ედუფინი

ბანკები: ფუნქციები და მნიშვნელობა

წინა პოსტში ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ ასრულებენ ბანკები ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას - ისინი ქმნიან ფულს. ამ პოსტში ცოტა უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს ბანკი.


პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ბანკი არის ჩვეულებრივი ბიზნესი. ზოგი ბიზნესი ქმნის და ყიდის მომსახურებას, ზოგი - საქონელს. ბანკი ოპერირებს ფულით - სესხების, დეპოზიტების (ან სადეპოზიტო სერთიფიკატების) და სხვა ფინანსური პროდუქტების სახით. როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ფულის სესხების ღირებულებას წარმოადგენს საპროცენტო განაკვეთი, შესაბამისად, ბანკის სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთი (რომ მივყვეთ საქართველოში დამკვიდრებულ, თუმც არასწორ ტრადიციას - პროცენტი) შეესაბამება.


დეპოზიტი არის სესხი, რომელსაც ჩვენ ბანკს ვაძლევთ, ხოლო ბანკი გვიხდის მის საფასურს - დეპოზიტის პროცენტს. ჩვენგან ნასესხებ დეპოზიტს ბანკი გაასესხებს და ამაში სესხის პროცენტს იღებს მსესხებლისგან. ტრადიციულად, ბანკის სესხის პროცენტი აღემატება მისი დეპოზიტის პროცენტს და ეს განსხვავება ბანკის შემოსავლის მნიშვნელოვან (თუმცა არა ერთადერთ) წყაროს წარმოადგენს. 


როგორც სესხის, ისე დეპოზიტის პროცენტი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვან ფაქტორს ვადიანობა წარმოადგენს - იმის გამო, რომ ვადის ზრდასთან ერთად რისკები, როგორც წესი, იზრდება, სხვა თანაბარ პირობებში გრძელვადიანი დეპოზიტის/სესხის პროცენტი აღემატება მოკლევადიანისას. დეპოზიტების შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს დეპოზიტის ვალუტას (ლარში განთავსებული დეპოზიტის პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე დოლარში ან ევროში განთავსებულის). სესხის შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს სესხის მიზნობრიობას და უზრუნველყოფას - თუ ეს გირაოთი უზრუნველყოფილი სესხია, პროცენტი უფრო დაბალი იქნება, რადგან, დეფოლტის შემთხვევაში ბანკს მფლობელობაში რჩება მსესხებლის აქტივი, რომლის ღირებულება სესხის თანაზომიერია ხოლმე. სწორედ ამიტომ, ყველაზე დაბალი პროცენტი არის იპოთეკურ სესხებზე, რომლებიც შესაბამისი უძრავი ქონებითაა უზრუნველყოფილი.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია ბანკის სესხის/დეპოზიტის პროცენტები, არის ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა. საქართველოს შემთხვევაში ეს ე.წ. რეფინანსირების სესხის განაკვეთია. ამ განაკვეთზე უფრო დეტალურად შესაბამის პოსტში ვილაპარაკებთ.


ბანკს შემოსავლის სხვა წყაროებიც გააჩნია. ეს არის მომსახურების ღირებულება - სადებეტო/საკრედიტო ბარათების გამოყენება, ბანკომატით (როგორც ამ, ისე სხვა ბანკების) სარგებლობა, ოვერდრაფტი, დაზღვევა, სხვადასხვა საკომისიო ხარჯები და ა.შ. საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ასევე, მნიშვნელოვანია სავალუტო ოპერაციებიც. 

კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც ბანკი ასრულებს, არის ე.წ. შუამავლობა ტრანზაქციებში. მარტივად რომ ვთქვათ, ბანკები უზრუნველყოფენ ფულის გადარიცხვას ანგარიშიდან ანგარიშზე, სხვადასხვა ბანკებს და სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ეს გაცილებით უფრო მარტივი, სწრაფი და ეფექტიანია, ვიდრე მხოლოდ ნაღდი ფულით ოპერირება. დღეს უნაღდო ანგარიშსწორება, ინტერნეტ და მობაილ ბანკინგი ძალიან პოპულარულია სწორად სიმარტივის და სისწრაფის გამო. ამიტომ, ორი სიტყვით შევჩერდეთ ამ ოპერაციების მექანიზმზე:

პირველ რიგში, ფული ერთ ანგარიშიდან მეორეზე უშუალოდ არ მოძრაობს. იმისთვის, რომ თანხა ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადავიდეს, მან გარკვეული ეტაპები უნდა გაიაროს. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ფინანსური სისტემა, როგორც მონაცემთა ურთიერთდაკავშირებული ბაზების ერთობლიობა. ფულადი გადარიცხვისას ინფორმაცია ზედა დონიდან ეტაპობრივად სულ ქვედა დონეზე გადადის და მერე ისევ ბრუნდება ზევით.


დავუშვათ, ლევანი ურიცხავს 100 ლარს თავისი საბანკო ანგარიშიდან ბანკში ABC, მარიამს, ბანკში BCD.


ლევანი საკუთარ ბანკს აწვდის დავალებას 100 ლარის გადარიცხვაზე და ბანკი ABC ცვლის ინფორმაციას საკუთარ მონაცემთა ბაზაში, ამცირებს რა ლევანის ანგარიშს 100 ლარით.


ეს ინფორმაცია გადაეცემა მონაცემთა მომდევნო ბაზას - საქართველოს ეროვნული ბანკს, რომელშიც როგორც ABC, ისე BCD ბანკს თავისი ანგარიში აქვს.


ბანკი ABC აუწყებს საქართველოს ეროვნულ ბანკს ტრანზაქციის შესახებ, რის შედეგადაც საქართველოს ეროვნული ბანკი ამცირებს ABC ბანკის ანგარიშს (სებ-ის მონაცემთა ბაზაში) 100 ლარით და ზრდის ბანკ BCD-ს ანგარიშს იმავე ბაზაში 100 ლარით.


მას შემდეგ, რაც ბანკი BCD მიიღებს ამ ინფორმაციას, ის გადადის ერთი საფეხურით ზევით და საკუთარ მონაცემთა ბაზაში ზრდის მარიამის ანგარიშს 100 ლარით.


ტრანზაქცია დასრულებულია და მის ფაქტობრივ განხორციელებას სჭირდება უფრო ნაკლები დრო, ვიდრე თქვენ დაგჭირდათ მისი წაკითხვისთვის. 

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ნაწილია ბანკების ფუნქციებისა და მათ მიერ მიწოდებული მომსახურების, თუმცა საქართველოსთვის ჩვენ მიერ გამოტოვებული ფუნქციების დიდი ნაწილი ნაკლებად რელევანტურია. საბანკო სისტემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პოსტი დაგვრჩა - ბანკების და სახელმწიფოს, კერძოდ კი ცენტრალური ბანკის ურთიერთობა. ამაზე მომდევნო პოსტში ვისაუბრებთ. 

ავტორი: გიორგი ბაქრაძე