ვანის მუზეუმი - მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში

დასავლეთ საქართველოში, პატარა ქალაქ ვანში, შემაღლებულ ადგილას ანტიკური ტაძარი დგას. სინამდვილეში ეს ცოდნის ტაძარია - მუზეუმი - წარსულის სარკე, რომელიც ანტიკური კოლხეთის რვასაუკუნოვან ისტორიას აცოცხლებს. ესაა მისტიკური ადგილი, სადაც იკარგება ზღვარი მითსა და რეალობას შორის. აქ თქვენი თვალით ნახავთ, მოისმენთ და შეიგრძნობთ ისტორიებს არგონავტების ლაშქრობაზე, მედეაზე, აიეტზე, გამარჯვების ქალღმერთ ნიკეზე, დიონისესა და აპოლონზე, თვითონ კოლხებზე და კოლხეთზე - საქართველოზე, რომელიც თავიდანვე იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ამავე დროს ძალიან ინდივიდუალური კულტურის მატარებელი. მუზეუმში სიამაყეც კი დაგეუფლებათ იმის გამო, რომ ასეთი თავისუფალი და ასეთი უნივერსალური ცოდნის მატარებელი წინაპრები გვყავდა, რომ ასე საინტერესოდ ითვისებდნენ ძველი სამყაროს წამყვან ტენდენციებს და არგებდნენ მათ ადგილობრივ გარემოს. ამ ყველაფერზე თავად ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი არტეფაქტები ლაპარაკობენ - ვანის განახლებული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ექსპონატების სრულიად მოულოდნელი ინტერპრეტაცია ცნობისმოყვარეობას გაგიღვიძებთ და საოცარ თავგადასავლებში გამოგზაურებთ. 

ვანში წვიმიანი დღეა. ამინდის მიუხედავად ახვლედიანების გორაზე მივდივართ – იქ, სადაც ქრისტეს შობამდე 8 საუკუნის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდა საკულტო მოედნები, „ოქრომრავალი“ სამარხები, ტაძრები. მოგვიანებით აქ ეკლესიაც აუგიათ. როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბორცვი ყოველთვის წმინდა ადგილი იყო. XVIII საუკუნის ბოლოს ამ ბორცვზე ლეჩხუმიდან გადმოსული ახვლედიანები დასახლდნენ. სწორედ ამ დროიდან, თურმე, დაუჯერებელ ამბებს ყვებოდნენ იქაურები. 1876 წელს გაზეთ „დროებაში“ წერილიც კი გამოქვეყნებულა:

„ისე წვიმა არ მოვა, რომ ახვლედიანების კარებთან არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვი, ხან ბეჭდები, ხან რა და რა ნივთეულები“.

აქ წვიმა თურმე კარგის ნიშანია. იქნებ გაგვიმართლოს და „დროებაში“ დაწერილი ეს სიტყვები რეალობად იქცეს – ჩემთვის ვჩურჩულებ. ეს არც იასონის მოგზაურობაა „არგოთი“ და არც ინგლისელი მეცნიერის – ტიმ სევერინის, რომელმაც საუკუნეების შემდეგ იასონის კვალზე თანამედროვე არგოთი კოლხეთისკენ გაიკვლია გზა (1984). მიუხედავად ამისა, ეს მოგზაურობა ჩემთვის მითიურია. ვანში ჩვენი დროის „არგონავტებს“ დავემგზავრე. მათ შორის არიან: არქეოლოგები დარეჯან კაჭარავა და მარინე ფირცხალავა, რესტავრატორი ნინო კალანდაძე, მუზეუმის განახლებული ექსპოზიციის კოორდინატორი სალომე გურული და ვანის მუზეუმის საგამოფენო კონცეფციის ავტორი ნინო ლორთქიფანიძე.


დარეჯან კაჭარავა ექვთიმე თაყაიშვილის სიტყვებს იხსენებს, რომელმაც ამ ადგილას XIX საუკუნის დასასრულს პირველი მეცნიერული გათხრები დაიწყო და იწინასწარმეტყველა, რომ ახვლედიანების კარ­-­მიდამოში ძველი ქალაქის ნაშთები იქნებოდა დამარხული. წინასწარმეტყველება მოგვიანებით სრულად ახდა. ახვლედიანების გორა დღეს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ გამოვლინდა ძვ.წ. VIII-I საუკუნეების ნაქალაქარი. აქ აღმოჩენილი უნიკალური მასალა უმნიშვნელოვანესი წყაროა ჩვენი წარსულის, კოლხეთის ისტორიისა და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობის გასაგებად ანტიკურ სამყაროში.

„ვანი არის ძეგლი, რომელსაც თუკი ერთხელ დაუკავშირე ცხოვრება, ვერასოდეს მიატოვებ“

-ჩვეული თავმდაბლობით ამბობს დარეჯან კაჭარავა, რომელიც 22 წლიდან ჩართულია ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციებში. იგი 2002 წლიდან ვანის ექსპედიციის ხელმძღვანელი გახლავთ.

ვუახლოვდებით ვასილ ახვლედიანის ყოფილ კარ­-­მიდამოს და დავით ლორთქიფანიძის მოყოლილი ისტორია მახსენდება სწორედ აქ აღმოჩენილი ელინისტური ეპოქის ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსის (ძვ.წ. II-I საუკუნეები) – „ვასიკოს“ შესახებ. თურმე ტორსი ექსპედიციის ბოლო დღეს მოულოდნელად აღმოჩნდა, ვასიკო კი ვასილ ახვლედიანის პატივსაცემად დაერქვა.

ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ ვანის არქეოლოგიურ გათხრებს პირველი ქართველი ქალი არქეოლოგი ნინო ხოშტარია ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი ოთარ ლორთქიფანიძე, რომელმაც დაიწყო ძეგლის კომპლექსური შესწავლა, გამოყო ნაქალაქარის ისტორიული ეტაპები და განსაზღვრა ვანის როგორც რელიგიური ცენტრის მნიშვნელობა კოლხეთის სამეფოსთვის. მდიდრულ აღმოჩენებთან ერთად, ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული მეცნიერული კვლევების საფუძველზე ვანმა არა მხოლოდ სახელი გაუთქვა საქართველოს სამეცნიერო წრეებში, არამედ წაშალა ზღვარი მითსა და რეალობას შორის. სწორედ ამ დროიდან გახდა ვანი მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მიზიდულობის ცენტრი.

ოთარ ლორთქიფანიძე;

კარიბჭის კომპლექსი. ძვ.წ. II-I სს.

როგორც ჩანს, ვანის მფარველი ღვთაებები დღეს არ გვწყალობენ. ველზე ყოფნის დროს ნიაღვარს არც ოქროს სამკაული ჩამოუტანია და არც სხვა არტეფაქტები. ამის მიუხედავად, იმ ეპოქის წარმოსახვითი რეკონსტრუქციის საშუალება მაქვს ჯერ არქეოლოგიური გათხრების ადგილას, შემდეგ კი ვანის განახლებულ მუზეუმში. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლეგენდარული არქეოლოგის – ოთარ ლორთქიფანიძის მიერ 30 წლის განმავლობაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების, 1985 წელს კავკასიის რეგიონში ერთ­-ერთი პირველი „საიტ“ მუზეუმის დაარსების და აქ გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმების შესახებ თავად ამ პროცესის მონაწილე თუ მომსწრე ადამიანები – დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები – მომიყვებოდნენ. თითოეულ აღმოჩენას თავისი, უმეტეს შემთხვევაში დაუჯერებელი ისტორია აქვს. კოლეგები მეუბნებიან, რომ არ უნდა გამიკვირდეს, უფრო მეტიც, ამას სულ მალე თავადაც ვიგრძნობ. ნინო ლორთქიფანიძე მიხსნის, რომ ეს ვანია – ადგილი, რომელსაც XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი „საჩინოს“, ანუ გამორჩეულ ადგილს უწოდებდა.


ვანში მოგზაურობისას ჩემი მთავარი მასპინძელი სწორედ ნინოა. მისთვის ვანს ორმაგად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ნინოსთვის ეს ადგილი ბავშვობასთან, მამასთან და, რა თქმა უნდა, თავის პროფესიასთან არის დაკავშირებული. თითოეულ აქ მომხდარ მოვლენას თუ აღმოჩენას, ზაფხულში ოჯახთან ერთად გატარებულ დღეებს, განსაკუთრებულად იხსენებს და ემოციებსაც ვერ მალავს.

„ახლა ვხვდები, თუ რამოდენა ბედნიერება იყო იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც წლების წინ აქ განსაკუთრებულ გარემოს ქმნიდნენ – რუსუდან ფუთურიძე, ვერა თოლორდავა, მარინე მიწიშვილი, ელენე გიგოლაშვილი, ანა ჭყონია, ნანა მათიაშვილი, დარეჯან კაჭარავა, მარინე ფირცხალავა, გურამ კვირკველია, დიმიტრი ახვლედიანი და ექსპედიციის კიდევ სხვა წევრები – მათ დღემდე შემოინახეს ვანის ნაქალაქარის ისტორია და შექმნეს დიდი სკოლა. მათი დამსახურებაა, რომ დღეს მუზეუმში ყველა თაობის ადამიანის ცოდნა და კვლევის შედეგი იყრის თავს. სწორედ ამან განსაზღვრა ის, რომ თითოეულმა ნივთმა საექსპოზიციო კონცეფციის შემუშავების დროს თითქოს მის თვის ბუნებრივი ადგილი დაიმკვიდრა“.

შემოვიარეთ თითქმის 8 ჰექტარზე გადაჭიმული დაახლოებით ათასი წლის ისტორიის მქონე ნაქალაქარი – საკულტო და თავდაცვითი ნაგებობების ნაშთები, სარიტუალო ორმოები და ის ადგილები, სადაც არქეოლოგებმა დიდ გვაროვანთა სამარხებს მიაგნეს. მათ შორისაა 1969 წელს აღმოჩენილი წარჩინებული კოლხი ქალის სამარხი, სამეცნიერო წრეებისთვის ცნობილი როგორც სამარხი N11. სწორედ აქ გამოვლინდა მოგვიანებით ეროვნული მუზეუმის სიმბოლოდ ქცეული კოლხური ოქრომჭედლობის გამორჩეული ნიმუში – კუს გამოსახულებიანი ყელსაბამი, ასევე ოქროს დიადემა, სამაჯურები და კიდევ მრავალი მდიდრული ნაკეთობა, რომელთა უმეტეს ნაწილს ანალოგი არ მოეძებნება. ირკვევა, რომ მითები კოლხეთზე, როგორც ოქრომრავალ ქვეყანაზე, რეალურია.

„თუ რაოდენ სახელგანთქმული იყო ძველად ეს ქვეყანა, ამას მოწმობს მითები იაზონის ლაშქრობაზე, ხოლო მასზე ადრე – ფრიქსეს ლაშქრობაზე... ამ ქვეყნის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლითა და რკინით იყო ნამდვილი მიზეზი ამ ლაშქრობებისა“

  • - (სტრაბონი, „გეოგრაფია", I, 2, 39. ძვ.წ. I საუკუნე).

ვანში აღმოჩენილი განძის სიმრავლესა და ისტორიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ეს არტეფაქტები საქართველოს ორ მუზეუმშია წარმოდგენილი – ნაწილი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ძირითადი ნაწილი კი სწორედ ვანის განახლებულ მუზეუმში. „თითოეულ მუზეუმში განსხვავებულ კონტექსტში ვყვებით ვანის შესახებ. არტეფაქტები გვაძლევენ საშუალებას, საქართველოს მუზეუმში ვილაპარაკოთ კოლხეთზე როგორც „ოქრომრავალ ქვეყანაზე“, მეორე შემთხვევაში კი – გავაცოცხლოთ ვანის ნაქალაქარისა და თვითონ კოლხეთის როგორც ანტიკური სამყაროს მთავარი რელიგიური ცენტრის ისტორია“. – მიხსნის ნინო.


ნაქალაქარიდან ლითონის ხიდს პირდაპირ ვანის მუზეუმთან გადავყავართ. ეს თითქოს მეტაფორაა იმ უწყვეტობისა, რომელიც დღემდე გვაკავშირებს ანტიკურ ეპოქასთან. ეს ხიდი თითქოს დროის პორტალია, რომელიც რამდენიმე საუკუნით უკან, ანტიკურ კოლხეთში გვაბრუნებს და ძვ.წ. VIII -I საუკუნეების ვანზე, ოქროს საწმისის ქვეყნის – კოლხეთის – რელიგიურ ცენტრზე გვიყვება. ხიდი „ტაძრისკენ“ მიგვიძღვება. სწორედ აქ იწყება ნამდვილი მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში.


თავდაპირველი მუზეუმი 1985 წელს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით, გიორგი ლეჟავას არქიტექტურული პროექტის მიხედვით აშენდა. გამოფენას, იმ დროისთვის უჩვეულოდ, სცენოგრაფებიც ჰყოლია – გურამ ყიფიანი და ნოდარ ამაშუკელი. საინტერესოა, რომ მუზეუმისთვის ადგილი ისეთივე პრინციპით შეირჩა, როგორც ამას ტაძრის აშენებისას აკეთებდნენ ძველ სამყაროში. ნელ­-­ნელა ირკვევა, რომ აქ ყველაფერს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. თითქოს ყველა დეტალის უკან რაღაც გამოცანა იმალება, მათი ამოხსნა კი ერთი დიდი თავგადასავალია.

არქიტექტურული პროექტი შემუშავდა ინგლისური საპროექტო კომპანია „Ellis Williams Architects“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორების პარტნიორობის ფარგლებში.

ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია 2020 წელს, ეროვნული მუზეუმის გუნდის 10 წლიანი მუშაობის შემდეგ დასრულდა. განახლებულმა შენობამ შეინარჩუნა ძველი იერსახე. ის მართლაც რომ ტაძარს ჰგავს თავისი არქიტექტურული ფორმებით. მთის ბორცვზე აღმართული მკაცრი იერის ნაგებობა სრულად ერწყმის ლანდშაფტს. თითქოს ეს საკრალური სივ­რცეა, რომელიც შენობაში შესვლისთანავე ახდენს ზემოქმედებას. აქ თითოეული ნივთი კონკრეტულ ეპოქას ირეკლავს.


შეუძლებელია მუზეუმში არ იგრძნო მისტიკა, რომელიც თავად ამ ქალაქს აქვს. ვანი ერთდროულად არის ელდორადოც და პომპეიც. ადგილი, სადაც თავს უფლებას აძლევ, დაიჯერო ბუნების ძალების, ღმერთების, ღვთაებების და მუზების არსებობა. თითქოს მუზეუმიც ყველაზე კარგად აქ ამართლებს სიტყვა მუზეუმის – „მუსეიონის“ თავდაპირველ სემანტიკას – ის ხომ თავიდან მუზების სამყოფლად მიიჩნეოდა.


მუზეუმში მისტიკურობის შეგრძნებას აძლიერებს ექსპოზიცია, თითოეული ნივთის მხატვრული ინტერპრეტაცია, თანამედროვე ინსტალაციები, შუქ-ჩდილის მონაცვლეობა, ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი განათების სინთეზი, ეს ყველაფერი კი მეცნიერულ კვლევაზე, წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნაზე დაყრდნობითაა წარმოდგენილი და ერთობლიობაში საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. მუზეუმის პირველივე დარბაზში თითქოს რიტუალის მონაწილე ხდები, რიტუალის წარმოსახვით რეკონსტრუქციაში კი მუდმივად გეხმარება საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი წერილობითი წყაროები. ესეც საგამოფენო კონცეფციის ნაწილია.

ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გუნ­დი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ვა­ნის არ­ქე­ო­ლო­გიუ­რი მუ­ზე­უ­მის გა­ნახ­ლე­ბა­ზე. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და მსოფ­ლიო ბან­კის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და. მუ­ზე­უ­მის პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი არი­ან :

შელ­ბი ვა­ითი; ლე­ონ ლე­ვის ფონ­დი; თი­ბი­სი.

გამოფენის კურატორი მიხსნის, რომ საგამოფენო პროცესში ამოსავალი წერტილი თავად ნივთი და მისი ისტორიაა, ვანის 1000 -წლიანი ნაქალაქარის მასშტაბი კი დროსა და სივრცეში მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა. ვანის განახლებულ მუზეუმს უნდა გადმოეცა ის განწყობა, რომელიც ამ ქალაქს ახასიათებდა ძველ სამყაროში; ბუნებრივია ახალ მუზეუმს უნდა გაეგრძელებინა ის იდეა, რომელიც ძველ მუზეუმს ჰქონდა, თუმცა ახალი, თანამედროვე ფორმებითა და კონცეფციით. საექსპოზიციო დიზაინსა და თითოეული ნიმუშის საგამოფენო სივრცეში ინსტალაციას განსაკუთრებული როლი აქვს ამ პროცესში, რომელშიც ფრანგ დიზაინერ ლინა ლოპესთან ერთად ე.წ. „მაუნთების ჯადოქრები“ – რესტავრატორები და ინსტალატორები იყვნენ ჩართულნი: ფრიდონ ლობჯანიძე, ვატო ხოშტარია, ლევან და გიორგი მინდორაშვილები, ნინო თავართქილაძე, თეა კინწურაშვილი, სალომე ახალაძე, სესილი ხორდია და თემურ ფარჯანაძე.


მცირე პლასტიკის გამორჩეული ნიმუში – „თამადა“ ერთ-ერთი პირვე­ლია, რომელიც ვანის მუზეუმში თავი­დანვე გაგიწევთ მეგზურობას. მასთან ერთად იხილავთ კოლხური კულტუ­რის განმსაზღვრელ ბრინჯაოს შე­დევრებს – მხედრების ფიგურებით შემკულ ცულს, ექვთიმე თაყაიშვი­ლის აღმოჩენილ ბრინჯაოს დიადემას. სრულიად განსაკუთრებული სცენოგ­­რაფიისა და ინსტალაციების საშუა­ლებით თავადაც გახდებით იმ რიტუა­ლების მონაწილე, რომლებიც უდაოა, რომ ვანში ხშირად ტარდებოდა – ამ შეგრძნებას კიდევ უფრო გაგიმძაფ­­რებთ სარკეებიანი დარბაზი, სადაც, ფანტასტიკური ცხოველების ფიგურებ­­თან ერთად, თქვენ თავსაც დაინახავთ. მუზეუმში შესვლისთანავე ის ნიმუშები დაგხვდებათ, რომელთა ფორმებმა და მოტივებმა მთელი 8 საუკუნის გან­­მავლობაში არ დაკარგა აქტუალობა.



მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში, რომლებიც ორ სართულზეა განლაგე­ბული, მასალათა მრავალფეროვნება, ნაკეთობათა ნაირსახეობა და სიმრავ­­ლეც გაგაოცებთ. საგამოფენო კონ­­ცეფცია ისეთ განცდას შეგიქმნით, რომ თითქოს იქვე, მოულოდნელად წააწყ­­დით მდიდრული ნივთებით სავსე სა­მარხებს – ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებულ ნაკეთობებს, იმპორტულ ამფორებს, კოლხურ ფულს, ფიგუ­რებს, რომლებიც მაშინვე ჯაკომეტის ფიგურებს მოგაგონებთ. ვისთვის და რისთვის იყო განკუთ ვნილი ეს ნივ­­თები, ვინ იყო ოსტატი? რა კავშირები ჰქონდა ვანსა და მის შემოგარენს სა­ბერძნეთსა და აქემენიდურ ირანთან? რა რელიგია ჰქონდათ ამ ადგილას მცხოვრებ ადამიანებს? – უეცრად ძა­ლიან ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ. თითოეული ნივთი თავისი არსით დო­კუმენტია კოლხეთში მიმდინარე პრო­ცესების – გაიგებთ, რომ ვანი ძვ.წ. I ათასწლეულის განმავლობაში კოლ­­ხეთის პოლიტიკური და საკულტო ცენ­­ტრი, ელინისტურ სამყაროში კი ერთ-ერთი გამორჩეული სატაძრო ქალაქი იყო. კოლხებმა იცოდნენ ყველაფე­რი ის, რაც იმდროინდელ სამყაროში ხდებოდა და ამ ყველაფერთან ერთად ჰქონდათ თავიანთი ხედვა. ისინი ირ­­ჩევდნენ უნივერსალურ სახეებსა და გამომსახველობით ფორმებს. მუზეუმ­­ში წარმოდგენა გვექმნება ამ ადგილას მცხოვრები ადამიანების ცოდნაზე, შესაძლებლობებსა და გემოვნებაზე. განახლებულ მუზეუმში განსაკუთ­­რებული ადგილი უჭირავს კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშების დამზა­დების ტექნოლოგიის წარმოჩენას. ერმილე მაღრაძის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების წყალობით მუზეუმში გაიცნობთ ძველი კოლხების ცოდნას ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ. მუზეუმის მეორე სართული თავისი სცენოგრაფიით მთლიანად ტაძრის იმიტაციას ქმნის – ელინისტუ­რი ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული დეტალები, ღვთაებათა და მითოლოგიურ პერსონაჟთა გამოსახულებები, ძვირფასი შეწირულობები, საკურთხევლები. აქ წარმოდგენილ რამდენიმე არქიტექტურულ დეტალში შესაძლოა ქრისტიანული საწყისებიც კი ამოიკითხოთ. აქვე ნახავთ არქე­ოლოგ დიმიტრი ახვლედიანის მიერ აღმოჩენილ ე.წ. „გადამალულ განძს“ – სატაძრო ინვენტარს, რომლითაც, რო­გორც ჩანს, მდიდრულად იყო შემკული ვანი როგორც რელიგიური ცენტრი. გა­დამალული განძით ვიგებთ, რომ ძვ.წ. I საუკუნეში ვანის ქალაქი დაინგრა. შე­იძლება ითქვას, რომ ვანის მუზეუმში წარმოდგენილი ბრინჯაოს ნაკეთობე­ბი დღეს ვანის განახლებული მუზეუმის სავიზიტო ბარათია. მითოლოგიური სცენების მიხედვით შექმნილი ჭრაქე­ბი და სასაკმევლე, ჭაბუკის ტორსის, ნიკეს, დიონისეს და სხვა ღვთაებათა ქანდაკებები – ეს ყველაფერი ცხადად აჩვენებს ვანის ადგილს ელინისტურ სამყაროში; არქეოლოგ მარინე ფირ­­ცხალავას მიერ შესწავლილი სატაძ­­რო ქალაქის შემკულობის, მათ შო­რის ქანდაკებების – ღვთაებებისა და შეჯავშნული მეომრის ფრაგმენტების საფუძველზე, რომლებიც ოდესღაც ამკობდა დიდებულ ქალაქს, თითქოს სრული სიზუსტით გაცოცხლდა ის გა­რემო და განწყობა, რომელიც ამ ქა­ლაქს უნდა ჰქონოდა. ეს, ალბათ, მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩა­ტარებული არქეოლოგიური გათხრე­ბის შედეგიცაა – თანდათანობით გაწ­­მენდილი ფენების საშუალებით ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელი სცენების რეკონსტრუქცია გაკეთდა მუზეუმში. უკანასკნელი დარბაზის ნახვის შემდეგ ემოციებით ვარ სავსე. ღია ვერანდისკენ მივიწევ, სადაც ომარ გაბუნია, ძველი და განახლებული მუზეუმის ხელ მძღვანელი მხვდება და საოცარ ამბავს მიყვება – „სიმბოლურია, რომ განახლებულ მუზეუმში უკანასკნელი დარბაზის ინსტალაციის დასასრულს კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ეს თითქოს ისეთივე ნიშანი იყო, როგორც წინათ ამოვარდნილი დიდი ქარი ან წვიმა, რომელიც ახალი აღმოჩენების მაუწყებელი იყო ჩვენთვის, ველზე მყოფი არქეოლოგებისთვის“.

"და მაინც, „რა საიდუმლოს ინახავს ვანი?“

ამას დღემდე იკვლევენ არქეოლოგები, რესტავრატორები, ხელოვნების ისტორიკოსები, ფილოლოგები. დღეს ნაქალაქარზე არსებული არქეოლოგიური ძეგლების თანამედროვე არქიტექტურული გადახურვის წყალობით გაგრძელდება არქეოლოგიური გათხრები და ამავდროულად დამთვალიერებელთა და მკვლევართა მიღება – თითოეული ვიზიტორი შეიძლება უეცრად გახდეს ახალი არქეოლოგიური აღმოჩენის მონაწილე.


განახლებული მუზეუმი სამეცნიერო კვლევის მიმართულებით მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა. მუზეუმის ლაბორატორიაში წარიმართება ნივთის ისეთი სრულყოფილი კვლევა, როგორიც წლების წინ ჩვენთვის მხოლოდ ოკეანის გადაღმა იყო შესაძლებელი. დღეიდან ნივთის შესწავლა დაიწყება თვითონ ველზე, არქეოლოგიური აღმოჩენის მომენტიდანვე, შემდეგ კი გაგრძელდება მისი კომპლექსური კვლევა რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიაში. ნინო კალანდაძე მიხსნის, რომ ვანის მუზეუმი ანტიკური კულტურის კვლევის საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს. როგორც ჩანს, საქართველოში სამეცნიერო მიმართულებით ახალი ეტაპი იწყება. 


ლაბორატორიის გარდა, მუზეუმში შეიქმნა ლეონ ლევისა და შელბი ვაითის ბიბლიოთეკა მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურით, მუზეუმში განთავსებული აუდიტორია კი საუკეთესო გზაა საზოგადოებასთან დიალოგის დასამყარებლად და წლების წინ დაწყებული საერთაშორისო სიმპოზიუმების გამართვის ტრადიციის გასაგრძელებლად. 

„ვანის ძველი მუზეუმი თავის თავში მოიცავდა იმ ხედვას, რომელსაც დღეს ეფუძნება ეროვნული მუზეუმი. ის ფაქტობრივად იყო თანამედროვე მუზეუმების მოდელი. შესაბამისად, შეუძლებელი იყო, არ გამოგვეყენებინა თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობებიც“,

– მეუბნება სალომე გურული. 

მუზეუმში უახლესი სტანდარტების დაცვით მოწყობილია ფონდები, აუდიტორია და საზოგადოებრივი სივრცეები, მათ შორის კაფე, მუზეუმის მაღაზია და ღია ვერანდები. ბუნებრივია, ამ პროცესში დიდი როლი ითამაშა თანამედროვე არქიტექტურამაც, რომელიც უცხოელი არქიტექტორების გუნდმა შეიმუშავა დიტერ პფანენშტილის ხელმძღვანელობით. მათ ზუსტად დაიჭირეს სიძველისა და სიახლის ბალანსი – შეინარჩუნეს ძველი შენობის იერი და, ამავე დროს, მოარგეს ჩვენს რეალობასა და თანამედროვე მოთხოვნებს. „Ellis Williams Architects“-ის გუნდთან ერთად ამ პროცესში ჩართული იყო ქართველი არქიტექტორი ზაზა იაშვილი. ვანის მუზეუმის ინფრასტრუქტურულ განვითარებას ხელმძღვანელობდა მამუკა საღარაძე. რამდენადაც განყენებული გეჩვენება მუზეუმის შენობა ერთი შეხედვით, იმდენად ღია და ახლოა ის სინამდვილეში საზოგადოებისთვის. ის XXI საუკუნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ტურისტული ცენტრია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ფურცელს შლის და აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელიც საუკუნის წინ ქართველმა არქეოლოგებმა და მეცნიერებმა შექმნეს.

"ვანი არის არგუმენტი იმისა, რომ მითიური კოლხეთი მართლაც არსებობდა"

-შორიდან მესმის დავით ლორთქიფანიძის ხმა, რომელიც სტუმრებს მუზეუმის შესასვლელში ხვდება.

ვანში წვიმიანი დღეა....



ავტორი: ლიზა მეფარიშვილი / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: ანა დავარაშვილი; ტბელ აბუსერიძე; ფერნანდო ხავიერ ურკიხო; ვანის მუზეუმის ფოტოარქივი