მუსიკა | ცა

Tbilisi Open Air 2019 | მე-10 წელი

სამდღიანი, 60-საათიანი, 70-სახელიანი, ათასსახიანი, უამრავ-საოცრებიანი, მზიან-მთვარიან-ვარსკვლავიანი, წვიმიანი, ხმაურიანი, ჩემიანი, შენიანი და ერთიანი თავგადასავლით აღინიშნა Tbilisi Open Air-ის მე-10 წელი...


ამ ათი წლის განმავლობაში, ბევრი რამ შეიცვალა. ტრადიცია არ წყდება, ჩვენ კი ვიზრდებით, როგორც მსმენელი, შემსრულებელი, თუ ორგანიზატორი. რამდენიმე წელია, ფესტივალის ამბებს ფოტოებად, დღიურებად, თუ ინტერვიუებადაც ვყვებით. ყოველ ჯერზე, დეჟავუს განცდით ვემზადები, თუმცა, მაინც არასდროს არ მეორდება არც ერთი დღე... მხოლოდ, სადღაც, პარალელურად გროვდება გამოცდილება, ერთგვარი გაკვეთილები, თუ დასკვნები, რომელთა გაზიარებასაც შევეცდები ამ საფესტივალო დღეების შეჯამებასთან ერთად.

მუსიკა

მთავარი სცენიდან DJ-სეტებამდე, ფესტივალი ყოველთვის მრავალფეროვანი ლაინაფით, Tbilisi Open Air-ზე ყველაზე თვალსაჩინოდ ხვდები, რომ არა აქვს მუსიკალურ ჟანრსა, თუ სტილს არსებითი მნიშვნელობა. ითვლება მხოლოდ ძლიერი შესრულება, პროფესიონალიზმი, ენერგია, რომელიც ზვირთებად მოდის და თუ შენც გაეხსნები, აუცილებლად გაგათავისუფლებს... ამას ჟრუანტელებით დაითვლი...

Moku Moku

ფესტივალის ტერიტორიამდე ამოსვლისას, სამივე დღეს დამემგზავრა ხალხი. პირველ დღეს სომხეთიდან იყვნენ ახალგაზრდები, - “ყველას მოსმენა გვინდა, განსაკუთრებით ფრანც ფერდინანდის” - ამბობდა ერთი და მეორემ დაამატა - “Mogwai უფროო”... მეორე დღეს, Unkle-მანები შემხვდნენ, მესამე დღეს კი, სამი გოგონა დამემგზავრა და სამივემ ერთხმად - Bedford Falls-თვის მოვდივართო...

ფაქტია, 70 შემსრულებლიდან ყველასთვის მოიძებნებოდა მოსაწონი, მაგრამ ბევრისთვის - ახლად აღმოსაჩენიც... აქ, ისეთი მუსიკაც გაგიტაცებს, ვერასდროს რომ ვერ წამოიდგენდი. მთავარი პირობაა - გაიხსნა...


Bedford Falls

როგორ შეიძლება The Subways ნახო და არ დაგამახსოვრდეს. ნახე, რა ქნეს?! ჯერ ხომ ბევრი ხოტბა გვასხეს, მერე ხომ სიყვარულში გამოგვიტყდნენ და მერე საერთოდაც მსმენელში გადმოხტა ბილი... რაც მთავარია ყველა აიყოლიეს, ხმაშიც და მოძრაობაშიც... დანარჩენებზეც თანდათან მოვყვები...

The Subways

განწყობა

ზედა პუნქტთან პირდაპირ კავშირშია ალბათ... მართალია, სანამ აქ მოხვდები შეიძლება ცხელი, გადატვირთული ან სულაც მძიმე დღე გქონდეს, მერე კიდევ ერთ საათს საცობში ან შემოსასვლელის რიგში ატარებდე, როგორც კი გაშლილ ველზე შემოდიხარ და გონებაში უამრავი მომღიმარი სახისა თუ ფერადი თავშესაქცევების რეგისტრაციას იწყებ, განწყობაც არ აყოვნებს...

პირველი დღის განწყობის მთავარი უსტაბაში მაინც Franz Ferdinand იყო. სანამ ფესტივალზე წამოვიდოდი, მათგან ექსკლუზიურად ინტერვიუ მივიღეთ და სწორედ საფესტივალო განწყობას შევეხეთ... ალექს კაპრანოსის სიტყვებით, ერთ სივრცეში ამდენი საერთო მუხტის მქონე ადამიანების შეკრებას, მართლა შეუძლია საოცრებების მოხდენა...

Franz Ferdinand

ინტერვიუს დროს, შევიტყეთ მათი მეგობრისა და ბოლო ალბომის პროდიუსერის - პოლ ჟდარის გარდაცვალების შესახებ, რომელიც კონცერტის დროს, ქართული წესით, ქართული ღვინით მოიხსენიეს ათასობით მსმენელთან ერთად... განწყობაა ესეც...

Franz Ferdinand

(მაინც ვერ გავიგე, ფრანც ფერდინანდი იზიდავს ისტორიულ მოვლენებს, თუ ისტორიული მოვლენები იზიდავს მას?! წინა დღეს, ბიჭები საპროტესტო აქციასაც შეუერთდნენ)

Franz Ferdinand

მესამე დღის მიწურულს, როცა Mogwai-ის ხმამაღალი “პოსტ-როკ” მუსიკა ავსებდა ლამის მთელ ქალაქს, უჰ, როგორ დასცხო წვიმამაც და ყველაზე მძაფრ ემოციებს გამხსნელივით გადაესხა... განსაკუთრებით ბოლო კომპოზიციაზე , შეუძლებელი იყო, თავი რომელიმე “ექშნ” ფილმის გმირად არ წარმოგედგინა... ის ვახსენე ხო, რომ ყველაზე ხმამაღალ მუსიკას უკრავენ?! ეს საღამო რომ არა, ვერც ვერასდროს ჩავწვდებოდი მოგვაელების არსს...

The Mogwai

თავისუფალი ნება და ურთიერთობები


ფესტივალმა მასწავლა - თავისუფალი ნება დადებითი მუხტის საუკეთესო გენერატორია. მანამდე, ამას უფრო თეორიულად ვამტკიცებდი. აქ ხვდები, რომ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა სილაღეა და ამ მდგომარეობაში უბრალოდ ვერ “შეაწუხებს” სხვას... და, ამის ფანტასტიური მაგალითი იცი რა იყო? უამრავი ბავშვი! მშობლებს თამამად აგვყავს ჩვენი შვილები და მათთან ერთად ვერთობით...


დიდი ხანია, აღარ გვიკვირს საყურე, რომელიც შეიძლება ყურზე სულაც არ იყოს, ფერადი სვირინგი, თმის ფერი, ჩაცმულობა და ეს თავისებური თავისუფლების გამოხატულება ეგზოტიკად აღარ გვეჩვენება. ხდება ცნობიერების რევოლუცია, რომელიც თანდათან ხვეწს ხედვას, სმენას და გაახლოებს მსოფლიო გულის ცემასთან.



აქ აღარ გჭირდება არც ყურთსასმენები, არც ბარიერები, უბრალოდ - ურთიერთობ, უზიარებ, უთმობ, ეცეკვები სპონტანურ შემხვედრს, არ განსჯი... მერე, საღამოობით, ხედავ როგორ ცეკვავენ უნისონში, თვალებდახუჭულნი, ან ხტუნავენ სიმღერას აყოლილები... როგორ არ უნდა შეუერთდე?! და ყოველ წელს, ისევ ოცდები, რამხელა სიკეთის მარაგი იმზირება აქაურობიდან... ჰო, და კიდევ, რა ლამაზები ვართ!


გახსოვთ ამონარიდი ელისის თავგადასავლებიდან? - “მაგრამ მე რომ არ მინდა გადარეულ ხალხში ყოფნა,” - შეიცხადა ელისმა.“ოჰ, მაგას ვერაფერი ეშველება” - უთხრა კატამ - “აქ, ყველანი გადარეულები ვართ. მე გადარეული ვარ. შენ გადარეული ხარ.” “საიდან იცი, რომ გადარეული ვარ?” - თქვა ელისმა.“აბა როგორ, სხვანაირად აქ არც მოხვდებოდი”...

დიალოგი

აქ რწმუნდები იმაშიც, რომ მუსიკას როგორც შემსრულებელი, ისე მსმენელი ქმნის. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, აი, მაგ პრინციპით. თუმცა, მუსიკალური დიალოგის გარდა, საფესტივალო სცენებიდან, ხშირად მნიშვნელოვან ამბებზეც იმართება ერთგვარი დიალოგი...


“ერთადერთი გზა, რითაც შენ, მე, ჩვენ რაიმეს შეცვლა შეგვიძლია, ერთად ყოფნაშია! სწორედ ახალგაზრდების ხმაა ის, რაც იწვევს ცვლილებებს! სანამ გარშემო ეს სიგიჟე ხდება და თქვენ აქ ხართ, რომ ერთად ვიზეიმოთ სიყვარული, მეც უბედნიერესი ვარ, აქ ყოფნით!” - გვიბამს დიალოგს ჯეიმს ლაველი... ჩვენც ისე ვპასუხობთ როგორც შეგვიძლია, ოვაციებით, ტრაფარეტებით, აპლოდისმენტებით...

ისტორია/მეხსიერება

ფესტივალი ჩვენთან ერთად რომ იზრდება და საერთო საფესტივალო შემართება (გნებავს - კულტურა) ჩვენს ცნობიერებაში რომ იკიდებს ფეხს, ეგ ხომ გასაგებია. ათასობით ფოტო-ვიდეოზე აღბეჭდილი სახე და ისტორია რომ რჩება კოლექტიურ არქივს, ეგეც გასაგებია. თუმცა, ადამიანისთვის მთავარი, არა ციფრები, არა წლები, არა გამომსვლელები, ალბათ ისე გემოა, შეგრძნება, რომელიც სანამ უბრალოდ მეხსიერების უნარი გაგვაჩნია, ყოველთვის თან მიგვყვება... სურვილს გვიჩენს, სხვებსაც გავუზიაროთ, წარმოვადგენინოთ, მოვანდომოთ, რომ მათაც განიცადონ იგივე, რაც ჩვენ ისევ გვაბრუნებს ხოლმე აქ... მაპატიეთ ზედმეტი რომანტიზებისთვის, მაგრამ ასეა... ეს “თავშეყრა” უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე უბრალოდ ფესტივალი.

UNKLE

ამ წლის ფესტივალიდან კი მეხსიერებას დარჩება ორმაგი ღელვა, მუხტი მიმართული როგორც შინაგანი, ისე საერთო თავისუფლებისკენ... დაბნეული ფიქრები და სიამაყეც, რომ ის რაც ჩვენ გვჭირდება, შეგვიძლია ჩვენივე ძალისხმევით მოვიპოვოთ. ამ ისტორიულ მომენტში, თითქოს ფიქსირდება, რომ არ გვინდა “მერე”... ჩვენ თავისუფლება, თანასწორობა და პასუხები გვჭირდება “ახლა”, აღებული მოვალეობების შესრულებაც - ახლა, დროზე, სანამ დროა! და მერეც - მხოლოდ “ახლა”...

“Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის სივრცე, რომელშიც თავისუფლების, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს, უკვე მეათე წელია. ამ დროისთვის, უკვე ასეულობით არტისტი და სტუმარია ჩამოსული, საფესტივალო ქალაქი გაშენებულია და ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან.” - ეს განაცხადიც დარჩება ისტორიას, როგორც პრეცედენტი, რომ “ტრადიცაში წყვეტა” არ უნდა შეწყდეს (მადლობა მერაბ მამარდაშვილს!).

გარემო/პარალელური სამყარო


საითაც გინდა, იქეთ გაიწევ... წლევანდელი განლაგების მიხედვით, თუ მარცხნიდან მოუვლიდი, პირველი ჯაზ-სცენა შეგხვდებოდა - აქ, მეორე წელია რეზო კიკნაძეც იმპროვიზირებს თავის ბენდთან ერთად... მერე - მთავარი სცენა - ქართველი თუ უცხოელი შემსრულებლებით, სათამაშო მოედნები, რეტრო თამაშების ზონა, კარვები, საქანელები, კაკლის ხის ჩრდილში მოწყობილი “რომანტიზმები”, აჭრელებული ავტობუსი და უამრავი გემრიელი მენიუები - “სამურაბე”-დან დაწყებული, ათასნაირი სენდვიჩით გაგრძელებული... წელს, არტ-ინსტალაციებიც დგვხვდა, რაც მე პირადად, ძალიან მახარებს.


ეს სამყარო იმდენად გიშინაურებს, ან პირიქით - ვიშინაურებთ, რომ შეგვიძლია თავი ისე ვიგრძნოთ, როგორც სახლში... და როგორც სახლში, აქაც იმდენი სითბო, სიყვარული და ზრუნვაა, რამდენისთვისაც თავად გადაწყვეტ გახსნას…

შთაგონება


კიდევ, იცი რატომაა ეს ყველაფერი უფრო მეტი, ვიდრე ფესტივალი? ეს შენი ერთგვარი ცხოვრების სტილია, რომელიც თავისუფლებას მეხამრიდივით იზიდავს… აქ, შენი ესთეტური სიამოვნება ჯერდება საერთო ეკლექტურ შთაგონებასთან... აქ, უკლებლივ ყველა შენიანდება! და, ამ წლების მანძილზე ნაწრთობ-ნავარჯიშები თეორია, რომ “მუსიკა ათავისუფლებს”, თვალსაჩინო აქსიომად გექცევა. ეს თავისუფლება არამარტო ფესტივალისთვის, არამედ მთელი ცხოვრებისთვის გმუხტავს... გადამდებად, ისე, რომ შენ გარშემო მყოფ ადამიანებზეც მოქმედებს - ეწერებიან ისინი მოფესტივალეთა რიგებში, თუ არა.

განვითარება

აჩიკო, ვახო, ბექა, ირაკლი - რამ გააბედინა ამ ოთხეულს და კიდევ მათ სამეგობროს ამხელა ამბის წამოწყება?! ეს ალბათ, თვითონაც არ იციან, უბრალოდ მათში იყო ყოველთვის ამის სურვილი... თან როცა თანამოაზრეებით ხარ “აღჭურვილი”, მთებსაც გადაატრიალებ... მაშინ, 10 წლის წინ, ხომ სცენაც კი არ ჰქონდათ?!


ვახო ბაბუნაშვილი, “Soft Eject”, ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი - “როგორ წარმოვიდგენდით კი არა, მიზანიც ეს იყო... სწორედ ასე ვხედავდით ამ ყველაფრის განვითარებას. სანამ პირველი ფესტივალი ჩატარდბოდა, დაახლოებით, 3 წელი ვმუშაობდით. მაშინ, რთული იყო დაგერწმუნებინა სხვები ამ ფესტივალის მნიშვნელობაში. რთული იყო საჭირო ბიუჯეტის მოზიდვაც, მაგრამ ვიცოდით, რომ როგორც კი დავიწყებდით, შედეგიც სახეზე იქნებოდა, როგორც მუსიკის განვითარებისთვის, ისე მსმენელისთვის, ქვეყნისთვის, ტურიზმისთვის... ჩვენ, დიდი გუნდი ვართ, რომელიც ნებისმიერ ფასად, სიგიჟესთან ახლოს და პირველად ვიტყვი ამას, რომ მართლა თავგანწირვით მუშაობს ამ იდეისთვის...”

თანასწორობა


რაკლი ნადარეიშვილი, ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი - “ორი მთავარი ფასეულობა, რაზეც ეს ფესტივალი დგას, არის თავისუფლება და მუსიკა... 2009 წელს, რომ გადმოვიხედეთ სცენიდან და დავინახეთ 60 000 კაცი, განუმეორებელი შეგრძნება დაგვიტოვა. მაშინ მივხვდით, რომ სწორ გზაზე ვიდექით. ეს ხალხი შეკრიბა მუსიკის სიყვარულმა და არა რომელიმე განსაკუთრებულმა “ჰედლაინერმა”. თან - ეს არ არის მარტო ფესტივალი. ეს არის გარკვეული ფასეულობების მატარებელი ორგანიზაცია, რომელიც კარგად იაზრებს თავის როლს თანასწორობისა და ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობის განვითარებაში. წელს გვქონდა სწორედ თანასწორობის კამპანია, რომელიც ჩვენი ფასულობების ნაწილია. ჩვენ ვიზიდავთ სხვადასხვა წარმომავლობის, ასაკის, თუ რელიგიისა მატარებელ ადამიანებს და ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სწორედ ფესტივალზე შექმნილ თავისუფალ სივრცეში შესაძლებელია ამ განსხვავებული ადამიანების თანასწორობა.”

თავისუფლება


წელს, ფესტივალის მთავარი სცენა მწვანე ოთახი-ს გამოსვლით დასრულდა. წინა ორი დღის განმავლობაში შექმნილმა ტექნიკურმა ხარვეზმა, გამოიწვია “ლაინაფში” ცვლილებების აუცილებლობა. შესაბამისად, პირველ რიგში, აჩიკომ და მისმა ბენდმა, ისევ მათი გამოსვლა დათმეს, რომ სხვებისთვი საკმარისი დრო დაეტოვებინათ. თუმცა, იმდენად დიდი იყო “მწვანე ოთახის” დაბრუნების მოლოდინი, როგორც მსმენელისგან, ისე უშუალოდ ბენდის წევრებისგან, რომ ძალიან გვიან, მაგრამ მაინც დადგნენ სცენაზე. ჩვენთვის ნაცნობი “ლუ”-ც, ალბათ, სადღაც იქ იქნებოდა.


აჩიკო გულედანი, “მწვანე ოთახი”, ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი - “ეს არის მინი მო­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან გვინ­და რომ ვი­ცხოვ­როთ.”

აქ, სადაც ამ ფასეულობებს ვზეიმობთ - ვიხსენებთ ჩვენს განსაკუთრებულობას და ამავდროულად, ჩვენს ერთიანობას... აქ ხდება ჩვენი დროისა და სივრცის სწორება ერთმანეთთან, ისევე როგორც იქ, სადაც ამ ფასეულობებს ვიცავთ და მათთვის ვიბრძვით.

შევხვდებით მომავალ წელს, ყოველთვის იმის რწმენით, რომ, უკვე, 100%-ით თავისუფალ საქართველოში...



ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ფოტოები: იკა ხარგელია, რეზი ყენია, თორნიკე შენგელია