ცისფერი მთები

ალექსანდრა ჯაფარიძე - 126

ქართველი ქალი მთამსვლელი და ქართული ალპინიზმის ფუძემდებელი.

თებერვალი 10, 2021

„ჩანდა ყველა მწვერვალი, თითქოს ხელს გავიწვდიდი და იალბუზის შეხებას ვიგრძნობდი. ღამე სულ სხვაგვარად ბრწყინავდნენ ბროლის კოშკივით აღმართული ყინულოვანი ქედები. ზევით უშბა იყო და მე უკვე ვიცოდი, რომ ხვალ, ჩვენ, ყველანი მწვერვალზე ავიდოდით. მხოლოდ აქ, ამ უფსკრულებში გებადება ნამდვილი პატივისცემის გრძნობა იმის მიმართ, ვინც პირველმა შებედა უშბას, ვინც ავიდა, ან იფიქრა მასზე ასვლა,“

- ასე აღწერს ალექსანდრა ჯაფარიძე თავის ფიქრებსა და განცდებს იმ მომენტში, როცა უშბაზე ასვლისას არასახარბიელო დროს დაუბნელდათ ალპინისტთა ჯგუფს და ალექსანდრას, ნაბადში გახვეულს, მთელი ღამის გატარება თოკზე დაკიდებულს მოუწია იმისათვის, რომ მეორე დილას უშბის მწვერვალზე დაედგა ფეხი.

ფოტოზე: ალიოშა ჯაფარიძე, ლევან გოთუა, კოტე ჯავრიშვილი და ალექსანდრა ჯაფარიძე.

სწორედ ამ დროს, როცა ექსპედიციის წარმატებას მხოლოდ ერთი ღამე აშორებდათ მთამსვლელებს: ალიოშა ჯაფარიძეს, სანდრო გვალიას, ალექსანდრა ჯაფარიძეს, იაგორ კაზალიკაშვილს, გიო ნიგურიანს, ლევან მარუაშვილსა და მიქელ პატარიძეს, იწერებოდა ისტორია ქართული ალპინიზმის შესახებ.


იმის მიუხედავად, რომ მე-20 საუკუნის ბოლოდან უცხოელთა უამრავი ჯგუფი ცდილობდა უშბაზე ასვლას და ზოგიერთ მათგანს წარმატებითაც გამოსდიოდა ეს, 1934 წელს განხორციელებული ექსპედიცია მწვერვალ უშბაზე, ალექსანდრა ჯაფარიძის მონაწილეობით, ისტორიაში ჩაიწერა.

ეს იყო არა მხოლოდ პირველი ქართული ასვლა მყინვარზე, არამედ ეს გახდა მსოფლიო მასშტაბის მოვლენა, რადგან ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი ქალი მთამსვლელი აღმოჩნდა, რომელმაც უშბის მწვერვალზე ფეხი შედგა.

ალექსანდრა ჯაფარიძე 1895 წლის 11 თებერვალს დაიბადა სოფელ ხრეითში. მისი ძმები, ალიოშა და სიმონ ჯაფარიძეებიც მთამსვლელები იყვნენ, რომელთა სახელსაც არაერთი წარმატებული ასვლა უკავშირდება. ალექსანდრა უფროსი და იყო და სწორედ მისი ალპინისტის კარიერის დაწყების შემდეგ დაინტერესდნენ ძმები იგივე საქმიანობით. იმის მიუხედავად, რომ ალპინიზმმა ალექსანდრას ბევრ სიხარულთან ერთად მძიმე ტრაგედიებიც მოუტანა, ქართველ მთამსვლელს არასდროს შეუწყვიტავს მთასთან გაბმული სიყვარულის ისტორია.

„პირველად მე დავადგი ფეხი მთების ამაყ გულს. პირველად მე შევაღე მათი სული და ჩემს ძმებზე კი იყარეს ჯავრი. იქნებ, ამით უფრო მეტი ვნება მომაყენეს, სული ჩამითუთქეს, გამომიწვეს..“

ალექსანდრას მთების მიმართ ვნება და ლტოლვა არ აკლდა, თუმცა ეს მუდმივი მისწრაფება დაუპყრობელისკენ მისი მშვიდი და დინჯი ხასიათით ბალანსდებოდა, რომელიც ხშირად გამოუმჟღავნებია ექსპედიციისას შექმნილ რთულ სიტუაციებში. „პირველი ქართველი ქალი მთამსვლელი და ქართული ალპინიზმის ფუძემდებელი," როგორც მას მოიხსენიებენ, არა მხოლოდ საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავდა, არამედ მუდმივად აზიარებდა გარშემო იმ სიყვარულს, რომელიც მთების მიმართ ახალგაზრდა ასაკში გაუჩნდა. სწორედ ამიტომ, მის სახელს მხოლოდ წარმატებით შესრულებული ასვლები არ უკავშირდება.

ალექსანდრა იყო კარი ახალი თაობისთვის ქართული ალპინიზმის მომავალში.

მის სახელს უკავშირდება სკოლის გახსნა სოფელ ხრეითში, საიდანაც თვითონ იყო წარმოშობით, მრავალი თაობის აღზრდა და საქართველოს ალპური კლუბის დაფუძნება. 


ალექსანდრა არასოდეს ჩერდებოდა. მაშინაც კი, როცა სხვები ფიქრობდნენ, რომ დრო იყო რისკზე წასვლის თავიდან ასარიდებლად, მთამსვლელი ყოველთვის ჩვეული სიმშვიდით ისე მიიწევდა წინ, რომ წარმოუდგენელიც კი იყო, ასეთი წარმატებისთვის არ მიეღწია. ვერც კარიერულმა და ვერც პირადმა ტრავმებმა ვერ შეაჩერეს ალექსანდრა და ამ ჯიუტი, მიზანდასახული ნაბიჯებით მყინარწვერზე ათეულობით ასვლის შემდეგ, მე-19-ჯერ, 68 წლის ასაკში კვლავ უხელმძღვანელა ექსპედიციას მყინარწვერისკენ.

ფოტოზე: ნუნუ ბენდუქიძე, თინა ავალიანი, ალექსანდრა ჯაფარიძე და კოტე ჯავრიშვილი.

ასეთ შეუპოვრად ახასიათებენ ალექსანდრას, რაც ეჭვის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა, რადგან მან შექმნა ისტორია, არა ლოკალური, არამედ გლობალური. რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერს ბოლომდე აკეთებდა და ლოგიკურიც კი არის, რომ სწორედ მის განვლილ გზებზე მივაბიჯებთ დღეს ამაყად.

ალექსანდრა ჯაფარიძისადმი მიძღვნილი საღამოს მოსაწვევი.

7 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ალექსანდრამ ბეთლემის გამოქვაბულის ექსპედიციის მოთხოვნით მთავრობას მიმართა და მათაც დაუდასტურეს, ის და მისი ჯგუფი პირველი ექსპედიციის ორგანიზატორები გახდნენ, რომელიც მყინვარწვერის კალთებზე, ზღვის დონიდან 4100 მ სიმაღლეზე არსებულ ბეთლემის გამოქვაბულში შევიდა. ეს ის გამოქვაბულია, ილია ჭავჭავაძის „განდეგილში“ რომ არის. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მწერალი ლევან გოთუა სწერდა თავის დას:

„ქალმა დაამხო ძველი განდეგილი ბერი და ისევ ქალმავე აღმოაჩინა იგი - ალბათ, თავისი ძლიერების ხელმეორედ დასადასტურებლად.“

თუმცა, ალექსანდრა ჯაფარიძეს არ სჭირდებოდა საქმე თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად. ის უბრალოდ წინ მიიწევდა, ყველაფრის მიუხედავად მხოლოდ წინ იყურებოდა და მხოლოდ წინ ხედავდა იმ მომავალს, რომელსაც სიცოცხლეში თვითონ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი აღზრდილები გააგრძელებდნენ.

„ ... მაგრამ შენ სრულიად არ უფრთხი არაფერს

და როგორც კიბეებს, აბიჯებ ქარაფებს.

პირველი მიუძღვი გამოცდილ მთამსვლელებს...

ხან თოვლი გეყრება, ხან წვიმა გასველებს.“


ფრაგმენტი ალექსანდრა ჯაფარიძისადმი

 მიძღვნილი იოსებ ნონეშვილის ლექსიდან, „ეგ სახე.“


ავტორი: ქეთო შურღაია

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.