სიახლეები

დიზაინ ფიქრი

სექტემბერი 03, 2019

ახტუნგ-ახტუნგ! მინდა ფრიადი სიხარულით გაუწყოთ, რომ “რეკლამშიკთა” და მარკეტერთა თვითგამოცხადებული „ბაბლის“ თვითგამოცხადებული ახალი წელი “AD BLACK SEA 2019” ახლოვდება. როგორც ყოველთვის, ახალაც უეჭველად ყველაფერი იქნება: ცრემლიც იქნება და სიხარულიც; გართობაც იქნება და შემეცნებაც; ქიციც იქნება და ქიცმაცურიც. თუ წარმოდგენა არ გაქვთ AD BLACK SEA რა არის? მაშ, სასწრაფოდ გაიკითხეთ ან ბექას და თამარას სტატია წაიკითხეთ, რადგან ჩემი ეს პრელუდია მხოლოდ შემეცნებით ნაწილზეა ორიენტირებული და თავად AD BLACK SEA რამსილამაზის მოვლენაა დაე სხვებმა გაგანდონ. მე კი ამ საჯარო პლატფორმიდან ვულოცავ ერთადერთ და განუმეორებელ ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს ხუთი წლის იუბილე. მრავალჟამიერ! 

დიზაინ ფიქრი იგივე Design Thinking


ახლა კი უკან შემეცნებით ნაწილზე: წლევანდელი ჩვენი თემაა “Design Thinking”-ი. რადგან მოვლენა და ტერმინი ახალია ქართულ ენაში, მისი ოფიციალური თარგამანი არ არსებობს, მოდით მას უბრალოდ “დიზაინ ფიქრი” ვუწოდოთ. ამ სტატიაში ვეცდები მოგიყვეთ, რას ნიშნავს ის და ბოლო დროს რატომ იმსახურებს როგორც ჩვენს, ასევე საერთაშორისო ყურადღებას.


“დიზაინ ფიქრის” კარგად გასასიგრძეგანებლად, პირველ რიგში, უბრალოდ დიზაინზე ერთი-ორი სიტყვით დავიწყებ:

 

დიზაინი თავისთავად ფუნქციური რამაა. ნებისმიერ დიზაინერულ ნიმუშში ჩათქმულია, რომ მან რაიმე ფუნქცია უნდა შეასრულოს რეალურ სამყაროში. დიზაინი აქვს ყველაფერს, რასაც ადამიანი ქმნის შემდგომში გამოსაყენებლად: შენობებს, ტრანსპორტს, ტანსაცმელს, ჭურჭელს, ვებ-საიტებს და ა.შ. მოკლედ, რაც გაგიხარდებათ ყველაფერს...



ქმნიდე დიზაინს ნიშნავს ჭრიდე პრობლემებს. იყო დიზაინერი ნიშნავს მუდამ ახლოს იცნობდე იმ ადამიანებს პრობლემებს, ვისთვისაც დიზაინს ქმნი და მათი ამოხსნის საუკეთესო გზებს ეძებდე. ასეა ეს ოდითგანვე - დიზაინის ნებისმიერ ქვესახეობაში. ქვესახეობანი კი, რამდენიც გინდათ იმდენი აქვს და სიძველითაც ისეთივე ძველია, როგორც ადამიანთა სულ პირველი ცივილიზაციები და ჭკვიანური აზრები.


შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ დიზაინში, როგორც თვითმყოფად დარგში, პრობლემების ეფექტურ გადაჭრაზე უამრავი გამოცდილება, ცოდნა და მიდგომა დაგროვდა. რამდენიმე ჭკვიანმა ადამიანმა კი, როცა ეს შეამჩნია იფიქრა ამ ძირძველი პრობლემ-მჭრელებისაგან ჭკუა ესწავლათ და მათი მუშაობის პრინციპების მორგება სხვა დისციპლინებშიც ეცადათ. ასე დაიწყო დიზაინის სფეროს გარეთ გასვლა და განცალკევებით დაბადება პრობლემების ჭრის ინოვაციურმა კრეატიულმა პროცესმა - “დიზაინ ფიქრმა”. 

არ არსებობს ერთი კონკრეტული და სწორი განსაზღვრება “დიზაინ ფიქრისა”. სინამდვილეში ეს არის იდეა, სტრატეგია, მეთოდი და გზა სამყაროს ხედვისა, რომელმაც ინოვაციების შექმნის სამუშაო მეთოდოლოგიად ჩამოყალიბებაში ჰპოვა განსხეულება.


“დიზაინ ფიქრი” ის გზაა ადამიანის საჭიროებათა აღმოჩენისა და ამ საჭიროებათა ახლებურად დაკმაყოფილებისათვის, რომელიც დიზაინერული პრაქტიკის ხელსაწყოებსა და მიდგომებს იყენებს.


“დიზაინ ფიქრი” ინოვაციისადმი ჰუმანო-ცენტრული მიდგომაა, რომელსაც შეუძლია ინტეგრირება ადამიანების საჭიროებების, ტექნოლოგიების შესაძლებლობებისა და ბიზნესის წარმატებისათვის საჭირო მოთხოვნების.“ - აცხადებს ტიმ ბრაუნი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის დიზაინის, ინოვაციისა და ქონსალთინგის სფეროში “IDEO”-ს მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.  


“IDEO”-ს არასწორად მიაწერენ “დიზაინ ფიქრის”, როგორც ტერმინისა და როგორც მოვლენის გამოგონებას. მიუხედავად IDEO-ს ძალიან დიდი წვლილისა მის პოპულარიზებაში რთულია კონკრეტულად და მხოლოდ მათ მიაწერო, რადგან თავისი ისტორიის განმავლობაში მას ბევრი კონტრიბუტორი ჰყავდა. ასეთი დიდი კონტრიბუტორია Stanford University-ის Hasso-Plattner Institute of Design, რომელმაც მსოფლიოს “დიზაინ ფიქრის” ხუთ ეტაპიანი მოდელი შესთავაზა. ეს ის მოდელია, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ხშირად გამოიყენება ინდივიდებისა და კომპანიების მიერ მსოფლიოს მასშტაბით და ის დაახლოებით ასე გამოიყურება:

ემპათია


ყველაფერი ემპათიით იწყება. “დიზაინ ფიქრის”, როგორც მეთოდოლოგიის პირველ ეტაპს სწორედ ემპათია წარმოადგენს, რომლის მიზანია უკეთესი სურათი მოგცეთ იმ პრობლემისა, რომლის გადაჭრასაც ცდილობთ. მარტივი ლოგიკაა: თუ ვინმეს პრობლემების გადაჭრა გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ მათ მიმართ ემპათიური უნდა იყოთ. შესაბამისად, ეს ეტაპი შეიძლება მოიცავდეს მისვლას და უბრალოდ მეგობრულ საუბარს სამიზნე აუდიტორიასთან, კვლევის ჩატარებას მათზე (მათი პრობლემების მათივე სუბიექტური პერსპექტივიდან დასანახად), ანდაც საკითხის ექსპერტებთან კონსულტაციას.  ეს ეტაპი შესაძლებლობას იძლევა, რაც შეიძლება მეტი და ღრმა ინსაითი დაინახოთ და წინასწარი, პირადი დაშვებები საჭიროების შემთხვევაში გვერდზე გადადოთ. ამ ეტაპზე მოგროვებული დიდი რაოდენობის ინფორმაცია უნდა დაგეხმაროთ იმაში, რომ შემდეგ ეტაპზე, რაც შეიძლება გასაგებად და მკაფიოდ განისაზღვროს ის პრობლემები, რომლის გადაჭრაც გადაგიწყვეტიათ.

განსაზღვრა


მეორე ეტაპი პრობლემის რაც შეიძლება მკაფიოდ განსაზღვრას გულისხმობს. ამ დროს ხდება პირველ ეტაპზე მოგროვებული ინფორმაციის თავმოყრა, დამუშავება და გაანალიზება. მოგროვებული ინფორმაციის შესაბამის ფორმაში მოყვანა საშუალებას მოგცემთ უკეთესად გამოკვეთოთ აღმოჩენილი პრობლემები. ასე შეძლებთ ხედვის იმ პერსპექტივის ჩამოყალიბებას, რომელიც შემდეგ ეტაპზე პრობლემის გადასაჭრელად მოფიქრებული იდეების მართებულობისა და ეფექტურობის გარანტორია.

წარმოსახვა


ეს ის ეტაპია, სადაც ფანტაზიას გასაქანი უნდა მისცეთ და იდეების შტორმი მოაწყოთ. ამ ეტაპისთვის წესით უკვე სრულიად მზად ხართ, ზუსტად იცით პრობლემის არსი და მის გადასაჭრელად მოფიქრებული იდეებიც წესით ლოგიკური და მართებული უნდა იყოს. რაც უფრო მეტს მოიფიქრებთ, მით უკეთესი, რადგან შემდეგი ეტაპისათვის მათგან საუკეთესოების ამორჩევა მოგიწევთ. 

ნიმუშის შექმნა


მოფიქრებულ იდეებს ახლა განსხეულება სჭირდება, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მარტივ/იაფიან/სწრაფ ფორმებში და იდეების იმ ნაწილების გამოკვეთით, რომელიც პრობლემის გადაჭის მხრივ ცენტრალურია. თქვენ თქვენი იდეების პროტოტიპები უნდა შექმნათ. რაც მეტი ნიმუშის შექმნას შეძლებთ, მით უკეთესი თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის. თითოეული ნიმუშით შესაძლებლობა გაქვთ გამოიძიოთ თქვენ წინაშე არსებული პრობლემების სხვადასხვა ასპექტები და გამოარკვიოთ თითოეული ნიმუში მათ როგორ მოაგვარებდა.

ამ დროს დაინახავთ რა შეზღუდვები შეიძლება ჰქონდეს თქვენს ნიმუშებს და თავის მხრივ რა პრობლემებს შეიძლება ქმნიდნენ ისინი მოხმარებისას, ასეთის შემჩნევის შემთხვევაში ამ ეტაპზევე შეძლებთ გამოასწოროთ და პროცესის ბოლოს ნიმუშები უკვე მზად გქონდეს ბოლო ეტაპისათვის - ტესტირებისათვის. 

ტესტირება


მეხუთე და ბოლო ეტაპი ნიმუშების ტესტირებაა. ამ ეტაპზე თქვენ და თქვენი გუნდი შექმნილი პროტოტიპებით უბრუნდებით იმ მომხარებლთა ჯგუფს, საიდანაც მოკვლევა დაიწყეთ და ვისთვისაც ქმნით ახალ პროდუქტს. მათ სთხოვთ, რომ პროტოტპიები გამოსცადონ და თქვენ კი პროცესს აკვირდებით. აქ გამოჩნდება რამდენად კარგად იმუშავეთ წინა ოთხ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ეს ის ეტაპია, სადაც პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში ნებისმიერ სხვა ეტაპს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ და გამოასწოროთ. ეს იმდენჯერ უნდა გაიმეოროთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ პრობლემა ბოლომდე და ეფექტურად ამოხსენით. ყველა დეტალის დახვეწაზე მუშაობთ მანამ, სანამ მომხარებლები ბოლომდე კმაყოფილი არ იქნებიან თქვენი შექმნილი პროდუქტით. დიახ, თქვენ იმდენჯერ იმეორებთ ამ პროცესს რამდენჯერაც საჭირო იქნება და ეს ცალსახად კარგია. აი ამის შემდეგ, კი უკვე თქვენი პროდუქტი მზად არის რეალურ სამყაროში სცადოს თავისი ბედი. 

რატომ არის “დიზაინ ფიქრი” მნიშვნელოვანი?


●     შეუძლია თქვენ და თქვენს გუნდს ზედაპირზევე დაგანახოთ იმ ხალხის დაუკამყოფილებელი საჭიროებანი, ვისთვისაც ქმნით


●      ამცირებს რისკს, რომელიც დაკავშირებულია ახალი იდეების გაშვებასთან; (ხშირად ისე იქმნება პროდუქტები, რომ შემქნელები თავის თავს არგებენ და რეალურად არ იციან რა უნდათ მათ, ვისთვისაც ქმნიან. ეს მეთოდოლოგია გარანტორია, რომ უეჭველად მათ საჭიროებებს მოარგო ვისთვისაც ქმნი


●     როგორც მეთოდოლოგია, ხშირად ქმნის ისეთ გადაჭრის გზებს, რომელიც რევოლუციურია და არა მხოლოდ ინკრემენტალური


●     თქვენ, თქვენს გუნდსა და ზოგადად ორგანიზაციებს ეხმარება სწრაფად სწავლაში

თუ სტივ ეპინგერს, MIT SLOAN-ის ინოვაციების მენეჯმენტის პროფესორს დავუჯერებთ:


“ასეთი ხმაური დიზაინ ფიქრის ირგვლივ სინამდვილეში მარტივი რაღაცის ბრალია. ხალხმა დაიწყო გაცნობიერება, რომ თუ ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, რომლებსაც პრობლემების ეფექტურად ამოხსნა სჭირდება, მაშინ ამ მეთოდისგან უზარმაზარი ბენეფიტების მიღება შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ მენეჯერებს ეს მიდგომა შეუძლიათ გამოიყენონ არა მარტო მაშინ როდესაც ახალი პროდუქტი თუ სერვისი აქვთ შესაქმნელი, არამედ ნებისმიერ დროს, როდესაც რაიმე გამოწვევის წინაშე დგანან, როდესაც უბრალოდ რაიმე პრობლემა აქვთ ამოსახსნელ-გადასაჭრელი.


“დიზაინ ფიქრის” მეთოდის შეტანას ბიზნესების პრობლემებთან გასამკლავებლად შეუძლია აღმასრულებელ ტიპებს სხვადასხვა ინდუსტრიებში დაეხმაროს, გადაიაზრონ თავიანთი პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზებები, გაზარდონ თავისი ბაზარი, შესთავაზონ მეტი ღირებულება თავიანთ მომხარებლებს, იყვნენ ინოვაციურები და, რაც მთავარია, დარჩნენ ბაზრისთვის რელევანტურები. პირადად მე არ მეგულება ინდუსტრია, რომელიც კარგად ვერ გამოიყენებდა ამ ყველაფერს.“


ამის შემდეგ კი, თქვენი ნებაა დაუჯერებთ თუ არა ბატონ სტივსა და ამ ამბის ირგვლივ შექმნილ ხმაურს. მთავარია “დიზაინ ფიქრი” შორეულ, რთულ და მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომ რაიმედ არ მოგეჩვენოთ და ცდაზე არ თქვათ უარი. აგერ უკვე დიდი ხანია ამ მეთოდოლოგიით ვცდილობთ ჩვენ, ანუ “Redberry”, ციფრული პროდუქტები შევქმნათ და ახლა კი იგივე მეთოდოლოგიის / პროცესის იმპლემენტირებას Startup Studio-შიც ვაკეთებთ. 

რა თქმა უნდა, 19 სექტემბრიდან ბათუმში, AD BLACK SEA-ზე უხვად ვიქნებით წარმოდგენილები და დამატებით შეკითხვები თუ გაგიჩნდებათ ამასთან დაკავშირებით შეგეძლებათ რომ იქ გამოგვიჭიროთ, თუ არადა სტატიის ბოლოს რამდენიმე ფრიად გამოსადეგ ლინკს დაგიტოვებთ საკითხში უფრო ღრმად გათვითცნობიერების მსურველებს. აქვე შეგიძლია უყუროთ VOX-ის მცირეხნიან მშვენიერ ვიდეოს მოცემულ საკითხზე:

ამით დაგემშვიდობებით და ისღა დამრჩენია AD BLACK SEA-ზე იდეაში ჯერ არ წამომსვლელებს წამოსვლა გისურვოთ, იდეაში წამომსვლელებს კი იქ საუკეთესო დროის გატარება.


გმადლობთ ყურადღებისათვის და დროებით :)


ავტორი: ბასა მეტრეველი - რედბერის უფროსი ქოფირაითერი