მუსიკა | ცა

დავით ცინცაძე - ფლეილისთი

Andy Hull & Robert Mcdowell – Intro Song  

ეს უშესანიშნავესი ინდი ფილმი Swiss Army Man მთლიანად იზოლირებულ გარემოზე, მარტო დარჩენილ ადამიანზე და სტიგმებზეა (და კიდევ ბევრ რაღაცაზე), მაგრამ ეს აკაპელა განსაკუთრებით იმსახურებს რომ ჩვენი პლეილისტი გახსნას, მით უმეტეს თუ ფილმში მოთამაშე პოლ დანოს ხმაც არის:

Ricky Nelson - Lonesome town 

დაცარიელებული ქუჩების ფონზე, Pulp Fiction-ის (რამდენს გახსოვდათ?) ეს საუნდტრეკი, მითუმეტეს თუ გულის მურაზი მრავალ ქუჩას გადაღმაა გამოკეტილი სახლში, კარაქივით მიდის საღამო ხანს.  

არა - 2054 

არანაკლები შეიძლება ითქვას არას ამ სიმღერაზე, რომელიც წესით ბევრი სამამულო ონლაინ თუ დისტანციური მიჯნურობის ბექგრაუნდად უნდა შეიქნეს აწი და გამოკეტილ - დამწვრისა ვისაც სჭირს, გულზე უნდა მოესალბუნოს კიდეც 

Radiohead – Daydreaming

თვითიზოლაციის და მარტოობის პლეილისტში რედიოჰედის არყოფნა იგივეა რაც იამაიკური მუსიკის პლეილისტი ბობ მარლის გარეშე, მაგრამ ეს სიმღერა უფრო კლიპის გამოისობით იქცევს ყურადღებას, რომელიც 3 წლის წინ რომ არ იყოს გადაღებული, კორონას არიდების მასტერკლასი გეგონება კაცს.

The Cure - Close to me 

სუნთქვა რომელიც ამ სიმღერაში „ზომაზე ხმამაღლა“ ისმის, იმას ემსახურება რომ შენთან ერთად კარადაში ჩაკეტილი ადამიანების და სიმჭიდროვის და დახუთულობის შეგრძნება ზუსტად გადმოსცეს. ეს მრავალმხრივი კონტექსტის სიმღერა აუცილებლად ყურსასმენებში უნდა მოისმინო, ემოციათა მთელი კლასტერის შესასისხლხორცებლად

Pink Floyd - nobody home

დიდი ბედნიერებით პინკი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, განსაკუთრებით Wall-ის იმ მონაკვეთში როდესაც ეს სიმღერა ჟღერდება, მაგრამ ამას დიდად ხელი არ შეუშლია ამ სიმღერისათვის იმაში, რომ იზოლაციისა და გაუცხოების ჰიმნად ქცეულიყო დეკადების განმავლობაში.

Death in Vegas – Dirge

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ორი ძალიან კარგი საშინელებათა ფილმის ამ ლუპ-საუნდტრეკში ყველაფერს დაწვრილებით მისი ტექსტი მოგიყვებათ. მისამღერი განსაკუთრებით 

Tom Waits – Hold on 

დიდი წარდგენა ამ სიმღერას არ სჭირდება, თუმცა ვისკიში მოთუშული მელანქოლიის და არ დანებების საუნდტრეკს ასე დედამიწაზე სხვა ვერცერთი ადამიანი ვერ მოგაწოდებს, ხოლო ამჟამად რა შეიძლება გჭირდებოდეს იმის შეხსენებაზე მეტად, რომ შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა.

King Krule – Easy Easy

That’s what happens when you give gingers soul - სპრავედლივად გვამცნობს პირველივე იუთუბ კომენტი და ამ 17 წლის ჟღალი ლაწირაკის ნამღერმა მარტო ბევრი მილენიალი კი არა, Generation X იც ააფორიაქა და ჩვენც ჩერჩილის რკინის მკვნეტელი ფრაზით გაგვახსენა, რომ When you going through hell, you just keep going.

Trentemoller & Kasper Bjorke - Doesn’t matter 

თუ ქალაქში იმყოფები, ეს ტრეკი ღამე ფანჯრებიდან / აივნიდან ყურების დროს ძალიან ასწორებს. აკი ვიდეოც ამას გვეუბნება.

თუ დიდ ქალაქში იმყოფები, მაშინ აუცილებელია.

ხოლო თუ ჩაკეტილ ქალაქში ანდაც კარანტინში, მაშინ პანაცეაა.

Arcade Fire - Song on the Beach

ხოაკინ ფენიქსი, თვითიზოლაცია და სიმარტოვე აწი ჯოკერის გარდა არაფერთან არ ასოცირდება, მაგრამ სპაიკ ჯონზმა რამდენიმე წლით ადრე უკარგესი ფილმი გვიფეშქაშა, სადაც კანადელი ჰიპსტერების ეს უმარტივესი და ულამაზესი კომპოზიცია ჟღერს  

David Bowie – Five Years 

რამდენად 5 წელი დაგვრჩა არ ვიცი, მაგრამ ადამიანებს რომ ერთმანეთი გვჭირდება, ლოქდაუნის მორჩენის შემდეგ ალბათ ცოტა უფრო დიდი ხანი გვემახსოვრება ვიდრე აქამდე. Arcade Fire თან ერთად ლაივი კი იმიტომ, რომ ბოდიში მომითხოვია და ორიგინალს ჯობია.

Virtual Barber Shop 

რაც უფრო მეტი დრო გადის ლოქდაუნში, მარტივი სერვისები მით უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება. მაგრამ სადალაქოში ხალხი მარტო სერვისის მისაღებად არ დადის და თუ შენთვისაც მაკრატლის რიტმული კრაჭუნი და ზოგადად ის ამბიენსი, რაც სადალაქოში გესმის პირდაპირ კავშირშია სეროტონინის გამოყოფასთან ტვინში, ა ბატონო. ცოდვა გამხელილი ჯობია და არა-მსოფლიო-აპოკალიფსის პირობებშიც არაერთხელ მომისმენია.

Max Richter – November 

ბევრს ვერც ვერაფერს იტყვი, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესი კომპოზიტორის შესაძლოა საუკეთესო ტრეკი. თუმცა ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო შეგრძნებებს და ინსტინქტებს აღვიძებდეს ტვინში, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს და თუ როდესმე ამის მოხდენის დროა, ახლაა მაშ.

Pixies – Cactus & Where is my mind 

ადამიანის მონატრება მარტო ის რომ არაა, რასაც დისნეის მულტფილმებში ვუყურებდით ბავშვობაში, ამაში Pixies ძალიან უცებ გაგარკვევს თუ რამეა. მერე კი უცბაშად იმ მონატრებულ ადამიანთან ერთად ხელჩაკიდებული ვიტრაჟიდან გადახედვის პონტიც თუ გაეძრო, აი მერე უკვე დამიჯერე რომ აღარაფერი გვიჭირს და ყველაფერი გენიალურად იქნება.

Led Zeppelin - No Quarter & Rain Song 

იქამდე სანამ ჯონ პოლ ჯონსის ინტრო მორჩება და პეიჯის გიტარა გადმოეღვენთება დინამიკებში, მოვასწრებ გითხრა რომ თუ ორმოცდაათი წლის წინ შექმნილ ჯგუფს შეუძლია ოცდამეერთე საუკუნის ადამიანს ოდისევსის მოგზაურობის ყველა თავი ერთ სიმღერაში გაგატაროს, ლეგენდა მაგას ჰქვია და ბევრი ლაყაფი მანდ აღარაა საჭირო.  

ჯანსუღ კახიძე - მოვა მაისი 

საგანგებოს, ლოქდაუნის ფონზე, პირველი დრო რაც ამჟამად იმედიანად მოსჩანს აპრილის დასასრულია, ამიტომ მაისის მოსვლის სიხარული პირველია, რაც იმედია ხელში არ შემოგვეფრცქვნება და ამ სიმღერის ფონზე კიდევ ერთხელ გავიაზრებთ როგორ უკანმოუხედავად და მოქარგულად უყვარდათ ერთ დროს ჩვენს ქვეყანაში.

John Murphy – In the House, in a Heartbeat 

მეორეს მხრივ კი არც იმაზე ფიქრია უადგილო, რომ მსოფლიოს ვირუსი წალეკავს, პოსტ-აპოკალიპტური ზამთარი დადგება და „ის ინფიცირებულია, ის უკვე შენი ძმა აღარ არის“ ფრაზა წინასწარმეტყველება აღმოჩნდება. ეგეთი დროისთვის კი 28 days later –ის (რომელსაც უკვე მერამდენედ აკოპირებენ უსირცხვილოდ სხვადასხვა სათაურით) საუნდტრეკზე მაგარი პლანეტაზე არაფერი დაწერილა...აბა აქეთ მოიწი მეგობარო, რა კარგი ჩექმები გაცვია...ეს ჩემი ბენზოხერხია, ედუარდი ჰქვია...

Fools Garden - Lemon tree

ბოლოს კი ამ ათასჯერ გამოღეჭილი სიმღერის გარდა ვერაფრით ვამთავრებთ. გუშინ ყველას გვქონდა გეგმები, იზოლაცია დიდად არავის მოგვწონს, კარგს ვერაფერს ვხედავთ გარშემო მაგრამ რაცაა ეგაა რა. ყველაფერი კარგად იქნება. ან არ იქნება, მაგრამ ბოლოში ხომ მაინც კარგად იქნება. თუ არ იქნება და აი დარდი, მაგაზე უარესად ხომ არ იქნება. You know kind of plan never fails? No plan at all. ხელები დაიბანეთ. Cheers 

ავტორი: დავით ცინცაძე