მე-20 საუკუნის ქართული ალბომები 001 | ივერია LP 1975

პოპულარული მუსიკა, იდეალურად წარმოაჩენდა არა მხოლოდ კონკრეტული თაობის სულისკვეთებას, არამედ ეპოქის სოციო-კულტურულ რეალობასაც კი. ამ მხრივ, როგორც საბჭოთა, ასევე პოსტ-საბჭოთა ქართული გამოცდილება სპეციფიკური, წინააღმდეგობრივი და იძულებითიც კია. ადრეულ პერიოდებში ჩამოყალიბდა ესთეტიკური მუსიკალური კოდები, რომლებიც ჯერჯერობით დღემდე მუშაობს. კარგი იყო ეს თუ ცუდი, ამას დღეს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმის გასაგებად, თუ როგორ და რატომ ჩამოყალიბდა ეს, რა არის მე-20 საუკუნის ქართულ მუსიკალურ არტეფაქტებში ფასეული ან გაცვეთილი, საჭიროა კონკრეტული ეპოქის ანალიზი.


ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ქართული ისტორიული მუსიკალური ალბომები, განმეხილა სწორედ თავიანთ დროით კონტექსტში, როგორც ეპოქის მემატიანეები, როგორც ქართული რეალობის დოკუმენტები. ისეთი დოკუმენტები რომლებიც ხშირად უფრო ეფექტურად მეტველებენ რეალობაზე, ვიდრე ისტორიკოსების მჭერმეტყველური მონათხრობები.  

   „ივერია (LP,1975) " - ქართული ესტრადის გაცხადებული როკი

თუ რატომ გადავწყვიტე „ივერიას“ სადებიუტო ალბომით გამეხსნა სტატიების ციკლი, ამაზე ბოლოს მოგახსენებთ. თავდაპირველად კი გეტყვით იმას, რომ ეს ალბომი, მოვლენების ნორმალურად განვითარების შემთხვევაში , შესაძლოა საკულტოც კი გამხდარიყო, მაგრამ საქმეც ისაა, რომ მოვლენები სწორედაც რომ არანორმალურად ვითარდებოდა მაშინ, რაც გარკვეულ დაღს ასმევს ამ ისტორიულ ალბომს.


ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი - შემოკლებით „ვია“, ახალგაზრდების გემოვნების სადარაჯოზე მდგარი წმინდა საბჭოთა წარმონაქმნია. ეს ფენომენი წარმოიქმნა 60-იანების შუა პერიოდში და წარმოადგენდა დასავლური პოპ თუ როკ ბენდების საბჭოთა ახალგაზრდულ -მუსიკალურ ალტერნატივას, უფრო საფუძვლიანად „ვია“ ფენომენზე ვისაუბრებ მაშინ, როცა პირველ ქართულ ვია „ორერა“-ზე და მათ ალბომზე გვექნება საუბარი.

ახლა კი ცოტა გადავახტები ქრონოლოგიას და გეტყვით, რომ ეს ვოკალურ ინსტრუმენტული წარმონაქმნები განსაკუთრებით აქტუალური და იდეოლოგიისთვის მნიშვნელოვანი 70-იანი წლებიდან გახდა. რატომ? რადგანაც დასავლური როკ მუსიკის ვირუსით საბჭოთა ახალგაზრდებიც მასობრივად ავადდებოდნენ. ამ მავნე ბურჟუაზიული როკ ექსპანსიის ბოლომდე შეზღუდვა შეუძლებელი ხდებოდა, თანაც 70-იანების როკ მუსიკა გაცილებით უფრო მძიმე, აგრესიული და სექსუალური იყო, ვიდრე 60-იანების მუსიკა, შესაბამისად უფრო მავნე და სახიფათოც საბჭოთა ახალგაზრდებისთვის.

აუცილებელი გახდა ხარისხიანი საბჭოთა მუსიკალური პასუხი-ჩანაცვლება, რათა ქვეყნის ახალგაზრდობას არ დაეკარგა კომკავშირული სულისკვეთება...

ამ მიზნით შემუშავდა მკაცრად გაწერილი სარეპერტუარო პროტოკოლი, რომელშიც მთავარი აქცენტი კეთდებოდა ჟღერადობაზე. მანკიერი იმპულსების წყაროდ როკ მუსიკაში ელექტრო გიტარის და დამთრგუნველი დასარტყამი ინსტრუმენტების მძიმე ჟღერადობა მოიაზრებოდა. ამ ორი ინსტრუმენტის ხმაური იწვევდა „დრაივს“ - აღგზნებასა და აღფრთოვანებას, ეროტიზმს და ანდრენალინის ამოფრქვევას ახალგაზრდებში, რაც უკიდურესად შემაშფოთებელად ითვლებოდა საბჭოთა ახალგაზრდის მკაცრად განსაზღვრული ცნობიერებისთვის. ამიტომაც გახდა აუცილებელი პირობა დრამ-გიტარის ჟღერადობის კასტრაცია საბჭოთა ვია-სთვის, ოღონდ ისე, რომ პოპის ასპექტები მაინც შენარჩუნებულიყო.


ასე „იცავდნენ“ საბჭოთა იდეოლოგები ახალგაზრობას ნონ-კომფორმისმიზმგან. ამან დაამკვიდრდა საბოლოოდ „ვია“ ესთეტიკა-საესტრადო, ზომიერი, სტერილურ-პროფესიონალური და მოსაწყენი, რომელშიც მიზანშეწონილი იყო იყო ეთნო-ფოლკლორული მოტივების შეტანა მულტიკულტურული ოჯახის ჰარმონიული ყოფის გამოსაკვეთად. სწორედ ასეთ ვითარებაში გამოდის ვია „ივერიას“ სადებიუტო ალბომი 1975 წელს...

„ივერია“ 1968 წლიდან არსებობდა და უკვე საკმაო პოპულარობითაც სარგებლობდა, ხშირად საკავშირო ტელეეთერითაც კი ჩნდებოდა. ერთი მხრივ, ანსამბლი აგრძელებდა ჯერ კიდევ 60-იანებში დაწყებულ ქართულ საესტრადო ტრადიციებს, მეორე მხრივ კი ცდილობდა, ჟღერადობა შეძლებისდაგვარად უფრო მოდური როკ ნ როლური გაეხადა. ანუ, ცდილობდნენ ქართული ვია ესთეტიკის გააქტუალურებას. ამ მცდელობის შედეგია მათი სადებიუტო ალბომი, რომელიც პოსტ ფაქტუმ, უკვე თამამად შეიძლება ჩაითვალოს ქართული პოპ როკ მეინსტრიმის პირვლ ნიმუშად.

ბოლომდე ამოვარდნა „ვია“ კლიშეებიდან „ივერიას“, ცხადია, არ შეეძლო, ამ შემთხვევაში, გადაუკეტავდნენ გზას აუდიტორიისკენ. ამის მიუხედავად, ანსამბლი მაინც ცდილობდა, გარკვეულწილად აღმოეფხვრა პოპ შიმშილი ქართულ საესტრადო სცენაზე. პრინციპში, სწორედ ეს მიზანი ჰქონდა ალბომსაც, რომელიც როგორც სახიფათო ავანტიურა, ისე გაჟღერდა მაშინ.  

პირველი ტრეკი “სიმღერა საქართველოზე“, იწყება ძლიერი გიტარის რიფით, იკვეთება ალბომის აკუსტიკური კონცეფციაც-ქართულ-მელოდიური სასიმღერო ფორმატი, „საეჭვოდ“ დამძიმებულ ბასით და ელექტროგიტარის ფუზ (fuzz) ეფექტით, ასე მოდური რომ იყო 70-იანების დასაწყისის მძიმე როკში. ცხადია „ივერიას“ გიტარა ნაკლეად ხმაურიანი და დომინანტურია,  მაგრამ მაინც სარისკო, რამეთუ ბოლომდე იდენტიფიცირება იმ პერიოდის საბჭოთა „ვია“ ჟღერადობასათან არ ხდება. ასეთი „თავხედობა“ ნეიტრალდება ეთნო მოტივებით, თუ სიმღერის პირველ ნაწილი აშკარა როკია, მეორე ნაწილი უკვე ფოლკ ესტრადაა, გიტარა „გაქრა“, საუნდ აქტუალობის შესანარჩუნებლად კი ამოიწია ელექტრო კლავიშმა, ასეთი სვლებიც მოდური იყო იმ პერიოდის როკ მუსიკაში. 

აღსანიშნავია, რომ ამ ალბომში საერთოდ უგულებელყოფილია იმხანად ქართულ ესტრადისთვის მოდური ფიუჟენ აქცენტი. თუ რატომ მიმართავდნენ ქართული ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლები ე.წ. ჯაზ-ფანკ-პოპს,  ამაზე იმ ეპოქის სხვა ალბომების განხილვისას ვისაუბრებთ, ამ ალბომში კი სასულე სექციაც არ გვხვდება, რის გამოც იყო ალბომი ამოვარდნილი იყო ეპოქის ზოგადი კონტექსტიდან  და ამიტომაც შეეგება ენთუზიაზმით  ახალგაზრდა  მსმენელი,  რომელმაც პირველად შეამჩნია სამამულო ესტრადაზე  როკის ინსინუაციები.

ალბომი პირობითად შეიძლება დაიყოს რამდენიმე სეგმენტად:

ეთნო სეგმენტი - მოიაზებს ხალხურ სიმღერებს, მეგრულ „ჩაგუნას“ და აფხაზურ „აზამათს“, რომლებიც წმინდა წყლის ფოლკ-როკს წარმოადგენენ. საკმაოდ უნარიანად  გაკეთებული, იუმორი და შესრულების ირონიული მანერა თითქოს აზავებს აშკარა როკ ინტენციებს, აქტიურ დრამინგსა და ელექტრო გიტარას.  

კიდევ ერთი ტრეკი „მგზავრული“, კი არის საავტორო (ავტორი:ა.ბასილაია) , თუმცა შეიძლება თამამად მივაკუთვნოთ ფოლკ სეგმენტს, ზუსტად იმავე აღწერილობით, როგორც „ჩაგუნა“ და „აზამათი“. 

ლირიკული  სიმღერები - მეორე, ყველაზე მოზრდილი სეგმენტია ანსამბლის ხელმძღვანელ ალექსანდრე ბასიალაიას მიერ დაწერილი ქართველ პოეტთა ლექსებზე (მ.ფოცხიშვილი.ჟ.ჩარკვიანი, ლ.ასათიანი...). „ივერიას“ სამომავლო საფირმო ესთეტიკა, უზრმაზარი პოპულარობით რომ სარგებლობდა სხვადასხვა თაობის ქართველ მსმენელში, სწორედ ამ სიმღერებშია გაცხადაებული. მაშინ განსაკუთრებით პოპულარული გახდა „ფიროსმანი“ (ვოკ. თ.წიკლაური) და „ზღაპარი სიყვარულისა“ (ვოკ. ზ.ცისკარიძე, ლ.კობალაძე), აქცენტი კეთდება ვოკალური პარტიის მელოდიურობაზე, არის სენტიმენტალიზმი და დრამაც.

ბასილაია, შეიძლება ითქვას პირველი გამოხატული პოპ სიმღერების ავტორი ჩვენში, შესანიშნავი მელოდისტი იყო. სწორედ მის უნარებზეა გამახვილებული ყურადღება ამ სიმღერებში, არ არის აქცენტი არანჟირებაზე და თემატურ ვარიაციებზე,  რეფრენიც მკაფიოა, ამიტომაცაა სიმღერები მოკლე და ლაკონური. ჩემი გემოვნებით, ამ სეგმენტში, ალბომის საუკეთესო ტრეკია „თეთრი ლანდივით“, რომელსაც ასრულებენ ანსამბლის სოლისტები, თეიმურაზ წიკლაური და ზურაბ  ცისკარიძე.          

ზოგადად, ქართულ კულტურაში, ვოკალზე  კეთდებოდა ყოველთვის მთავარი  აქცენტი -კარგი ხმა, ძლიერი დიაპაზონით,  რომელიც ასრულებს  მომხიბლავ  მელოდიას. ამ მხრივ, „ივერიაც“ არაა გამონაკლისი... ყველა მომღერალი გამორჩეულია,  თუმცა, მაინც  დომინირებს თეიმურაზ წიკლაურის სახასიათო ტემბრი და შესრულების მანერა, რომელიც იდეალურად  ითვლებოდა  „ივერიასთვის“. ძნელია მისი ხმა აგერიოს, მას ქართული პათოსიც  აშკარად გამოკვეთილი აქვს.  ამ ალბომშიც  თეიმურაზ წიკლაურის ვოკალი ყველაზე დიდი დოზით გვხვდება, ამიტომ  მეორე ლიდერ ვოკალისტი ზურაბ ცისკარიძე  ცოტა  შევიწროებულ მდგომარეობაშია,  არადა  მას უაღრესად დახვეწილი, ხავერდოვანი და ეროტიული ბარიტონი აქვს. ზურაბ ცისკარიძე მოგვიანებით  ტოვებს  „ივერიას“,  ის პროფესიონალი მომღერალი იყო და შესაბამისად ზაქარია ფალიაშვილის ოპერის და ბალეტის თეატრში იწყებს  საოპერო არიების შერულებას.  

საინტერესოა, „ივერიათი“ აღტაცებული აუდიტორია ანსამბლის მომღერალი ქალებით მაინც უკმაყოფილო იყო. მაშინ უკვე ჩამოყალიბებული იყო ქალთა საშემსრულებლო სტანდარტები ქართულ ესტრადაზე, ნანი ბრეგვაძე უკვე ლამის ეტალონად იყო ქცეული. ლილი ზღვაურსაც და ლუიზა კობალაძესაც არ ჰქონდათი ისეთი რესურსები, როგორც ნანის თუ სხვა ქართველ ვარსკვლავებს, მაგრამ პოპ ესთეტიკის თვალსაზრისით, ძალიან კარგები იყვნენ და ეფექტურადაც  ერგებოდნენ ანსამბლის რეპერტუარს, განსაკუთრებით ლუიზა კობალაძე, რომლის დაბალი რეგისტრის ხმა, ერთდროულად მგრძნობიარე, ცივი და არაადკვატურიც იყო იმ პერიოდის სტანდარტებიდან გამომდინარე. 

ქავერები -ალბომის მესამე და ბოლო სეგმენტი, ნამდვილი ნაღმი იმ პერიოდში. იგი ჩვენში უპოპულარულესი ინგლისური ჰარდ როკ ბენდის Uriah Heep-ის სიმღერების ქავერებს - "Sunrise"-ს და "July Morning"-ს მოიცავდა. ჯერ კიდევ ალბომის გამოსვლამდე, ტელე გადაცემაში “საესტრადო პანორამა“, ანსამბლმა პრეზენტაციის სახით რამდენიმე სიმღერა შეასრულა სამომავლო ალბომიდან, რომელთა შორისაც იყო Sunrise-იც.

თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქართული საბჭოთა ტელევიზიით  გაჟღერდა როკ სტანდარტი  ქართული ანსამბლის შესრულებით (ვოკალი ლ.ლალიაშვილი,  ბენდის ბასისტი). ეს  იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის,  დამწყები მელომანისთვის, რომ ლამის 50 წელი გავიდა და მაინც მკაფიოდ მახსოვს... ორიგინალის მაგიურობა  „ივერიას“  ვერსიას  არ გააჩნდა,  მაგრამ ამას ვინ დაეძებდა მაშინ,  ფაქტი იყო წარმოუდგენელი. 

როდესაც ალბომი გამოვიდა, აღმოჩნდა, რომ მასში , ერთი ერთი ყველაზე პოპულარული და საკულტო როკ ეპოსის July Morning-ის ქავერიც იყო მოთავსებული (ლიდერ ვოკალისტი, დრამერი ნუგზარ კვაშალი), რამაც უკვე ყველა სამამულო მელომანი შოკში ჩააგდო. ბევრმა სწორედ ამ ქავერის ხათრით შეიძინა ალბომი. ორიგინალი ვერსიისგან განსხვავებით, სიმღერა თითქმის განახევრებული იყო, არ იყო სოლოები, შეკვეცილი იყო არანჟირება, სამაგიეროდ ადგილზე იყო სიმღერის კულმინაცია, ფალცეტი (თ. წიკლაური), ესეც უმოწყალოდ შეკვეცილი, მაგრამ მთავარი იყო პრეცედენტი, ფალცეტი ხომ იდეოლოგიურად მტრული როკ ისტერიის გამოვლინებად ითვლებოდა მაშინ და შესაბამისად აბსოლიტურად მიუღებლად, როგორც საბჭოთა ასევე ქართული კულტურული კონტექსტისთვის. 

დღესაც ცოტა გასაკვირია, როგორ გაბედა „ივერიამ“ ეს, ანდაც როგორ შერჩა, და არა მხოლოდ ეს ორი სიმღერა, ზოგადად ალბომი არ ჟღერს ისე, როგორც საბჭოთა „ვია“’ ესთეტკა მოითხოვდა მაშინ. აუცილებლად იქნებოდა რისკი, რომ ალბომის ტირაჟირება შეეცერებინათ და თუ რატომ არ მოხდა ეს, ამისთვის საჭიროა გავერკვეთ იმაში, თუ როგორი იყო მაშინ საბჭოთა LP ინდუსტრია და პოლიტიკა . 

მთელ ქვეყანაში არსებობდა მხოლოდ ერთი ცენტრალიზებული ხმისჩამწერი ფირმა „მელოდია“, რომელსაც ყველა რესპუბლიკაში ჰქონდა ფილიალი, ცხადია იყო თბილისშიც, სადაც იწერებოდნენ კიდეც უმთავრესად ქართველი საესტრადი არტისტები და ანსამბლები. მხოლოდ ერთი სტუდია ცხადია ვერ აკმაყოფილებდა ერთბაშად ყველა არტისტს, ამიტომაც მუსიკოსები ელოდნენ გეგმიურ რიგს. მნიშვნელოვანი იყო არტისტის პოპულარობის ხარისხი, მარიფათიც და ნაცნობობის საჭირო წრე. ანუ სტუდიური სესიების დრო საკმაოდ რთული მოსაპოვებელი იყო. 

1968 წელს შექმნილი „ივერია“ პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, სადებიუტო ალმბომის ჩაწერა მხოლოდ 1975 წელს მოახერხა. სსრკ-ში მუსიკალური კომერციული ინდუსტრია ოფიციალურად არ არსებობდა, მაგრამ ალბომების გავრცელება-გაყიდვას დიდი ყურადღება ექცეოდა. ამით მუსიკოსების შემოსავალი არ იცვლებოდა, ისინი ფიქსირებულ ხელფასებსა თუ ჰონორარებზე იყვნენ დამოკიდებული. სამაგიეროდ, ალბომის დიდი წარმატების შემთხვევაში, ეწყობოდა მუსიკალური ტურნეები მთელი სსრკ-ს მასშტაბით. აი ეს უკვე სარფიანი საქმე იყო, რადგან ფული იჭრებოდა როგორც ოფიციალურად დაფინანსებების მოპოვებით, ასევე ფარული გზებით... ამრიგად, უზარმაზარი ტირაჟით ალბომის გაყიდვა მომგებიანი იყო როგორც ანსამბლისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, ამიტომ საეჭვო რეპერტუარის მქონე ანსამბლებსაც, სითამამეს ზოგჯერ პატიობდნენ ხოლმე.„ივერიას“ სადებიუტო ალბომსაც სწორედ ამიტომ გაუმართლა. გაყიდვების რიცხვი ოფიციალურად ცნობილი არ არის.

 არაა გამორიცხული რომ ტირაჟი მილიონსაც გასცდა, ამიტომაც აპატიეს ალბათ „უტიფრობა“...

მეტიც, ალბომის უზარმაზარი წარმატების შედეგია ისიც, რომ იმავე წელს გადაიღეს მუსიკალური მხატვრული ფილმი მათივე მონაწილეობით, „ივერია, სიყვარული და..“. თუმცა მაინც ვეჭვობ, „ივერია“ ბოლომდე უმტკივნეულოდ გამომძვრალიყო მაშინ, ამას კი მაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ფილმის ერთ-ერთი მუსიკალური ფრაგმენეტი, რომელშიც სწორედ “July Morning” ჟღერდა, საპრემიერო ტელეჩვენების შემდეგ სასწრაფოდ ამოჭრეს ფილმიდან. სწორედ ეს ნიუანსები და დეტალები ანიჭებს ამ ალბომს ეპოქის არტეფაქტის საპატიო ტიტულს, პლუს „ივერიას“ შთამბეჭდავ კარიერსაც დაუდო სათავე. 

ნაღვლიანი ამბავი კია, რომ შემდეგ ანსამბლის მუსიკა თანდათანობით გაკონფორმისტულდა, გასტერილურდა და საშუალო სტატისტიკური საბჭოთა „ობივატელის” ყურს მოერგო.

მაშინაც ვფიქრობდი და ეხლაც ასე ვფიქრობ, რომ „ივერიას“ ქონდა შანსი შეექმნა სრულფასოვანი და აქტუალური ქართული მეინსტრიმ პოპ როკი, თვითმყოფადი და არა ეპიგონური, ქართული მუსიკალური კოდებით გამდიდრებული, მაგრამ ვერ გარისკეს, ვერც საბჭოთა მიერ შეათავაზებულ დივიდენდებზე თქვეს უარი... ძნელია მათი დადანაშაულება ამაში, თანაც „ივერია“ არც იყო როკ მუხტის მატარებელი ანსამბლი. სადებიუტო ალბომით ისინი უბრალოდ შეეცადნენ ეპოქის მუსიკალურ კონიუნქტურას მორგებიდნენ, რაც მათ არც თუ ისე ურიგოდ გამოუვიდათ. 

მცდელობა, გასცდეს თავსმოხვეულ იდეოლოგიურ ტაბუებს ფასეულს ხდის ამ ალბომს...

დღევანდელი გადმოსახედიდან იმ ეპოქის დამღას წესით აზრიც აღარ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ეს დამღა განაპირობებს ამ ალბომის აკუსტიკურ შედეგებს.  


და ბოლოს, ეს არის პირველი და უკანასკნელი ქართული ალბომი, რომელიც თავის დროზე შევიძინე საკუთარი დანაზოგით (2 მანეთი და 15 კაპიკი), ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სწორედ ამ ალბომით გამეხსნა განხილვების ციკლი, რომელიც მე-20 საუკუნის ქართულ მემატიანე ალბომებს მიეძღვნება.

ავტორი: გია ხადური