ათლეტი - ბექა ბერძენიშვილი

26-28 თებერვალს ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი ჩატარდება სკი კროსში, რომელზეც ჩვენს წინა სტატიაში უკვე მოგიყევით. ახლა გადავწყვიტეთ, ქართველი სპორტსმენები გაგაცნოთ ახლოდან, რომლებსაც შეჯიბრის გახსნის საპატიო მოვალეობა ერგოთ და რომლებიც მომავალში ჩვენი ქვეყნის სახელს მთელი მსოფლიოს დათოვლილ ნაწილს გააგებინებენ.

აბა, მიეგებეთ!

ათლეტი - ბექა ბერძენიშვილი

ასაკი - 20 წლის

სიმაღლე - 175სმ

წონა - 78კგ

დისციპლინა - სკი კროსი

ფოტო: რეზი ყენია

დასაწყისი

მე ბაკურიანელი ვარ. როგორც, ალბათ, ნებისმიერი ჩვეულებრივი ბაკურიანელი ბავშვი, თხილამურზე მეც 3 წლის ასაკში დამაყენა მამამ. ვიზრდებოდი, ვვარჯიშობდი, როგორც წესია ზამთარს სპორტულ სკოლებში ვატარებდი. თავიდან alpine skiing-ით ვიყავი დაკავებული, იმიტომ რომ ჩვენთან ეს დისციპლინა ყველაზე პოპულარულია და ბავშვები საქართველოში ტრადიციულად ამ სახეობით იწყებენ. უამრავ ტურნირზე ვარ გამოსული საქართველოში, ბევრი მედალი მაქვს და, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ჩემს მეგობარს, მინდოდა რომ მოთხილამურე გამოვსულიყავი.

წასვლა და დაბრუნება

ჩემს ცხოვრებაშიც დადგა დრო, როცა სწავლის გამო დიდ ქალაქში უნდა გადავსულიყავი. Ჩავაბარე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, დავიწყე ტურიზმის პროფესიულად სწავლა და სათხილამურო სპორტს თავი დავანებე. ერთდროულად ახალ ქალაქში გადასვლა, სტუდენტური ცხოვრების დაწყება და თან ვარჯიში შეუძლებელი აღმოჩნდა. თუმცა, მოხდა ერთი მოულოდნელი რამ, რამაც ჩემი ცხოვრება ძალიან ლოგიკურად შემოაბრუნა ისევ ზამთრის სპორტებისკენ: სამი წლის წინ, FIS-ის ეგიდით გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ჩემპიონატზე მიმიწვიეს გამხსნელად, სადაც საკმაოდ ნორმალურად გამოვედი. Შემდეგ ჩემმა მეგობარმა დათო თედიაშვილმა რეკომენდაცია გამიწია ნაკრების მწვრთნელთან, რომელმაც მკითხა, რამდენად მოტივირებული ვიყავი, რომ ისევ მევარჯიშა, ახლა უკვე პროფესიონალურად. Რა თქმა უნდა, მე ძალიან მინდოდა და ასე დავბრუნდი თხილამურებზე პატარა ტექნიკური პაუზის შემდეგ.

დავუბრუნდი იმას, რასაც ალბათ მე ვეკუთვნი.

ნაკრები

წარმოიდგინეთ ახალგაზრდა, 18 წლის მოთხილამურის გრძნობა, როცა ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ეროვნული გუნდის შეკრებაზეა მიწვეული ავსტრიაში. ეს იყო, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წამი ჩემს ცხოვრებაში.

ავსტრიაში, როგორც იცით, თხილამურების კულტია. როცა ჩავედი, სპორტისა და სპორტსმენების მიმართ განსხვავებული, აღმატებული დამოკიდებულება ვიგრძენი, რამაც მოტივაცია კიდევ უფრო მომცა. ძალიან მომინდა, რომ ამ საოცარი სამყაროს სრულუფლებიანი, წარმატებული წევრი ვყოფილიყავი.

Რა ვნახე იქ სხვანაირი? პირველ რიგში, სპორტსმენების სწორი რეჟიმი დავინახე. გუნდი და სახელმწიფო მათ უქმნის ყველანაირ პირობას, რომ მხოლოდ ტრასაზე და სრიალზე იფიქრონ. ტრანსპორტირება, კვება, მასაჟი - ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. გარდა ამისა, ავსტრიაში საშუალება აქვთ წელიწადში 8 თვე თოვლზე ივარჯიშონ, რაც ჩვენს შემთხვევაში ფანტაზიის სფეროა. Რამდენიც არ უნდა ვივარჯიშოთ ფიზიკაზე, როგორც კი თოვლზე გადავდივართ, აღმოვაჩენთ, რომ ეს არ კმარა და ტექნიკაზე ძალიან ბევრია სამუშაო, რისთვისაც ჩვენი მოკლე სეზონი საკმარისი არაა. Შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყო, რომელიმე დაშვებისას საოცარი შედეგიც დააფიქსირო, მაგრამ ეს უფრო გამართლების და შემთხვევითობის დამსახურება იქნება და სტაბილურად ასეთი შედეგის დადება თოვლზე პრაქტიკის გარეშე ძალიან გაგიჭირდება. ავსტრიელების ცოტა შემშურდა, რადგან აბსოლუტურად ყველა დისციპლინისთვის აქვთ ტრასები, გუნდებშიც საოცარი კონკურენციაა, შედეგიც შესაბამისი აქვთ.

ბექა და SKI CROSS

პირველად რომ დავეშვი კროსის ტრასაზე, მივხვდი, რომ ის ჩემია. ფრისტაილი ბავშვობიდანვე უფრო მეტად მიზიდავდა, ვიდრე სლალომი და გიგანტი, რომელშიც გამოვდიოდი.

Ძალიან ხშირად ვარჯიშიდან გავპარულვარ, რომ გაუკვალავში მესრიალა და ტრამპლინებზე მეხტუნავა. ფრისტაილით უფრო დიდ სიამოვნებას, მეტ ადრენალინს ვიღებ. ალბათ, ამან გამოიწვია საბოლოოდ ის, რომ თავისუფალი დისციპლინა ავირჩიე. ამოჩემებული ბრენდები არ მაქვს, ახლა ატომიკის თხილამურით ვსრიალებ. ჩემთვის მთავარია, რომ თხილამური სწრაფი იყოს, სახელს მნიშვნელობა მგონი არა აქვს. Როცა სწორად დაშვებაში გამოვდიოდი, ბოდე მილერის და ივიცა კოსტელიჩის ფანი ვიყავი. ვცდილობდი, რომ მათი სტილის მსგავსად მესრიალა. Სკი კროსში ჩემი საყვარელი ათლეტი კანადელი ბრეიდი ლემანია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი პიონგჩანგში გახდა 2018 წელს. ლემანს ყურადღებას, ალბათ, ნაკლებად მივაქცევდი, მაგრამ ერთხელ მისი ლაიქი ინსტაგრამზე, ჩემს ფოტოზე დამხვდა, რამაც ძალიან გამახარა და მის მიმართ დამოკიდებულება უფრო პერსონალური გამიხდა. Როცა მის სრიალს ვუყურებ, ასე მგონია, რომ ჩემი დიდი ხნის მეგობარი გამოდის.

საქართველო და სათხილამურო სპორტის განვითარება

ხშირად ყოფილა, როცა შეკრებაზე უცხოეთში, უკითხიათ ჩვენთვის სადაურები ვიყავით და საქართველოს ხსენებაზე ხალხს უბრალოდ წარმოდგენა არ ჰქონია ამ ქვეყნის შესახებ. და აი, ამის შემდეგ რომ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, უკვე დიდი ნახტომი და მიღწევაა.

ნიშანია, რომ ყველაფერი სწორი გზით მიდის. ვისურვებდი მეტ შეჯიბრს, მეტ სპორტსმენს, დიდ კონკურენციას, განსაკუთრებით ჩემს დისციპლინაში. ტურნირის და კონკურენციის გარეშე, საერთაშორისო შედეგის დადება შეუძლებელია. Ჩემი მიზანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი შედეგის ჩვენება იქნება და შემდეგ, რა თქმა უნდა, ოლიმპიადა. Ჩემი მწვრთნელი ვახტანგ კოპაძე ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ვირუსის კრიზისის და ჩაშლილი ტურნირების პირობებშიც კი, პრაქტიკა არ მოგვაკლდეს და საქართველო მედლებით გავახაროთ.

ბაკურიანი

ბაკურიანის დამსახურებაა, რომ მე ახლა მოთხილამურე ვარ. Მიყვარს ხალხი, აქაური მთები, ტყეები, ჩემი პირველი მასწავლებლები, გუნდელები, აქ ავიდგი თხილამურზე ფეხი და ჩამოვყალიბდი სპორტსმენად. Ზამთარშიც და ზაფხულშიც მთაში დავდივარ, თბილისში რომ მეცხოვრა, ალბათ, სხვა სპორტს ავირჩევდი, თანაც ფეხბურთს ვთამაშობ კარგად და, ალბათ, ამ გზით წავიდოდი.

პარალელური განვითარება

სპორტსმენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას. ფიზიკური ფორმის გარდა, შენ გჭირდება შესაბამისი ინტელექტი, სხარტი აზროვნება, რომ შეჯიბრისას იმ მომენტში სიტუაციის სწრაფი ანალიზი გააკეთო. ტვინსაც მუდმივი ვარჯიში სჭირდება, რომელსაც წიგნების კითხვა და მათემატიკა ძალიან ეხმარება. Მომზადებული გონების გარეშე სტაბილურად კარგი შედეგების ჩვენება შეუძლებელია, ამიტომ როცა ვისვენებ ვცდილობ, რომ ფლეი სთეიშენს დრო შევუზღუდო და მეტი ვიკითხო.

ძვირფარსო გულშემატკივრებო

Ძალიან მინდა, რომ გიყვარდეთ, მინდა, რომ მოთხილამურეების გამოსვლებს ისე უყურებდეთ, როგორც ფეხბურთის ნაკრების თამაშებს უყურებთ. ისიც ვიცი, რომ გწყინთ ზამთრის სახეობებს ოლიმპიური მედლები რომ ვერ მოგვაქვს ჯერჯერობით, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ოლიმპიადის მედლების ჩამოსატანად, უბრალოდ სულ ცოტა დრო მოგვეცით ამ ყველაფრისთვის.

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი