აქტუალური მუსიკის ფესტივალი 2021

ფოტო: ლევან მაისურაძე

არსებულმა პანდემიურმა მდგომარეობამ მუსიკალური ფესტივალების ორგანიზატორებს მსოფლიო მასშტაბით შეუცვალა გეგმები, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, გეგმების შეცვლა ფესტივალის ჩაშლას როდი ნიშნავს. განსხვავებული გამოსავლის ძიებაში იყვნენ „აქტუალური მუსიკის ფესტივალის“ დამფუძნებლები, როდესაც წელს, შვეიცარიაში უკვე დაგეგმილი კონცერტების ჩატარება, ქვეყნის ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა, თუმცა მსმენელი და მაყურებელი აღნიშნული ღონისძიების ხილვას მაინც შეძლებს ონლაინ - ფესტივალის პრემიერა 15 აპრილს, 22:00 საათზე - ფესტივალის და ArtArea-ს ფეისბუკ გვერდებზე შედგება.

„აქტუალური მუსიკის ფესტივალი“ 2005 წლიდან იმართება და ყოველი წელს მასშტაბი შესამჩნევად იზრდება. მისი თავდაპირველი მიზანი ორი ქვეყნის, საქართველოსა და შვეიცარიის მუსიკალური დაახლოვება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ფესტივალის იდეის ავტორი, მუსიკოსი თამარ კორძაია უკვე წლების განმავლობაში სწორედ შვეიცარიაში მოღვაწეობს.

„თავდაპირველად ორი ქვეყნის ექსპერიმენტული მუსიკის სცენის, რასაც „ახალ მუსიკას“ (Neue Musik) უწოდებენ, დაახლოვებას ვცდილობდით. საკმაოდ ბევრი კონცერტი დავგეგმეთ და ამ ქაოტურობამ ხალხისგან არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია - ზოგისთვის გაუგებარი რჩებოდა მოსმენილი მუსიკა, ზოგი კი პირიქით, მადლობას გვიხდიდა.“

- თამარ კორძაია.

ფოტო: Stéphanie Couson

ამავე წლიდან Close Encounters აქტიურად ცდილობს შექმნას ისეთი პლატფორმა მუსიკოსებისთვის, სადაც ისინი საკუთარ, თუნდაც იქამდე წარმოუდგენელ იდეებს განახორციელებენ - ფესტივალი კი მათ ხელს შეუწყობს რათა, მუსიკოსები, ანსამბლები და კომპოზიტორები ერთმანეთთან დააკავშიროს სამომავლო საინტერესო კოლაბორაციებისთვის.

„ჩვენი ამოცანაა, რომ მსმენელს ისეთი მუსიკა გავაცნოთ, რომელიც მათ შეიძლება მოსმენილიც არ ჰქონდეთ, მეტიც არც ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ მსგავსი უცნაური მუსიკა საერთოდ არსებობს. მათი გადასაწყვეტია, რამდენად მოეწონებათ აღნიშნული ექსპერიმენტი. რასაც უპირველესად გავურბივართ - ეს ზედაპირულობაა. ყოველ ფესტივალზე იზრდება აუდიტორიის რაოდენობა და მსმენელთან საოცარი კონტაქტი მყარდება.“

- თამარ კორძაია.

აქტუალური მუსიკის ფესტივალის ყოველი წლის გამოშვებას განსხვავებული იდეა გასდევს. თავად დასახელებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეუძლებელიც კია სხვაგვარად იყოს - XXI საუკუნეში, მუსიკალური იდეები სწრაფ მოდიფიკაციას განიცდიან და ყოველწლიურად იცვლება მათი აქტუალობაც.

„მაგალითად 2018/19 წლის Close Encounters-ის იდეა მოულოდნელად მეწვია. თითქმის გადაწყეტილი მქონდა, ათწლიანი ისტორიისა და ხუთი გამოშვების შემდეგ, გამეუქმებინა ფესტივალი. მისი ორგანიზება და განხორციელება დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს და ყოველ ჯერზე სასოწარკვეთილების ზღვარზე ვიმყოფები. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ვბრუნდებოდი Mondrian Ensemble-ის კონცერტიდან, რომელიც ბოდენის ტბის ნაპირას მდებარე ბრეგენცის ხელოვნების სახლში ჩატარდა, გავესაუბრე პეტერ ცუმთორს - ბრეგენცის ხელოვნების მუზეუმისა და ამ პლანეტის კიდევ არაერთი ულამაზესი არქიტექტურული ნაგებობების ამგებს. არც კი ვიცი, როგორ წარიმართა საუბარი, მაგრამ ხანგრძლივი მგზავრობის ბოლოს ჩემთვის ნათელი იყო, რომ ფესტივალი კვლავ ჩატარდებოდა და პეტერ ცუმთორი მას სტუმრის სტატუსით ეწვეოდა. ამ გადაწყვეტილებამ განსაზღვრა 2018/19 წლის ფესტივალის მთელი პროგრამა: არქიტექტურა - მუსიკა - სივრცე - დრო - ნახაზები: ეს ის სიტყვები და იდეებია, რომლებმაც წლევანდელ ფესტივალს მიმართულება დაუსახეს.“

- თამარ კორძაია.

2021 წლისთვის კი ფესტივალი სრულიად განსხვავებული პროგრამით დაბრუნდა. წელს იგი ისევ მოუყრის თავს 18 განსხვავებულ მუსიკოსს საქართველოდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან და გერმანიიდან. პროგრამის ცენტრშია ქართველი ელექტრონული მუსიკოსების მიერ შექმნილი ნაწარმოებები, რომლებსაც გორის ქალთა გუნდი შეასრულებს. აღნიშნული იდეის ავტორი ალექსანდრე კორძაია, იგივე Kordz-ია, რომლისთვისაც ინსპირაცია 2 წლის წინ, ნატალია ბერიძესთან კოლაბორაციით შექმნილი ნაწარმოები იყო, რა დროსაც მუსიკალური არანჟირება გუნდისთვის გააკეთა. 

ფოტო: თაკო რობაქიძე

„მაშინ მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს გუნდის ჟღერადობა, შეიძლება ითქვას, რომ „ყველაზე მოწინავე პოლიფონიური სინთეზატორია“ - გორის ქალთა გუნდზე ვიცოდი, რომ თანამედროვე მუსიკას აკეთებდნენ, ექსპერიმენტები უყვართ, ძალიან ბევრს მუშაობენ და პერფექციონისტები არიან - სწორედ აქედან დაიბადა აღნიშნული იდეაც.“

- Kordz

გორის ქალთა გუნდისთვის მსგავსი პროექტები სიახლე როდია. რამდენიმე წლის წინ გუნდი ქეთი მელუას ახალ ალბომზე “In Winter” თითქმის 2 წლის განმავლობაში მუშაობდა - ამ პერიოდის განმავლობაში გაიფილტრა ყველა ნიუანსი და საქართველოს ფარგლებში, საგუნდო კოლექტივებს შორის ყველაზე მასშტაბური პროექტი მივიღეთ.

„ჩვენ მიერ ჩატარებულ ევრო ტურნეებს (2016, 2018 წწ.) მოჰყვა უამრავი გულშემატკივრის გაჩენა, უამრავი მუსიკის კრიტიკოსის მიერ მიღებული უმაღლესი შეფასება. რა თქმა უნდა, გუნდი უკვე მანამდეც იყო პოპულარული, მაგრამ ამ ფაქტმა უფრო მასშტაბური პოპულარობა მოუტანა გუნდს არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.“

- იხსენებს გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა.

ფოტო: თაკო რობაქიძე

აღნიშნულმა და სხვა გამოცდილებებმა გუნდს უფრო მეტი ექსპერიმენტისკენ და ღიაობისკენ უბიძგა.

„როდესაც ამ გუნდის სათავეში მოვედი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდოდა ის ხაზი შემენარჩუნებინა, რაც ჩემამადე  გააჩნდა, მაგრამ დროდადრო მომინდა სხვა ჟანრებსაც შევხებოდი. სწორედ ასეთმა ინტერესმა განაპირობა ის, რომ დავთანხმდი ამ ძალზედ საინტერესო  პროექტს - ელექტრონული მუსიკა და გორის ქალთა გუნდი.„

- თეონა ცირამუა

მიუხედავად იმისა, რომ გუნდისთვის და მისი ხელმძღვანელისთვის ელექტრონული მუსიკა სრულიად უცნობ მუსიკალურ ტერიტორიაზე შებიჯებას ჰგავდა და მასთან შეხება ამ პერიოდამდე მხოლოდ თეორიულად თუ ჰქონდათ, ფესტივალის გამოწვევა მიღებულ იქნა და მალევე დაიწყო საერთო პროცესზე მუშაობა.

ფოტო: თაკო რობაქიძე

„ჩემთვის  საინტერესო იყო თითოეულ ადამიანთან მუშაობა. ისინი ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. პიროვნულადაც ძალიან შევეწყვეთ ერთმანეთს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი დეტალია ერთად მუშაობის დროს.  ჩვენ მათი სახით შევიძინეთ ახალი მეგობრები.“

- თეონა ცირამუა

პროექტში Kordz-თან ერთად დამატებით 3 ქართველი ელექტრონული მუსიკოსი - სანდრო ჩინჩალაძე იგივე TeTe Noise, ანუშკა ჩხეიძე და გიორგი კობერიძე მონაწილეობდნენ. მათ ცალკ-ცალკე დაწერეს კომპოზიციები, რომლებიც ქალთა გუნდისთვის გადაკეთდა და ფესტივალის ფარგლებში ერთიან ფორმატში შესრულდება.

ფოტო: თაკო რობაქიძე

„ჩემი ოცნება იყო გუნდთან მემუშავა, იმის შემდეგ, რაც ელექტრონული მუსიკით დავინტერესდი. ის პირველი შეგრძნება, რაც ბავშვობიდან გამომყვა მძაფრად - ვგულისხმობ ეკლესიის გუნდში გალობას, სულ მენატრებოდა. ნაწარმოები უშუალოდ გორის ქალთა გუნდისთვის დაიწერა, ყველა ხმა ვიმღერე ცალ-ცალკე და მერე განოტდა.  შეიძლება ითქვას, რომ პირველად ამ ნაწარმოების გარჩევის მოსმენის დროს გამაჟრიალა ზუსტად იმ სიმძაფრით, როგორც ბავშვობაში.“

- იხსენებს ანუშკა ჩხეიძე

ფოტო: თაკო რობაქიძე

სანდრო ჩინჩალაძეს, რომლის მუსიკალური წარსულიც მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ეტაპებისგან შედგება, წარსულში უმუშავია სიმებიან კვარტეტთან, თუმცა როგორც ამბობს, ქალთა გუნდთან მუშაობის გამოცდილება სრულიად განსხვავებული იყო.

„მუშაობის პროცესში ბევრი რამ შევცვალე,  სამუშაო ვერსიაში დასარტყამი ინსტრუმენტი არ იყო გათვალისწინებული, თუმცა პროცესში ეს სასიამოვნო და საჭირო ჟღერადობა აღმოჩნდა.


კომპოზიცია „Lunaris“ დაწერილია ქალთა გუნდისა და ანალოგური სინთეზატორისთვის და ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში გამოყენებულია ქალთა გუნდის მიერ შესრულებული „თეთრი ხმაური“, რომელიც შემდგომ აკომპანირებს გუნდს, ხოლო მეორე ნაწილს ანალოგური სინთეზატორი და ელექტრონული დასარტყამი ამრავალფეროვნებს.“

- სანდრო ჩინჩალაძე

გიორგი კობერიძისათვის პროექტის წარმატებებით დასრულების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მუსიკოსებსა და გუნდის წევრებს შორის ღია და აქტიური კომუნიკაციის პროცესი იყო, როდესაც ყოველი მუსიკალური იდეის რეალიზაციის შესაძლებლობა წინასწარ იყო განხილული.

„ჩემთვის შექმნის პროცესი შემიძლია ორ ეტაპად გავყო. პირველი ეტაპი ნაკლებად მოიცავს გუნდის გადმოსახედიდან დანახულ პროცესზე ფიქრს. მეორე ეტაპისთვის კი უკვე განუყოფელი ნაწილია ეს.  პირველი ეტაპი ცურვასავითაა, მეორე კი მიწაზე მყარად სიარულია. ანუშკა ჩხეიძემ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ თავიდან მეგონა გუნდი დამხმარე იქნებოდა და არა წამყვანიო და რაღაც მომენტში ხვდები - ყველაფერი პირიქითაა, პირველ რიგში გუნდისთვის წერ მუსიკას და ელექტრონიკაა დამხმრარეო. დაახლოებით ასე იყო ყველაფერი ჩემთანაც.“

- გიორგი კობერიძე

2021 წელს აქტუალური მუსიკის ფესტივალის რამდენიმე თვიანი პროგრამა დაანონსდა, რომელიც აპრილში შვეიცარიაში, ზაფხულის პერიოდში კი საქართველოში, თბილისში, გორსა და ქუთაისში კონცერტებით უნდა გაგრძელებულიყო. დასაწყისში ნახსენები მიზეზთან გამო, ფესტივალის პრემიერა 15 აპრილს, 22:00 საათზე ონლაინ შედგება.

„ყველა, ვინც აღნიშნულ პროექტში იყო ჩართული, თავის პასუხისმგებლობას ბოლომდე გრძნობდა, იმისგან დამოუკიდებლად, რომ არავინ იცოდა საბოლოოდ რა გამოვიდოდა. ელექტრონიკა და ქალთა გუნდი არც თუ ისე ხშირი მოვლენაა და ჩემთვისაც ახალი გამოცდილება იყო. აუცილებლად გავაგრძელებთ და ივნისში ამის გაკეთება მთლიან გუნდთან, 25 ვოკალისტთან ერთად ვაპირებთ.“

- Kordz

ავტორი: ჯაბა შავიშვილი