ვერა ფაღავას „მდუმარე ქალაქები“ - ინტერვიუ კურატორ ნინა ახვლედიანთან

23 სექტემბერს თიბისი კონცეპტის სივრცეში ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციასთან (AC/VP) თანამშრომლობით და საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგულ ინსტიტუტთან პარტნიორობით მხატვრის მასშტაბური გამოფენა „მდუმარე ქალაქები“ გაიხსნა, სადაც 1950-იან და 80-იან წლებში შესრულებული ის ფერწერული ტილოები და აკვარელები გამოიფინა, რომლითაც ხელოვანი მდუმარე ქალაქების არქიტექტურის შესახებ გვიამბობს.

ვერა ფაღავა

ქალაქი (თეთრი სახლები), 1956

კერძო კოლექცია © ვერა ფაღავას კულტურული ასოციაცია – AC/VP


გამოფენაზე AC/VP-ის კოლექციის გარდა, ნამუშევრები კერძო და საჯარო კოლექციებიდანაც არის წარმოდგენილი, მათ შორის - თავის დროზე საფრანგეთში, გალერეა „დარიალში“ გამოფენილი ნამუშევრები და ამ გამოფენების ამსახველი საარქივო მასალები და ფოტოდოკუმენტაცია, რომელთაგან ერთ-ერთზე ვერა ფაღავას მიერ ქალაქების და არქიტექტურის თემაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენაცაა ასახული.

ვერა ფაღავა მის სტუდიაში, ფერწერულ ნამუშევართან “ქრისტე გაურკვევლობაში”, 1954

ფოტო: ლენი ისელინი

ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის – AC/VP არქივი

თიბისი კონცეპტი სივრცეში ორ სართულზე გამოფენილ ნახატებს შორის შეხვდებით ისეთ ნამუშევრებსაც, რომლებსაც ფართო საზოგადოება პირველად იხილავს, მათ შორისაა მხატვრის საქაღალდეში აღმოჩენილი ცხრა ნახატის ნაკრები, მინაწერით „ვენეცია“, რომელიც ხელოვანისათვის დამახასიათებელი უნიკალური წერტილოვანი სტილის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია.

ნინა, მოგვიყევით, საიდან გაჩნდა გამოფენა „მდუმარე ქალაქების“ ორგანიზების იდეა და რით განსხვავდება მისი კონცეფცია თბილისში ერთხელ უკვე გამართული პირველი რეტროსპექტიული გამოფენისგან?

გამოფენის მოწყობის იდეა თავად ვერა ფაღავას ასოციაციისგან წამოვიდა, ჯერ კიდევ 2017 წელს საქართველოში ჩამოვიდა ვერა ფაღავას ასოციაციის პრეზიდენტი, ელისო ტარასაშვილი, რომელიც პირადად მე შემხვდა და გამოფენის ორგანიზება შემომთავაზა. ასოციაციის მიზანია ვერა ფაღავას ნამუშევრების გამოფენა ხშირად იმართებოდეს უცხოეთში და განსაკუთრებით, საქართველოში.


„მდუმარე ქალაქები“ თბილისში გამართული პირველი რესტროსპექტიული გამოფენისგან განსხვავდება იმით, რომ ნაცვლად სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნატურმორტებისა თუ პეიზაჟებისა, ამ გამოფენაზე ნამუშევრები ქალაქებისა და არქიტექტურის კონცეფციის ირგვლივ გაერთიანდა. ეს ის თემაა, რომელიც მე პირადად ყოველთვის მაინტერესებდა და ხელოვანის ის სერიებიც, რომლებიც ქალაქებს ეხება არაერთხელ შემხვედრია საერთაშორისო გამოფენებზე, მათ შორის პომპიდუს ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში, სახელწოდებით „ქალები აბსტრაქციაში“, სადაც აქცენტი ვერას ქალაქების თემაზე შესრულებულ ნამუშევრებზე იყო გაკეთებული. გარდა ამისა, ვიხილე გალერეა „დარიალის“ სივრცის უნიკალური ფოტომასალა, რომელზეც ასახული იყო თავის დროზე გალერეა “დარიალში” იმავე თემაზე გამოფენილი ნამუშევრების ექსპოზიცია, რომელიც ვერა ფაღავას გალერისტმა თამარ ტარასაშვილმა-ტალიმ 70-იან წლებში მოაწყო. ჩვენს გამოფენაში, პირველივე სართულზე, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ ამ ფოტოდოკუმენტაციაზე კეთდება, დამთვალიერებელს საშუალებას ვაძლევთ, ნახონ გალერეა “დარიალში” მოწყობილი მსგავსი თემატიკის გამოფენის ამსახველი ფოტომასალა, მეორე სართულზე კი სწორედ 50-იან და 70-იან წლებში პარიზში შესრულებული ნამუშევრები იხილონ.

მოგვიყევით სამუშაო პროცესის შესახებ, რამდენად გიკარნახებდათ თავად ვერას შემოქმედება როგორც კონცეფციის ელემენტებს, ისე ექსპოზიციის დიზაინს?

ნამუშევრების სელექციის დროს ბუნებრივია, გვიკარნახებდა. შევარჩიეთ ნახატები, რომლებიც 1950-იანი წლების ბოლოდან არის შესრულებული, მაშინ როდესაც ხელოვანი წყვეტს ფიგურატიული ნამუშევრების შექმნას და აბსტრაჰირებაზე გადადის, გვინდოდა, რომ ეს გარდამავალი პერიოდი გვეჩვენებინა, რაშიც თიბისი კონცეპტის მრგვალი საექსპოზიციო სივრცეც გვიწყობდა ხელს.


ვერა ფაღავა

ვენეცია, 1966

ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის – AC/VP საკუთრება

როდესაც დამთვალიერებელი ამ სივრცეში შედის, ხედავს, რომ ისეთი ნამუშევრების გვერდით, რომლებშიც შენობები და ქალაქები ჩანს, აბსტრაქტული ნამუშევრებიცაა გამოფენილი, მაგალითად, როგორიცაა - „ვენეცია“.

სწორედ მისი შემოქმედების ეს გარდამავალი პერიოდი გვინდოდა გვეჩვენებინა, რაც შეეხება პირველ სართულს, სადაც გალერეა „დარიალის“ ფოტოდოკუმენტაციაა წარმოდგენილი, აქ ექსპოზიციის დიზაინი ხელოვანის შემოქმედებას არ უკარნახია, მე თვითონ ვეძებდი კონცეფციას, ზოგადად, ისტორიული არტეფაქტების და საარქივო მასალების ორგანიზებაზე ვმუშაობ და მე თვითონ ადგილობრივ ხელოსნებთან და შემოქმედებით ადამიანებთან ერთად ვადგენ დიზაინის ნაწილს, რომლებიც ქმნიან საექსპოზიციო ვიტრინებსა და სხვადასხვა ზედაპირებს, რაზეც საარქივო მასალა იფინება. ყველა საექსპოზიციო ელემენტს თავისი კონცეფცია აქვს - ის რომ, ყველაფერი შეიძლება იყოს მოდულარული, მოძრავი და დაშლადი, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება დაირღვეს და გადაეწყოს ამბის ქრონოლოგია და თხრობა.  

 საიდან გაჩნდა გამოფენის სახელწოდების იდეა?

ხელოვანის არქივის კვლევისას ხშირად გვხვდებოდა მისი ახლო მეგობრების, ხელოვნებათმცოდნეების და კრიტიკოსების ტექსტები ვერას შემოქმედების შესახებ, ერთ-ერთი მათგანი ჟაკ ლასენი იყო, რომელიც რანსონის აკადემიაში ვერა ფაღავასთან ერთად სწავლობდა. პირველად სწორედ მან გამოფინა ვერას ნამუშევრები 1966 წლის ვენეციის ბიენალეზე, როცა ის საფრანგეთის პავილიონს წარადგენდა. ჟაკ ლასენის ტექსტებში, როდესაც ის ვერა ფაღავას შემოქმედებას და ქალაქების სერიას აღწერს, ხშირად ფიგურირებს სიტყვები “მდუმარე ქალაქები” და “მდუმარე არქიტექტურა”. ზოგადად სიჩუმეს, როგორც ფორმულირებას ხშირად იყენებენ მისი შემოქმედების აღწერისას. ანალოგიურად მნიშვნელოვანი იყო მეორე წყარო - სერჟ ლემუანი, რომელიც ასევე ვერა ფაღავას მეგობარი და ბურგუნდიის რეგიონის კომისარი იყო.


ვერას მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური არქიტექტურული პროექტები, მათ შორის - დიჟონში ტელეკომუნიკაციების შენობისთვის შექმნილი მასშტაბური ტრიპტიქი და ამავე ქალაქის ეკლესიისთვის შექმნილი ლიტურგიული ავეჯი და ვიტრაჟები, სწორედ მისი ინიციატივით განხორციელდა. შესაბამისად, ეს ორი არქიტექტურული პროექტი და კიდევ ბევრი სხვა ჩვენს სივრცეში გამოვფინეთ, სერჟ ლემუანის წიგნთან ერთად, რომელიც სიღრმისეულად აღწერს ვერა ფაღავას სამუშაო ტექნიკას, იმას, თუ როგორ ქმნის აკვარელის ნამუშევრებს და გრაფიკულ ჩანახატებს.


ეს ტექნიკური აღწერები მან სპეციალურად შექმნა მაშინ, როცა დიჟონის სახვითი მუზეუმის კოლექციაზე მუშაობდა, სადაც ვერას არაერთი ნამუშევარია დაცული და სწორედ ამ ნამუშევრებისთვის აქვს დართული ეს აღწერებიც. ჩვენ ამ წიგნის გვერდების ერთგვარი ასლები გავაკეთეთ და გამოფენის პუბლიკაციაში გამოვიყენეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პუბლიკაცია ორიგინალი ენიდან ვთარგმნეთ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. ზოგადად, თარგმანებს ამ პროექტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამ წყაროებში, სერჟ ლემუანიც აღწერს ვერას შემოქმედებას, როგორც მდუმარეს და მშვიდს.


აქვე ფიგურირებს ერთი ფერწერა, სახელწოდებით “სიჩუმე”, რომელიც გამოფენის ერთგვარ დასაწყისად და დასასრულად შეგვიძლია მოვიაზროთ. ამ ნამუშევარზე უკვე სრულიად გამქრალია გეომეტრიული ფორმები და ნებისმიერი სახის ფიგურული ელემენტები, ყველაფერი სიცარიელემდე და კონკრეტულ ლანდშაფტამდეა დაყვანილი, ესეც ერთ-ერთი შთაგონება გახდა იმისა, რომ გამოფენის სათაური მდუმარე ქალაქები ყოფილიყო.

ვერა ფაღავას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ფემინისტ მხატვარს, რა შეგიძლია გვითხრა ამ თემაზე, როგორია ვერა ფაღავას ფემინიზმი მხატვრობაში?

მიუხედავად იმისა, რომ მას, სავარაუდოდ, არაერთ ფემინისტ ხელოვანთან ექნებოდა ურთიერთობა, რაც იმ პერიოდისთვის ტენდენციურიც იყო, მაინც არ უყვარდა კატეგორიზაცია. მისთვის რომ გეკითხათ, თავს მაინცდამაინც ხელოვან ქალად არ მოიხსენიებდა. ის ამბობდა, რომ მე ვარ მხატვარი და არა მხატვარი ქალი, რაც საინტერესო პოზიციაა იმ დროისათვის.


ვერა ფაღავას არ უყვარდა ზედმეტი განმარტებების მიწოდება, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ჩვენით თუ გავაკეთებთ კონკრეტულ ინტერპრეტაციებს. ზოგადად, ფემინისტურ ფილოსოფიაში ითვლება, რომ დუმილიც ერთგვარი განაცხადია ქალის მხრიდან, რომელიც უარს ამბობს საუბარზე, თავისი თავის აქტიურ გამოხატვაზე, გარდა ამისა, არსებობს ფილოსოფიური თეორია, რომ როდესაც ადგილსამყოფელს იცვლი და ხდები ემიგრანტი, ენის ცვლილებაც გიწევს, როცა შენს მშობლიურ ენაზე აღარ ლაპარაკობ, იძულებული ხარ დაუბრუნდე შენს საწყის ენას, რომელიც დაბადებიდანვე დუმილია. სინამდვილეში, ესეც შეიძლება ადამიანის კონკრეტული მიდგომა და პოზიცია იყოს, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ინტერპრეტაციებია, ერთადერთი ხელმოსაჭიდი, რაც ამ აზრს შეიძლება ამყარებდეს, არის ისევ და ისევ მთავარი ნამუშევრის სათაური, რომელიც ხელოვანმა ფრანგული ენის მდედრობითი სქესის ფორმით შეურჩია და საინტერესოა, რატომ შეურჩია მაინცდამაინც ეს დაბოლოება თავის ფერწერას, როცა ფემინიზმზე ღიად არასდროს საუბრობდა.

კონკრეტული ნამუშევრები, მაგალითად, „ვენეცია“ ამ ექსპოზიციაში პირველად იფინება, მოგვიყევით, როგორ აღმოაჩინეთ ეს სერია და რას მოგვითხრობს ის?

ვერა ფაღავას არქივის კვლევისას მთავარი აღმოჩენა მის მიერ შექმნილი ვენეციის გრაფიკული ნამუშევრებია, რომლებიც დაახლოებით ერთი წლის წინ აღმოაჩინეს ელისო და ანა ტარასაშვილებმა, როდესაც ჩემთან ერთად მუშაობდნენ „მდუმარე ქალაქების“ ექსპოზიციაზე. ნამუშევარი საინტერესოა, რადგან ცხრა ესკიზია, მაგრამ ერთ ნამუშევრად აღიქმება. თუ დამთვალიერებელმა ნამუშევრის სახელწოდება არ იცის, საკმაოდ ბუნდოვანია ის, თუ რას ეხება ის, მაგრამ როდესაც ვიტყობთ, რომ კონკრეტული ქალაქი - ვენეციაა გამოსახული, შემდეგ უკვე მარტივი აღსაქმელია ელემენტები, რომლებიც ერთგვარ მინიშნებას გვაძლევს - იქნება ეს ვენეციის ლაგუნა, ნავები თუ წყალი, რომელიც ძალიან ფერმკრთალად და ბუნდოვნად ჩანს მის შემოქმედებაში.

ვენეციის ჩანახატების სერია ძალიან საინტერესო პარალელს ავლებს იმავე სივრცეში ვერა ფაღავას პუბლიკაციებთან, რომლებიც პირველად იფინება მის გამოფენაზე. ესეც საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან, ზოგადად, საგამომცემლო საქმიანობით ვარ დაკავებული და ხშირად მაქვს წიგნებთან შეხება. შესაბამისად, ბუნებრივი იყო, რომ დავინტერესდი ვერა ფაღავას მიერ შექმნილი წიგნებით, ამ წიგნებს ის პიერ ლეკიურთან ერთად ქმნის 1978 წლიდან და მასში თავმოყრილი ჩანახატებიც ზუსტად ვენეციის მსგავსი ტექნიკით აქვს შესრულებული.

ექსპოზიციაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პუბლიკაციებს, ესეებსა და ლექსებსაც კი, როგორ ერთიანდება ეს ელემენტები გამოფენის ძირითად კონცეფციასთან და თავად ვერა ფაღავას ნამუშევრებთან?

ხშირად ვცდილობ, რომ ამ ტიპის პროექტებში კონკრეტული ასპექტი შემოვიტანო, სწორედ ამას ემსახურება ეს პუბლიკაციებიც. მივაგენი პოეტურ ჩანაწერს ერთ-ერთ უიშვიათეს ინტერვიუში, რომელშიც რენე ბაროტმა ვერასთან საუბრის საფუძველზე გამოაქვეყნა გაზეთში, სადაც ის ამბობს, რომ ვერას თვალების ფერი ეცვლება, როდესაც მას საქართველოს ვუხსენებთ - ამ პოეტური განმარტების ციტირებას ვახდენ ჩემს პუბლიკაციაში. გარდა ამისა, ერთ-ერთ წყაროდ ისევ სერჟ ლემუანს ვიყენებ. ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნებოდა ჩემგან კი არ გაცხადებულიყო ვერას შემოქმედების შესახებ, არამედ ისეთი ადამიანისგან წაგვეკითხა, ვინც პირადად იცნობდა და საშუალება ჰქონდა მასთან გასაუბრებისა. მეორე ასეთი წყარო არის პიერ ლეკიურის ლექსი, რომელიც ბოლოში ვერა ფაღავაზე საინტერესო მიძღვნას აკეთებს:

„როდესაც უკვე ვხვდებით, რომ საერთოდ არაფერი არ ვიცით ხელოვანის შესახებ, სწორედ მაშინ იწყებს ის არსებობას.“

ამასთანავე მინდა, ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ საინტერესო გადაწყვეტაზე, კანადელი პოეტის, ლისა რობერტსონის ჩართულობაზე, რომელსაც გამოფენაზე მუშაობის პროცესში დავუკავშირდით და გავუზიარეთ ვერა ფაღავას ვენეციის გრაფიკული ჩანახატები. მას იმდენად მოეწონა ვერას შემოქმედება, რომ დაგვთანხმდა თავისი ტექსტის გაზიარებაზე, და საავტორო უფლებებიც მოგვცა, რომ ეს ტექსტი ქართულად გვეთარგმნა და პუბლიკაციაში შეგვეტანა, ტექსტი საინტერესო და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ავტორის მიერ ქალაქების ინტერპრეტაცია ხდება, ავტორი ფიზიკურად მოძრაობს ქალაქში და ამ თავის მოძრაობას და შეგრძნებებს ძალიან საინტერესოდ აღწერს თავის ტექსტებში. ის წერს ქალაქის ხმაურზე და ამავდროულად, იწერს ამ ხმაურს და როდესაც ამ ტექსტებს კითხულობ, ყველა სექციას თან ახლავს ხმა, რომლის მოსმენაც ონლაინ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ლისა რობერტსონის და მისი ინტერპრეტირებული ქალაქის ხმაურის შემოსვლა სწორედ ისეთ ექსპოზიციაში, რომელიც სიჩუმის მხატვარზე და მის მდუმარე ქალაქებზე საუბრობს.

საუბრობდი ქართულ ფესვებზე, მოგვიყევი, რა მნიშვნელობა აქვს თიბისი კონცეპტისთვის ამ გამოფენის საქართველოში გამართვას?

ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოფენის გამართვა, პირველ რიგში იმიტომ, რომ იშვიათად ვართ განებივრებული ისეთი ექსპოზიციებით, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოდის.


მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთულია და მოიაზრებს არაერთი ადამიანის ჩართულობას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხშირად იმართებოდეს ვერა ფაღავას შემოქმედების გამოფენები. ვფიქრობ, უნდა ვიცოდეთ რომ გვყავდა ხელოვანი ქალები, რომლებითაც შეგვიძლია ვიამაყოთ და ახალგაზრდა თაობასაც გავაცნოთ. მითუმეტეს, რომ ვერა ფაღავას იმ დროისთვისაც და ახლაც თანამედროვე შემოქმედებითი სტილი ჰქონდა; ასევე იმიტომ, რომ საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში ის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც აღიარებული იყო და არის, როცა მისი მოძრავი გამოფენა გაიმართა 1982 წელს საფრანგეთის მასშტაბით არაერთ მუზეუმში; აღიარებული იყო, როცა ვენეციაში წარადგინა საფრანგეთი და ნიუ-იორკსა თუ სხვა ქალაქებში იმართებოდა მისი გამოფენები.


სულ ახლახან პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმაც შეიძინა მისი ნამუშევრები და ხშირად, ეტაპობრივად, უფრო და უფრო მეტი მუზეუმი ინტერესდება მისი შემოქმედებით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში ჩვენც ხშირად გვქონდეს საშუალება ვიხილოთ და კიდევ უფრო ახლოდან გავიცნოთ მისი შემოქმედება. 


ვერა ფაღავა თავის მონტრუჟის სტუდიოში, დაახლ. 1955-60

ფოტო: ურსა ზანგერი

ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის – AC/VP არქივი

ავტორი: გვანცა ჩანადირი / Hammock Magazie