მუსიკა | ცა

Young Georgian Lolitaz-ის „Lemonjuice” ფირფიტაზე გამოიცა

90-იანი წლების მიწურულს ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენა და მისი მომავალი გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დამოუკიდებლობის ათწლეულში განცდილმა იმედგაცრუებებმა, ქვეყნის სოციო-ეკონომიკურმა და ამავდროულად კულტურული განვითარების გაყინულმა პროცესმა უამრავი მუსიკოსი, რომლებიც ამ სივრცის საყრდენს წარმოადგენდნენ, უკეთესი მომავლის საძებნელად აიძულა ქვეყანა დაეტოვებინათ. ნაწილი ქვეყანაში დარჩა, თუმცა ძალების მოსინჯვა მეინსტრიმულ სცენაზე გადაწყვიტა, ნაწილი კი მუსიკალურ კარიერას საერთოდ გაეშვა და უკეთესი ფინანსური გარანტიების მქონე საქმიანობას მიჰყო ხელი.

ეს სწორედ ის პერიოდია როდესაც სცენაზე სრულიად ახალი თაობის მუსიკოსები ჩნდებიან, თაობა რომელთა მოზარდობის პერიოდი სწორედ 90-იანი წლების ბნელ პერიოდს ემსხვერპლა, თუმცა ახალი ათასწლეულს უკეთესი მომავლის იმედად ხვდებოდნენ. Young Georgian Lolitaz-იც სწორედ ამ დროის შვილია. 

ნიკა კოჩაროვისთვის გიტარა და მუსიკა ბავშვობიდან თანმდევი მომენტია. მამა, ვალერი კოჩაროვი 70-იანებისა და 80-იანიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული ბენდის „ბლიცის“ ფრონტმენი იყო, რომელთან ერთადაც 1989 წელს ლივერპულში „ბითლზის ორეულების“ კონკურსში გაიმარჯვა. სწორედ მამის საქმიანობის გავლენით, 90-იანი წლების მეორე ნახევარში, ნიკა კოჩაროვი უკვე აქტიურად გამოჩნდა სცენაზე. ჯერ სამოყვარულო ბენდით “Traffic Down”, 1998 წელს კი კოტე კალანდაძის ერთად ჩანაწერი “Positive Days” გამოსცა.

უკვე 2000 წელს, როდესაც მზიურში აქტიურად ტარდებოდა მუსიკალური ფესტივალი, ნიკა მეგობრებთან ერთად უკრავდა, ბენდის სახელი კი ამ დროს კონცერტიდან კონცერტამდე ცვლილებას განიცდიდა. სწორედ ასე, სპონტანურად შერჩეული ერთ-ერთი სახელი, Young Georgian Lolitaz ბენდს აგერ უკვე 20 წელზე მეტია რაც შემორჩა. მალე ჯგუფს ლევან შანშიაშვილი შემოუერთდა, თუმცა წლებთან ერთად იცვლებოდა შემოდგენლობის სხვა წევრებიც.

სამომავლოდ ჯგუფმა დახვეწა მუსიკის ჩაწერის ტექნიკა და 2003 წლიდან აქტიურად შეუდგა ახალი კომპოზიციების შექმნას, რომელთა კრებულიც სამომავლოდ “Lemonjuice”-ის ალბომის სახელით გახდება ცნობილი. ალბომი 500-მდე CD დისკზე ჩაიწერა და ადგილობრივ მუსიკალურ მაღაზიებში დარიგდა, დანარჩენი კი როგორც სტანდარტულად ხდება - მუსიკას შესაბამისმა მსმენელმა თავისით მიაგნო.

Lemonjuice - ეს ახალგაზრდა ადამიანის განცდების, ამბოხის, სიყვარულის და იმედგაცრუების ისტორიების ნაზავია - ანუ ის რაც 2000-იანების დასაწყისში საქართველოში 20 წლის ახალგაზრდას შეიძლება აწუხებდეს. ალბომი რამდენადაც განსხვავებული ხასიათების სიმღერებს მოიცავს, იმდენად აერთიანებს ის მუხტი და დრაივი, რაც ნამდვილ როკ-ენ-როლს ჭირდება. თავის მხრივ კი უცნაურია, რომ მელანქოლია და ახალგაზრდული ამბოხი ასე ერთიან ჟღერადობრივ სივრცეს ქმნიან. ალბომში ჩემი პირადი ფავორიტები „Hollywood“ და „Feather“-ია, მათი მოსმენის პირველი განცდა დღემდე მომყვება და ეგრევე მოზარდობის პერიოდის საუკეთესო ეპიზოდებს ატივტივებს გონებაში. სრულიად განსხვავებულ ფანტაზიას აღვიძებს “Room”, სადაც ვიდეოთამაშში შემდეგ ტურში გადასასვლელი ინსტრუქციაა მოცემული. ალბომის გამხსნელი სინგლი „Star“ კი ენერგიული ბუსთერია, რომელზეც 2004 წელს ვიდეო კლიპიც გადაიღეს.

რამდენიმე წელში YGL-ის წევრების ნაწილმა ბრიტანეთს მიაშურეს, იქაურ სცენაზეც სცადეს ბედი, თუმცა ეს ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც საქართველოდან ჩანდა. 2010 წელს მეორე “Lava” EP გამოუშვეს და ცოტა ხნით პროექტმა პასიური როლი შეიძინა, სანამ ევროვიზიის კონკურსისთვის ახალი სიცოცხლით გამოიღვიძეს და ახალი თაობისთვის განსხვავებულ ფორმატში გახდნენ აქტუალურები. შეიძლება Gen Z-სთან ამ მუსიკას აღარ აქვს ისეთი ემოციური კავშირი, როგორც თავის დროზე მილენიალებისთვის იყო, თუმცა Young Georgian Lolitaz 20 წლის შემდეგაც აქტიურ ბენდად ითვლება, “Lemonjuice” კი 2000-იანი წლების ერთ-ერთ გამორჩეულ ჩანაწერად რჩება.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

ფოტოები: თიკუ კობიაშვილი