მუსიკა | ცა

The Black Marrows


შინაარსით ის, რასაც Black Marrows მღერის, არ შეიძლება ჩაითვალოს მეინსტრიმულად... თუმცა უცხოეთში ეს მიმართულება უკვე მეინსტრიმულია.

მუსიკა ფორმით კი უფრო მეინსტრიმულია ( დასამახსოვრებელი მელოდიებია), მაგრამ დღევანდელ ჩვენს რეალობაში მაინც ანდერგრაუნდ სტატუსის მატარებელი ვრჩებით.


გიორგი მარი


პირველად იყო სიმღერა და სიმღერა იგი იყო Winterlong.


ხუთი წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ კარგად მახსოვს - მაისის ერთ, სავარაუდოდ თბილი დღის დასაწყისში, აბსოლუტურ სიჩუმეში, რადიოს სტუდიაში ჩავრთე ალბათ გარკვეული კანონზომიერებით ფეისბუკში ამომხტარი ვიდეოკლიპი. სიახლის... უფრო ზუსტად განახლების მოულოდნელი შეგრძნება ახლდა პირველ მოსმენას. და შემდეგ, როგორც ყოველი კარგი აღმოჩენით მიღებული განცდის გამეორების მცდელობა გვიბიძგებს ხოლმე, არ ვიცი, კიდევ რამდენჯერ ჩავრთე ასე თანამედროვედ და დალაგებულად მჟღერი ახალი, ნახევრადნაცნობი ჯგუფის ეს პირველი სიმღერა. ჯგუფის ორ წევრს გიორგი მარს და გოგა კაკულიას იქამდეც ვიცნობდი (როგორც ჯგუფების „ზურგი”, String და ბაკურ ბურდულის ჯგუფის წევრებს).


ამ პირველი შეხებისას გაკეთებულ აღმოჩენათა რიგში, ალბათ, პირველ ადგილზე იყო ლუკა მამნიაშვილის, თანამედროვე ქართული ანდერგრაუნდისთვის უცხო ტენორი, რომელიც მოგვიანებით ასევე წარმატებულად ჩაანაცვლა ჯგუფის რიტმული ხაზიდან წინგადმონაცვლებულმა აჩი კევლიშვილმა.

რატომღაც ქართული ჯგუფები გაურბიან ამ რეგისტრს. ჩვენს სიმღერებს კი ყველაზე მეტად ასეთი ვოკალი უხდება. ჩატარებული ცდების საფუძველზე ვამბობ ამას. 


გიორგი მარი

rockwiese ზაარბრუკენი 

გიორგი მარი


მე მანამდე საერთოდ არ მიმღერია... არ ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული... ნაპოვნი მქონდა ჩემი ინსტრუმენტი... უკან დრამთან კომფორტულად ვგრძნობდი თავს... ამიტომაც ვეძებდით თავიდან „სხვაგან” ახალ ვოკალისტს... მერე, „ვცადოთო, ვცადოთო”... თავიდან კი ვიმღერე ერთი-ორი კონცერტი, მაგრამ მაინც უკან ვიყურებოდი...


აჩი კევლიშვილი

აჩი კევლიშვილი

როდესაც ლუკა ჯგუფიდან წავიდა, ჯგუფს მზად ქონდა სადებიუტო ალბომი Hurricane (2015 წლის დეკემბერი) და ჩაწერილი ჰქონდა მეორე ალბომის სიმღერების ძირითადი ნაწილი. ეს სიმღერები უკვე აჩის ხმით გადაიწერა და მათ კიდევ ახლები შეემატა.

ჯგუფის რეპერტუარს სიმღერებით გიორგი მარი ავსებს. არანჟირების ავტორიც თავადაა. დიდი ენათმეცნიერის ნიკო მარის ნახევარძმის ივანე მარის შთამომავალი სიმღერების წერისთვის ინგლისური ენის არჩევას სწორედ მარების შოტლანდიურ ფესვებს უკავშირებს.

სიმღერის ტექსტებით გიორგი ერთგვარ დღიურს წარმართავს. 

 ხშირ შემთხვევაში ამ სიმღერების გმირი მე ვარ... ჩემ თავზე ვსაუბრობ... არის მოგონილი ამბები, რომლითაც მეტაფორულად ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდს გადმოვცემ... მაგალითად სიმღერაში Annie მოგონილი კრებითი პერსონაჟია...

მაინც უფრო ხშირად სიყვარულზეა ჩემი სიმღერები.. იმ ადამიანზე ვინც იმ პერიოდში მიყვარს... და იმას რომ არ ვუყვარვარ...


- ვის ელაპარაკები ამ სიმღერებში?


ზოგ შემთხვევაში ეს კონკრეტული ადამიანია... ზოგან კი კონკრეტული კატეგორიის ადმიანებს... მაგალითად ამ ახალი ალბომის ფინალური სიღერა Face in a Crowd (2019 წლის აპრილი) დღევანდელი ახალგაზრდობის (*თავად ჯგუფის წევრები 35-36 წლის გახლავთ) ტენდეციურობას, ჩაკეტილობას... მომხმარებლურობას “კბენს” მსუბუქად...


- განათლებით მხატვარი ხარ, როგორ აისახა ეს შენს მუსიკაზე?


მთლიანობის და კომპოზიციის შეგრძნება მასწავლა მხატვრობამ... მთლიანობის ხედვა, დეტალებისთვის სწორი ადგილის შერჩევა... ალბად ესაა, რაც მხატვრობიდან მუსიკაში გადმოვიტანე.

აჩი კევლიშვილი, გიორგი მარი

დღეს The Black Marrows ოთხი უახლოესი მეგობარი: გიორგი მარი, გოგა კაკულია, აჩი კევლიშვილი და აჩი შიოშვილი ქმნიან. როგორც თვითონ ამბობენ, „არამუსიკალურ” დროსაც ერთად ატარებენ. ეს გარემოება გიორგის სიმღერების შინაარსსაც და სათქმელსაც ადვილად გასაგებს ხდის დანარჩენი წევრებისთვის და განსაკუთრებულად ვოკალისტისთვის, რომელიც ხშირად იმ ამბების “მთხრობელი” გამოდის, რომელიც ბიჭებს თავს ერთად გადახდათ (Pretty Shiner 2019 წლის ივნისი). 

ჯგუფის მენეჯმენტსაც თავად წარმართავენ. მოახერხეს და გასულ ზაფხულს ზაარბრუკენის მუსიკალურ ფესტივალზეც (Rockwiese) გაემგზავრნენ. ამ ფესტივალმა მოწვევა კიდევ გამოგზავნა და ახლა უკვე მომდევნო წლის თებერვალში დაიგეგმა გამგზავრება.


გარემოში, რომელშიც ცოცხალ მუსიკალურ ჯგუფებს უწევთ დღეს არსებობა, ხუთი წელი - დატვირთული ლოკალური საკონცერტო გრაფიკით, ორი ალბომით, რამდენიმე (კარგი!) ვიდეოკლიპით - არ არის ცოტა.


ჯგუფმა ამ ხნის განმავლობაში მსმენელითა გარკვეული წრეც შემოიკრიბა.   

კონცერტზე მაყურებელი ჩვენთან ერთად რომ მღერის, ეს მნიშვნელოვანი “ფიდბექია” და გვაძლევს იმის მუღამს, რომ ვიაროთ ამ მიმართულებით.

პირადად ჩემთვის მუსიკის კეთება არის ერთადერთი მდგომარეობა, როდესაც კარგად ვგრძნობ თავს... თვითგამოხატვის ფორმაა.


გიორგი მარი


ჯგუფები რატომაც იშლებიან... ჩემ გარშემო რასაც ვხედავ, არასწორი მოლოდინი აქვთ - უცხოეთში წავლენ... ყველა მათ მოუსმენს... იმედები უცრუვდებათ რეალობასთან შეჯახებისას.

ჩვენ გარკვეული გამოცდილება დავაგროვეთ და რეალობას ვიღებთ ისეთს, როგორც ის არის.. მთელ სიამოვნებას ვიღებთ მუსიკის კეთებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვვითარდებით და წინ არ მივდივართ... შევეჩვიეთ, რომ თუ აქ მუსიკაში გინდა ყოფნა, ძირითადი შემოსავლისთვის სხვა სამსახურის ქონაც საჭიროა...


აჩი კევლიშვილი


მგონი არცერთი მუსიკოსი, ვისაც კი რაიმესთვის მიუღწევია დედამიწის ზურგზე, ამ სფეროში არ შემოსულა რაიმე მოლოდინით... ამ ბენდში მოვედი იმისთვის, რომ სიამოვნება მიმეღო იმისგან, რასაც ქვია როკენ როლი...


აჩი შიოშვილი

თვითგამოხატვისთვის არჩეული მუსიკალური ფორმა ბრიტ-როკი, გრანჟი, ბიჭების აზრით, აახლოებს მათ სამოქმედო ლოზუნგთან „ხელოვნება ხალხისთვის”.

-მეორე ალბომში მეტი ფსიქოდელიაა, ასეა?


კი, სახელიც ეგეთი დავარქვით Down The Rabbit Hole. ისეთი პერიოდი მქონდა, აი, ხვრელში რო ჩავარდები... ეს ბოლო ორი წლის მანძილზე დაწერილი სიმღერებია... გარდა ერთისა Twenty-Nine Days, რომელიც ათი წლის წინ დავწერე და აქამდე ვერაფრით ფორმა ვერ ვუპოვნე, საბოლოოდ ეგეც გავაკეთეთ.

გიორგი მარის სახლის სტუდიაში სახელით Sideburn Records ჯგუფის უკვე მესამე ალბომი მზადდება.

ავტორი: დავით ჟორჟოლაძე