ედუფინი

ძილი და მთლიანი შიდა პროდუქტი

ოქტომბერი 31, 2019

საკმარისი ძილი ბევრი ჩვენგანის სასურველი მოთხოვნილება გახდა. საღამოს მეგობრებთან დროის გატარება, კინოში სიარული, შუალედურებისთვის მზადება, სახლში გვიან მისვლა და დილას 10-ზე უნივერსიტეტში ან სამსახურში ყოფნა ჩვენი ცხოვრების ჩვევად იქცა. უმეტესად, არასამუშაო დღეების სიტკბო შუადღემდე საწოლში გატარებული დროა.


ხშირად ვერ ვაანალიზებთ, რომ ჩვენ უწყინარ ჩვევებს შესაძლებელია უარყოფითი გამოვლინებებიც ჰქონდეს. „ძილის ფონდი“ აღნიშნავს, რომ ზრდასრულ ადამიანს სჭირდება 7-დან 9 საათამდე ძილი. უფრო ნაკლები ან მეტი ძილით შესაძლოა, ზიანი მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას. 20 საათიან სიფხიზლეს იგივე ეფექტი აქვს მსჯელობასა და ადამიანის რეაქციებზე რაც 1 ბოთლი ღვინის მიღებას. ჩვენ ყურადრებას არ ვაქცევთ 1 ან 2 ღამეს, რომელსაც პროექტის დედლაინის მოსასწრებად „გადავაგორებთ“, იმ იმედით რომ შემდეგ ავინაზღაურებთ. ძირითადად, ძილს მოკლებული ადამიანები გადაჭარბებულად ვაფასებთ საკუთარი დასვენებისთვის გამოყოფილ დროს. 

ბერკლის უნივერსიტეტის მკვლევარმა მეთიუ ვოლკერმა ჩატარებული კვლევის საფუძველზე აღნიშნა, რომ ძილი მნიშვნელოვანია, რადგან დავიმახსოვროთ დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია და ახალი მონაცემებისთვის მოვამზადოთ ტვინი. 2 კვირის განმავლობაში 6 საათიანი ძილი ამცირებს ტვინის მუშაობის სისწრაფეს, ისევე როგორც 2 ზედიზედ გათენებული ღამე. მუდმივად ასეთი ქცევა კი 13%-ით ზრდის ადრეული სიკვდილის შანსს. კვლევის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ახალი ინფორმაციების მიღებისა და დამახსოვრებისათვის ღამე გათეულ ტვინსა და დასვენებულ ტვინს შორის განსხვავება 40%-ია.


დიდხნიანი უძილობის შემდეგ ტვინი გადაღლილია, ახალი ინფორმაციების მიღება უჭირს. ეს სიტუაცია ჰგავს, როდესაც მნიშვნელოვანი მომენტისთვის ვიდეოს გადაღება გვინდა და ტელეფონის მეხსიერებაში საკმარისი ადგილი აღარ გვაქვს. ამ დროს დროს მეხსიერებას ვასუფთავებთ არასასურველი ინფორმაციებისგან, ვშლით მიმებს, რომელიც უკვე ყველა მეგობარს გავუგზავნეთ, ერთნაირ სელფებს, შიდა მოხმარების სქრინებს და ათას არასაჭირო ინფორმაციას.


მსგავსი აქტივობის განხორციელება ადამიანს ძილის საშუალებით შეუძლია, ღამის განმავლობაში ტვინი აორგანიზებს, აწყობს, ახარისხებს და ინახავს დღის განმავლობაში ნასწავლ და განცდილ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, პროდუქტიულობისათვის და პროექტის წარმატებით ჩაბარებისთავს 1 ან 2 ღამის გათენებაზე უკეთესი, დროის სწორად გადანაწილება გამოდის. 


შესაძლოა, არსებობდეს კავშირი ქვეყნის სიმდიდრესა და მოქალაქეების დასვენების დონეს შორის. გრაფიკზე მოცემულია სხვადასხვა ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე და საშუალო ძილის ხანგრძლივობა. ვერტიკალურ ხაზზე აღნიშნულია საშუალო ძილის ხანგრძლივობა, ხოლო ჰორიზონტალურზე მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ ადამიანზე. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2018 წელს წარმოადგენდა 45,489$-ს, ხოლო ქვეყნის საშუალო ძილის ხაგნრძლივობა 7,30 საათზე მეტს. გრაფიკზე ჩანს, რომ არსებობს ტენდენცია - უფრო მეტი უფრო მდიდარ მოსახლეობას სძინავს. ზოგიერთ შემთხვევაში, ქვეყნის მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად, ძილის ხანგრძლივობის სიმცირით გამოირჩევა, მაგალითად: აზიურ ვეფხვები (ტაივანი, სამხრეთ კორეა), მიუხედავად მათი ეკონომიკური განვითარებისა, ძილის დრო საკმაოდ დაბალია.


აღმოჩნდა, დასაქმებული მოსახლეობა საშუალოდ ღამის პირველ საათზე ასრულებს სამუშაო დროს. ისლამურ ქვეყნებში მოქალაქეები დილით ადრე ლოცულობენ და ძილის საშუალო ხანგრძლივობა ამ შემთხვევაშიც მცირე გამოდის. იაპონელები ყველაზე გადაღლილი ერია. “კაროში“ დღემდე მათი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მისი პირდაპირი თარგმანი ზეგანაკვეთური სამუშაოდან გამოწვეული სიკვდილია. ძილის ყველაზე კარგი ხარისხობრივი მაჩვენებლი ნიდერლანდებს, ახალ ზელანდიასა და შვედეთს აქვს.


სამსახურში ბევრი საქმე გვაქვს და ყველაფერს ერთდროულად ვერ ვასწრებთ, უნივერსიტეტში გადაბმულად დაგვინიშნეს გამოცდები, თანაც ხანდახან მონატრებული ადამიანების ნახვაც გვინდა, ღამით სასურველი სერიალის ახალი სერიების ყურება - ამ ყველაფრისთვის დრო უმეტესად ძილს აკლდება. როგორც აღმოჩნდა ჩვენი პროდუქტიულობისთვის, სამსახურეობრივი წინსვლისთვის და განვითარებისათვის კი პირიქით ჯობს - შუქი ჩავაქროთ, გადავდოთ სმარტფონები და საკმარისი ვიძინოთ. 

ავტორი: ელენე დოლიძე