მუსიკა | ცა

TeTe Noise

შეხვედრის დასაწყისშივე ტეტე შარშან სტრატოსფეროში შესრულებულ ინსტალაციაზე მიყვება, რომლის მომზადებაშიც მიიღო მონაწილეობა. ჰელიუმით გაბერილ ბუშტს ჩაწერის რეჟიმში მომუშავე კამერა და მხატვარ რომანოზის (რაულ ხალვაშის) ტილოები მიამაგრეს. 

- ხედავ რამხელაზეა ასული, აი ბუშტი გასკდა. „გამოფენა კოსმოსში“, ასე ერქვა გამოფენას. რომანოზის ნახატებია, აუდიო ჩემი იყო და ვიდეო თოკომ (იდეის ავტორი თორნიკე მზარელუა) გააკეთა.

ტეტესთვის ეს არ არის პირველი და ბოლო მულტიმედიური კოლაბორაცია - ასეთი მის აქტივში ბევრია.

- რა არის Tete noise? (ავტორი)

- თავში არსებული ხმები, რომელიც გინდა რომ ვინმეს მოასმენინო, ესაა tete noise.  

მუსიკალური თვალსაზრისით რაც კი ყველაზე საინტერესო რამ, რაც მომხდარა ჩემს ცხოვრებაში.

ამ ოციოდე წლის წინანდელი თბილისის აქტიური ანდერგრაუნდ „ტუსოვკებიდან“ ვიცნობ სანდრო ჩინჩალაძეს (მეტსახელი „ტეტე“ მას უკვე შერქმეული ჰქონდა). არაერთხელ მივუპატიჟებივარ ბავშვური ენთუზიაზმით მისი იმდროინდელი ჯგუფის „იბერიონის“ მოსასმენად, თუმცა სკანდინავიური და ქართული ფოლკლორის „შეზავებაზე“ მომუშავე ეს შემადგენლობა ვერასდროს მოვისმინე ცოცხლად.

- არასდროს მიყვარდა ერთ ჟანრზე ორიენტირება. კი არ მბეზრდებოდა, მინდოდა ახალი და სხვა რამ მეცადა.. ბევრი ჟანრი გამოვიარე და თან ძირითადად ლაივ ბენდებთან... და ეს გამოცდილება დღემდე მადგება, მეტალსაც რომ ვუკრავდი, ეგეც კი. (ტეტე)

აი, უკვე მომდევნო ჯგუფის, ალტერნატიული მიმართულების Neverland-ის ცოცხალ გამოსვლას კი დავესწარი, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში. თუ არ ვცდები, 2006 წელი იყო... გიორგი მანაგაძესთან და სანდრო სახანბერიძესთან ტრიოში მცირე დისკის Forever Young და სინგლის Fly With Me ჩაწერის შემდეგ, სანდრო ახალი პროექტით My And My Monkey დაკავდა. ელექტრონული ჟღერადობის ამ წამოწყებამ. გაჩა ბაქრაძესთან დაახლოების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით საკმაოდ წარმატებულ ჯგუფად განაგრძო არსებობა. აღიარება ინდი-ელექტრონულმა ჯგუფმა უცხოეთშოც მოიპოვა; შეიძლება ითქვას, უფრო მეტი ვიდრე სამშობლოში. ყოველ შემთხვევაში, გაყიდული ჩანაწერების რაოდენობის შედარებით, ასეთ დასკვნამდე მივდივართ.


ჯგუფის მიერ გამოცემულ ორ სინგლს It’s Coming Back და Star Fucker (ასევე კომპილაციას Covers & Remixes) კიდევ გამოუქვეყნებელი ალბომი Mirror ემატება, რომელიც სანდრომ მოგვიანებით, 2016 წელს ატვირთა საუნდქლაუდზე.

აქ დუეტს უკვე სანდრო და ვაჟა მარი წარმოადგენენ. ამ ერთგვარ მეგობრულ ნამუშევარში, სადაც ვოკალისტებად მეგობარი მუსიკოსები წარმოსდგებიან (აჩიკო ქელბაქიანი, ნატუკა ნაცვლიშვილი, ტუსია ბერიძე და კიდევ სხვები), უკვე იგრძნობა, რომ ტეტე Tete Noise-ისთვის ემზადებოდა.

ტეტეს თავში ახალი პროექტის იდეა იმ დროისთვის მომწიფებულიყო, როდესაც პროექტიდან გაჩას წასვლა გადაწყდა და ამ იდეამ მას field recording-ისკენ უბიძგა: 

- ქუჩის ხმებს ვიწერდი და ფორტეპიანოს პარტიებს ვუფენდი.

ამის კეთება იმდენად გამისწორდა, არაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი გარდა ხმის სტრუქტურისა. და ხმის დიზაინი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ის, თუ რომელი ინსტრუმენტი როგორ ჟღერს... და ამ თავისუფლებამ ბოლომდე შემიპყრო და გაგრძელდა ეს ექსპერიმენტი. 

და აი, ენერგიული, დრაივიანი მუსიკოსისგან და ავტორისგან, მსმნელმა ახალი ექსპერიმენტი მიიღო, ალბომის Small Parts სახით. ურბანული ხმების ფონზე მჟღერი საფორტეპიანო ემბიენტური თემებისგან აკინძული ეს ნამუშევარი განსხვავებულ აუდიტორიაზე უხსნიდა გზას მუსიკოსს.

 - თითოეული ტრეკი თითქოს რაღაც ამბავს ყვება. ამ ნამუშევრის მსმენელს მე ასე ვხედავდი, მელომანი, რომელსაც სხვადასხვა ჟანრისთვის აქვს მოსმენილი და ექპერიმენტის მიღებაც შეუძლია.

მოგვიანებით, ინსტრუმენტების სიმრავლით ჟღერადობის გამრავალფეროვნების მცდელობა შეიცვალა „ფილდ რეკორდინგით“ და ე.წ. „ნოის ჰანთინგის“ შედეგად მოპოვებული ხმებით.

- ამ პროცესში აღმოვაჩინე, რომ ბუნებაში არაფერი არ მეორდება, შესაძლოა მსგავსად გესმოდეს, თუმცა თითოეული ხმა, ხმაური უნიკალურია...

ლაივ სეტის დროსაც ასეა, რაღაც ემოციაზე მიბმული ხმა. იქვე შექმნილი პეჩი ვერ გამეორდება.

Tete Noise-ის უმთავრესი ნამუშევრები, ათი ციფრული ალბომი ბენდკამპზეა განთავსებული. ადრეული ნამუშევრები კი მხოლოდ საუნდქლაუდზეა - ამ ექსპერიმენტული პერიოდისაა ალბომები Hunters, The Last in the Sweeter, Zigmund. ეს 2011-2015, როგორც თავად ამბობს, ძიების წლებში შექმნილი ჩანაწერებია.

- ლეიბლებთან კავშირს მე არ ვეძებ - მირჩევნია, დრო, რაც საკუთარი თავის შეთავაზებაზე დამეხარჯება, სტუდიაში მუშაობას დავუთმო... ძირითადად საუნდქლაუდზე მოსმენის შემდეგ მიკავშირდებიან.

ყოველი გაყიდული ტრეკი უფრო სტიმულის მომცემია, ვიდრე ფინანსური კმაყოფის.

მისივე თქმით, დღეს რასაც ქმნის, ის უფრო მიმსგავსებულია მის საბოლოო მიზანთან ჟღერადობის მხრივ.


საკუთარი კომპოზიციებისთვის ვიდეორიგის შექმნა ტეტემ თავად გადაწყვიტა - ასე ახდენს ის საკუთარი მუსიკის მისებურ ვიზუალიზაციას. ასე, 2015 წელს, ორი ალბომი Tests და Zebra Blossom ცალკე ვიდეო ალბომებადაც შეიკრა. თუმცა Tete Noise-ის ვიდეოების დიდ რიცხვში არის სხვა ვიზუალ არტისტების მიერ შექმნილი ვიდეოებიც.


კინოკადრების სიცხადე ტეტეს მუსიკის ერთ-ერთი დამახასიათებელია და ეს ღირსება სწორად იქნა დანახული, როდესაც მისი რამდენიმე ტრეკი შევიდა უტა ბერაიას ფილმის „უარყოფითი რიცხვები“ საუნდტრეკში - ორი მათგანი, ალბათ ყველაზე ცივი და პირქუში ნამუშევრიდან, ალბომიდან ZXY.


 2017 წელს ტეტემ თავადაც შექმნა ლეიბლი, მეგობარ დიზაინერ ლევან ასათიანთან ერთად - Hundred Tapes 001. ის მხოლოდ მაგნიტურ კასეტებზე უშვებს ალბომებს და ისინი მცირე ტირაჟიანი (50 ცალი) რელიზებია. შარშან შედგა პირველი გამოცემა, ეს იყო ტეტეს ალბომი Standing at The Bottom of The Imaginary Mountain (ალბომის მხოლოდ ერთი ტრეკია ხელმისაწვდომი ციფრული სახით Void Bastards).

- რაღაც პერიოდი დავიწყე კასეტის დაჭრილი მაგნიტური ფირებით.„შეკრული“ ლუპების გამოყენება დაკვრისას. მომწონს ეს ფაქტურა... სიხშირეების შეზღუდული გაბარიტები ციფრულთან შედარებით, თუმცა უფრო თბილი და ღრმა... ალბათ ფოტოგრაფიაშიც ასეთივე სხვაობაა ფირსა და დიჯიტალს შორის.

ეს ალბომი ბაბინებზე (საბჭოთა ELFA 332) ჩავწერე, სრული ანალოგური კონცეფციით.

ლეიბლმა მეორე გამოცემა, Scott McCulloch-ის (ავსტრალია) ალბომის სახით, წელს წარუდგინა მსმენელს.

კოვიდ პანდემიის გამო დაწესებული თვითიზოლაციის პერიოდი ტეტეს შემთხვევაშიც შემოქმედებითად ნაყოფიერი გამოდგა:

აპრილში გამოცემული ალბომი ჯერჯერობით ბოლოა Tete Noise-ის დისკოგრაფიაში. Relative Distance-ის ხერხემალი მელანქოლია და ნოსტალგიაა. ოთხი ავტორის მიერ (მოლი არლონ, ნათან ჰადსონ, გიორგი ქორქაშვილი და სკოტ მაქქალაკი) წაკითხული ლექსები/ტექსტები ალბომის საერთო განწყობის დაჭერაშიც გეხმარება.

-ეს ალბომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩემთვის. მამის გარდაცვალების შემდეგ დავიწყე მასზე მუშაობა, როდესაც არაფრის კეთების განწყობა არ მქონდა.

აქ ბოლომდე გავიხსენი იმ ემოციის გადმოსაცემად, რასაც განვიცდიდი - მონატრება, სიყვარული...


სევდა, მელანქოლია უფრო ღრმა ხმას მაგნებინებს.

ივნისში იტალიურმა ლეიბლმა Liburia Records გამოსცა ელექტროაკუსტიკური მუსიკის კომპილაცია Sound diaries in quarantine time - Vol​.​II, სადაც, სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსების მიერ, კარანტინის პერიოდში შექმნილი მუსიკა შევიდა. საქართველოს Tete Noise წარმოადგენდა. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სახელი Tete Noise (Georgia) საერთაშორისო კომპილაციაში მოხვდა - პირველი იყო 2018 წელს ლეიბლ Syrphe-ს მიერ გამოცემული Uchronia.

თუმცა პანდემიამ ტეტეს გარკვეული წამოწყებებს ხელიც შეუშალა: 

მადრიდში ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში რეინა სოფია, ინსტალაციის ნაწილად უნდა გაეშვათ Tete Noise-ის მუსიკა. მუსიკოსს იმედია აქვს, რომ მომავალ წელს პროექტი განხორციელდება.

და კიდევ: ზუსტად კარანტინის გამოცხადებამდე ტეტემ მეგობარ მუსიკოს გიორგი ტეცოშვილთან (ტეცო) ერთად შექმნა სტუდია:

- სურვილი მაქვს აუდიო ლაბორატორიად ჩამოყალიბდეს, სადაც სხვადასხვა მუსიკოსები ვიმუშავებთ ერთად...

მალე სტუდია განაახლებს მუშაობას კონკრეტულ პროექტზე ირანული ლეიბლისთვის CoolKidz

ავტორი: დავით ჟორჟოლაძე

ფოტოები: ვერა სერებრიაკოვა