ბიზნესი

ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორი თიბისიდან

ნოემბერი 17, 2021

ქვეყნის კორპორაციული ბიზნესსექტორის დაფინანსების წილით, თიბისი კვლავ ლიდერია. ბანკში სტრატეგიულ კორპორაციულ კლიენტებზე ზრუნვა ცოტა ხნის წინ ვასილ მაისურაძეს ჩაჰბარდა, რომელსაც თიბისიში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. რა პროექტებს გეგმავს ის ახალ პოზიციაზე და როგორია მისი თვალით დანახული ტენდენციები პანდემიის პირობებში, ამის შესახებ მან Forbes Georgia-სთან ისაუბრა.

ბატონო ვასილ, თქვენ ახლახან დაიკავეთ თიბისის სტრატეგიული კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. რა გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ თქვენგან? 


15 წელზე მეტია, თიბისი ბანკში, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობ. განსხვავებულ პოზიციებზე მიღებული მრავალფეროვანი გამოცდილება მეხმარება, რომ კლიენტის საჭიროებები დღეს კიდევ უფრო ეფექტიანად განვსაზღვრო. ჩემი ამჟამინდელი პოზიცია ბანკის სტრატეგიული კორპორაციული კლიენტებისთვის საუკეთესო მომსახურებისა და გამოცდილების შეთავაზებას გულისხმობს.

მსხვილ ჰოლდინგურ კომპანიებს სისტემურად ვფარავთ და თიბისის ეკოსისტემის სრული მასშტაბით და შესაძლებლობებით ვემსახურებით. მნიშვნელოვანია, რომ ერთიანად ვხედავდეთ სრულ სურათს იმისთვის, რომ ჩვენი რეკომენდაციები და საბანკო პროდუქტები კომპანიის ჯამურ საჭიროებებს მოვარგოთ. მასშტაბის დანახვა პარტნიორი კომპანიებისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტების პოვნაში, ყველა შესაძლო რისკის დაზღვევასა და მათი ზრდისა და განვითარებისთვის სწორი დროის და რესურსის განსაზღვრაში გვეხმარება.


სხვადასხვა სექტორში ჩვენი მოწინავე პოზიცია, პირველ რიგში, ინდივიდუალური მიდგომის დამსახურებაა. თიბისიში ყოველ ინდუსტრიასთან პროფესიონალების გამოცდილი გუნდი მუშაობს, რომლის წევრებიც სფეროს ექსპერტები არიან და, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციასაც ითავსებენ. თითოეული კომპანიის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს ინდივიდუალურად განვიხილავთ და ამ მონაცემებზე დაფუძნებით, მათ შესაბამის მომსახურებასა და პროდუქტებს ვთავაზობთ.


ახალი პოზიციის ფარგლებში ჩემი მიზანია გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება იმისთვის, რომ სხვადასხვა ინდუსტრიაში ექსპერტული ცოდნა გავაღრმაოთ და კლიენტებს დაფინანსებასა და კვალიფიციურ რჩევებთან ერთად, ახლებური ხედვა და ინოვაციური მიდგომები შევთავაზოთ. ვფიქრობ, კორპორაციული ბიზნესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განვითარების პროცესში ბანკი მათი არა მხოლოდ დამფინანსებელი, არამედ მრჩეველი და ერთგული პარტნიორიც იყოს.



თქვენი დაკვირვებით, კორპორაციული მიმართულებით, როგორია თიბისის მომხმარებელთა ძირითადი საჭიროებები პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში?


ამ ეტაპზე პრიორიტეტი არსებული ბიზნესების განვითარებაა. თუმცა, ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, ახალი საინვესტიციო პროექტების გააქტიურება და მათ დაფინანსებაზე მოთხოვნის მატებაც შეინიშნება.


პანდემიურ პერიოდში, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებით, ბიზნესების ფუნქციონირების უწყვეტობა უზრუნველვყავით. ახლაც, ეკონომიკის აღდგენის საწყის ეტაპზე, ძირითადი მოთხოვნა საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებაზეა. მომხმარებლების მხრიდან „დაგროვილი მოთხოვნის“ დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიების უმრავლესობამ შეავსო და განაახლა მარაგები, რაშიც თიბისის წვლილი ძალიან დიდი იყო.


ჩვენი კლიენტების მოთხოვნა სულ უფრო მზარდია მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე და ამ საჭიროებას ჩვენი განვითარებული დისტანციური არხების მეშვეობით წარმატებით ვპასუხობთ. თიბისი დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა, რომლის სტრატეგიაც დიგიტალიზაციაა. ჩვენი მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რაც ციფრული ეკოსისტემის დახმარებით, პარტნიორებისა და კლიენტებისთვის, მათ საჭიროებებზე მორგებული, მარტივი და ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტების შეთავაზებას გულისხმობს.

საინტერესოა ასევე, რამდენად მზარდია ახალი ბიზნესების რაოდენობა ამავე სექტორში? და როგორია თქვენი პოლიტიკა ახალი ბიზნესების მხარდაჭერის მიმართულებით?



ჩვენი პროგნოზით, ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპებით გაგრძელდება და 2-3-წლიან ვადაში პანდემიამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდება. ტურიზმის აღდგენასთან ერთად, ახალი პროექტების რაოდენობაც მატულობს. ბევრმა ინვესტორმა, რომლებიც პანდემიის გამო ახალი ინიციატივებისგან თავს იკავებდნენ, პროექტები განაახლა. კრიზისის შემდეგ ყოველთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება, შესაბამისად, როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ინვესტორებს ახალი და საინტერესო ტურისტული ლოკაციების აღმოჩენასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში ვეხმარებით.


ეს სექტორი როგორც ქვეყნისთვის, ისე თიბისისთვისაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ამიტომაც არსებული გამოწვევებისა და პანდემიის მიუხედავად, თიბისიმ 2020-21 წლებში აქტიურად გააგრძელა ყველა მიმდინარე პროექტის დაფინანსება. კრიზისულ ვითარებაში, აღნიშნული მიმართულებისა და ზოგადად ბიზნესსექტორის მხარდასაჭერი ჩვენი პირველივე გადაწყვეტილება და ინიციატივა,


სესხების რესტრუქტურიზაცია იყო, ვინაიდან გაურკვეველ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორებისთვის ჩვენი მხრიდან სტაბილურობის განცდის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირების ახალი შესაძლებლობის შეთავაზება გახლდათ. ჩვენი გუნდი ინდივიდუალურად მიუდგა ყველა კლიენტის საჭიროებებსა და გამოწვევებს და თითოეულ მათგანს სესხის გადახდის მათზე მორგებული სტრუქტურირებული სისტემა შევთავაზეთ. ფინანსური მხარდაჭერის პარალელურად, რამდენიმე კომპანიას საგანმანათლებლო აკადემიისა და ადამიანური რესურსების გადამზადების ცენტრების შექმნაშიც დავეხმარეთ. სიამაყით და სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორში ჩვენი კლიენტების უმრავლესობამ წარმატებით გაართვა თავი კრიზისს, რისთვისაც ჩვენი მხრიდან მაქსიმალური რესურსი ჩავდეთ.

ტურიზმის სექტორის გარდა, თიბისი მსხვილი სამეწარმეო კომპანიების მხარდამჭერიცაა. ამ სფეროს გამოწვევებზეც რომ ვისაუბროთ… თქვენი აზრით, რა სჭირდებათ მათ განვითარებისთვის? რას სთავაზობს მათ თიბისი და თქვენი გუნდი?


ვფიქრობ, ნებისმიერი მიმართულების კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინება. ბანკის მხრიდან მნიშვნელოვანია პარტნიორული დამოკიდებულება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, რთულ ვითარებაშიც კი, არც ერთი პროექტისა და მიმართულების დაფინანსება არ შეფერხებულა ჩვენი მხრიდან. ამასთანავე, მსოფლიო მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან ვთანამშრომლობთ. შესაბამისად, ჩვენი მსხვილი ბიზნესკლიენტებისთვის თიბისისთან თანამშრომლობა გულისხმობს წვდომას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ფინანსური რესურსების დამატებით წყაროებსა და შესაძლებლობებთან.


რაც შეეხება ახალი რეალობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას – ეკონომიკის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანია ეროვნული პროდუქტის ექსპორტის გაძლიერება. რა თქმა უნდა, ტრადიციული საექსპორტო პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა თიბისისთვის ყოველთვის იყო და იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციური, ახალი საექსპორტო არეალის აღმოჩენაც. ვაჭრობის დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მთავარი ღირებულება, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს საერთაშორისო ოპერაციების კუთხით, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის პროცესში ვთავაზობთ – საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკების შემცირება და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსების შესაძლებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის გაძლიერება ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას უწყობს ხელს.



2020 წლის მონაცემებით, თიბისის კორპორაციული სასესხო ბაზრის წილი 38.6%-ს შეადგენდა. რა მოლოდინი გაქვთ 2021 წლისგან?


შემდგარ ფაქტებზე და დარჩენილი ორი თვის მოლოდინებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ თიბისი კორპორაციული სასესხო ბაზრის წილს შეინარჩუნებს და იმედი გვაქვს, რომ გააუმჯობესებს კიდეც. ყველა ძირითადი ფინანსური მაჩვენებლის გათვალისწინებით, თიბისი ბიზნესების დაფინანსების მიმართულებით კვლავ ლიდერის პოზიციაზეა.



და ბოლოს, კორპორაციული კლიენტებისთვის მომსახურების კუთხით, რა გეგმები გაქვთ 2022 წლისთვის?


2022 წელს ოპტიმისტურად ვუყურებთ. ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც პანდემიის კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. კორპორაციული ბიზნესების ბაზარზე კიდევ უფრო გააქტიურებას ვგეგმავთ. ვმუშაობთ ახალი, ინოვაციური პროდუქტების დანერგვაზეც, რაც ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტიანს და ნაყოფიერს გახდის.

ავტორი: Forbes.ge

ფოტო: სერა ძნელაძე