ბიზნესი

გაიცანი ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო სტარტაპისთვის

წარმოგიდგენთ ბიზნესდაჯილდოება 2020-ში მონაწილე ბიზნესებს, ამჯერად ნომინაციაში საუკეთესო სტარტაპისთვის საუკეთესო კომპანიებს გაგაცნობთ.

ნოემბერი 05, 2020

გორგასალი - საუკეთესო სტარტაპისთვის

„Gorgasali Battle Royale” არის პირველი ქართული მასიური სამაგიდო თამაში, რომელიც ვიზუალურად, იდეურად და თამაშის მექანიკიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბაზარზე უნიკალურია. კომპანია „გორგასალი” დაარსდა 2019 წელს, რის შემდეგაც ჩაერთო მარკეტინგულ აქტივობებში, თუმცა პროდუქციის რეალიზაცია კომპანიამ ერთი თვის წინ დაიწყო, ამ მოკლე დროში პროდუქტი შეიძინა 200-ზე მეტმა მომხმარებელმა.


ამ ეტაპზე, კომპანია მუშაობს ახალი თამაშის შექმნაზე, რომლის მექანიკაც უკვე მზად არის და მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება. ამასთანავე, უკვე დასრულებულია არსებული პროდუქტის „Gorgasali Battle Royale”-ს გაუმჯობესებული ვერსია დამატებითი ელემენტებით, რომელსაც უახლოეს მომავალში წარადგენენ. მიმდინარეობს მოლაპარაკება უცხოელ გამომცემლებთან, პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გასატანად და პარალელურად, „გორგასალი“ თამაშის კომპიუტერული ვერსიის გამოშვებაზეც მუშაობს.

Gorgasali Battle Royale

თაფლი 5500 - საუკეთესო სტარტაპისთვის

„თაფლი 550” საწარმოს შექმნის დღიდან პროდუქციის ხარისხთან ერთად ცდილობს ფუტკრის პროდუქციის შეძენის მარტივი და ეფექტური გზა შესთავაზოს მომხმარებლებს. სწორედ ამიტომ შეიქმნა თაფლის პირველი ონლაინ მაღაზია www.honey5500.ge და facebook ბოტი, "Bee Bot", რომელიც მომხმარებელს ეხმარება სახლიდან გაუსვლელად სასურველი თაფლის შეძენაში. „თაფლი 550“ ცდილობს შევცვალოს არსებული რეალობა და ციფრული ტექნოლოგოების გამოყენებით შექმნას მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება მომხარებლებისათვის. 

თაფლი 5500

ეკოტოპია - საუკეთესო სტარტაპისთვის

კომპანია ერთი წლის წინ დააარსა გუნდმა,რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ავეჯის დამზადებასა და კონსტრუირებაზე ერთად მუშაობდა. გუნდი საკუთარი გამოცდილებით კარგად იცნობს საინფორმაციო ბაზას, რომელიც ეხმარება ბაზარზე არსებულ კომპანიებთან საქმიან ურთიერთობაში, საწარმოო პროცესების მართვაში, ყველა ინოვაციისა თუ სიახლის სწრაფად ათვისებასა და დანერგვაში. გამორჩეული დიზაინითა და გამორჩეული ხარისხის პროდუქტის გამოყენებით გუნდი ზრუნავს მომხმარებლების კმაყოფილებაზე. 

ეკოტოპია

Hiring.ge - საუკეთესო სტარტაპისთვის

Hiring.ge დასაქმების პროცესს ავტომატიზირებულს ხდის, ვაკანსიის გამოცხადებიდან აპლიკანტის დასაქმებამდე, მოიცავს ვაკანსიების გამოქვეყნებას, აპლიკანტების გადარჩევას, ონლაინ გასაუბრებას და დამსაქმებლისათვის ანალიტიკური სერვისების შეთავაზებას. Hiring.ge პორტალის გამოყენება აპლიკანტებისთვის უფასოა. დამსაქმებელს ვაკანსიის განსათავსებლად შესაბამისი ფუნქციონალის მქონე პაკეტის შეძენა მოუწევს. Hiring.ge ბაზარზე 1 კვირაა გაეშვა და ამ ეტაპზე 20 კლიენტი ყავს, მათ შორის, ისეთი კომპანიები, როგორიცაა რომპეტროლი, ორიენტ ლოჯიკი და ნესტლე ჯორჯია. კომპანია ბიზნესის გაფართოებას მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი) აპირებს. Hiring ახორციელებს აგრესიულ ციფრულ მარკეტინგულ და გაყიდვების კამპანიას, როგორც B2B, ასევე B2C მიმართულებებით, რომელიც მოიზიდავს დამსაქმებლებს და განთავსებული ვაკანსიების პარალელურად - სამსახურის მაძიებლებს.

Hiring.ge

მომო - საუკეთესო სტარტაპისთვის

მომო 5 თვეა, რაც ფუნქციონირებს. ის მომხმარებელს სთავაზობს განსხვავებული დიზაინის მაღალი ხარისხის მზის სათვალეებს. ჯერჯერობით, მხოლოდ მზის სათვალეებს აწარმოებს და გაყიდვაშია 5 მოდელი. ამ მცირე დროში პროდუქტის ხარისხმა და განსხვავებულმა დიზაინმა დიდი როლი ითამაშა მომხმარებელთა შორის სანდოობისა და ცნობადობის მოპოვებაში. სამომავლოდ დაგეგმილია, ერთ სივრცეში მაღაზიის, სახელოსნოს და ექიმის მომსახურებას გაკეთება, რომელიც დახმარებას გაუწევს მომხმარებელს, როგორც ოპტიკური ხაზის შემთხვევაში, ასევე, მზის და სხვა სათვალეების შეძენისას. 

მომო

Space Farms - საუკეთესო სტარტაპისთვის

Space farms-ის მეურნეობა მიზნად ისახავს ბოსტნეულის წარმოებას 365 დღე უწყვეტად, მომხმარებელთან რაც შეიძლება ახლოს. Space farms ქმნის მდგრად მეურნეობას, ბოსტნეულის წარმოება არის გამჭირვალე, იზოგება მიწის რესური, წყლის და ტრანპორტირების ხარჯები, არ გამოიყენება პესტიციდები. გამოიყენება ურბანული აუთვისებელი ფართობი ბოსტნეულის გაზრდისთვის. ახალი თაობა ჩართულია ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომელიც გამოიყენება მომავლის აგრომეურნეობაში.

Space Farms

PRISM - საუკეთესო სტარტაპისთვის

PRISM არის იმერსიული თეატრალური პროექტი. PRISM წარმოადგენს ქალაქის ქუჩებში სპექტაკლის, თამაშის და კვესტის ერთობლიობიას. ასეთი ფორმატი საქართველოსთვის არის სრულიად ახალი: მარშრუტის დასაწყისში მონაწილეებს ურიგდებათ ყურსასმენები ჩაშენებული აუდიოპლეერით და ინსტრუქცია - „მიჰყევით ხმას“. როგორც კი მონაწილეები გაიკეთებენ ყურსასმენებს, ისინი ხდებიან თამაშის მონაწილეები; ადამიანები მათ ირგვლივ - თამაშის პერსონაჟები, ქალაქის ქუჩები კი, დეკორაციები. მონაწილეთა ჯგუფს მარშრუტის დასაწყისიდან ბოლომდე ახლავს გიდი და თვალს ადევნებს მათ გადაადგილებას.


გასეირნება არ არის ჩვეულებრივი ისტორიული ექსკურსია. ყურსასმენებში უხილავი ხმა წარმართავს მონაწილეებს წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით, უსვამს კითხვებს, სთავაზობს მონაწილეებს რაღაც გაიხსენონ ან წარმოიდგინონ. ჯგუფი ასრულებს სხვადასხვა ინტერაქტიულ ერთობლივ დავალებებს: მონაწილეები ხატავენ ცარცებით კედელზე, ცეკვავენ, თამაშობენ ბურთს და ა.შ. მაგრამ გასეირნების პროგრამა მათთვის საიდუმლოა. 

PRISM

Atom kids - საუკეთესო სტარტაპისთვის

პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს, გააჩნია დიდი გამოცდილება სასწავლო მიმართულებით, რამაც შესაძლებელი გახადა კომპანიის სწრაფი ზრდა და ბაზარზე პოზიციონირება. ამჯამად, კომპანია აწარმოებს 6 სხვადასხვა ტიპის სათამაშოს, ბაზარზე უკვე წარმატებით იყიდება სხვადასხვა ექსპერიმენტული ნაკრები: „მოლეკულები“, „მხიარული ქაფი“, „დნმ“, „მფრინავი ბუშტი“, „3D პლანეტები“, „ვულკანი“ და სხვა.

 

ატომ ქიდსი პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) გამარჯვებულია. პროექტი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპული ბაზარზე. პროექტის ფარგლებში ატომ ქიდსი დაიწყებს საერთაშორისო გაყიდვებს ონლიან (ამაზონზე) ასევე, აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რათა მოხდეს ექსპერიმენტების საბავშვო მაღაზიებში გაყიდვა.

Atom Kids

Rainbow - საუკეთესო სტარტაპისთვის

Rainbow მესამე წელია, რაც ხელნაკეთ საწვიმარ ლაბადებს აწარმოებს. პირველმა ნამუშევარმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში. ქართულ ბაზარზე საჭირო მასალების სიმწირის გამო სასურველი შედეგის მიღებამდე Rainbow-ს ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა. საწვიმარი ლაბადების შეკერვისას ძირითადად 7 ფერს იყენებენ, თითოეული ლაბადა გაფორმებულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი მხატვრების ნამუშევრებით. აქვთ ქალის, მამაკაცის და საბავშვო ხაზი. პროდუქციის გატანას გეგმავენ დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ბელგიასა და ამერიკაში. Rainbow-ს მიზანია, წვიმიან ამინდში მომხმარებლებს დადებითი განწყობა შეუქმნან.  

Rainbow