ცისფერი მთები

მთაში | ზაალ წერეთელი

-სახელი, გვარი

-თხილამური თუ ბორდი?

ცალსახად თხილამური, თუმცა ამ ბოლო დროს სულ პატარა ინტერესი გამიჩნდა ბორდის მიმართ... აი მეფეები რომ იცვლიდნენ სამოსს და გარეთ გამოდიოდნენ მოკვდავებში ცხოვრების სიდუხჭირეების სანახავად, დაახლოებით ეგეთი ინტერესი მაქვს.

-სათხილამურო აღჭურვილობის საყვარელი ბრენდი

ტანსაცმელში და აქსესუარებში Dakine. ბევრი სხვადასხვა ბრენდის აღჭურვილობა და ტანსაცმელი მქონია და ყველაზე კომფორტული, გამძლე და კარგი სახმარი Dakine გამოდგა. თხილამურებში K2 და Line, ხოლო სათხილამურო ფეხსაცმელი - Full Tilt.


ეს ბრენდები არიან საუკეთესო სათხილამურო სამყაროს იმ სფეროში რომელსაც Freeride, Freestyle ჰქვია, შესაბამისად ჩემი სიმპატიაც დაიმსახურეს.

-საუკეთესო ადგილი/ტრასა სასრიალოდ საქართველოში

სვანეთი. ა ჰო, და კიდე სვანეთი. მიუხედავად იმისა, რომ პირველად თხილამურზე დავდექი ბაკურიანში და სრიალი ვისწავლე გუდაურში, მაინც ავირჩევ სვანეთს იმიტომ, რომ მათ აქვთ ის, რაც სხვაგან არ მოიპოვება. პირველად რომ ვეზიარე ამ სასწაულს, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თითქოს ორი წამით ჩემს სხეულს ზევიდან დავჰყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ ეს მართლა ხდება შენს თავს ზაალ...


თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კუბდარი არის ის, რის გამოც მივდივარ ყოველ წელს სვანეთში.


რაც შეეხება სათხილამურო გზას, ჰაწვალი მუდამ ჩემს გულში იქნება ... მიუხედავად იმისა, რომ მოკლეა, ისეთი დახრები და რელიეფი აქვს რომ ვერ მოიწყენ ... მახსოვს 2 წლის წინ თეთნულდი გაფუჭებული იყო და მარტო ჰაწვალი მუშაობდა ... 1 კვირის განმავლობაში ყოველ დღე ვსრიალებდი ჰაწვალზე და არ მომბეზრებია არც ერთი წამით.

-პირველი სრიალი...

ეს ისტორია ალბათ მთელი ჩემი ცხოვრება მემახსოვრება. 7 წლის ვიყავი, როდესაც პირველად წავედით ბაკურიანში ზამთარში... ციგის და ქვიანი გუნდების სროლის გარდა არაფერს არ ვაკეთებდი. ამ დროს მამაჩემი ჩამოვიდა მივლინებიდან და ჩამომიტანა Head-ის თხილამური... სიმართლე რომ გითხრა, დიდად არც მაინტერესებდა სრიალი და 2 დღე თხილამური კუთხეში იყო... ბევრი რომ არ ვილაპარაკო თხილამურზე დადგომა დამაძალეს. იმ სახლთან, სადაც ვიყავით გაჩერებულები იყო პატარა ბორცვი, რომელზეც მამაჩემმა ამიყვანა, ამიხსნა, რომ რთული არაფერია და შემდეგ ხელი მკრა ...რაც შემდეგ მოხდა უკვე ისტორიაა.


-შენი ყველაზე დასამახსოვრებელი ისტორია მთაში

დაახლოებით 3 წლის წინ 23 ნოემბერს გიორგობაზე გვეწვია პირველი თოვლი. რა თქმა უნდა, მე და ჩემმა რამოდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით გუდაურში და გვესრიალა ბიდარაზე. ეს ამბავი გავრცელდა და ბოლოს ისე გამოვიდა რომ 15 კაცი შევიკარით, ოღონდ ამ 15 კაციდან 5-6 კაცის სრიალი ვიცოდი, დანარჩენების არა. მოკლედ, ჩავედით გუდაურში ავხედეთ საძელეს და ყველამ ერთხმად გამოაცხადა, რომ ჯობდა საძელეზე ავსულიყავით ვიდრე ბიდარაზე. ბრბოს ეფექტმა უმალ იმოქმედა ჩემზე და მეც გახარებული შევუდექი საძელეს დალაშქვრას. სიარულის დროს ვამჩნევდი, რომ ბნელდებოდა და საერთოდ ვერ ვასწრებდით ასვლას. ნახევრამდეც არ ვიყავით ასულები, როდესაც ეს სხვებმაც შეამჩნიეს და ერთხმად გადაწყდა, რომ უნდა დავშვებულიყავით ... დაშვება იყო საშინელი, თოვლის უკმარისობის გამო ქვები იყო ამოწეული, მაგრამ მაგას ვინ ჩივის... ჩამოვედით, ვდგავართ მთის ძირში, ყველა ვუყურებთ საკუთარი თხილამურის ძირებს, უფრო სწორედ რაც მაგათგან დარჩა...და უცებ ყველანი ვამჩნევთ რომ ერთი გვაკლია... ვიყურებით ზევით- არავინაა, ქვევით-არავინ მარჯვნივაც და მარცხნივაც ანალოგიური სიტუაციაა, ვეძახით - ხმას არავინ იღებს, ტელეფონი არ იჭერს და ამასობაშიც დაღამდა... მოვიხსენით თხილამური მე და ჩემმა მეგობარმა და წავედით ჩვენი დაკარგული მეგობრის მოსაძებნად. საბედნიეროდ მალევე ვიპოვეთ უკვე დაუძლურებული და ნახევრად გაყინული. მახოსვს, როგორ გაუხარდა ჩვენი დანახვა. ერთობლივი ძალებით, ერთმანეთთან შეხმატკბილებული მუშაობით ჩამოვიყვანეთ გონდოლებამდე. ისე რაღა დაგიმალო და იმდენი რაღაც დავარღვიეთ, რომ ეხლაც მიკვირს რანაირად მოვახერხეთ მაგ დღის მაინც კარგად დამთავრება.  

-თვისებები, რომლებსაც, შენი აზრით, ადამიანი მთაში ხშირად ყოფნისას იძენს

პასუხისმგებლობა, კონცენტრაცია და გვერდში დგომა. 

-შენი დილის რუტინა ზამთარში

ყველაფერი იწყება ფანჯარაში გახედვით... იმის გადამოწმებით, თუ რამდენად სწორია ამინდის პროგნოზი. შემდეგ მოდის მეტად მნიშვნელოვანი რამ: კარგი საუზმე. დილით კარგად თუ არ ვჭამე ადამიანად არ ვვარგივარ, სულ რომ Triple corck- ები დავსვა(რაც ამ ეტაპზე ნაკლებსავარაუდოა) მაინც ცუდ ხასიათზე ვიქნები საჭმლის გამო... შემდგომ ვიწყებ ტანსაცმლის ფენების ასხმას და ჩანთის ჩალაგებას. ძირითადად სულ ჩანთით ვსრიალებ, რადგან, როგორც უკვე ვახსენე, საჭმლის გარეშე ადამიანად არ ვვარგივარ ... შესაბამისად ზურგჩანთა გატენილია მაღალკალორიული საკვებით.

-ნივთი, რომელიც აუცილებლად თან დაგაქვს მთაში

საძელის ისტორიის მერე - ფანარი :)

-ზამთრის სპორტი საქართველოში 5 წლის შემდეგ...

ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი კურორტი გვექნება ვიდრე გვაქვს ახლა, ხოლო არსებულ კურორტებზე ისე განვითარდება ინფრასტრუქტურა, რომ ძალიან რთული იქნება ხელუხლებელი თოვლის მოძიება.

-რამდენიმე სიტყვით ZaaLand-ის შესახებ

სულ მიყვარდა გადაღება, სანამ GoPro-ს მაჩუქებდნენ სხვას ვართმევდი და ვიღებდი, მქონდა ჩემთვის ეგ კადრები და ვუყურებდი რას ვაკეთებდი არასწორად, იდეაში ეგრე დავხვეწე სრიალი.


შემდეგ, როდესაც დაბადების დღეზე მაჩუქეს GoPro Hero 4, იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იყო. მერე ყოველი ჩემი მთაში წასვლა სრულდებოდა პატარა ედიტით... ვიღებდი ყველას და ყველაფერს... ერთხელაც თავში მომივიდა იდეა მოდი ერთს ვცდი და გადავიღებ ვლოგს -უბრალოდ დილიდან საღამომდე ჩემს დღეს მთაში ... გადავიღე, ავაწყვე, მომეწონა და სწორედ იმ წამიდან დაიბადა ZaaLand-ი, რომლის მთავარი მიზანია საქართველო წარმოაჩინოს როგორც სათამაშო მოედანი მათთვის, ვისაც უყვარს ადრენალინი. 

-ZaaLand-ის გეგმები...

გეგმა არის შემდეგი: მოვიაროთ აბოსოლუტურად ყველა ადგილი საქართველოში, რომელიც გამოდგება ექსტრემალური აქტივობისთვის და ვანახოთ ყველას, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით.