კულტურა

ZEG - ისტორია. ამბები

Coda Story-სა და Impact Hub Tbilisi-ს ინიციატივით 20 ივნისს კავკასიაში პირველი ამბის თხრობის ფესტივალი ZEG გაიხსნა. თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, 3 დღის განმავლობაში ფაბრიკის მთავარ სცენაზე არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მრავალფეროვანი თემები და დისკუსიები თითქმის ყველაფერს მოიცავდა: მედიას, ლიტერატურას, მიგრაციას, კინოს, სარეკლამო ბიზნესს, განათლებას, პარფიუმერიას.



ეს იყო ფესტივალი, რომელზეც ადამიანები ამბის თხრობის საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ ერთმანეთს და სხვადასხვა თემაზე გამოსავლის პოვნას კითხვების დასმით ცდილობდნენ. თითოეული მათგანი ამბის მოყოლის საკუთარ ხერხებს წარმოგვიდგენდა. ზოგი ამბავს სიტყვით ჰყვება, ზოგი - სუნებით, ზოგი კი კამერით აღბეჭდავს დანახულს. ხოლო ზოგისთვის, ამბის მოყოლა მეხსიერებაში მიმალული სურათების გაცოცხლებით იწყება.




პირადად ჩემთვის, ZEG-ის ფესტივალის აღმოჩენა ინდოელი მწერალი სუკეტუ მეჰტა გახდა. ამიტომ, თავიდანვე უნდა შეგითანხმდეთ, ამ წერილში სუკეტუ მეჰტას ბევჯერ მოჰკრავთ თვალს.


ფოტო: ZEG Storytelling Festival

CODA STORY-ს ამბავი

ფესტივალის ამბებზე წერას კი, რა თქმა უნდა, თავად Coda Story-თ ვიწყებ. მათ საიტზე შესულს მსხვილი შრიფტით დაწერილი ციტატა მხვდება - “Coda Story გიყვება იმ ისტორიებს, რომლებიც აქამდე არასდროს მოგისმენია“. 2016 წელს, ნიუ-იორკში ახალი ამბების მედია პლატფორმა BBC-ის ჟურნალისტმა ნატალია ანთელავამ და Wall Street Journal-ის ავტორმა ილან გრინბერგმა დააარსეს.

ონლაინ პლატფორმა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჟურნალისტებსა და არტისტებს აერთიანებს. დოკუმენტური მასალით, ვიდეო პოდკასტებით, სტატიებით, ანიმაციებითა თუ გრაფიკული ნოველის ფორმატში გაკეთებული სიუჟეტებით ყველა იმ თემასა და პრობლემაზე ჰყვება, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევად ექცა: საინფორმაციო ომები, ავტორიტარიზმი, მიგრაციის უსასრულო გზა და ლგბტქ თემის პრობლემები.



„I love you to the moon and back“ - ეუბნება მამამისს და სიმღერას იწყებს.

ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები Coda Story-ს ეს სიუჟეტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. სწორედ ამ საოჯახო ვიდეოთი იწყება 2014 წლის 17 ივლისს, უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის MH17 ავიაკატასტროფაზე საუბარი, რომლის ბორტზეც 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. საოჯახო ფოტოებსა და ვიდეოებს, კრემლის კუთვნილ მედია საიტებზე განთავსებული “მყვირალა” სათაურები ცვლის, საინფორმაციო ომი და ოჯახური ალბომები ერთმანეთში ირევა და კადრს მიღმა, ჟურნალისტის ხმა მონოტონურად განაგრძობს ადამიანებზე მოყოლას. Coda-ს სიუჟეტი ზუსტად იმ ადამიანური ისტორიებით “გიჭერს”, რომლებიც კონფლიქტებისა და ომების ჩრდილში იკარგება ხოლმე. იმ ადამიანების ისტორიებით, რომლებიც „ახალი ამბების“ ეპოქაში უკვალოდ ქრება.



5 წლის შემდეგ, ავიაკატასტროფა იგივე სიმძაფრით დაბრუნდა უკან. ერთი ახალი დეტალით, რომელიც Coda-ში არავის გამოპარვია - ხუთწლიანი დუმილის შემდეგ, ჰოლანდიელ გამომძიებელთა ჯგუფმა რეალური ეჭვმიტანილები: 4 რუსის სამხედრო და ერთი უკრაინელი დაასახელა.

სუკეტუ მეჰტასა და უჩინარ ქალაქებზე წერის ამბავი

„სახლში მინდოდა დაბრუნება და ამიტომ, წიგნის წერა დავიწყე“, - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა კალკუტაში დაბადებულმა, მუმბაისა და ნიუ-იორკში გაზრდილმა მწერალმა და ჟურნალისტმა სუკეტუ მეჰტამ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი წერს გამოცემებისთვის: The New Yorker, The New York Times, National Geographic, Harper’s Magazine, Time, Newsweek. 2004 წელს გამოსულმა მისმა წიგნმა "მაქსიმალური ქალაქი: ბომბეი - დაკარგული და ნაპოვნი" თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. გულწრფელად ვამბობ, სულ რომ გვერდზე გადავდოთ ეს ჩინ-მედლები, მეჰტა მაინც ამბის თხრობის ფესტივალის ერთ-ერთ გამორჩეულ სპიკერად რჩება.



„1977 წელს დავტოვე ბომბეი და ოცდაერთი წლის შემდეგ, უკვე მუმბაიში დავბრუნდი“, - წერს მეჰტა თავის წიგნში, - „ოცდაერთ წელიწადში ადამიანი იბადება, იღებს განათლებას, შეუძლია დათვრეს, დაქორწინდეს, აიღოს მართვის მოწმობა, ხმა მისცეს არჩევნებში, წავიდეს ომში, მოკლას კაცი... მთელი ამ დროის განმავლობაში, კილო არ შემცვლია: ისე ვლაპარაკობ, როგორც ბომბეელი ბიჭი. ასეთი ვარ კანპურსა თუ კანზასში; პარიზში, ლონდონსა თუ მანჰეტენზე მეკითხებიან, საიდან ხარო, მე კი პასუხს დავეძებ, და ყოველთვის ასე ვპასუხობ: "ბომბეი“.



The New-Yorker-ის ჟურნალისტ ჯონ ლი ანდერსონთან ერთად 21 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მეჰტა Zeg-ის მსმენელს ზუსტად ამაზე ესაუბრებოდა - როგორ შეიძლება კონკრეტული ლოკაცია ისტორიად იქცეს.



„იმისათვის რომ შენს ქალაქზე დაწერო, მასში დაკარგვა, ტურისტად დარჩენა უნდა შეგეძლოს“, - ამბობს მეჰტა და ამატებს, რომ სამწუხაროდ, GPS-ის ეპოქაში საკუთარ ქალაქში დაკარგვა ერთობ რთულად მისაღწევი გახდა. ამიტომ, მან ასეთ ხერხს მიმართა - მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ზოგჯერ, ტურისტებისთვის განკუთვნილ ჭრელა-ჭრულა ავტობუსში ბილეთს ყიდულობს და საკუთარ ქალაქში ფოტოაპარატ მომარჯვებულ, თვალებგაფართოებულ, მუდამ გაბადრულ ტურისტებთან ერთად მოგზაურობს. ამბობს, რომ სინამდვილეში ყველგან თავის ბომბეის ეძებს და რომ ჩვენ, ადამიანები ასე ვართ მოწყობილები - ყველანი ჩვენს საკუთარ უჩინარ ქალაქებს ვეძებთ. „და იცით, ამის პოვნა შესაძლებელია“, - სჯერა მეჰტას. აქ მას ინდოეთში, წერილების დამწერები ახსენდება. როგორც წესი, ეს მომსახურება ხან სასიყვარულო წერილის ავტორებს ხან კი სოფლიდან ქალაქში სამუშაოდ ჩამოსულ, წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანებს სჭირდებოდათ. ამიტომ წერილების დამწერნი, ყოველთვის საჭირო ხალხი ყოფილა ინდოეთში. იხსენებს, რომ მუმბაიში, წერილების მწერლებს შორის ყველაზე ცნობილი ზედმეტსახელად „სიყვარულის ექსპერტი“ იყო, რომელიც გასაოცარ სასიყვარულო წერილებს წერდა. ამბობდნენ, მას წერილებში ჯგუფი „ABBA“-ს ციტატების ჩასმაც კი შეუძლიაო. „წარმოიდგნეთ, რა გასაოცარი შეგრძნება იყო, როდესაც მექსიკაში მოგზაურობისას, ზუსტად იგივე ხალხი აღმოვაჩინე“, - ჰყვება მეჰტა და სევდიანად ამატებს - „ერთი განსხვავებით, ჩვენი სიყვარულის ექსპერტი აღარ წერსო, მითხრეს მექსიკაში. ამ ბოლო დროს, აქ აღარავის უყვარდებაო“.

“რაც უფრო გადის დრო, სულ უფრო ცოტა ხალხი იყურება ცაში. ჩემი აზრით ეს ძალიან, ძალიან ცუდია”,- მოულოდნელად რეპლიკით ერთვება ანდერსონი.

ფოტო: ZEG Storytelling Festival

ჯონ ლი ანდერსონისა და სრული ტექსტების წერის ამბავი

“ჩინებულია, ანდერსონმა ოსტატურად შეძლო ჩეს კომპლექსური სახის წარმოჩენა, კაცისა და მითის ერთმანეთისგან გამიჯვნა“ - The New York Times.

 „მე უბრალოდ მივედი და ვუთხარი, რომ მინდოდა მეტი გამეგო ჩეზე. ეს იყო და ეს“, - იხსენებს ამერიკელი ჟურნალისტი ჯონ ლი ანდერსონი შეხვედრაზე, რომელიც სრული ტექსტების წერას ეძღვნება. აქ, ის კუბელი რევოლუციონერის ჩე გევარას ქვრივს გულისხმობდა და წიგნს, რომელიც 1997 წელს გამოვიდა და ძალზედ პოპულარული გახდა - “ჩე, რევოლუციური ცხოვრება“. იმისათვის რომ ისტორია კარგი გამოსულიყო, ანდერსონი მეუღლითა და შვილებით წელიწადნახევარი ჰავანაში გადავიდა საცხოვრებლად. მან ზუსტად იცის, რომ ყოველისმომცველი, ვრცელი ისტორიის დასაწერად მხოლოდ ინტერვიუებზე სიარული არ კმარა. ცოტა ხნით, შენი რესპოდენტის ცხოვრებით იცხოვრო და მის წრეში იტრიალო.


„და მერე? გამოვიდა რაც გინდოდა?“ - ეკითხება ამერიკელ კოლეგას მოდერატორი, მწერალი და ჟურნალისტი პიტერ პომერანცევი; - დიახ, - პასუხობს ანდერსონი, - თუმცა მას თითქმის ორი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ მართლა გახსნილიყო ჩემთან და ყველაფერი მოეყოლა. ბოლოს კი, ჩეს გამოუქვეყნებელი დღიურებიც გადმომცა“.





ანდერსონი მუდამ აქტიურად წერდა რეპორტაჟებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილიდან: ავღანეთიდან, ერაყიდან, ისრაელიდან, ლიბანიდან, ირანიდან. The New Yorker-ისთვის დაწერილი აქვს ვრცელი პროფაილები უგო ჩავესზე, ფიდელ კასტროზე, აუგუსტო პინოჩეტზე, გაბრიელ გარსია მარკესზე. ამბობს, რომ ვრცელი ტექსტების, პროფაილების წერა რთული რამაა. სულ გგონია, რომ არასაკმარისი მასალაა და უფრო და უფრო მეტი გინდა - „შეიძლება რედაქტორს უთხრა რომ არა! ჯერ ვერ დაწერ, რადგან შენს რესპოდენტთან ერთად ჯერ... თხილამურზე არ გისრიალია! გინდა დაინახო როგორ ხედავს ის სამყაროს და ზუსტად ეგ მოუყვე მკითხველს. გინდა ის აგრძნობინო, რაც შენ იგრძენი. ემოცია გაუზიარო.” ამიტომაცაა, რომ გაბრიელ გარსია მარკესზე პროფაილის წერას 6 თვე მოანდომა. – „მაგრამ იცით რა, - ამატებს შეხვედრის ბოლოს, - სტატიები დღევანდელობას ასახავს. ჰოდა დღეს, ადამიანებს აღარ აქვთ იმის დრო, რომ უსასრულო ტექსტები იკითხონ. ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება“.


ფოტო: ZEG Storytelling Festival

ცვალებადი სამყაროს ამბავი

მილიარდიანი მოსახლეობის მეოთხედი მიგრანტია. რატომ ხდება ასე? იქნებ იმიტომ, რომ მდიდარმა ქვეყნებმა პატარებს მომავალი წაართვეს - მიგრაციის თემაზე საუბარს სუკეტუ მეჰტა, მრავალი სატელევიზიო ჯილდოს მფლობელი, ჟურნალისტი ლორენს ლი და ამერიკის ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ვივიან შილერი უძღვებოდნენ.



„მიგრაცია შესაძლებლობაა და არა წყევლა“ - ამბობს მეჰტა და მიგრაციის ყველა იმ სარგებლის ჩამოთვლას იწყებს, რაზეც მის მომავალ წიგნში იქნება საუბარი. ივნისში ხომ გლობალურ მიგრაციაზე დაწერილი „ეს მიწა ჩვენი მიწაა: ემიგრანტის მანიფესტი“ გამოდის გაყიდვაში, რომელიც Time-მა 2019 წლის ზაფხულში, აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიაში უკვე შეიყვანა.



„თუ ტრამპი ემიგრანტებს პოტენციურ ტერორისტებად თვლის, ჩემთვის ისინი, ჩვეულებრივი გმირები არიან“, - ჰყვება, თუ როგორ შეძლო ინდოეთმა ამერიკისა და ევროპის მსხვილი საბანკო კომპანიებისთვის აუთსორს კომპანიების ჩამოყალიბება და რომ მთელი ეს სისტემა, ოდესღაც ემიგრირებულმა და შემდეგ უკან დაბრუნებულმა ინდოელებმა ააწყვეს. „საზღვრებს არ აქვს მნიშვნელობა, - ამბობს მეჰტა, - მთავარია ადამიანებს ჰქონდეთ ღია გულები. დღეს, როდესაც ამერიკაში გეუბნებიან - “რა გინდა აქ?! წაეთრიე აქედან!”, თავისუფლად შეგიძლია უპასუხო - “და რა? განა იგივე არ გააკეთა ოდესღაც შენმა მამამ, ბაბუამ ანდა მისმა მამამ?”. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ნიუ-იორკი სახლია მათთვის, ვისაც სახლი არა აქვს“ - ამატებს ბოლოს და მიგრაციის თემას “ნეკა თითის კოცნით” ამთავრებს.


სან დიეგოსა და ტიხუანას შორის საზღვრის გამყოფი კედელი წვრილად დასერილი გალიის ღობეებისგან შედგება. ყოველ კვირას, ორ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრები ამ კედელთან იკრიბებიან და 10 წუთით ერთმანეთს ესაუბრებიან. შეხება არ შეუძლიათ. მხოლოდ რკინის წვრილ, დაკლაკნილ გისოსებში შეიძლება ნეკა თითის გაყოფა და ისინიც ასე ეხებიან, ასე ეფერებიან ერთმანეთს.



უკვე მრავალი წელია, რაც სუკეტუ მეჰტა ნიუ-იორკში, ემიგრანტთა ცხოვრებაზე წიგნს წერს.

ფოტო: ZEG Storytelling Festival

პროტესტი იყო ის, რითაც 3 დღიანი ფესტივალის ბოლო დისკუსია უნდა დამთავრებულიყო. პროტესტი იყო ის, რაც ფესტივალის დაწყების დღეს 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაიწყო, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ მთავრობას რუსეთის დუმის წევრის პარლამენტში შესვლა არ აპატია. „ჩვენ გვინდოდა ბოლო გამოსვლა სოციალურ მედიასა და პროტესტზე გაგვეკეთებინა, თუმცა მიმდინარე ამბების გამო ცოტათი ვცლით თემას“, - განაცხადა ბოლო შეხვედრაზე ანთელავამ და სცენაზე სასაუბროდ ჟურნალისტი პიტერ პომერანცევი, The Guardian-ის კორესპონდენტი შონ უოკერი, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე და „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიწვია. პარალელურად, ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე დისკუსიის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა. მისი აქტუალურობის გამო, ამ შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. არცაა გასაკვირი, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, მთავრობასა და ხალხის პროტესტზე საუბარი ფესტივალის ყველაზე ცოცხალი და დინამიკური დისკუსია აღმოჩნდა.





და ბოლოს

“Coda - მუსიკაში გამორჩეული პასაჟია, რომელიც როგორც წესი ბოლოსკენ ისმის და მთელ კომპოზიციას განსაზღვრავს. ჟურნალისტიკაში გვინდა ვიყოთ ცალკე ხმა, რომელიც კრიზისის განსაზღვრას შეუწყობს ხელს” - ისევ Coda-ს საიტზე ვბრუნდები.


იმედი მაქვს, რომ ZEG-ის ფესტივალი არაერთხელ ჩატარდება და მასზე კიდევ უფრო მეტ საინტერესო სპიკერს ვიხილავთ. ფესტივალის მთავარი მიზანი ხომ აღმოჩენების გაკეთებაა. იმ აღმოჩენების, რომლის გარეშეც ცხოვრება ასეთი მოსაწყენი იქნებოდა.


P.S. ზუსტად ვიცი, ZEG-ის ჩემი აღმოჩენა, სუკეტუ მეჰტას ბომბეიში მოგზაურობით გაგრძელდება.

ავტორი: INDIGO / სალომე კიკალეიშვილი

ფოტოები: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი