მუსიკა | ცა

This mess we're in - მუსიკალური ბაზარი და რეკორდ ლეიბლები

მოდი დავიწყოთ მსოფლიოს მუსიკალური ბაზრის მოკლე მიმოხილვით:

(მადლობა ვიკიპედიას დიაგრამისთვის)


IFPI - ს (International Federation of Phonographic Industry) მონაცემებზე დაყრდნობით, ოცდამეერთე საუკუნეში მუსიკალურ ბაზარზე შემოსავლების ბრუნვიდან გამომდინარე მიახლოებითი გავლენა და როლი რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა თამაშობს მსოფლიოს მასშტაბით გამოიყურება ისე, როგორც ზემოთმოყვანილ დიაგრამაში.

ინდუსტრიაში, ჩვეულებრივ მიღებულია რომ 5 წამყვანი ბაზარი შემდეგ ქვეყნებს ეკუთვნით:


1.    ა.შ.შ

2.    იაპონია (ზუსტად ამიტომაც აწყობენ ტურებს უკვე დაჟანგებისკენ მიმავალი როკსტარები ამ ქვეყანაში ესეთი ინტენსივობით, გახსოვთ ფილმი Spinal Tap?)

3.    ბრიტანეთი

4.    გერმანია

5.    საფრანგეთი


(გასაგები მიზეზების გამო ჩინეთის სრული მონაცემები კვლევაში გათვალისწინებული არ არის, მხოლოდ ნებადართული საერთაშორისო სტრიმინგის და პროდუქტის ჯამური მონაცემია, რაც ჩინური ბაზრის 10% საც კი არ შეადგენს).


ახლა ორიოდ სიტყვით მეიჯორ ლეიბლების შესახებ:

ბოლო 20-30 წელიწადის განმავლობაში რეკორდ ლეიბლები და დისტრიბუტორები უფრო და უფრო ხშირად ექცევიან უზარმაზარი კომპანიების კონტროლის ქვეშ, რომელთაც Music Group ეწოდებათ. ეს კომპანიები თავის მხრივ ან კიდევ სხვა ჰოლდინგის წევრები, ან მათი მფლობელები არიან. საბოლოო ჯამში იკვრება ერთი დიდი კონგლომერატი, რომელშიც ლეიბლების, Music Group - ების და სხვა მუსიკასთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, კიდევ მილიონი საეჭვო „კანტორა“ შედის.


ერთმანეთთან დაპირისპირებების და ბრძოლის ათწლეულების მერე, საბოლოოდ 3 მეიჯორი ჩამოყალიბდა, რომელთა გავლენაზეც შემდეგ ვისაუბრებთ:


1.    Universal Music Group

2.    Sony BMG

3.    Warner Music Group


ეს არის თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის „დიდი სამეული“. ყველა მათგანი ფლობს და აკონტროლებს რამდენიმე ათეულ „პატარა“ ლეიბლებს (თუმცა არა მგონია ნებისმიერმა ჭკუადამჯდარმა არტისტმა ამ რომელიმე „პატარა“ ლეიბლთან კონტრაქტის გაფორმებაზე თქვას უარი, სიტყვა „პატარა“ აქ შედარებითია, იმიტომ რომ ისინი ისეთი ყოვლისშემძლეები არ არიან, როგორც მათი მფლობელი მეიჯორები, თორემ ამ „პატარა“ ლეიბლების ბიუჯეტი ძალიან ხშირად მომცრო ქვეყნის ბიუჯეტზე მეტია) - მაგალითად Universal Group-ი ფლობს და აკონტროლებს Island Def Jem და Geffen - ს,  აგრეთვე ახლახანს შეისყიდა მეოთხე მეიჯორ ლეიბლი EMI Group-ი, რომელმაც თავის მხრივ Virgin-ი და Capitol-ი და აგრეთვე დამოუკიდებელი „ინდი“ ლეიბლებიც შთანთქა. 

ამ ოთხ მეიჯორს წარმოუდგენლად დიდი გავლენა, ძალა და ფინანსები გააჩნია. მაგალითად 2005-06 წლებში ამ „დიდი ოთხეულის“ პროდუქტი წარმოადგენდა მსოფლიო მუსიკალური ბაზრის 72 და ა.შ.შ. ბაზრის 82 პროცენტს. ახლა ეს პროცენტი ინდი ლეიბლების აღზევების ფონზე საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ჯამში დიდი სამეული მსოფლიო ბაზრის უმეტეს ნაწილს აკონტროლებს.

თვალსაჩინოობისთვის დიაგრამა - წილები მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე 2016-17 წლებში.

შთამბეჭდავია არა? და 2005 წლის შემდეგ, ბევრი ინდი ლეიბლის გაკოტრებისა (და უმეტესობა ისევ მეიჯორებმა „გადაყლაპეს“, welcome to the jungle punk!) და ციფრული რევოლუციის შემდეგ, ეს წილი უფრო და უფრო იზრდება.


მოკლედ, განვაგრძოთ. ყველა თავმოყვარე ლეიბლს აქვს რამდენიმე განყოფილება - გაყიდვები, მარკეტინგი, A&R, პრომოუშენი, პროდაქშენი, მედია & ტექნოლოგიები, საერთაშორისო გაყიდვები და ა.შ. ზოგიერთ ლეიბლში თითოეული ეს ფუნქცია ერთ ადამიანს ან ერთ დეპარტამენტს აკისრია, ზოგიერთში კი პირიქით - ერთ დეპარტამენტს აქვს შეთავსებული რამდენიმე ფუნქცია. მეიჯორ და სხვა კარგად განვითარებულ გავლენიან ლეიბლებში თითოეულ ამ ფუნქციაზე რამდენიმე დეპარტამენტი მუშაობს. 

მიუხედავად იმისა, რომ DIY (Do it yourself) ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც მუსიკოსს რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს ბიზნესში და ეძებს ლეიბლს რომელიც კონტრაქტს გაუფორმებს, როგორც  წესი უწევს თვითონ იყოს საკუთარი თავის აღმზრდელიც და მენეჯერიც, არ ვთვლი რომ ამ ფუნქციების დეტალური ცოდნა ყველას დიდად სჭირდებოდეს. ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია, რომ A&R სისტემის მუშაობაზე გქონდეს წარმოდგენა. თუმცა A&R - ზე ცოტათი მოგვიანებით; ჯერ ლეიბლებზე საუბარი დავამთავროთ.

ესეც ასე. მეიჯორები ასე თუ ისე ამოვწურეთ და მივადექი დამოუკიდებელ „ინდი“ (Indie) ლეიბლებს. 


ყველაზე მარტივი ენით რომ ვთქვათ, ინდი ლეიბლი არის ლეიბლი, რომელიც არ ეკუთვნის მეიჯორს. ინდი ლეიბლები საკუთარი პროდუქტის გასაყიდად იყენებენ მხოლოდ საკუთარ რესურსებს, მეთოდებს და დისტრიბუტორებს. მაგრამ არსებობს ინდი ლეიბლის ორი სახე:

„ჭეშმარიტად“ დამოუკიდებელი ინდი ლეიბლი (Real Independent) - რომელიც მეიჯორთან არანაირ შეხებაში არ არის და მხოლოდ საკუთარი რესურსით აკეთებს ყველაფერს.

მეიჯორის მფარველობის ქვეშ მყოფი ინდი ლეიბლი (Major – Based independent) - რომელსაც გააჩნია საკუთარი მცირე რესურსი, ოფიციალურად არ ეკუთვნის მეიჯორს, მაგრამ თითქმის ყველაფერში, ჩაწერის გარდა იყენებს მეიჯორის რესურსებს. ამ ლეიბლების ძირითადი ფუნქცია და ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლიათ კარგი არტისტების მოძიება და შემდეგ ამ არტისტების მეიჯორისთვის შეთავაზება (უფრო სწორად შეტენვა) და მუდმივად ცდილობენ, რომ მეიჯორებს ტვინი წაუღონ რათა მათი არტისტები დააპიარონ. საერთო ჯამში, ძალიან ჩამოჰგავენ შუა საუკუნეების ვასალურ სახელმწიფოებს.

 გარდა ამისა, „ჭეშმარიტად“ დამოუკიდებელი ლეიბლებიც კი, მათი „განდგომილობის“ მიუხედავად ძალიან ხშირად ფინანსდებიან მეიჯორების ან მათი ინვესტორების მიერ ისევ და ისევ იმ ფაქტორის გამო რომ ცალკე მათი გავლენა და ფინანსები უმნიშვნელოა მეიჯორთან შედარებით.


მე მგონი ზოგადი ახსნისთვის საკმარისია ამ ეტაპზე. Let’s move on. 

ავტორი: დათო ცინცაძე