ცისფერი მთები

აღდგომა მთაში

აპრილის კვირა დღე... მზიანი და თბილი აღდგომა გათენდა ყაზბეგში. დილის 7 საათი იქნებოდა სტეფანწმინდიდან სოფელ ხუთრისისკენ გავემართეთ. 

სოფელში შესულები ცხვრის ფარას მივადექით. მზით გარუჯულმა მეცხვარემ ორი სააღდგომო ბატკანი დაიჭირა და მანქანის საბარგულში ჩასვა.

სალოცავისკენ მიმავლებმა გზად 102 წლის წლის თამარა ტუჩაშვილი მოვინახულეთ. თამარა ბებო ოჯახში მესამე შვილია, რომელსაც ორი უფროსი და ჰყავდა. ორივე ყრუ-მუნჯი. დების გამო მშობლები ვერ მიუტოვებია და საკუთარ ოჯახსა და ბედზე არასდროს უფიქრია. საუკუნეს გადაცილებული თამარა ბებო სევდიანად იხსენებს განვლილ ახალგაზრდობას და უშვილოდ დარჩენას ნანობს. 

მთის მკაცრ და ცივ დღეებს შეშის ღუმელთან ატარებს. მის თვალებში ერთდროულად იკითხება ტკბილი და სევდიანი მოგონებები, ახდენილი თუ აუხდენელი ოცნებები, ხვალინდელი დღის მოლოდინი და იმედი, რომ ისევ მოვა გაზაფხული.

თამარა ბებომ და ომარ ტუჩაშვილმა წითელი კვერცხები გაცვალეს და ერთმანეთს აღდგომა ახარეს. 

ბებოს დავემშვიდობეთ და ქუშაშვილების გვარის სამლოცველო ხატისკენ გავაგრძელეთ გზა. ხატი ქვის მშრალი წყობით ნაგები სალოცავი ნიშია. ეს წმინდა ადგილი მრავალი ჭირ-ვარამის მომსწრეა. მთის ტრადიციების მიხედვით ჭირის სუფრისთვის აქ იკვლება შესაწირავი. სანთელი, სასმელი და ქადა რიტუალის განუყოფელი ნაწილებია. ტრადიციის მიხედვით, პირველ დღეს იხარშება ხორცი, მეორე დღეს კი ხორცის ნახარშში მთიელები ხინკალს ხარშავენ.

მთაში აღდგომა ბავშვებისთვის განსაკუთრებული ზეიმია. საადგომო მზადებაში ჩართულები ჟრიამულით ელოდებიან წითელი კვერცხების ჩამორიგებას. „დაჭიდება“ - ასე ჰქვია ფერადი კვერცხების დარტყმით ერთმანეთში შეჯიბრს, რომელიც პატარების საყვარელი საქმეა. 


დაჭიდებით გართული ანცი გოგო-ბიჭები მხიარულად დარბიან სალოცავებთან. ვინ ვის რამდენი კვერცხი გაუტეხა, ვინა არის გამარჯვებული, ვინ რა ფანდი გამოიყენა და ვინ მეტი „ნადავლი“ მიიღო, მათი მთავარი საზრუნავია.

ვუყურებდი ამ მხიარულებას და ვგრძნობდი რომ აღდგომა ნამდვილად სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია, ბავშვები კი ამ სასწაულის ყველაზე თვალხილული მემკვიდრეები არიან.

ქრისტე აღდგა! - ასე ესალმებიან ერთმანეთს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში.


ავტორი: სალომე ბითაძე