ბიზნესი

გაიცანი ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე მონაწილეთა რეგისტრაციისთვის სულ ცოტა დრო რჩება. გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ის კომპანიები, რომლებიც უკვე დარეგისტრირდნენ და მონაწილეობას იღებენ ბიზნესდაჯილდოების კონკურსში. წელს დაჯილდოებას ერთი ახალი ნომინაცია დაემატა - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის, ამ ნომინაციაში მონაწილეთა 14 % დარეგისტრდა, მათ შორის არიან სპილოუ, ჟუჟუნას ღვინო, CES Records.

ოქტომბერი 19, 2020

სპილოუ - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის  

სპილოუ არის ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც პროდუქციას ქმნის 1-დან 13 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისათვის. თითოეულ პროდუქტს საკუთარი კონცეფცია და ისტორია აქვს. სპილოუს ტანსაცმელი ხელს უწყობს როლურ თამაშებს, რათა ბავშვებმა გამოიყენონ მათი შემოქმედებითობა, განუვითარდეთ წარმოსახვის უნარი და მოხერხებულობა. 2020 წლის გაზაფხულზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, სპილოუმ გააჩერა როგორც წარმოება, ასევე დაკეტა ფიზიკური მაღაზია და რეგულაციებიდან გამომდინარე აეკრძალა ონლაინ გაყიდვებიც.


თუმცა ერთი შეხედვით ამ გამოუვალმა სიტუაციამ სპილოუს ბიძგი მისცა, გაეკეთებინა ის, რაც დააძლევინებდა ამ სირთულეებს და კომპანიას გადაარჩენდა. მათ მოახერხეს მარაგებში არსებული 100% ბამბის ქსოვილებით მრავალჯერადი გამოყენების, ბავშვისა და უფროსის პირბადეების წარმოება. პარალელურ რეჟიმში მოიპოვეს EPRC გრანტი, რომელიც ბრიტანულ ამაზონზე სპილოუს პირბადეების ექსპორტისთვის გამოიყენეს.

CES Records - შემოქმედებითი განათლების სტუდია და რეკორდსი - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

შემოქმედებითი განათლების სტუდია CES წარმოადგენს დამოუკიდებელ, შემოქმედებით მედია სკოლას, რომელიც სპეციალიზირებულია ხმის (sound) და დიზაინის განხრით. სკოლა 9 წლის წინ დააარსა მუსიკოსმა ნათია სართანიამ. CES ხშირად მოიხსენიებენ, როგორც საგანმანათლებლო პიონერს და რეფორმატორ ორგანიზაციას საქართველოში. CES სტუდენტებს სთავაზობს როგორც მოკლე, ასევე ხანგრძლივ კურსებს. CES-ის გუნდის წევრები არიან ქართული მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი ფიგურები.


პანდემიის ლოქდაუნის დაწყების დღიდან CES-ის გუნდს online ვორქშოფების მარათონის იდეა გაუჩნდათ, რომელსაც ყოველ მეორე დღეს მართავდნენ. მარათონმა CES-ს მისცა შანსი ყველაზე მძიმე დღეები სტუდენტებთან ერთად გაეტარებინა და ეს მდგომარეობა ფრიად სასიამოვნო, საგანმანათლებლო და პროდუქტიული გაეხადა. 

ჟუჟუნა ღვინო -ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

ჟუჟუნა საქართველოში პირველი ნახევრად-ცქრიალა ღვინოა, რომელიც ჩამოსასხმელი ფორმით იყიდება. ჟუჟუნა წარმოდგენილია ყველა დიდ ფესტივალზე, სხვა შეკრებებს კი, ჟუჟუნა “მოძრავი ბარებით” ემსახურება. ჟუჟუნა ყველგანაა, სადაც ადამიანები კარგი დროის გასატარებლად იკრიბებიან, ამიტომაც ამბობენ, რომ ჟუჟუნას სოციალიზაციის გემო აქვს.


პანდემიისას დაიკეტა ყველა სივრცე, სადაც ჟუჟუნა ხვდებოდა მომხმარებელებს. ჟუჟუნას გაქრობის საფრთხე რეალური იყო, რამაც დამფუძნებლებს გადააწყვეტინა დაეწყოთ ონლაინ გაყიდვები. Wolt-სა და Glovo-ზე შეიქმნა JUJUNA BAR, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გამოიძახონ ჟუჟუნა და ჟუჟუნას კოქტეილები, რომლებსაც ინგრედიენტებად, ინსტრუქციასთან ერთად მიიღებენ. 

Greeny - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის


გრინი არის ქართული ბრენდი, რომლის პროდუქციაც ნეპალში იწარმოება. პანდემიის პერიოდში, პრობლემა იყო პროდუქციის ტრანსპორტირება, ლარის გაუფასურება და ზოგადად ყველა სფეროში, FMCG- ის გარდა, შემცირებული გაყიდვები. კომპანიამ შეძლო ტრასპორტირების მოგვარება, ფასების შენარჩუნება და სწორი კომუნიკაცია მომხარებელთან.


პანდემიის დროს გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა რადგან გრინის არ შეუჩერებია სამუშაო პროცესი და მომხარებლისთვის მუდამ იყო ხელმისაწვდომი.

ოიში სუში - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

ოიში სუში სუშის მოყვარულებს სთავაზობს სუში სეტების ასორტიმენტს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, ადგილზე მიტანის სერვისით.


ინგრედიენტების იმპორტის გართულების და ფასის მატების გამო კომპანიას ასორტიმენტის და მიწოდების გზების ოპტიმიზაცია მოუწია.


აუცილებელი იყო, რომ პროდუქტის ხარისხი და ფასი, რომელსაც მომხმარებელი უკვე შეჩვეული იყო, უცვლელი დარჩენილიყო. ოიში სუშის დამფუძნებლებმა იმ ფაქტორებზე მოახდინეს კონცენტრაცია, რომლებსაც თავად აკონტროლებდნენ: წარმოების პროცესი, მიწოდების სისტემა და მარკეტინგული აქტივობა. 2020 წელს კომპანია რამდენჯერმე დადგა დახურვის საფრთხის წინაშე, თუმცა კრიტიკულ ფაქტორებზე კონცენტრირებამ, გადარჩენის შესაძლებლობა მისცათ. შედეგად ოიში სუშიმ მომსახურების ხარისხი არათუ შეინარჩუნა, არამედ მიწოდების სისწრაფეც გაზარდა. უცვლელი დარჩა პირვანდელი ფასებიც. 

მენტალური არითმეტიკის სკოლა ნობელი - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

ნობელი მენტალური არითმეტიკის სკოლაა, რომელმაც არსებულ რეალობასთან ადაპტაციისთვის პროგრამაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. ამ ცვლილებებმა ნობელს საშუალება მისცა მენტალური არითმეტიკა დისტანციურადაც ისეთივე სასარგებლო გამხდარიყო, როგორც მანამდე იყო.


მათ შემდეგი ცვლილებები განახორციელეს: 

  • შემცირდა გაკვეთილზე დამსწრეთა რაოდენობა;
  • თუ ჯგუფს ესაჭიროება, ხდება სამეცადინო პროცესის ერთი დღის ნაცვლად ორ დღეზე გადანაწილება;
  • საჭიროებისამებრ, ინიშნება დამატებითი ინდივიდუალური გაკვეთილები;
  • სასწავლო ნივთების მიწოდება ხდება კურიერული მომსახურების საშუალებით;
  • დამატებით შეიქმნა ონლაინ სივრცე, რომლის საშუალებითაც სახლში გამოკეტილი ბავშვები ყოველდღიურად შეძლებენ საინტერესო გასართობი და ამავდროულად გონების განმავითარებელი აქტივობებით დაკავებას.

 

სკოლა ნობელი უკვე მე-8 თვეა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს სწავლებას. 6 თვის განმავლობაში, შეინარჩუნეს პანდემიამდე არსებული მოსწავლეების 70%, სექტემბერში კი, (ონლაინ) მიღების გამოცხადებასთან ერთად, იმავე ნიშნულს დაუბრუნდნენ, რაც პანდემიის დაწყებამდე, პირისპირი სწავლების დროს ჰქონდათ.