ედუფინი

რა არის და რატომ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა?

ეკონომიკა და შემოსავლები

ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის შემოსავლების დონე დამოკიდებულია ამ ქვეყნის ეკონომიკის სიდიდეზე. ქვეყნის ეკონომიკა არ არის წარმოსახვითი ობიექტი, პირიქით, საკმაოდ რეალური და დათვლადია. მაგალითად, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 41 მილიარდი ლარი იყო. ბევრია, თუ ცოტა 41 მილიარდი ლარი? ეს უკვე ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული. საქართველოში 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ანუ ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი 41 მილიარდი ლარი ერთი წლის განმავლობაში 3.7-მა მილიონმა ადამიანმა გაინაწილა და ერთ ადამიანს საშუალოდ 11 000 ლარი შეხვდა. 11 000 საშუალო მაჩვნებელია და არ გამორიცხავს იმას, რომ ვიღაცამ შეიძლება მილიონობით ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო ვიღაცის წლიური შემოსავალი კი 11 000 ლარზე გაცილებით ნაკლები იყო.

როგორ იანგარიშება, რამდენია ქვეყნის ეკონომიკა?

რომ დაიანგარიშონ, რამდენია ქვეყნის ეკონომიკა, ამისათვის თვლიან მთლიან შიდა პროდუქტს (შემოკლებით - მშპ-ს). მთლიანი შიდა პროდუქტი არის ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული ყველა საქონლის და მომსახურების საბაზრო ღირებულება. გამოდის, რომ საქართველოს ეკონომიკა არის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული, საბოლოო გასაყიდ ფასში გამოსახული საქონელი და მომსახურება.


სხვანაირად რომ ვთქვათ, ქვეყნის ეკონომიკა არის ამ ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობა გამოხატული ფულში და არა გამოშვებული პროდუქციის წონა ან რაოდენობა. მაგალითად, 2018 წელს საქართველოში 2.7 მილიარდი ლარის სოფლის მეურნეობის პროდუქცია იწარმოა, 3.7 მილიარდი ლარის პროდუქცია გადამუშავდა (მრეწველობა), 3.3 მილიონი ლარის ობიექტები აშენდა, 6 მილიარდი ლარი ვაჭრობამ შექმნა, 2.8 მილიარდი ლარის სატრანსპორტო მომსახურება დაფიქსირდა და ასე შემდეგ რომ გავაგრძელოთ, ყველა დარგმა ერთად 41 მილიარდი ლარის ეკონომიკა შექმნა.

რა არის ეკონომიკური ზრდა?


ეკონომიკური ზრდა, იგივე ეკონომიკის ზრდა, ნიშნავს მეტი საქონლის და მომსახურების წარმოებას. ძირითადად, წლიური მაჩვენებლების შედარება ხდება. მაგალითად, 2018 წელს საქართველოს მშპ 4.7%-ით მეტი იყო, ვიდრე 2017 წლის მშპ. გამოდის, რომ 2018 წელს ეკონომიკა გაზრდილა 4.7%-ით.


ეკონომიკური ზრდის დათვლისას ერთი აუცილებელი გარემოების გათვალისწინებაა აუცილებელი. რადგან ეკონომიკის სიდიდე გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის და ფასების ნამრავლით მიიღება, ის შეიძლება იმ შემთხვევაშიც გაიზარდოს, თუ მეტ პროდუქციას არ ვაწარმოებთ, მაგრამ ფასები გაიზრდება. მაგალითად, თუ 2017 წელს ვაწარმოებდით 100 ტონა პომიდორს და ტონა პომიდორი 2 000 ლარი ღირდა, 100 ტონა ეღირებოდა 200 000 ლარი. სწორედ ეს 200 000 ლარი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკის, იგივე მშპ-ის ნაწილი. დავუშვათ, 2018 წელსაც ისევ 100 ტონა პომიდორი ვაწარმოეთ, მაგრამ ფასები გაიზარდა და ტონა პომიდორი უკვე 2 200 ლარი ღირდა, 100 ტონა ეღირებოდა 220 000 ლარი. მშპ-ში უკვე 200 000 ლარის ნაცვლად 220 000 ლარის პომიდორი აისახა, მაგრამ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა? - არა! ქვეყნის ეკონომიკის ზრდა გამორიცხავს ფასების ზრდით მიღებულ მეტ ღირებულებას. მხოლოდ მაშინ გაიზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, თუ 100 ტონა პომიდორზე მეტს ვაწარმოებდით.

შესაბამისად, როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას თვლიან, ფასების ზრდის ეფექტს გამორიცხავენ. ეს შემდეგნაირად კეთდება: 2017 და 2018 წლებში გამოშვებული პროდუქცია იანგარიშება ერთი და იმავე ფასებში და თუ მაინც გადააჭარბებს 2018 წლის მაჩვენებელი 2017 წლისას, ამ შემთხვევეში გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ეს სწორი მიდგომაა, რადგან შეიძლება ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია კლებულობდეს, ამავე დროს, ფასები სწრაფად იზდებოდეს და აქედან გამომდინარე იყოს გამოშვებული ჯამური პროდუქციის ღირებულება გაზრდილი. ეს არ არის პროგრესი და ეკონომიკის ზრდა, რადგან მოსახლეობას ექნება ნაკლები პროდუქცია, თან უფრო ძვირად.


რატომ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა?

ქვეყნის მოსახლოების შემოსავლების ძირითადი წყარო არის მისი ეკონომიკა. შესაბამისად, ეკონომიკის ზრდა არის ერთადერთი საიმედო და მდგრადი გზა, რომ ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდოს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა ვაწარმოოთ გაცილებით მეტი პროდუქცია და გავწიოთ გაცილებით მეტი მომსახურება, რომ ერი მდიდარი იყოს. შესაძლოა ერთჯერადად სხვა ქვეყნები დაგვეხმარონ, მოსახლეობის ნაწილი ემიგრაციაში წავიდეს და გადმოგვირიცხოს თანხა (როგორც ხდება კიდეც), მაგრამ ამით ქვეყნის ეკონომიკა არ განვითარდება და არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც ემიგრანტების გადმორიცხული თანხით გამდიდრდა. პირიქით, ემიგრაცია სამუშაო ძალის გადინებას ნიშნავს და დემოგრაფიულ პრობლემებთან ერთად, შრომისუნარიანი მოსახლეობის წილს ამცირებს.


გაზრდილი ეკონომიკა ბევრ ფულს მისცემს მთავრობასაც და ექნება საშუალება, უფრო სწრაფად გაზარდოს ხელფასები, პენსია, ჯანდაცვისა და განათლების დაფინანსება და ა.შ.


რამდენ ხანში გაგვამდიდრებს ეკონომიკური ზრდა?

რამდენ ხანში გაგვმადიდრებს ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია ზრდის ტემპზე. მაგალითად, თუ საქართველოს ეკონომიკა ყოველ წელს 10%-ით გაიზრდება, ჩვენი 41 მილიარდ ლარიანი ეკონომიკა 7 წელიწადში გაორმაგდება და შესაბამისად გაორმაგდება საქართველოს მოსახლეობის საშუალო შემოსავალიც. თუ ეკონომიკა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით გაიზრდება, შემოსავლების გაორმაგებას 14 წელი დაჭირდება. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რადგან ეკონომიკური ზრდის დაანგარიშებისას ფასების მატების ეფექტს გამოვრიცხავთ, როდესაც შემოსავლების ზრდაზე ვსაუბრობთ, იმავე მსყიდველობითი უნარის შემოსავალი იგულისხმება 7 ან 14 წლის შემდეგ, რა მსყიდველობითი უნარიც ფულს დღეს აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, არა „გაფუჭებული“ ფულით შემოსავალი.


გასამდიდრებლად საქართველოს შემოსავლების მხოლოდ გაორმაგება არ ეყოფა. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით მაღალშემოსავლიანია ქვეყანა, თუ ერთ ადამიანს წლიურად მინიმუმ 12 000 დოლარის შემოსავალი აქვს, ანუ დაახლოებით 3-ჯერ მეტი ვიდრე დღეს არის საქართველოში. 12 000 დოლარამდე მიღწევის დრო მხოლოდ ეკონომკური ზრის ტემპზე არის დამოკიდებული. 



ავტორი: ბესო ნამჩავაძე - ეკონომისტი