ლიტერატურა სიახლეები

ლაზიერის გამბიტი - ჭადრაკის დაფა დედოფლისათვის

„საბა“

სექტემბერი 01, 2021

 „და ის კი ფიქრობს – ბავშვივით ქალი,

რომ ვერვინ ხედავს, თუ როგორ იწევს

ფეხის წვერებზე და როგორ ჰბაძავს

სადღაც ქუჩაში ნანახ ნაბიჯებს.

მისი გონება მდუმარებაზე

ცოცავს ვით წყალზე გრძელკანჭება მწერი“.

იეიტსის „გრძელკანჭება მწერი“ ეპიგრაფია წიგნისა, რომელმაც მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია და ყველაზე ინტელექტუალური თამაში - ჭადრაკი კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ამერიკელი მწერლის, უოლტერ ტევისის რომანში „ლაზიერის გამბიტი“(მთარგმნელი კონსტანტინე შარვაშიძე) ყველაფერია, რაც ასე აინტერესებს თანამედროვე მკითხველს - სირთულეების გადალახვა, ბრძოლა წარმატებისთვის, ფემინიზმი, საოცრად საინტერესო პერსონაჟი, რომელიც გამოგონილია, მაგრამ ბევრი ქალი მოჭადრაკის სახეს აერთიანებს.


ბეტ ჰარმონი, ჭადრაკის ვუნდერკინდი რთული ბავშვობიდან მწვერვალებამდე თანდათან ინაცვლებს. ობოლი გოგონა, რომელიც ბავშვთა სახლში იზრდება, სრულიად შემთხვევით აღმოაჩენს ჭადრაკს, მისი ცხოვრების თამაშს და მასწავლებელს, რომელიც მთელ მის ცხოვრებას ცვლის.

უოლტერ ტევისი

ჭადრაკი ცხოვრებას ჰგავს, აქაც, უჯრიდან უჯრაზე გადაადგილებისას მრავალი ფიგურა, სხვადასხვაგვარი ადამიანი გხვდება წინ. როდესაც ცხოვრება არ იცი, იგი ჭადრაკივით უნდა ითამაშო, ასე იქცევა ბეტი, მისი ცხოვრება შავ-თეთრ დაფას ჰგავს, აქ მოძრაობა მარტივია, აქ ის დედოფალია და ყველაფერს აკონტროლებს.

წიგნი ბავშვობის ურთულესი და უსასტიკესი წლებით იწყება, ბავშვთა სახლის პირქუში გარემო, გულგრილი აღმზრდელები და ტრანკვილიზატორები, რომელთა საშუალებითაც ბავშვების დამშვიდებას და ადვილად მართვას, მწყემსვას ახერხებენ. 


„როგორც ყველა სხვა ბავშვს, კენტუკის შტატის ქალაქ მაუნთ-სტერლინგის ობოლთა თავშესაფარ „მეტუენ-ჰოუმში“ ბეტსაც დღეში ორჯერ ასმევდნენ ტრანკვილიზატორს „თვინიერებისთვის“. ერთი შეხედვით გოგონას მოსათვინიერებელი არაფერი სჭირდა, მაგრამ პატარა აბს სიამოვნებით სვამდა – წამალი სადღაც, მუცლის სიღრმეში, დაძაბულობას უხსნიდა და თავშესაფრის უსიამოვნო გარემოში გაბრუებულს ამყოფებდა“.


სწორედ ბავშვთა სახლში ყალიბდება ბეტის ჩაკეტილი, თითქოს გულგრილი ხასიათი, ტრავმული გამოცდილება ერთი მხრივ მის ფსიქიკას მოწყვლადს ხდის, მეორე მხრივ - ბრძოლას და გამარჯვებისკენ სწრაფვას ასწავლის


.მის შავ-თეთრ ცხოვრებაში მთავარი ჭადრაკია, ის, რაზეც ბეტი თვალდახუჭული ფიქრობს, დანარჩენი - მხოლოდ ფონია, აღმზრდელი დედა, რომელიც არ იცის, როდის შეუყვარდა, ბიჭები, რომლებიც მოდიან მის ცხოვრებაში, ცხოვრებასა და ჭადრაკს ეთამაშებიან და მიდიან, მეგობრები, ალკოჰოლი, სხვადასხვა ქვეყნები - ეს ყველაფერი ფონია, ის, რაც დაფის მიღმა ხდება, სადაც დიდი დიდი, იმ ფიგურებს თუ დაალაგებ, რომელიც მოწინააღმდეგეს აართვი.

ერთი მთავარი ეპიზოდი, რომლის გამოც ქართველი მკითხველი რომანის ავტორს და,ასევე, რომანის მიხედვით გადაღებული სერიალის რეჟისორს გაუნაწყენდა, ნონა გაფრინდაშვილის არასწორი, დილეტანტური ხსენებაა, სინამდვილეში, მსოფლიოს მეორე მხარეს მცხოვრები ქართველი მოჭადრაკე, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის „ბეტია“, ქალი, რომლისთვისაც ჭადრაკში არ არსებობს დაბრკოლება.


პერსონაჟი ისეთი დამაჯერებელია, და, კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა მისი კინოგმირი, რომ პირველი, რასაც მკითხველი ამ წიგნის წაკითხვის მერე აკეთებს, გუგლში ბეტ ჰარმონის ჩაწერაა, იმ იმედით, რომ მოჭადრაკის ბევრ ფოტოს, თამაშების ვიდეოჩანაწერებს იპოვის, თუმცა არა, ეს გამოგონილი პერსონაჟია, მაგრამ ყველაზე ნამდვილი, რადგან მთავარ სათქმელს იტევს- ქალს საჭადრაკო თუ ცხოვრების დაფაზე ნებისმიერი რთული ამოცანის დაძლევა შეუძლია.


ავტორი: „საბა"