პოპ-როკ ვარსკვლავების, მაგრამ იგი არ აპირებდა ბოლომდე აკუსტიკურ ფოლკში დარჩენას. დილანი 1960-იანი წლების ჭეშმარიტი პირმშო იყო და მის ამბიციური გეგმებს სიტუაციაც უწყობდა ხელს.

1964-1965 წლებისთვის, „ბითლზმა“ და ბრიტანულმა ტალღამ სრულიად დაჩრდილა ამერიკული პოპმუსიკა. საჭირო იყო ამერიკული პასუხი და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ბენდი The Byrds. მათ გადაწყვიტეს, ამერიკულ ფოლკზე დამყნობილი ახალი როკ ვექტორი შეექმნათ. ამ მიზნისთვის ბენდმა დილანის რამდენიმე სიმღერა დააქავერა, რომელიც ისე აჟღერდა, როგორც ფოლკროკი. წარმატება უდიდესი იყო, გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე დილანის საავტორო აკუსტიკური ორიგინალები. The Byrds ისეთი სახელოვანი ბენდი გახდა, რომ მათი ფოლკ-როკ ინერცია ლამის დღევანდელ ამერიკულ ინდი როკშიც კი იგრძნობა.

1965 წელს, დილანის სახელი მთელი პოპსამყაროსთვის გახდა ცნობილი. მისი ჭკვიანური, პოეტური, აქტუალური და რთული ტექსტები დიდ რეზონანსს იწვევდა როგორც გარდაქმნების წყურვილით აღვსილ ახალ თაობაში, ისე როკ თუ პოპ ვარსკვლავებშიც. შესაბამისიდ, როცა მან ბენდი აიყვანა და ახალი სიმღერები უკვე როკ ჟღერადობით ჩაწერა, სრულიად მუსიკალური სამყარო და აუდიტორია უკვე მზად იყო მის მისაღებად (თუმცა ფოლკ აუდიტორიამ ის მოღალატედ შერაცხა და ზურგი შეაქცია). დილანი გახდა არა მხოლოდ სუპერვასკვლავი, არამედ ნამდვილი ფენომენი, თაობის მენტორი, უპირობო იდეური ავტორიტეტი და აქ მხოლოდ მისი სიმღერების ხარისხშიც არ იყო საქმე.

დილანის გამოჩენამდე, ვერავის წარმოედგინა, რომ პოპ თუ როკ სიმღერაში შესაძლებელი იყო სერიოზული თემების ამოწევა. მის შემდეგ, უკვე აღარავის უნდოდა უშინაარსო, მარტივი, სენტიმენტალური სასიმღერო პოპტექსტების დაწერა. ყველას გაუჩნდა ამბიცია პოეტობაზე და ტექსტის აქტუალიზაციაზე, ბევრს ეს შესანაშნავად გამოუვიდა (მაგალითად, ლენონს), ბევრს არცთუ ისე. სერიოზული თემა, ამბიციური ტექსტი კი შესაბამის მუსიკალურ ხორცშესხმას ითხოვდა, უფრო რთულს, დახვეწილს და შინაარსიანს, რაც  თავის მხრივ, უკვე პოპ-მუსიკალური კულტურის თვისობრივად ახალ, ამბიციურ საფეხურზე ასვლას აძლევდა ბიძგს.

აი, სწორედ ამაშია ბობ დილანის უზარმაზარი დამსახურება - მან ახალგაზრდულ მუსიკალურ კულტურაში სიტყვის, პოეზიის და ინტელექტის საჭიროება გააჩინა და სწორედ ამიტომაც შევჩერდით ამდენ ხანს მის პერსონაზე. დილანის პარალელურად, მაშინ უამრავი უძლიერესი ფოლკ არტისტი გამოჩნდა როგორც ინგლისში, ისე ამერიკაშიც - დონოვანი, ფილ ოქს, ფრედ ნილ, ბაფი სენტ კლერ, და რა თქმა უნდა, მომღერალი-პოეტი, ლეონარდ კოენი. ფაქტობრივად ყოველი მათგანი, უკვე ინტენსიურად იყენებდა პოპ ჟღერადობას, თუმცა მაქსიმალურად ლაკონურად და ძუნწად, რათა ინსტრუმენტალს არ შეეჭამა სიმღერის არსი. აი, სწორედ ასეთ მუსიკას ეძახდნენ მაშინ ფოლკს.

ფსიქოდელიური ინექციაც საკმაოდ ორგანულად და ეფექტურად შეერწყა ფოლკს (ტიმ ბაკლი, Crosby, Stills&Nash), რის შედეგადაც პოპ ფოლკი, საკმაოდ გავლენიან ჟანრად გადაიქცა 1960-იანი წლების მიწურულს და ბევრი არა ფოლკმუსიკოსიც მიმართავდა ამ იდიომს პერიოდულად (ნილ იანგი, Led zeppelin). სწორედ ამის შედეგი იყო ბრიტანეთში აუთენტიკური, ძველი ანგლო-საქსური ფოლკის ამიტივტივება მაშინ. მითები, ლეგენდები, მისტიციზმი, რითაც გაჯერებულია ზოგადად ეთნო მუსიკა, საკმაოდ ორგანულად ერგებოდა ფსიქოდელიურ განწყობას და მუსიკალური ექსპერიმენტებისთვისაც იძლეოდა სივრცეს. სწორედ ამიტომ იქცა ინგლისში ფოლ-როკ ფსიქოდელია საკმაოდ სერიოზულ დინებად (Family, Pentangle,Fairport Convention). მოგვიანებით, ფოლკ ფსიქოდელია ტრანსფორმირდა ფოლკ პროგრესივად და ეს ტენდენცია უკვე გაიშალა არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთელ კონტინენტურ ევროპაში (Comus, Jethro Tull, იტალიური PFM, შვედური Samla Mammas Manna, ფრანგო -ვსტრალიური Gong), თუმცა პროგ ფოლკი მაშინ მაინც ე.წ. ანდერგრაუნდულ, ლამის სიურრეალისტურ დინებად მოიაზრებოდა.

საინტერესოა, რომ ფოლკ ფსიქოდელია კი გაუჩინარდა 1980-იან წლებში, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ამოტივტივდა XXI საუკუნეში, განსაკუთრებით ამერიკაში, უკვე ახალი ელექტრონული ტექნოლოგიებით და ჟღერადობით. პრინციპში ეს იყო ექსპერიმენტალთან და ინდისთან შეზავებული ფეიქ (Fake)ფოლკი, ანუ ეს არის უკვე საფუძველგამოცლილი, ექსცენტრიკული ფოლკი, ამიტომაც დაარქვეს ფრიკ (Freak) ფოლკი. თუ დავუბრუნდებით ფოლკ ანთროპოლოგიას, დღევანდელი გადასახედიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროცესი, როცა სასიმღერო ფოლკმა მუტაცია განიცადა და 1970-იანი წლების დასაწყისში ტრანსფორმირდა ე,წ. „სინგერ-სონგრაითინგ“ (ავტორ-შემსრულებლები) ჟანრში. პრინციპში, ეს ჟანრიც არ არის, უფრო ესთეტიკაა, არტისტული პლატფორმა.

ფორმატი, იგივე ფოლკ სონგი, მაგრამ საწყის იმპულსებს მოწყვეტილი, უფრო პირადულ-ინტიმური, ხშირად დრამატული, არანაირი ფსიქოდელია და ეზოთერიკა, ყველაფერი შთაგონებულია რეალური ისტორიებიდან წამოსული განცდა-ვნებებით, ან ალუზიებით, ყოველგვარი როკ პათეტიკის და პოპ დრაივის გარეშე. ”სინგე-სონგრაითერები“ ნებით თუ უნებლიედ, უპირისპირდებოდნენ 1970-იანი წლებიდან წამოსულ, სიმღერის პროდუქტად ქცევის ტენდენციას. არანაირი ოვერპროდიუსინგი, გადატვირთული არანჟირება და ჟღერადობა, ნამუშევარმა არ უნდა დაკარგოს აუთენტიკურობა.

ამ ფორმით მოწოდებული სიმღერა შეუნიღბავია, რადგან ხელოვნურად არ ცდილობს ეფექტური იყოს და მსმენელზე ზემოქმედების მისაღწევადაა, ავტორისგან ბუნებრივ მუსიკალურ უნარებს და მაქსიმალურ გულწრფელობას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზეა არასრულყოფილება. ასეთი მიდგომა სასიმღერო კულტურისადმი უძველესია, ასე შეიქმნა ძველთაძველი ეთნო ფოლკ სიმღერებიც, ბოლო-ბოლო, სწორედ ესაა პირველყოფილი მუსიკალურ-პოეტური ჟესტი, შემოქმედებითობის ბუნებრივი გამოვლენა, სხვა ყველაფერი ზედნაშენია და სწორედ ეს არის ის პარადიგმა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი ხდება ყველა თაობის მუსიკოსში, ყველა ეპოქაში და ყველა ქვეყნის ხალხებში.

ამიტომაც იყო, რომ გამოჩენისთანავე ”სინგერ-სონგრაითერები“ სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ მეინსტრიმ როკერებსაც კი - ჰარი ჩაპინი, კეროლ კინგი, ჯეიმს ტეილორი, მილიონობით ტირაჟებით ყიდდნენ საკუთარ ალბომებს. იყვნენ ისეთებიც, რომელთა ნამუშევრებიც ასეთი წარმატებით არ სარგებლობდა, მაგრამ კრიტიკოსებსა თუ კოლეგა-მუსიკოსებში სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობდნენ (ნიკ დრეიკი, ჯონ მარტინი, დევიდ ეკლსი). მათი გავლენა უკვე შემდგომ ათწლეულებში, კიდევ უფრო გაიზარდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ანგლო-ამერიკის გარდა, ”სინგერ-სონგრათერული“ ვექტორი უმძლავრესი გახდა ანგლო-ამერიკული მუსიკალური სივრცის მიღმაც, რაც ბუნებრივია, რადგან ყველა ერს საკუთარი სპეციფიკური ფოლკი აქვს, რომლის აქტუალიზაციის შედეგად, ვიღებთ უკვე ფაქტიურად უნიკალურ ნიმუშებს, იგივე ბოსანოვაზე და ტროპიკალიაზე დაყრდნობილი ბრაზილიური უნიკალური საავტორო სიმღერა (კატანო ველოსო, ჟილბერტო ჟილ, შიკუ ბუარკე), ან ფრანგულ-სენსიტიური შანსონი, რომელიც წმინდა წყლის ფრანგული ფოლკია და მას კულტადქცეული ავტორ-შემსრულებლები ქმნიდნენ (შარლ აზნავური, ჯორჟ ბრასანსი, ჟაკ ბრელი). ის სულ იცვლებოდა (სერჟ გინსბური, ჟაკ იჟელინ, ჯაკ დიუტრონ), და დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელოვან პოზიციებს (ბენჟამინ ბიოლეი, Arthur H, Dominique A, Camille).

უმძლავრესი იყო იტალიურ ფოლკ სიმღერებზე აღმოცენებული ე.წ. „კანტაუტორეს“(ავტორ-შემსრულებელი იტალიურად) ფენომენი. სოციალური, ფილოსოფიური, უაღრესად ემოციური მძლავრი მიმდინარეობა (ლუჩიო ბატისტი, ფაბრიციო დე ანდრე, ფრანჩესკო დე გრეგორი, პაოლო კონტეც კი) ამ არტისტებმა ფაქტობრივად შეიწოვეს ყველა თანამედროვე მიმართულება - როკი, ფსიქოდელია, პროგი, ჯაზი, ეთნომუსიკა და საოცარი ნიმუშები შექმნეს, უფრო მეტიც, თუ რამეა საინტერესო და ფასეული თანამედროვე იტალიურ მუსიკაში, სწორედ კანტაუტორეებიდან წამოსული აჩრდილებია.

ასეთი ხასიათის არტისტებს საკუთარი არტისტული თუ პიროვნული პოზიციების გამო, ყველგან ეროვნული კულტურის მონაპოვრად თვლიან. საილუსტრაციოდ გამოდგება ჩეხი კარელ კრილის საოცრად დრამატული, ტკივილით და მძაფრი ემოციებით გაჯერებული შემოქმედებაც, განსაკუთრებით კი მისი სიმღერა-შედევრი Bratricku Zavirej Vrata (მეგობარო ჩარაზე კარები) , რომელიც 1968 წელს, საბჭოთა საოკუპაციო ტანკების პრაღაში შეჭრაზე გამოხატული მყისიერი რეაქცია იყო.

 და ალბათ ,ყველაზე მთავარი - ქალების პირველი და უაღრესად სერიოზული განაცხადი გარღვევა თანამედროვე მუსიკაში, სწორედ ქალმა ”სინგერ-სონგრაითერებმა“ მოახერხეს. მანამდე ქალები იყვნენ მომღერლები, იყო ერთი-ორი პოპ კომპოზიტორიც, მაგრამ საკუთარი ქალური ემოციების, პირადი დრამების, მსოფლმხედველობის თუ იდენტობის ღიად გამოხატვა, სწორედ ლეგენდარულმა ქალ ავტორ-შემსრულებლებმა მოახერხეს. ქალისთვის წარმოუდგენელი იყო, საკუთარ ვნებებზე და სექსუალობაზე სიმღერაში საუბარი, ამიტომ ითვლებოდა მაგალითად, როკმუსიკა მამაკაცურ საქმედ.

სწორედ ”სინგერ-სონგრათერულმა“ სივრცემ მისცა ქალებს თვითგამოხატვის და ბოლომდე რეალიზაციის საშუალება, რადგან საავტორო სიმღერის იდიომი, სწორედ ასეთი გამოწვევის წინაშე აყენებს ზოგადად ავტორს, ისე მას აზრი არ აქვს. ჯენის იენ, კეროლ კინგი, მელანი, ჯონი მიჩელი - მათ დაამტკიცეს რომ, გენდერული თუ ინტელექტუალური კუთხით, კაცებზე არანაკლებ შეუძლიათ თვითრეალიზაცია.

სწორედ მაშინ მოხდა მთავარი ფემინური გარღვევა თანამედროვე მუსიკალურ კულტურაში, რაც დღემდე სრული ტრიუმფით მიმდინარეობს და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ჟანრებს. დღეს ყველა ჟანრის ავანგარდში გვხვდებიან ქალები, რაც უდავოდ თანამედროვე მუსიკალური სამყაროს მთავარი უპირატესობაა.

და ბოლოს, საინტერესოა, რომ განმარტება - ფოლკი დღემდე არ გამქრალა, ხდება მხოლოდ მცირე შესწორება. დღემდე ფუნქციონირებს ინდი-ფოლკი, ავანტ-ფოლკი, ფსაიქო-ფოლკი, დარქ-ფოლკი, ანტი-ფოლკი, გაჩნდა ჯაზ-ფოლკიც და უკვე ფოლკ-ჰიპ-ჰოპიც კი. ისევე როგორც ადრე, ამ „მუსიკებს“ აკეთებენ უაღრესად დახვეწილი, ნონკომფორმისტი, ინტელექტუალი არტისტები. ასეთები კი ყოველთვის გამოჩნდებიან, ბოლო-ბოლო მათ ელექტროობაც კი არ სჭირდებათ შედევრების შესაქმნელად, რის გამოც მათ აპოკალიფსიც კი ვერ გადააგვარებს.

ავტორი: გია ხადური