სპირიტის გზა

რამდენიმე დღის წინ ელექტრონული სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი და ხმაურიანი სენსაცია მოხდა. საკმაოდ ახლად შექმნილმა, ახალგაზრდულმა რუსულმა გუნდმა Team Spirit-მა Dota 2-ის ტიტანები დაამარცხა და ელექტრონული სპორტის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - The International 10-ის გამარჯვებული გახდა.

Team Spirit-ის საოცარი გამოსვლა მთელი სამყაროსთვის უდიდესი მოულოდნელობა იყო. ბუკმეიკერები ტურნირის დაწყებამდე Spirit-ის საჩემპიონო შანსებს 1/200 თან აფასებდნენ, მაგრამ მთავარ სცენაზე რუსული გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ შეძლო. როგორც აღმოჩნდა, კარგი მომზადების და სწორი ფსიქოლოგიის დახმარებით ყველაფერი შესაძლებელია. გუნდმა, რომლის არსებობაც ბევრმა არ იცოდა, სენსაცია სენსაციაზე მოახდინა და საბოლოოდ საპრიზო ფონდიდან, რომელიც 40 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა, 18 მილიონი დოლარი მოიგო.

Spirit-ის გზა იოლი არ ყოფილა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აღმოსავლეთ ევროპის Dota 2-ის სცენის გამოცდილმა კაპიტანმა იაროსლავ „Miposhka“ ნაიდენოვმა მორიგი გუნდი შეკრიბა, რომელიც ახალი მოთამაშეებით დააკომპლექტა. აღმოსავლეთ ევროპის სცენაზე ცვლილებები ძალიან ხშირად ხდება, მოთამაშეები, როგორც წესი, დროის მოკლე მონაკვეთში არაერთ გუნდს იცვლიან ხოლმე და სტაბილურობა ამ რეგიონისთვის უცხო რამეა. შესაბამისად, ბევრი ფიქრობდა, რომ Yellow Submarine, როგორც თავიდან Miposhka-ს გუნდს ერქვა, მორიგი სტანდარტული CIS სტაკი იქნებოდა, რომელიც მნიშნელოვან წარმატებას ვერ მიაღწევდა და მალევე დაიშლებოდა. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. Yellow Submarine-მა ონლაინ ტურნირებზე კარგი შედეგები აჩვენა, გუნდი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობდა და მალევე შედარებით მსხვილი ორგანიზაციის ყურადღებაც მიიპყრო. 2020 წლის დეკემბერში Team Spirit-მა, რომელსაც გუნდები ელექტრონული სპორტის რამდენიმე სახეობაში ჰყავს, Yellow Submarine-ს კონტრაქტი შესთავაზა და Miposhka-ს სტაკი Team Spirit-ის ბანერის ქვეშ მოექცა. პროფესიონალურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა გუნდს ძალიან წაადგა, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები Spirit-ისთვის კი მაშინ დაიწყო, როდესაც მათ მწვრთნელად აღმოსავლეთ ევროპის Dota 2-ის სცენის კიდევ ერთი ვეტერანი, თავის დროზე საკმაოდ წარმატებული ქერი, აირატ “Silent” გაზიევი აიყვანეს.

2021 წლის სეზონის სტარტი Team Spirit-ს დიდად არ გამოუვიდა. მიუხედავად მნიშნელოვანი პროგრესისა, გუნდმა DPC სეზონის პირველ რაუნდში რეგიონში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ Miposhkas-ს და მეგობრებს წლის პირველ მეიჯორზე ეთამაშათ. მეიჯორზე ვერ გასვლა კი დიდი ალბათობით იმას ნიშნავდა, რომ The International 10-ზე გუნდი პირდაპირ ვეღარ მოხვდებოდა და წლის მთავარი ტურნირის ადგილისთვის ბრძოლა ღია კვალიფიკაციიდან მოუწევდა. ეს შედეგი იმის მანიშნებელი იყო, რომ გუნდს ახალ დონეზე გასასვლელად ცვლილება სჭირდებოდა და მანაც არ დააყოვნა. ვიტალი „so bad” ოშმანკევიჩმა გუნდი დატოვა და მის მაგივრად მეოთხე პოზიციაზე Spirit-ში კიდევ ერთი ახალგაზრდა მოთამაშე მიროლსლავ „Mira” კოლპაკოვი მივიდა. ასე ჩამოყალიბდა ის ბირთვი, რომელმაც საბოლოოდ უდიდესი სენსაცია მოახდინა და ელექტრონულ სპორტში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოიგო. საბოლოო შემადგენლობა ასე დალაგდა:

პირველი პოზიცია (ქერი) - ილია “Yatoro” მულიარჩუკი (უკრაინა)


მეორე პოზიცია (მიდ) - ალექსანდერ „TORONTOTOKYO” ხერტეკი (რუსეთი)


მესამე პოზიცია (ოფლეინ) - მაგომედ „Collapse” ხალილოვი (რუსეთი)


მეოთხე პოზიცია (სოფთ საფორთ) - მიროსლავ „Mira” კოლპაკოვი (ურკაინა)


მეხუთე პოზიცია (ჰარდ საფორთ) - იაროსლავ „Miposhka” ნაიდენოვი (რუსეთი)


მწვრთნელი - აირატ “Silent” გაზიევი (რუსეთი)

Mira-ს ფაქტორი Team Spirit-ის წარმატებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ გუნდის ახალი მოთამაშე ინდივიდუალურად მშვენივრად გამოიყურებოდა, ის Mira Collapse-ს ლეინზე ძალიან კარგად შეუწყვილდა და მისი ათამაშებაც შეძლო.

სწორედ Mira-ს დახმარებით Collapse ახალ დონეზე გავიდა, გუნდის მთავარი ვარსკვლავი გახდა და მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ოფლეინერად ჩამოყალიბდა, რომლის მარსი და მაგნუსი აბსოლუტურად ყველას შიშის ზარს სცემდა. გარდა ამისა, Mira Miposhka-სთვისაც იდეალური პარტნიორი გამოდგა, რადგან მან გუნდის კაპიტანს საშულება მისცა, თითქმის ყველა საფორთ პიკი დაეფლექსა და ისეთი გმირები, როგორებიცაა მაგალთად ვისპი, ლიონი, ვინთერ ვაივერნი, ვივერი, ბეინი, სნეპფაიერი, ელდერ ტიტანი და ა.შ.

საჭიროების მიხედვით ხან მეოთხე, ხანაც მეხუთე პოზიციაზე გაემწესებინა. ამ ფაქტორებმა Team Spirit-ის წინააღმდეგ დრაფტი ურთულესი გახადა, რადგან ასეთ დროს პრაქტიკულად შეუძლებელია მიხვდე, თუ რომელი გმირი რომელ ლეინზე წავა. ამას დაემატა Yatoro-ს ძალიან მრავალფეროვანი ჰირო ფული და გამოცდილი კაპიტნის ხელში ძალიან მალე Team Spirit რუსულ გრანდ Virtus Pro-სთან ერთად რეგიონის საუკეთესო გუნდად გარდაიქმნა. DPC-ს მეორე სეზონი Spirit-მა უკვე კარგად ჩაატარა და 6-1 ზე შედეგით მეორე მეიჯორზე თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა გამოუცდელ გუნდს დიდ ტურნირზე თამაში არ წაუვიდა. ჯგუფი Spirit-მა ნორმალურად ჩაატარა, მხოლოდ 2 მატჩი წააგო და ექვსი ფრედ ითამაშა, თუმცა პლეიოფის მეორე წრეში Vici Gaming-თან დამარცხდა და ტურნირიდან ნაადრევად გავარდა.

DPC სეზონში წარუმატებელი თამაშის მერე Team Spirit-ს The International 10-ზე მოხვედრის ერთადერთი შანსი დარჩა - ღია კვალიფიკაციაში მონაწილეობა და კვალიფიკაციის მოგება. აღმოსავლეთ ევროპაში ბევრი საშუალო და საშუალოზე ძლიერი გუნდია, რაც ღია კვალიფიკაციაში წარმატების მიღწევას საკმაოდ ართულებს, მაგრამ Spirit-ს სუპერფინალამდე პრობლემა არ შექმნია და იქამდე შედარებით მარტივად იარა. აი სუპერფინალში კი უდიდესი დრამა გათამაშდა. Team Empire-მა Team Spirit-ს სერიოზული ბრძოლა გაუმართა და სერიაში 2-1-ითაც კი დაწინაურდა. Spirit წაგებასთან და TI10-ზე ვერ წასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ Miposhka-მ და მეგობრებმა გადამწყვეტ მომენტში კონცენტრაცია მოიკრიბეს, ბოლო ორი ხელი მოიგეს და საბოლოოდ Team Empire 3-2 დაამარცხეს.

ბევრმა ჩათვალა, რომ ეს შედეგი და წლის მთავარ ტურნირში უბრალოდ მონაწილეობის მიღება ამ ახლად შექმნილი გუნდისთვის მაქსიმუმი იყო და Spirit-ისგან TI 10-ზე წარმატებას თითქმის არავინ ელოდა. თუმცა სანამ მეტოქეები რუსებს სათანადოდ ვერ აფასებდნენ, მოთამაშეებმა TI-სთვის მზადება დაიწყეს და თანაც ძალიან აქტიურად.

მაშინ, როდესაც გუნდების უმრავლესობა მთავარი ტურნირის წინ სტრატეგიებს მალავდა და თამაშებს თითქმის არ ატარებდა, Team Spirit მეორეხარისხოვან ტურნირებში მონაწილეობას არ ერიდებოდა და გუნდი TI-ს ძალიან მაგარ ფორმაში შეხვდა.

The International 10 ბუხარესტსში კოვიდის გამო პუბლიკის გარეშე გაიმართა, რაც ახალი, გამოუცდელი, გუნდებისთვის კარგი ამბავი იყო. სავსე დარბაზში თამაში დამატებითი სტრესია და ბევრი ახალი მოთამაშე ასეთ ნერვიულობას ვერ უძლებს ხოლმე. თვრამეტი გუნდი ორ ჯგუფში განაწილდა. ცხრიდან ოთხი საუკეთესო ჯგუფური ეტაპის მერე პლეიოფის ზედა ბადეში მოხვდა. შემდეგი ოთხი გუნდი ქვედა ბადეში განწესდა, ხოლო ჯგუფის ბოლოადგილოსანი კი ტურნირს გამოეთიშა. საბოლოოდ პლეიოფში 16 გუნდი გადავიდა, აქედან 8 ზედა ბადეში მოხვდა, ხოლო 8 ქვედა ბადეში.

Team Spirit-მა ჯგუფური ეტაპი ცუდად დაიწყო და ეს ბევრისთვის გასაკვირი არ ყოფილა, რადგან გუნდს პირველივე შეხვედრებში გრანდების წინააღმდეგ მოუწია თამაში. PSG LGD-მ და Team Secret-მა Spirit-ს 2-0 მოუგეს. გარდა ამისა, რუსულმა გუნდმა Vici Gaming-თანაც წააგო და პირველ ოთხ შეხვედრაში სამი წაგება დაუგროვდა, რაც ძალიან ცუდი სტარტია, თუმცა სპირიტებმა სიტუაციის შემოტრიალება შეძლეს, ზედიზედ ოთხი თამაში მოიგეს და ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გუნდი პლეიოფს ზედა ბადიდან დაიწყებდა. Team Spirit აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის სახასიათო სწრაფ და აგრესიულ დოტას აჩვენებდა, მაგრამ, ამასთან ერთად, ძალიან ცოტა შეცდომას უშვებდა. Მოთამაშეები რუკაზე ძალიან კარგად გადაადგილდებოდნენ, რაც გუნდის მაღალ კლასზე და მოთამაშეების სათამაშო ინტელექტზე მიუთითებს. ამასთან ერთად, Spirit-ს ძალიან მოქნილი დრაფტები ჰქონდა, რაც მათი წარმატების გასაღები აღმოჩნდა.

პლეიოფის პირველ წრეში Team Spirit ჩინურ გრანდს Invictus Gaming-ს დაუპირისპირდა და ეს თამაში ჩინელების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. შესაბამისად, Miposhka-ს გუნდი ქვედა ბადეში ჩავარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უკვე ერთი სერიის წაგების შემთხვევაშიც გუნდი ტურნირს დაემშვიდობებოდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ასეც მოხდებოდა და რუსები ტურნირს მალევე დატოვებდნენ, მაგრამ ნამდვილი სინდერელა სთორი სწორიდ აქედან დაიწყო. გავარდნის პირას მყოფი Spirit-ის მოთამაშეები თითქოს ახალ დონეზე გავიდნენ და მათ სასწაული თამაშის ჩვენება დაიწყეს. გუნდმა ქვედა ბადეში ჯერ Fanatic 2-0 უშანსოდ დაამარცხა და შემდეგ წრეში TI-ს მოქმედ ჩემპიონს, ზედიზედ ორგზის გამარჯვებულ OG-ს შეხვდა. OG ყველა პოზიციაზე სუპერსვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდია და აშკარა ფავორიტად ამ სერიაში სწორედ OG მიიჩნეოდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. Collapse-მა თავისი მაგნუსით სასწაულები აკეთა და პირველი თამაშის შემოტრიალება შეძლო, რაც სერიისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. პირველ რუკაზე წაგების მერე OG-ს კაპიტანი Notail აშკარად გაჯიუტდა და მან მეორე თამაშში მაგნუსი არ დაბანა, რაც OG-ისთვის საბედისწერო შეცდომა იყო. Notail ფიქრობდა, რომ Collapse-ის მაგნუსს დაკონტრავდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და მეორე მატჩი სპირიტმა უკვე ადვილად მოიგო. შესაბმისად, სენსაცია შედგა და მიუხედავად Sumail-ის ძალიან კარგი თამაშისა, მოქმედი ჩემპიონი ტურნირს გამოეთიშა.

შემდეგ წრეში Team Spirit-ის მეტოქე რუსული გრანდი Virtus Pro იყო. ეს გუნდები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ და აქამდე მათ დაპირისპირებებს ყოველთვის Virtus Pro იგებდა ხოლმე, თუმცა ამჯერად სხვანაირად მოხდა. პირველი ხელი სპირიტმა აუტდრაფტის ხარჯზე იოლად მოიგო. Virtus Pro-ს ზედმეტად სტატიკური დრაფტი ჰქონდა (ქორ პოზიციებზე მედუზა და ანდერლორდი), რაც სწრაფი, მობილური დრაფტით დაიკონტრა (ვივერი, ინვოკერი, ქერი მანქი ქინგი) და პირველ რუკაზე Virtus Pro-მ უშანსოდ წააგო. მეორე რუკაზე უკვე Spirit-ს გაუჭირდა. აქ მთავარი გმირი Save-ის მეოთხე პოზიციის ბეინი იყო, რომელმაც თამაშზე უდიდესი გავლენა იქონია და ანგარიში გათანაბრდა. სერიის ბოლო, მესამე, დრაფტი მაინდგეიმებით იყო სავსე. Miposhka-მ და Silent-მა ძალიან ჭკვიანური რამე ჩაიფიქრეს - Save-ს ბეინი არ დაუბანეს, მისცეს ეს გმირი და გენიალური ლასტ პიკით დაკონტრეს. ბოლო გმირად სპირიტებმა მეხუთე პოზიციის საილენსერი აიღეს. ამ პიკმა ბეინის თამაში შეუძლებელი გახადა და წინა მათჩის საუკეთესო გმირი აბსოლუტურად განადგურდა. ეს ფაქტორი გადამწვეტი აღმოჩნდა და Team Spirit პლეიოფის შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ გუნდის ოფლეინერს Collapse-ს დრაფტის ფაზაში ზედიზედ ოთხი გმირი (მარსი, მაგნუსი, ლეგიონ კომანდერი და ტაიდჰანტერი) დაუბანეს, მაგრამ კოლაფსმა თავისი გმირი მაინც იპოვნა (დუმი) და თამაშზე უდიდესი გავლენა იქონია, რაც იმას ნიშნავს, რომ Virtus Pro-ს პირველი ოთხი ბანი პრაქტიკულად ფუჭი აღმოჩნდა.

შემდეგ წრეში Spirit-ს IG-სთან შერკინება კიდევ ერთხელ მოუწია. Invictus Gaming-მა ზედა ბადეში Team Secret-თან წააგო და ქვედა ბადეში ჩავარდა. Spirit-ისთვის IG-ის წინააღმდეგ შურისძიების იდეალური შანსი იყო და ეს შანსი რუსებმა კარგად გამოიყენეს. გახურებულმა და ფორმაში შესულმა Team Spirit-მა IG-ის სერია 2-0 უშანსოდ მოუგო. ამ სერიაში საინტერესო ის იყო, რომ Yatoro-მ ორი მივიწყებული ქერი გმირით ითამაშა - პირველ რუკაზე ფანტომ ასასინით მოიგო თამაში, ხოლო მეორე რუკაზე დროუ რეინჯერით. აქ უკვე გამოჩნდა, რომ Spirit ნადმვილად სერიოზული გუნდია, რადგან მათ დაამტკიცეს, რომ კარგი მომზადების გარდა, ადგილზე ადაპტირებაც შესანიშნავად შეუძლიათ და ჩარჩოს გარეთ ფიქრიც კარგად გამოსდით. ორიგინალური პიკების წინააღმდეგ ჩინური მაქანა წყობიდან გამოვიდა და საბოლოოდ IG გატყდა. განსაკუთრებით ცუდად გამოიყურებოდა გუნდის ქერი flyfly, რომელმაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.

IG-ს დამარცხება იმას ნიშნავდა რომ Team Spirit TI 10-ის ტოპ 3-ში მოხვდა, რაც მათთვის უდიდესი წარმატება იყო. შესაბამისად, დასკვნით დღეს გუნდი ყოველგვარი წნეხის გარეშე შეხვდა და ეს სილაღე თამაშებში კარგად გამოჩნდა.

ქვედა ბადის ფინალში Team Spirit-ს ევროპული დოტას გრანდი და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავირიტი Team Secret დაუპირისპირდა. მთელი სამყარო Secret-ის იოლ გამარჯვებას და ძალიან საინტერესო სუპერფინალს PSG LGD vs Team Secret-ს ელოდა, სადაც ტურნირის ორი ფავორიტი ერთმანეთს შეხვდებოდა, მაგრამ Team Spirit სხვანაირად ფიქრობდა. მთავარი სენსაციები ჯერ კიდევ წინ იყო. სერია რუსებისთვის ცუდად დაიწყო. Secret-ის კაპიტანმა და Dota 2-ის ყველა დროის სუაკეთესო მოთამაშემ, Puppey-მ Spirit-ის წინააღმდეგ დრაფტში მიდგომა შეცვალა და Collapse-ის გმირების ნაცვლად Miposhka-ს გმირები დაბანა, რადგან წინა სერიებში გამოჩნდა, რომ ბანების მიუხედავად რომელიმე ძლიერი ოფლეინერი დრაფტში მაინც ძვრებოდა და პირველი ბანები წყალში გადაყრილი გამოდიოდა. რუსები “Puppey”-ს ახალმა მიდგომამ აშკარად დააბნია, რამაც პირველ რუკაზე Secret-ის დიდი უპირატესობა და უმარტივესი მოგება განაპირობა. ყველაფერი თითქოს იქითკენ მიდოდა, რომ Secret სერიას იოლად მოიგებდა, მაგრამ სპირიტები კვლავ არ გატყდნენ და სასწაულის ხარჯზე სერიის შემოტრიალება მაინც შეძლეს. მეორე რუკაზე Miposhka-მ ლიონით საოცარი თამაში ჩაატარა. ამასთანავე Matumbaman-ის ჯაგერნაუტი ნეტ ვორსში ძალიან ჩამორჩა, მიუხედავად იმისა, რომ მას მაგნუსი ჰყავდა. ძალიან კარგი იყო ასევე TORONTOTOKYO-ს კუნკა. Spirit-ის მიდერმა მთლიანობაში ძალიან მაგარი ტურნირი ჩაატარა. TORONTOTOKYO-მ თავისი თამამი, ცოტა თავხედური თამაშით ბევრი გულშემატკივრის გული მოიგო. საბოლოოდ, მეორე რუკაზე ჯაგერნაუტმა თამაშზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა. მესამე რუკაზე კი Secret-მა უბრალოდ ბევრი შეცდომა დაუშვა, თაინის და ლიკანტროპის თაიმინგი სწორად ვერ გამოიყენა და მატჩი უშანსოდ წააგო, რაც იმას ნიშნავდა, რომ Team Spirit-მა უდიდესი სენსაცია მოახდინა და The International 10-ის ფინალში გავიდა.

სუპერფინალში რუსებს ჩინური გრანდი PSG LGD ელოდა. ფინალამდე, LGD უნაკლო დოტას აჩვენებდა და ტურნირის აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა. ფინალური წყვილი კი დავითისა და გოლიათის დაპირისპირებად მოინათლა. პირველი რუკა საინტერესო დრაფტით გაიხსნა. LGD ტურნირის განმავლობაში ვისპის სტრატეგიას არ აჩენდა, მაგრამ სუპერფინალში მათ სწორედ ვისპით თამაში გადაწყვიტეს. მთლიანობაში, პირველ რუკაზე ჩინურ გრანდს ცუდი დრაფტი გამოუვიდა. ქერი ურსა და მიდ პანგო იმას ნიშნავდა, რომ გუნდი ტაიმერზე იყო და თამაში თუ გაიწელებოდა, LGD-ს მოგების ძალიან პატარა შანსი ექნებოდა. საბოლოდ, ასეც მოხდა. Team Spirit-მა იდეალური პიკი მოძებნა. Yatoro-მ კიდევ ერთი ახალი გმირით, ნაგა საირენით ითამაშა და მას ხელი ამ რუკაზე ვერავინ შეუშალა.

TORONTOTOKYO-მ ვოიდ სპირიტით ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, ნაგა საირენისთვის სივრცე შექმნა, თამაში გაწელა და საბოლოოდ პირველი რუკა Spirit-ს დარჩა. Yatoro-მ კი ჯამში TI-ს მთავარ სცენზე 13 განსხვავებული გმირით ითამაშა, რაც ქერი როლისთვის სასწაული მრავალფეროვნებაა. Yatoro მთელი ტურნირის განმავლობაში უბრალოდ დაფრინავდა და გუნდის კაპიტანს იმის საშუალებას აძლევდა, რომ Miposhka-ს საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი ქერი აერჩია.

მიუხედავად პირველ რუკაზე მარცხისა, მეორე თამაშის დრაფტის დროს LGD-მ სტრატეგია დიდად არ შეცვალა და ეს გადაწყვეტილება არასწორი გამოდგა. ჩინური გუნდის მწვრთნელმა და დოტა 2-ის ლეგენდამ xiao8-მ ისევ ვისპის სტრატეგიაზე შეაჩერა არჩევანი. თუმცა ამჯერად ვისპს მორფლინგისა და ერსშეიკერის კომბინაციაც დაემატა და ჩინურ გუნდს ფურცელზე თითქოს კარგი დრაფტი ჰქონდა. თუმცა, Collpase-მა ამ თამაშში მაგნუსით ისევ სასწაულები აკეთა და თავისი გუნდისთვის თამაში მოიგო. მან scewer-ით რამდენჯერმე Ame-ს მორფლინგის იზოლირება შეძლო, იზოლირებული გმირი შემდეგ ლუნას ულტში მეჯიქ დემიჯით ქრებოდა და სწორედ ლუნას ადრეული თაიმინგით რუსულმა გუნდმა მეორე რუკის მოგებაც მოახერხა.

2-0-ის მერე ჩინურმა გიგანტმა გაიღვიძა და თითქოს სერიაში გარდატეხის შეტანაც შეძლო. მესამე და მეოთხე რუკები სწორედ ჩინელების გამარჯვებით დასრულდა. მესამე რუკაზე Collapse-ის მაგნუსი რუბიკით შესანიშნავად დაიკონტრა, ხოლო სპექტრის და ტინკრეის კომბინაციას რუსებმა გასაღები ვერ უპოვნეს და მესამე ხელი ჩინილებმა იოლად მოიგეს. მეოთხე რუკაზე სპექტრით მოგება უკვე თავად რუსებმა სცადეს, მაგრამ ამ თამაშში მათ უჩვეულოდ ცუდი დრაფტი გამოუვიდათ. სპექტრი და ტემპლარ ასასინი ერთად ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ამ ორივე გმირს რუკაზე საფარმავად დიდი სივრცე ჭირდება და მათ შორის სინერგია პრაქტიკულად არ იგრძნობოდა. საბოლოოდ ჩინელებმა რუკაზე კონტროლი მოიპოვეს, სპირიტებს საფარმავი სივრცე შეუზღუდეს, ნელ-ნელა მოგუდეს და სუპერფინალში ანგარიში გაათანაბრეს.

მეხუთე თამაშის წინ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა რომ LGD-მ თამაში იპოვნა, Spirit კი გატყდა. თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ჩინელებს ქამბექი უნდა დაედოთ და სერია მოეგოთ, მაგრამ რუსებმა კვლავ სასწაული ხასიათი გამოავლინეს. მეხუთე რუკაზე Miposhka-მ და Silent-მა დრაფტში ძალიან სწორი კორექტივები შეიტანეს. მათ ანდაინგი დაბანეს. ეს გმირი ბოლო ორ თამაშში სპირიტისთვის დიდი პრობემა იყო, ხოლო პაჩის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გმირი თაინი რუსებმა მეტოქეს მიცეს. ეს ჩინელებისთვის მოულოდნელობა იყო, მათ თაინი აირჩიეს, მაგრამ ქვის გიგანტი რუსებმა ძალიან კარგად დაკონტრეს - საფორთ ვინთერ ვაივერნი მის გასაკონტროლებლად გამოიყენეს, ხოლო ქერის პოზიციაზე ტერორბლეიდი აირჩიეს, რომელმაც მაგნუსის დახმარებით თაინის ფარმში გაასწრო. მეხუთე, გადამწყვეტი რუკა Team Spirit-ის მოთამაშეებმა იდეალურად შეასრულეს. მათ სასწაული მოთმინება გამოავლინეს, ჩხუბები იქამდე აირიდეს სანამ გმირები არ გაძლიერდნენ და შემდეგ ერთიანად წალეკეს მეტოქე.

სენსაცია შედგა. გუნდმა, რომელიც ტურნირზე ძლივს მოხვდა, ელექტრონული სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა გამოაცხო და 18 მილიონი დოლარი მოიგო. Team Spirit ისტორიაში პირველი რუსული გუნდია, ვინც TI-ს მოგება შეძლო. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან კი აქამდე გუნდს ამ ტურნირზე მხოლოდ ერთხელ გაემარჯვა, ისიც სულ პირველ TI-ზე, როდესაც უკრაუნულმა NaVi-მ ჩინური Ehome დაამარცხა. სპირიტის გზა მომავალი გეიმერებისთვის უდიდესი ინსპირაცია იქნება. წლევანდელ International-ზე კარგად გამოჩნდა, რომ ელექტრონულ სპორტში ფავორიტის სტატუსი პირობითია და სწორი მომზადების ხარჯზე ყველაფერს შეიძლება მიაღწიო. Dota 2-ს კი მინიმუმ ერთი წლით ახალი მეფეები ჰყავს. 

ავტორი: გიორგი ზურაბიშვილი