Tbilisi Art Fair 2022 - თბილისის ხელოვნების ბაზრობა იწყება

პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ხელოვნების ბაზრობა ახალი პროგრამით ბრუნდება.
ხელოვანები, კურატორები, კრიტიკოსები და კოლექციონერები ექსპო-ჯორჯიას სივრცეში 22-იდან 25 სექტემბრის ჩათვლით შეიკრიბებიან.
გახსნის ცერემონია მე-11 პავილიონში ჩატარდება, რომელსაც გამოფენის კრეატიული დირექტორი ერიკ შლოსერი, პროექტის ხელმძღვანელი ნინო გამრეკელი და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრებიან.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ თბილისის ხელოვნების ბაზრობის ბილეთები და დაიბრუნონ გადახდილი თანხის 20%.
TAF-ის პროგრამა გამოფენა-გაყიდვის გარდა, ვორქშოპებს, საუბრებს, მასტერკლასებსა და სხვა ტიპის აქტივობებსაც მოიცავს, რომლებიც 30-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეას და 40-მდე დამოუკიდებელ ხელოვანს HIVE-ის სივრცეში წარმოგიდგენთ.
Jerome Nivet Carzon, რომელიც უკვე მეორედ მონაწილეობს TAF-ში, საფრანგეთის ხელოვნების ახალგაზრდულ სცენას გაგვაცნობს. გამოფენა პარიზელი ხელოვანების შემოქმედებას ნამუშევრების, პერფორმანსების, მუსიკალური პერფორმანსებისა და საერთაშორისო ჩანახატების სახით აერთიანებს. საგამოფენო სივრცეს უზრუნველყოფენ სიმონ ტერმინიონი, ივ ბარლე და არსლან სმირნოვი.
შარდენის გალერეა ქართველი ხელოვანების – ვერა ფაღავას და ვანო ენუქიძის გამოფენებს უმასპინძლებს, რომლებიც პარიზში ემიგრანტებად ცხოვრობდნენ. 1966 წელს ვერა ფაღავამ საფრანგეთი ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე წარადგინა. ქართველი არტისტების ნამუშევრები ასევე პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.
23 სექტემბერს გალერეა LC Queisser-ში თეა გვეტაძის პერსონალური გამოფენა “კავკასიური ზამბახი” გაიხსნება. გამოფენა წარმოადგენს ხელოვანის მულტიდისციპლინარული შემოქმედებითი პრაქტიკის ფართო სპექტრს, მათ შორის მასშტაბურ ფერწერასა და კედლის ინსტალაციას, ობიექტს, კერამიკასა და მოზაიკას.
ესპანეთის Valid Photo Gallery-ისთან თანამშრომლობით, TAF-ი სახელგანთქმული იაპონელი ფოტოგრაფის, მასაო იამამოტოს გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის ფარგლებში ფოტოგრაფის 80 ნამუშევარი A Box of Ku, Nakazora, Kawa და ახალი La Vie სერიებიდან იქნება წარმოდგენილი. იამამოტოს შემოქმედება ისეთი პრესტიჟული მუზეუმების და კოლექციების ნაწილია, როგორებიცაა: ფილადელფიის სახელოვნებო მუზეუმი, ნიუ-იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრი, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი, სერ ელტონ ჯონის კოლექცია და სხვა.
TAF-ზე მეორედ წარდგება QGallery ბაქოდან. გალერეამ 2019 წელს საბჭოთა დროინდელი აზერბაიჯანული ხელოვნების კოლექცია ჩამოიტანა. წელს გალერეა 6 ახალბედა ხელოვანის: რაშად ალაბაროვის, მირალი სეიდოვის, ბუტუნაი ჰაგვარდიევის, ელიარ ალიმიროევის, ელენა ჰაგვარდიევას და კანან ალიევის ნამუშევრებს – ქანდაკებებს, ვიდეო-არტს, კოლაჟ-ინსტალაციას, ფერწერასა და ნაპოვნ ობიექტებს წარმოადგენენ.
აზერბაიჯანელი კურატორი საბინ შიჰლინსკაია, რომელმაც 2019 წელს გენდერული თანასწორობის თემაზე ფართომასშტაბიანი გამოფენა წარადგინა, TAF-ზე ახალი პროგრამით ბრუნდება. Boyuk-Zire – ვირტუალური გალერეა (ნარგინის კუნძული) ინსტალაციათა და პერფორმანსების ფოტო-დოკუმენტაციაა, რომელთა გამოფენაც ფიზიკურ და ვირტუალურ პრეზენტაციებს აერთიანებს.
ნინო საკანდელიძე და მარიამ კალანდაძე TAF-ის ფარგლებში ახალ პროექტს – „სუფთა ხელებს“ წარმოადგენენ. გამოფენა ქართველი თანამედროვე არტისტების 10 ყუთში განლაგებულ 100 ნამუშევარს შემოგვთავაზებს. კოლექცია კოვიდპანდემიას ეხმაურება. პროექტის მონაწილეები არიან: არიალი, ნატო ბაგრატიონი, გიორგი გელაძე, სოფო კობიძე, ნინო საკანდელიძე, გიო სუმბაძე, სალომე ჩიგილაშვილი, ვატო წერეთელი და თორნიკე ჭაფოძე.